პასადენას „ვარდების ტურნირი“ - Tournament of Roses

Approved by Natia Jinjolava




ვარდეღბის აღლუმი ანუ პასადენას „ვარდების ტურნირი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში 1890 წლის 1 იანვრიდან იმართება. კალიფორნიის მაცხოვრებლებმა ზამთრისათვის რბილი ჰავით გამორჩეული პასადენის ბუნებრივი სილამაზით თავის მოწონება მოინდომეს და ახალი წლის პირველ დღეს მოაწყვეს „ვარდების აღლუმი“. 120 წლის წინ ამ ტურნირში ისეთი შეჯირებებიც შედიოდა, როგორიცაა  „სირაქლემების რბოლა“,  „ნახევრადველური ცხენის გახედვნა“ და „აქლემის და სპილოს შერკინება“. დღეს კი ცნობილი დღესასწაული ძირითადი ელემენტებია: „ვარდების აღლუმი“, საფეხბურთო მატჩი „ვარდისფერი ბურთი“ (Rose Bowl)ყვავილების ფესტივალი, მუსიკალური და სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებები. ყოველწლიური და ფეერიული აღმუმის მონაწილეები - ძირითადად მსხვილი ყვავილების კომპანიებია, თუმცა  გვხვდება ენთუზიასტი-მოყვარულებიც. 
ყვავილების უზარმაზარი და ულამაზესი კომპოზიციები განთავსებულია მოძრავ საავტომობილო პლატფორმებზე, რომლებზეც არა მხოლოდ ვარდებია წარმოდგენილი. ყვავილებით მორთული მანქანების ფონზე მარშირებენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან სასულე ორკესტრები, მთელ პროცესიას კი ცხენზე შემომჯდარი კონფერანსიე მართავს.
ტურნირისთვის საგანგებოდ ირჩევენ ვარდების დედოფალს და ვარდების მარშალს. ადგილობრივი მოსახლეობა ამ საკითხს მთელი სერიოზულობით ეკიდება და საპატიო წოდების პრეტენდენტებს  წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე ასახელებენ.
„ვარდების ტურნირისთვის“ პასადენაში უამრავი ტურისტი ჩადის. ტრიბუნებზე ადგილებს ზოგჯერ წინა ღამითაც კი იკავებენ. „ვარდების აღლუმს“ თან ათასნაირი სხვა სახის წარმოდგენებიც თან ახლავს. ერთ-ერთი მათგანია ადგილობრივი რეწვის გამოფენა-გაყიდვა, რომელიც ტურისტებში  დიდი მოწონებით სარგებლობს.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

მეგრული ხაჭაპური

Approved by Natia Jinjolava



რესტორნების მენიუს თუ გადახედავთ, თბილისში მეგრული ხაჭაპურის გასინჯვა პრობლემას არ წარმოადგენს და მის საკმაოდ გემრიელ ვარიანტებსაც შეიძლება გადაეყაროთ. თუმცა, ნამდვილი მეგრული ხაჭაპური მე იშვიათად მიჭამია. და ახლავე აგიხსნით, რატომ. ნამდვილი იმერული ხაჭაპური ძალიან თხელი და თითქმის თეთრი უნდა იყოს, მისი ცომი საუკეთესო შემთხვევაში მაწონზე იზილება და ტაფაზე ცხვება ორივე მხარეზე გადაბრუნებით. მეგრულთან კი ყველაფერი სხვაგვარადაა. მეგრული ხაჭაპურის ცომი ნამცხვრის ცომს ცოტათი თუ ჩამოუვარდება, კვერცხიც უნდა კარაქიც და არაჟანი თუ არა მაწონი მაინც. მეგრულ ხაჭაპურში ყველი თითის სისქეზე მაინც უნდა იდოს და ცომი ყველის ფენის ზუსტად ნახევარი სისქის უნდა იყოს. აუცილებლად ღუმელში ცხვება და მარტო თავზე მოყრილი ორი პუნწკლი ყველი ხაჭაპურს მეგრულად ვერ აქცევს - თავზეც მაწონში გახსნილი კვერცხი და ბლომად ყველი უნდა. ახლა რაც შეეხება ყველს: ყველი ორივე ხაჭაპურს საუკეთესო უნდა, ანუ ჭყინტი, რომელიც თბოდამუშავების შედეგად (ანუ ცხობისას) სულგუნად გადაკეთდება. ასეთია წინა საღამოს ამოყვანილი ყველი დილას და დილის საღამოს. ჭყინტს ხელს რომ დააჭერ, ძალიან ნაზ „ჭყაპს“ უნდა იძახდეს და რომ ჩაკბიჩავ უნდა კრაჭუნებდეს. ძალიან ხმამაღალი „ჭყაპის“ შემთხვევაში - როგორც სამეგრელოში იტყოდნენ, ყველი „გადამწიფებულია“ და ცხობისას ჩაიშლება, ანუ იმერლებს თუ დავესესხებით: „გეიპარება“. ახლა კიდევ ერთი მცდარი აზრი - სულგუნის ხაჭაპური. ნებისმიერი კარგი მცხობელი გეტყვით, რომ სულგუნი თბოიდამუშავებისას ცხიმად მიდის, უხეშდება და რეზინასავით იწელება, ამიტომ ტაფაზე, კარაქში დაბრაწული გადასარევია, აი, ხაჭაპურში კი - არ ვარგა.  ამიტომ, ამაყი ფრაზა „დედაჩემი სულგუნის ხაჭაპურებს აცხობს და კარაქსაც უმატებს“ კარგ კულინარობაზე ვერ მეტყველებს. კარაქის და სულგუნის დამატება კარგ  სახაჭაპურე ყველს არ ჭირდება, ასე უვარგისს აკეთილშობილებენ და მის ნაკლს მალავენ. რესტორნების ხაჭაპურების ერთნაირობა კი იმის ბრალია, რომ ერთ ცომს ზელენ (მაწვნიანს) და მერე იმერულსაც და მეგრულსაც ზუსტად ერთნაირად აცხობენ ღუმელში, უბრალოდ, ერთს კარაქს უსვამენ თავზე და მეორეს დაფშვნილ ყველს აყრიან. ამას წინათ „ემ ჯგუფის“ ერთ-ერთი შეფ-მზარეულის კულინარიული წიგნი ვნახე და ორივენაირი ხაჭაპური მაგარი ხალტურაა - არც ერთია იმერული და არც მეორე მეგრული. არა, სხვა რეცეპტით დამზადებული ხაჭაპურსაც აქვს არსებობის უფლება და უმეტეს შემთხვევაში, გემრიელია კიდეც, უბრალოდ მეგრული და იმერული აღარ ქვია. ახლა კი, მამიდაჩემის სახელგანთქმული ხაჭაპურის რეცეპტი:

მეგრული ხაჭაპური
ცომი: 0,5 ლ მაწონი და 100 მლ არაჟანი გადავურიოთ ერთმანეთში. ჭიქაში ჩავყაროთ 1 ჩ/კ საფუარი (ზამთრში ცოტა მეტი ჯობია), 1 ს/კ შაქარი, ჩავასხათ 50 მლ თბილი წყალი, ამოვურიოთ და გადავდგათ გვერდზე. ამასობაში მაწონს და არაჟანს დავუმატოთ 40-50 გრ დარბილებული კარაქი ან მარგარინი (მარგარინით უფრო ფუმფულა გამოდის), 150 მლ რძე ან წყალი. 1 ს/კ ზეთი. არაჟანი ან მაწონი თუ არ გაქვთ, ან ნაკლები გაქვთ მაშინ კარაქი და მარგარინის ოდენობა 100 გრ-მდე გაზარდეთ და 250 მლ მაიონეზი დაუმატეთ (მაიონეზიანი ცომი ბოლო  პერიოდის მეგრული ნოვაციაა და უნდა გითხრათ, რომ სასწაულად გემრიელი ცომი გამოდის, განსაკთრებით პიცას უხდება). დაუმატეთ მარილი და 2-3 კვერცხი. ჩავასხათ აფუებული საფუარიც და დავიწყოთ ფქვილის შეზელაც. ზამთარში ცომი უფრო ფაფუკი უნდა იყოს, ზაფხულისთვის უფრო მაგარი. ფქვილის რაოდენობას რაც შეეხება, სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა ოდენობას იზელს. ამიტომ, პურის ცომი თუ არ მოგიზილავთ, თონეში მაინც გექნებათ ნანახი და როგორც კი ქვაბის კედლებს აღარ ეკრობა, ფქვილი საკმარისია. ცომს ტილო გადავაფაროთ და თბილ ადგილას დავდგათ ორი საათით. ამ ოდენობის ცომით 5-6 საშუალო ტაფა ხაჭაპური გამოდის.
დავფშვნათ სახაჭაპურე ჭყინტი ყველი და საჭიროების შემთხვევაში მარილი დავუმატოთ (კარგი სახაჭაპურე ყველი თითქმის ყოველთვის უმარილოა). ყველი და ცომი თანაბარი ოდენობის უნდა იყოს. ყველი გავყოთ 5 გუნდად. ამოსული ცომიც 5 ნაწილად გავყოთ და ფქვილმოყრილ მაგიდაზე გავაბრტყელოთ. შუაში ყველის გუნდა ჩავდოთ და თავი მოვუკრათ. დავდოთ კარგად გახურებულ ტაფაზე, ხელის გულით დავაწვეთ და ტაფის ზომაზე გავაბრტყელოთ. თავზე წინასწარ მომზადებული 1 კვერცხის გულის, 2 ს/კ მაწვნისა და 1 მუჭა დაფშვნილი ყველის ნარევი მოვუსვათ (1 ნარევი რამდენიმე ხაჭაპურზე უნდა გეყოთ). შევდგათ გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ სანამ თავზე ოქროსფრად არ დაიბრაწება.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

P.S. მე ჩემს კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: როგორც წესი, ძალიან მეზარება საფუარიანი ცომის კეთება. ამიტომ თონეში ვყიდულობ ცომს, ვაზელ 2 კვერცხს, 100 მლ არაჟანს, 75 გრ კარაქს, ვუმატებ ცოტა ფქვილს, თბილ ადგილას ვდგამ და ერთხელ ამოსვლას ვაცლი. მერე კი ჩვეულებრივ ხაჭაპურის ან პიცის  ცომად ვიყენებ.

ფონდიუ

Approved by Natia Jinjolava



შვეიცარიის თითოეულ კანტონს ფონდიუს საკუთარი რეცეპტი აქვს, ადგილობრივი ყველითა და ადგილობრივი ღვინით. ასე, რომ ყველის არჩევა თქვენც უახლოესი მაღაზიის ასორტიმენტიდან შეგიძლიათ. რასაკვირველია, არ გამოდგება არცერთი ყველი, რომელიც არ დნება ან სულგუნივით ცხიმად მიდის. მე მაინც, ჩვენი სუპერმარკეტების ასორტიმენტიდან ემენტალს, გაუდას ან ჩედერს გირჩევთ. გრუიერს თუ იპოვით სადმე, ხომ გადასარევი...


ფონდიუ ნევშატელიდან
1 კბილი ნიორი, 0,3-0,4 ლ თეთრი ღვინო (სასურველია ნევშატელიდან), 300-400 გრ ყველი „გრუიერი“, 300-400 გრ ყველი „ემენტალი“, 1 ჩ/კ სიმინდის ფქვილი, 40 მლ ბლის არაყი, 1 მწიკვი გახეხილი ჯავზის კაკალი, 1 მწიკვი ახალდაფქული თეთრი პილპილი, 500 გრ -1 კგ თეთრი პური

ნიორი გავფცქვნათ, შუაზე გავჭრათ და გაჭრილი მხრით წავუსვათ ფონდიუს დასამზადებელ სპეციალური ქვაბი კაკელონის შიგნითა კედლებს, ნივრის სუნი კარგად რომ აუვიდეს (ნივრის დაჩეჩქვა და პირდაპირ კაკელონში ჩაყრაც შეიძლება, მაგრამ ასე უფრო დელიკატურ გემოს აძლევს). კაკელონში ჩავასხათ ღვინო და დაალ ცეცხლზე შევათბოთ. სანამ ღვინო თბება, ყველი დავჭრათ კუბიკებად, ჩავყაროთ ღვინოში და მრევა-მორევით გავადნოთ საშუალო ცეცხლზე. სიმინდის ფქვილი გავხსნათ ბლის არაყში და ჩავასხათ გამდნარ ყველში. დავუმატოთ ჯავზის კაკალი და პილპილი. კაკელონი გაზიდან გადმოვდგათ და თავის სადგამზე დავაყენოთ და შევუნთოთ დაბალი ცეცხლი - ისე რომ ყველის ტემპერატურა მუდმივად დუღილის ზღვარზე იყოს, მაგრამ არ დუღდეს.
თეთრი პური დავჭრათ 3 სმ-იან კუბიკებად და ჩავყაროთ თასში და მაგიდასთან ისე გავიტანოთ.
ფონდიუს ჭამის პრინციპი ასეთია. თითოეული სტუმარი საკუთარ ფონდიუს ჩანგალს (პაწაწუნა შამფურებს) ჩაარჭობს პურის კუბიკში და ჩააწობს მდუღარე ყველში. პურის კუბიკი ყველით კარგად რომ გაიჟღინთება, სულს შეუბერავს და პირისკენ გააქანებს.
გემრიელად მიირთვით!

ფონდიუ იტალიურად
300 გრ მაგარი ყველი „პროვოლონი“, 100 გრ შამპინიონები, 800 გრ თეთრი პური, 300 გრ ყველი „გორგონძოლა“, 1 ჭ რძე, 4 კვერცხი, 4 ს/კ კარაქი, ½ ჩ/კ თეთრი პილპილი, 1 ჭ იტალიური თეთრი ღვინო

დავჭრათ ყველი და შამპინიონები, პური დავჭრათ 3 სმ-ის კუბიკებად. ყველი გავადნოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე. კვერცხები და რძე ავთქვიფოთ და ფრთხილად ჩავასხათ გამდნარ ყველში ( მასა 60°C-ზე მეტად არ უნდა გაცხელდეს). ყველში თანდათანობით დავუმატოთ შამპინიონები, კარაქი, ღვინო და პილპილი. ყველაფერი კარგად რომ აირევა ერთმანეთში, ფონდიუ მაგიდასთან მივიტანოთ და ზედა რეცეპტში აღწერილი მეთოდით მივირთვათ.






კასპოტი ჰოლანდიურად
800 გრ მაგარი ყველი „გაუდა“,  600 გრ ყველი „გაუდა“, 1 კბილი ნიორი, 400 გრ ღვიის ნაყენი, 800 გრ თეთრი პური, ½ ჩ/კ  თეთრი პილპილი, 1 მწიკვი ჯავზის კაკალი, 1 ლ თეთრი ღვინო, 1 ჩ/კ შაქარი, 1 ლიმონის წვენი, 1 ს/კ სახამებელი, 1 ჭ ნაღები

გავხეხოთ ყველი, დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, დავასხათ ღვიის ნაყენი და გავაჩეროთ 2 საათი. პური დავჭრათ კუბიკებად. ყველი გავადნოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, დავუმატოთ პილპილი, ჯავზის კაკალი, შაქარი, ლიმონის წვენი და ღვინო. სახამებელი გავხსნათ ნაღებში და დავუმატოთ ½ ჭ წყალი და ჩავასხათ გამდნარ ყველში. მივიყვანოთ ადუღებამდე.




საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ჰესტონ ბლუმენთალი ახალ ტექნოლოგიებზე

Approved by Natia Jinjolava



მოწინავე რიგებში

კულინარია ძალიან გავს მოდას. ხელით შეკერილ, არასტანდარტულ, ავანგარდულ ტანსაცმელს ჯერ პოდიუმზე წარადგენენ, მერე ძალიან მაღალ ფასად გაყიდიან და მხოლოდ ამის მერე უშვებენ მასობრივ წარმოებაში.
ზუსტად ასევე, კულინარიის ახალი მიმართულებები რესტორნებში იწყება, ინოვაციებით გურმანები და პროფესიონალი შეფები ინტერესდებიან, კერძის თითოეულ დეტალს სკურპულოზურად ამუშაევებენ, იგონებენ ახლალ და უჩვეულო გემოთშეთანხმებებსა და პროდუქტთა შეხამებას, მომზადების ტექნოლოგიაზე ექსპერიმენტებს ატარებენ - და შედეგად, ამ კერძების გამეორება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.
თანდათანობით მსგავსი ახალი იდეები, ტექნოლოგიები და მეთოდები კულინარიულ წიგნებში გაჟონავს ხოლმე, რეცეპტებს ადაპტაციას უკეთებენ და მას კვების მრეწველობას არგებენ - და ბოლოსდაბოლოს ეს ახალი კერძები „ახალი კულინარიისა“ და „ფიუჟენის“ კერძების მსგავსად სასურსათო მაღაზიების თაროებზეც ხვდებიან.
დღეისათვის კულინარიის განვითარების ყველაზე საინტერესო მიმდინარეობა „ინიკონის“ (Innicon) კვლევითი პროექტია, ანუ თანამედროვე გასტრონომიაში კულინარიული პროცესების მოდერნიზაცია და ნოვატორული ტექნოლოგიების დანერგვა (Introduction of Innovative Technologies in Modern Gastronomy for the Modernisation of Cooking). მიუხედავად იმისა, რომ სახელწოდება ძალიან ოფიციალურად და ჩახლართულად ჟღერს მისით ევროპის თანამეგობრობის ხელმძღვანელობა უკვე დაინტერესდა და პროექტმა ბრიუსელის მოწონება და სამწლიანი დაფინანსებაც კი მიიღო.
პროექტის მიზანია ახალი ტექნოლოგიების გამომუშავება, ახალი დანადგარების გამოგონება და დანერგვა, ახალი ინგრედიენტების გამოყენება კერძის გემოსა და სტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ასევე, კერძის მომზადებისათვის საჭირო დროის შემცირება.
მაგალითად, ფრანგები შეშფოთებული არიან პროფესიონალი მზარეულების რაოდენობის კლების გამო, რაც ევროკავშირის კანონმდებლობის შემოღებამ გამოიწვია, რომელიც კვირის განმავლობაშ სამუშაო საათების რაოდენობას ზღუდავს.  სამწუხაროდ, კვირაში 35 სამუშაო საათი - რესტორნის სამზარეულოში არ არსებობს.  პროფესიონალი შეფები დღეში მინიმუმ 12-14 საათს ატარებენ სამზარეულოში. ამ პროექტის კვლევები კი დასაქმების დროის შემცირებას შეუწყობს ხელს.
პროექტში შვიდი ორგანიზაცია მონაწილეობს, პარიზის ერთ-ერთი  ყველაზე სახელგანთქმულესი კულინარიული სკოლის ჩათვლით. ასევე მონაწილეობენ, ფირმა, რომელიც საკვების დანამატებისა და არომატიზატორების შექმნაზე მუშაობს, ფრანგი მეცნიერი ერვე თისის (Hervé This) ლაბორატორია, რომელიც ქიმიისა და მოლეკულური გასტრონომიის სფეროში მუშაობს და ოთხი რესტორანი, რომელთა შორისაც არიან: ესპანური რესტორანი „ელ ბული“ (El Bulli) და ჩემი რესტორანი „მსუქანი იხვი“ (the Fat Duck) ბერკშირიდან.
თუმცა, ყველაფერი ახალი ევროპიდან როდი მოდის. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, სწორედ ინგლისი ლიდერობს გემოს ტექნოლოგიებისა და გემოს ფსიქოლოგიის კვლევაში. ფიზიკოსმა პიტერ ბერემმა (Dr. Peter Barham), რომელიც ბრისტოლის უნივერსიტეტში მოღვაწეობს, მოლეკულური გასტრონომიის კვლევის ცენტრის შექმნის იდეით დამაინტერესა, სადაც სემინარების ჩატარებასა და მეცნიერებისა და პროფესიონალი შეფ-მზარეულების თანამშრომლობის პროექტებს, მეცნიერებისა და კულინარიული ხელოვნების ერთმანეთთან დაკავშირებას ვგეგმავთ.
ოქრფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ედმუნდ როლზი (Edmund Rolls) გემოს ფქსიქოლოგიას სწავლობს. მან გამოსცა წიგნი გონებასა და ემოციებზე, სადაც წერს, რომ აღმოაჩინა ნერვული უჯრედები, რომლებიც გარკვეულ გემოზე რეაგირებენ. ამჟამად იგი და ჰაროლდ მაკგი (Harold McGee) მჭიდროდ თანამშრომლობენ კომპანია Senomyx Inc.-სთან, რომელიც სპეციალიზირებული კონკრეტულადმიმართული სუნების შექმნაზე, როცა ყოველი სუნი კონკრეტული ყნოსვის რეცეპტორისაკენაა მიმართული (ადამიანს საშუალოდ 300-400 მსგავსი რეცეპტორი აქვს). ყნოსვის რეცეპტორის თითოეული სახეობა კონკრეტულ გენზეა დამოკიდებული და დროთა განმავლობაში ამ გენების ამოცნობა ადამიანის გენომში გახდება შესაძლებელი.
როლზი ირწმუნება, რომ მსგავსი კვლევები ფართო ასპარეზს ხსნის მეცნიერული გზით ახალი გემოების სისტემატიურად შექმნისათვის და უკვე არსებული გემოს ნიუანსების ღრმად შესწავლისთვის. თავად წარმოიდგინეთ - ადამიანისთვის ცნობილი ყველა გემოსა და სუნის კოლექციის შექმნა გახდება შესაძლებელი!
გამოკვლევის კიდევ ერთი საინტერესო სფეროა ბგერისა და ხმის გავლენა ჩვენს მიერ საჭმლის აღქმაზე, განსაკუთრებით კი მის კონსისტენციასა და სტრუქტურაზე. ამ კვლევებს ფიზიოლოგი ჯონ პრინცი ატარებს. მაგალითად კარამელის კნატუნისას ყბებს ბოლომდე არ ვხურავთ. რომ დავხუროთ, ენას მოვიკვნიტავთ. კნაწუნის ხმა კი, ტვინს აცნობებს რომ ყბები არ დახუროს.
ჯონ პრინცმა ეს ყველაფერი სულ მარტივი ექსპერიმენტით დამიმტკიცა. მთხოვა საღეჭი რეზინი დამეღეჭა. ყურსასმენები გამიკეთა და მთხოვა კევი მაგნიტაფონზე ჩაწერილი კნაწაკნუწის ტაქტში მეღეჭა. საოცარი რამ მოხდა: მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი პირში რომ კევი მედო, სულ მალე, ჩემი ყბები ისე ამოძრავდა, გეგონება კარამელს ვაკნატუნებდი - ანუ ყბებს ბოლომდე არ ვხურავდი და კბილებს ერთმანეთს არ ვაჭერდი. მთელი გონებით შევეცადე ამ შეგრძნებას გავქცეოდი და კევი ჩვეულებრივად მეღეჭა და შედეგად ენაზე ვიკბინე.
ჯერ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, რა გავლენას მოახდენს ეს კვლევები ზოგადად გასტრონომიის განვითარებაზე, მაგრამ ცხადია, რომ ბევრი საინტერესო რამაა მოსალოდნელი - გემოსთან დაკავშირებით მაინც.

კრემი შანტილი კეთილშობილ ობიანი ყველისაგან
Blue Cheese Chantilly

ამ კერძის დამზადება ნებისმიერი ოდენობით შეგიძლიათ, მთავარია რომ პროპორციები დაიცვათ - 75% ცისფერ ობიანი ყველი (როკფორის ან კაშელ ბლუს ტიპის) და 25 % წყალი. ერთმანეთში არეული წყალი და ყველი გაადნეთ სქელძირიან პატარა ქვაბში. ქვაბი ჩადგით ყინულებიანი წყლით სავსე ჯამში და თქვიფეთ სანამ ბოლომდე არ გაცივდება - ათქვეფილი ნაღების კონსისტენციის მასა უნდა მიიღოთ. ათქვეფილი ყველი ზედმეტად მაგარი თუ გამოვიდა, თავიდან გაადნეთ ცეცხლზე და ყველაფერი ახლიდან დაიწყეთ. ძალიან თხელი თუა, მაშინ ისევ გაადნეთ, ოღონდ ამჯერად ყველი დაუმატეთ.“
(ჰესტონ ბლუმენთალი „მოლეკულური გასტრონომია“)

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მადამ დუროვა

ისტორია მესამე: ჭკვიანი რძალი

Approved by Natia Jinjolava



ჩემს ნაცნობებში ლამის ერთადერთი რძალ-დედამთილი მეგულება 20 წლის ნამძილზე ერთი კონფლიქტიც რომ არ ჰქონიათ და ასე შეხმატკბილებული ცხოვრობენ ერთმანეთისგან 400 კილომეტრის მოშორებით. არა, იმიტომ კი არა, რომ ერთმანეთის ყველაფერი მოსწონთ და არაფერი არ წყენიათ, ან მანძილის გამო ახლო ურთიერთობა არ აქვთ, უბრალოდ, ორივე კარგადაა აღზრდილი და კიდევ ერთი რამ აერთიანებთ - დედამთილს შვილისადმი და რძალს ქმრისადმი სიყვარული. შეგნებულ ადამიანს კი ვინმე რომ უყვარს, თავის არა, იმის ინტერესებზე ფიქრობს ხოლმე.
ამდენი წლის მანძილზე არაერთხელ ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა რძალსა და დედამთილს შორის, მაგრამ თავიანთი პრობლემები და საწუხარი არც შვილისთვის მოუხვევიათ თავზე და არც ერთმანეთისთვის მიუხლიათ პირში. დარდისა და დაგროვებული ბოღმის გასაზიარებლად ორივეს ყავს რამდენიმე სანდო ადამიანი (მათ შორის ერთი საერთო მოსაიდუმლე), რომელთანაც გულს აბსოლუტურად მშვიდი სინდისით მოიოხებენ ხოლმე და ასე მშვიდად განაგრძნობენ ცხოვრებას.
ერთადერთი სერიოზული ინციდენტი რამდენიმე წლის წინ მოხდა და მაშინაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ორივე ქალის სიბრძნე და ურთიერთობაში ტაქტისა და მოთმინების უპირატესობა. საკმაოდ თანამედროვე, შეგნებულ და ხალისიან დედამთილს ერთადერთი წიკი აქვს - ქალს ყველაფერს აპატიებს სიგარეტის მოწევის გარდა. ახლობლები ვშაყირობთ ხოლმე, თუ გაიგო რომ ქალს საყვარლები ყავს, იტყვის: „მაგი აწი საიგარეტის მოწევასაც დაიწყებსო“. რძალს კი პრაქტიკულად ერთადერთი ნაკლი აქვს: დედამთილისგან ჩუმად სიგარეტს ეწევა. ერთი სიტყვით, ერთ მშვენიერ დღეს შვილთან სტუმრად მყოფმა დედამთილმა სამზარელოში მენთოლიანი სიგარეტის კოლოფი იპოვა... რა გგონიათ იჩხუბა? არა, ოთახში ჩაიკეტა და ბევრი იტირა და კიდევ რამდენიმე ახლობელთან გაყარა ცეცხლები, რძალს კი უბრალოდ გაებუტასავით, ძველებურად აღარ ემეგობრებოდა და ცოტა ცხვირიც აუბზუა. რძალსაც ხმა არ ამოუღია, მაგრამ ძალიან გაბრაზდა - ამხელა ქალი ვარ და ვინ ეკითხება მე რას ვიზამო. მოკლედ, ორივე ქალი განრისხდა და ორივე თავისთვის გაიბუსა და ოჯახში პირველად დაიძაბა სიტუაცია. 
ბედის ირონიით, ზუსტად იმ პერიოდში დედამთილს ძალიან მძიმე ოპერაციის გადატანა მოუხდა. არა, რძალი სამაგალითოდ უვლიდა, მაგრამ ავადმყოფს ხმას არ სცემდა. ნარკოზისგან და ტკივილებისგან გაწამებულ დედამთილს კი ადამიანური სითბო მოაკლდა და  პირველად უღალატა მოთმინებამ. არა, არ უჩხუბია, უბრალოდ საწოლიდან აღშოთებულ ტირადებს ისროდა ხოლმე. არადა, სულ ცოტა მოფერება და ერთი ღიმილი დაამშვიდებდა, მაგრამ რძალსაც მაინცდამაინც მაშინ უწია იმდენი წლის ნათმენმა და თავისი თავი ვერ დაძლია.
ახლა რას ხედავდა სამსახურიდან საღამოს სახლში დაბრუნებული შვილი (ქმარი), უზადოდ მოვლილი დედა იწვა, მისი ცოლი თავს ევლებოდა, მაგრამ დედა მაინც უკმაყოფილო იყო და ჯაჯღანებდა. მერე რძალმა მითხრა, ჩემი ქმარი სამსახურიდან დაღლილი და მშიერი მოდის, დედამისის უაზრო გამოხტომებით ნერვები რატომ უნდა ავუშალო, არაფერს ვეუბნებიო. იმის წუწუნმა თუ გამაგიჟა, ჩემს დებს ან შენ მოგიყვები და ასე დავიმშვიდებ ნერვებს, ჩემი ქმარი ტყუილად რატომ ვანერვიულოო. შედეგად, მისი ქმარი დარწმუნებული იყო, რომ დედამისი მის ცოლს დაუმსახურებლად უწყრებოდა... აი, ასე.
კრიზისმა გაიარა, რძალ-დედამთილს კვლავაც არაჩვეულებრივი და ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ, მეგობრობენ და ერთმანეთი მართლაც გულწრფელად უყვართ. დღეს რძალი თვითონაა ორგზის დედამთილი და მასაც „მშვიდობა“ აქვს რძლებთან. მე კი, ვთვლი, რომ ასეთი გაკვეთილი არასდროს მიმიღია: მართლაც, ქმარს თუ ახარე, რომ დედამისი ცუდია ამითი რამეს მოიგებ? დედამთილის მწარე ნათქვამი და საქციელი აღარ გეწყინება თუ შენი ქმარი იქნება უფრო ბედნიერი? იმას დედა მაინც უყვარს, დედამთილს კი რა გამოასწორებს? ხანდახან გაჩუმებით მეტს მოიგებ. თანაც, თუ მაიცდამაინც, მივუშვათ და დედამთილმა იკივლოს !

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ისტორია მეორე: თანამედროვე დედამთილი თავისი თანამედროვე პრობლემებით

Approved by Natia Jinjolava



მანამდე რა და როგორ იყო არ ვიცი - ერთი ახალგაზრდა და სიმპატიური ბავშვიანი ქალი მეორედ გათხოვდა და საკმაოდ სიმპატიურ და ახალგაზრდა, მაგრამ უსაქმურ კაცს გაყვა ცოლად. არა, წინა ისტორიისგან განსხვავებით, ქმარი ცოლს არც ცემდა და არც აგინებდა, უბრალოდ, ცოლიც ფეხზე ეკიდა და ოჯახიც და თავისი გართობის გარდა არაფერზე ფიქრობდა. ამჯერადაც ქალის მამა არჩენდა ოჯახს. სიძე კი ყოველ დღე სვამდა, გრიალებდა, მღეროდა და ცეკვავდა და ყველა სიკეთესთან ერთად კაზინოშიც თამაშობდა, სიმამრის ფულსაც და თავის მოგებულსაც მხოლოდ თავის სიამოვნებაზე ხარჯავდა... ასე გადიოდა წლები, ოჯახში კიდევ ორი ბავშვი დაიბადა და გაიზარდა. ამასობაში უფროსმა ბიჭმა ცოლი მოიყვანა და დიდი და „ბედნიერი“ ოჯახი ასე ცეკვა-თამაშში აგრძელებდა ცხოვრებას. სანამ ახალგაზრდა დედამთილს რძლის ყურება არ მობეზრდა და ბავშვიანად სახლიდან არ გააგდო - კაცები კი კვლავაც არ ერეოდნენ სახლის ამბებში, კვლავაც ისმღერას და ცეკვას განაგრძობდნენ... შვილმა ერთი კი გაიფართხალა, ცოტა ხანი ცოლთან გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ მალე დაბრუნდა და ისევ სმა და ცეკვა განაგრძო.
მკითხავთ, ეს ცეკვა რას ამოიჩემე, ერთობა ხალხი და რას ერჩიო? ცეკვის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ახლა რეალური სურათი წარმოიდგინეთ: ოჯახის მამა არაფერს არ აკეთებს, ოჯახის საქმეებში არ ერევა და შვილები და ცოლი საკმაოდ ძუნწი ბაბუის გადმოგდებულზე ცხოვრობენ, არცერთ შვილს უმაღლესი განათლება არ მიუღია იმიტომ, რომ სკოლის დამთავრებისთანავე (სკოლის მაღალ კლასებშიც) ზემოხსენებული ბაბუის კერძო საწარმოში მუშაობენ თავი რომ ირჩინონ; სახლში მხოლოდ ცარიელი კედლები აქვთ, მაგრამ კარგი DVD სისტემა კარგი კარაოკეთი; არ აცვიათ, არ ახურავთ და მანქანებს მხოლოდ მამა იცვლის წამდაუწუმ; ჰო კიდევ, კარგად ჭამენ და დასასვენებლადაც დადიან. ერთი სიტყვით, ბოშებივით მარტო დღევანდელი დღით ცხოვრობენ - უფროსი შვილის შილის ამბავსაც არ კითხულობენ და არ ნახულობენ - არ აინტერესებთ. ამ ფონზე, ყოველ საღამოს სტუმრები ყავთ, ყოველ საღამოს თვრებიან და მერე ფეხშიშველი ცეკვავენ და მღერია. არ ვაჭარბებ - წელიწადის 365 თუ არა, 340 დღე ნამდვილად ასეა.
ამასობაში უმცროსმა ბიჭმა მოიყვანა ცოლი და საკმაოდ კარგი და ყურადღებიანი ქმარიც გამოდგა - ახალგაზრდა ცოლს რაც შეეძლო, არაფერს არ აკლებდა. საკუთარი ხელფასით პაწაწუნა ქორწილიც კი გადაიხადა (მამამ დაფინანსებაზე უარი უთხრა, ფული არ მაქვსო და ზუსტად ერთ კვირაში ახალი მანქანა იყიდა, ბაბუამ სადმე სახინკლეში 20 კაცს დაგიპატიჟებო...), ცოლს საქორწილო კაბაც უყიდა, ერთი სიტყვით, ცდილობდა გოგოსთვის გული არაფერზე დაეწყვიტა. რძალი ოჯახში ძალიან კარგად მიიღეს (დედამთილის მოწონებული და სასურველი სარძლო იყო), ეფერნენ, კოცნეს, აცეკვეს, ვერ ამღერეს, გოგოს სმენა არ ქონდა და საერთო მხიარულება ჩვეულებრივ განაგრძეს... სანამ ოჯახის ბიუჯეტს უმცროსი შვილის წილი არ მოაკლდა. 
ბიჭი თავის პატარა ოჯახს თვითონ პატრონობდა. დედამთილმა ჯერ გამათბობელი გაიტანა ახალდაქორწინებულთა ოჯახიდან, თქვენი დენის ხარჯი ჩვენ რატომ გადავიხადოთო, მერე რაც კი პატარძლის ნაყიდი იყო სამზარეულოს ნახმარი მაგიდის ტილოების ჩათვლით, ოთახში შეუყარა, შენი არაფერი მინდაო. არადა, გოგო ჩვეულებრივ ოჯახში იყო გაზრდილი და ჩაის ჭიქებიც კი იყიდა, რომ არ დახვდა. მერე რძალს ზედაც აღარ იყურებდა და აღარ ელაპარაკებოდა. ცოტა ხანში მორალური ზეწოლა გააძლიერა, რძლის დანახვაზე გიჟივით ხმამაღალ ხარხარს ტეხდა. ისევ პატარ გოგო მივიდა და კითხა, რა გაწყენინეო. რაზეც დედამთილმა კივილი დაუწყო და ჩემი შვილი შენს ჭკუაზე დაგყავს და საკუთარი ბიუჯეტი თუ გაქვთ, აქედან წაეთრიეთ და სადაც გინდათ იქ იცხოვრთო. საქმეში მაზლი ჩაერია, დედაჩემი ვერავის ვერ ეგუება, ჩემი ცოლიც ზუსტად ასე გამიგდო და გამაუბედურა და ცალკე თუ გადახვალთ საცხოვრებლად, მეც თქვენთან წამოვალო... ამ დროს მამამთილი ტახტზე იყო წამოწოლილი და მღეროდა... არა, ვიტყუები, ერთადერთხელ ამოიღო ხმა და შვილს გასძახა, ცოლს თუ გაყვები ჩასიძებული ქათამი იქნებიო, არადა თვითონ სიმამრის ნაყიდ სახლში სიმამრის ხარჯზე ცხოვრობს.
თავმოყვარე გოგომ ბარგი ჩაალაგა და სახლში წავიდა. მეორე დღეს დედამთილმა დარჩენილი ნივთებიც გაუგზავნა, ოღონდ სიურპრიზით: გოგოს საქორწილო და ბანკეტის კაბებზე მურაბა და ყავა იყო გადასხმული, ნამზითვი ლოგინის გადასაფარებლით ძაღლის მონაკუკი იყო მოწმენდილი და კიდევ, ერთი პარკი ნაგავი - ნაჭამი ვაშლებით, ქათმის ბარკლის ძვლით და ა.შ...
ოჯახის სამი კაციდან არცერთს არ უკითხავს რა მოხდაო. ისევე განაგრძობენ ქეიფსა და სიმღერას. ყველა სიკეთესთან ერთად მამამთილს საყვარელიც ყოლია, სახლში კვირაობით არ მოდისო, როცა მოდის ცოლთან ერთად ქეიფობს და ერთად სვამენ, დიახ დიახ, დედამთილიც სვამს... ოღონდ სიმწრისგან, რამდენიც არ უნდა იცეკვოს, არავის არ უხარია უსაქმური და სისტემატიურად მთვრალი მოთამაშე ქმარი, რომელიც კისერზეც გაზის და იმდენად თავხედდება რომ საყვარელიც ყავს. მაგრამ თავის პატარა, თუნდაც მახინჯ სამყაროში დედოფალია და იქ სხვა ქალის, თანაც ნორმალურის (რომელიც უყვართ და რომელსაც პატივს სცემენ) არსებობას არ აიტანს. მისი შვილის ოჯახმა დაანახა სინამდვილეში როგორ უნდა ცხოვრობდეს, რეალობისთვის თვალის გასწორება და საკუთარი ცხოვრების კრახის აღიარება კი ძალიან ძნელია.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ისტორია პირველი: თანამედროვე დედამთილი მოძველებული კომპლექსებით

Approved by Natia Jinjolava



არც თუ დიდი ხნის წინათ, ყოველ შემთხვევაში, საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი თუ არა დაშლის პირას მაინც იყო, ერთი თბილისელი (ნახალოვკელი) გოგო სიმპატიურ მაგრამ სოფლელ და უპატრონო ბიჭს გაყვა ცოლად. ახალგაზრდა ოჯახზე სიმამრი ზრუნავდა და თავიდან ბოლომდე პატრონობდა, სიძე კი ლოთი, მოჩხუბარი და უმაქნისი გამოდგა. არც მუშაობა უნდოდა და რამდენი დათვრებოდა ცოლს ცემდა. აბა, ასეთი წვრილმანის გამო ოჯახი ვის დაუნგრევია, ქალმა აქაოდა ქმარი გამოსწორდებაო, სასწრაფოდ ბიჭი გააჩინა. ახლა კაცი ცოლთან ერთად შვილსაც ცემდა და ასე გრძელდებოდა ძალიან, ძალიან დიდხანს. ოჯახს კვლავაც ქალის მამა არჩენდა, რომელსაც დროთა განმავლობაშ სიძემ სახლში მოსვლა და შვილთან და შვილიშვილთან ურთიერთობა აუკრძალა, თუმცა, დისტანციაზე დაფინანსების ნებას დიდსულოვნად აძლევდა. ქალიც დადიოდა ნაცემი და გატანჯული, აბა, ქმარს ხომ არ გაშრდებოდა და ხალხს ხომ არ ალაპარაკებდა... 
არა, გულს ძალიანაც ნუ აიჩუყებთ, ქალი უბრალოდ ზარმაცი იყო და მსხვერპლის როლი იდეალურად მოირგო: მუშაობა და თავის რჩენა არც უცდია (ნებას ვინ მისცემდა?), თავს არ უვლიდა (აბა, ვისთვის?), სახლას არ უვლიდა (რა აზრი ქონდა?), შვილი არცერთ წრეზე არ უტარებია (აბა, როგორ უნდა ეტარებინა?) და დასასვენებლადაც არსად არ ყოლია (რა საჭირო იყო?). ასე გადიოდა წლები სანამ, კაცმა არ იცის, ვიღაც მადლიანმა ასწავლა თუ თვითონ მიაკვლია სადმე, ქალმა რაღაც სამედიცინო პრეპარატს არ მიაგნო (კუჭის თუ გულის წამალია), ქმარს საჭმელში უყრის და იმასაც ღვინო ალერგიას აძლევს. მერე რა, რომ სულ პატარა „პერედოზი“ და კაცი მოკვდება. ოჯახის მამამ სმა მიატოვა, უზარმაზარი ენერგია ბიზნესისკენ მიმართა და მაგარი ფული იშოვა... შედეგად, შვილისთვის იდეალი გახდა, ყველაფერში მამას ბაძავს - მისი პატივისცემით ყველა სუფრაზე მამის საყვარელ ანუ საკუთარი თავის სადღეგრძელოსაც კი სვამს და ირგვლივმყოფთა გაოცებულ მზერებსაც ვერ ამჩნევს. მამა ყველაზე კარგია, ფული აქვს!
ბიჭმა ცოლი მოიყვანა. მამა კი „გამოსწორდა“ მაგრამ უღვინობისგან ზრდილობა და ტაქტი არ შემატებია. ყოველი დილა ცოლის გინებით იწყებოდა... მერე სამსახურში მიდიოდა და საღამომდე სიმშვიდე იყო. ეს ხმაური არ ისმოდა, თორემ დედამთილმა რძალი ვერ იგუა, მის საყვარელ შვილსა და მას შორის სხვა ქალი ჩადგა... გოგო ჩვიდეტი წლის იყო, გამოცდილება არ ეყო თუ რა მოხდა, დეტალები არ ვიცი, მაგრამ მალე გაიქცა სახლიდან და მას მერე კარგა ხანია გასული, მაგრამ დღესაც საომარი მდგომარეობა აქვთ. გამარჯვებული დედამთილი, სახლში მისულ ყველა სტუმარს ამაყად უყვება რა გათახსირებული რძალი ყავდა და ასევე, ამაყად ამთავრებს: „ვინ გამოდგა მართალი?!“. მე მართლა არ ვიცი და არც მაინტერესებს ვინ გამოდგა მართალი, მაგრამ ფაქტია, რომ ოჯახი დაინგრა.
ბიჭმა მეორე ცოლი მოიყვანა. ახალი რძალი შესაშური ნერვებისა და სიმშვიდის პატრონი გამოდგა, საიდან არ უვლის დედამთილი, ვერაფერი გააწყო. გოგომ დედამთილ-მამამთილის გაუთავებელ ვაი-უისაც წაუყრუა და თავის ქმართან არაჩვეულებრივი ურთიერთობაც ააწყო. შვილსაც არაჩვეულებრივად ზრდის და ერთადერთი სერიოზული პრობლემა აქვს: როცა დედამთილი ბავშვის საცემად მოიწევს (საკუთარ გაზრდილ პირველი რძლის შვილს გაალმასებული ქალი გასისხლიანებამდე ცემს ხოლმე და ნერვებს ისე იწყნარებს), ბავშვს წინ ეფარება და ნებას არ აძლევს და აი, აქ იწყება ხოლმე. არადა, იმ ავადმოსახსენებელმა მამამთილმა (სამსართულიან სახლში ცხოვრობდნენ ქალაქგარეთ), ქალაქის ცენტრში უზარმაზარი ბინა გაარემონტა - ყველას ეგონა რომ ახალდაქორწინებულები გადავიდოდნენ. ასეც მოხდა, მაგრამ ახალგაზრდა ცოლქმარს დედამთილიც გაეკიდა - რამეს რომ ეტყვიან, მე რას გიშლითო და ტირილს იწყებს და შვილსაც გული უჩუყდება, დედაჩემი სულ დაჩაგრული იყო და ვერ ვაწყენინებო.
ქალი სრულიად  კმაყოფილი და კმაყოფილი ცხოვრობს ახალგაზრდების ნერვების ხარჯზე (მთელი დღე სამზარეულოში ზის, სიგარეტს აბოლებს და კროსვორდებს ავსებს) და თან რძალს ქალური ეშმაკობის "მასტერეკლასებსაც" უტარებს: ქალაქგარეთ მარტოდარჩენამ მამამთილზე კარგად იმოქმედა და ადამიანური ურთიერთობები მოენატრა, ამიტომ ბევრად უფრო მშვიდი გახდა და პერიოდულად ოჯახთან დარჩენას ცდილობს. სტუმრობა ორ საათზე მეტხანს თუ გაუგრძელდა, დედამთილი რაიმე მიზეზით ჯაჯღანს იწყებს (მოგეხსენებათ, ისედაც აგრესიული  კაცის აყოლიება არ გაუჭირდება), კაცი ჭკუიდან გადაყავს და მერე სახლიდან აგდებს. ფული რომ შემოაკლდებათ (მამამთილი არჩენთ), დედამთილი ქმართან რძალს არეკინებს, რომ ვითომ ცუდადაა და კვდება და მამამთილს სასწრაფოსთან ერთად იბარებენ. მერე ქმარს, ვითომ ექიმთან წაყვანას თხოვს და საკმაოდ მსხვილ თანხას ართმევს, მიყვება კლინიკამდე, იქ ფოიეში შედის, ნახევარი საათი იცდის და უკან გამოდის - ქმარს წამლების ფულსაც თხოვს და კვლავაც ქალაქგარეთ ისტუმრებს, ამჯერად მშვიდობიანად. მეორე დღეს კი ბაზრობაზე გარბის თავისი საყვარელი ტაფებისა და ქვაბების საყიდლად.
ახლა მკითხავთ, კი მაგრამ, რძალს რას შუშავებსო. ახლავე აგიხსნით: რძალი რომ მოიყვანა, სადილიც არ დაახვედრა, დამეზარა და დედაშენთან წადით, იქ ჭმეთ გელოდებათო. ახალგაზრდებს ერთი საათითაც არ ტოვებს მარტოს. მთელი დღე ენას არ აჩერებს შენიშვნებით - ეს ასე ნუ დადე, იმას იქ ნუ აკეთებ, აქ ნუ დადიხარ... და რძლის ნევებზე მოქმედებს. ქალაქგარეთ სახლიდან ახალში ბავშვს სათამაშოები არ გადაატანინა, იატაკი დაიჩხაპნებაო, ბავშვს ნებისმიერი მიზეზით ცემს, ყველაფერს აკეთებს, რომ მისმა შვილმა კარგადანაზღაურებადი სამსახური ვერ იშოვოს და დამოუკიდებელი არ გახდეს. იძახის, რომ ზღვა, მთა და ნებისმიერი კურორტი ბავშვს რად უნდა (ახალგაზრდა ცოლ-ქმარზე აღარაა ლაპარაკი), სახლშიც ისედაც კარგი პორობები გვაქვსო. თვლის რომ ქალს განათლება არ ჭირდება, სახლში უნდა იჯდეს და ქმრის მონა იყოს... ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსაშველოს შემიძლია.
რძალს ძალიან დიდხანს ატერორებდა, აქედან მაინც ვერ წახვალ, ხალხი რას იტყვის, ვინ იქნება მართალიო?! (ღმერთო შენ მიშველე და გამაგებინე, ეს „ვინ იქნება მართალი“ რას ნიშნავს), ერთხელაც ძალიან ზედმეტი რომ მოუვიდა (კვლავაც შვილიშვილის ცემა განიზრახა), რძლის მშობლები მივიდნენ და უსიტყვოდ წამოიყვანეს შვილი და შვილიშვილი, რა მოხდა ისიც კი არ უკითხავთ. დედამთილს წამალმა არგო, მიხვდა რძალს არავინ დააჩაგვრინებდა და ამჯერად მხოლოდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჯერდება... ეჰ, წავიდა ეგ დრო ჩემო კარგო დედამთილო, განათხოვრობა სირცხვილად დიდი ხანია აღარ ითვლება. პირადად რას ითმენდი არავისი საქმე არაა, მაგრამ შენს შვილს რომ ცემდა ქმარი და ამის ნებას აძლევდი და ხმისამოუღებლად, ჩემი აზრით, სირცხვილი ეგაა. 
მხოლოდ განგების ძალიათ, ბიჭი არაჩვეულებრივი გაიზარდა (თუმცა მამას აღმერთებს და გენეტიკა თავს იჩენს ხოლმე სიჯიუტეში), მაგრამ ისეთივე სადისტი რომ გამოსულიყო? თუმცა, დედამთილი ალბათ გაცილებთ უფრო ბედნიერი და უკეთესი დედამთილი იქნებოდა მის შვილს რძალი ერთხელ მაინც რომ გაელახა - დარწმუნებული ვარ, ისიამოვნებდა და ნაცემ გოგოს წრფელი გულითაც უთანაგრძნობდა და დაამშვიდებდა კიდეც. ახალგაზრდების კარგი ურთიერთობა და სიყვარული ვერ ასვენებს სწორედ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი