მურღ მაჰანი - ქათამი კარაქში

Approved by Natia Jinjolava


აზიური კერძების გადმოევროპებულ ვარიანტებს ძალიან ხშირად სკეპტიკურად ვეკიდები და ამის მიზეზიც მაქვს. მაგალითად, შედით ნებისმიერ თბილისურ ე.წ. ჩინურ რესტორანში  და მოთხოვეთ ქათმის, საქონლისა და ღორის ხორცის კერძი დაახლოებით ერთნაირ სოუსში. სამივეს ზუსტად ერთნაირს მოგართმევენ, განსხვავება მხოლოდ ხორცშია. მრავალწლიანი გამოცდილებიდან როგორც დავასკვენი, ჩვენი აზიური რესტორნების მენიუ რეალურად სულ 3-4 ტიპისკერძისაგან შედგება, ოღონდ რამდენიმე ათეული დასახელებით. მათი „აფიორა“ კი მხოლოდ იმიტომ არ მჟღავნდება, რომ როგორც კი უცხო სამზარეულოში შენთვის სასურველ გემოს შეარჩევ, ამ რესტორნების კერძები კი მართლაც გემრიელია, სხვას აღარ უკვეთავ, უბრალოდ აღარ რისკავ. თუმცა, ჩინეთში ნამყოფები იმასაც ამბობენ, რომ იქაური სამზარეულოს უმთავრესი კერძი - იხვი პეკინურად, თბილისში ერთ-ერთი საუკეთესოა.
მოკლედ, სახელგანთქმული ბრიტანელი შეფი გორდონ რამზი რომ მიყვარს და ვენდობი, უკვე იცით. მის აღმოსავლურ კერძებს კი იმიტომ ვენდობი რომ ლამის მთელი აზია, სოფელ-სოფელ ფეხით მოიარა და მათი მომზადება იქაურებისგან ისწავლა.
მაშ ასე:

მურღ მაჰანი - ქათამი კარაქში
800 გრ კან და ძვალგაცლილი ქათმის ბარკლები 3-4 სმ-იან ნაჭრებად დაჭრილი, 2 ნივრის კბილი ძალიან წვრილად დაჭრილი, 2 სმ-იანი ჯანჯაფილის (კოჭა) ფესვი წვრილად გახეხილი, ½ ჩ/კ ზღვის მარილი, ½ ჩ/კ დაფქული ცხარე წიწაკა, 1 ½ ს/კ ლიმონის წვენი, 75 გრ ნატურალური მაწონი, ½ ჩ/კ გარამ მასალა (ინდური სანელებელი), 1 ჩ/კ დაფქული ძირა, 1-2 ს/კ მცენარეული ზეთი
სოუსისთვი: 1 ½ ს/კ ერბო ან გამდნარი კარაქი, 2 კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი, 2 სმ-იანი ჯანჯაფილის (კოჭა) ფესვი წვრილად გახეხილი, 1 ილის პარკი დაჩეჩქვილი, 2 მიხაკი, 1 ს/კ ხმელი ქინძი, 1 ჩ/კ გარამ მასალა, 1 ჩ/კ დაფქული კურკუმა, 1 ჩ/კ დაფქული ცხარე წიწაკა, 275 მლ ტომატ-პასტა ან პამიდვრის პიურე, 1 ს/კ ლიმონის წვენი, 40 გრ კარაქი, 100 მლ ცხიმიანი ნაღები, 1 ჩ/კ წვრილად დაჭრილი ქინძის ფოთლები ზევიდან მოსაყრელად
ქათამი მოვათავსოთ ჯამში ნიორთან, ჯანჯაფილთან, მარილთან, წიწაკასთან და ლიმონის წვენთან ერთად. კარგად გადავურიოთ, გადავაფაროთ ცელოფანი და შევდოთ მაცივარში 30 წუთით. ერთმანეთში ავურიოთ მაწონი, გარამ მასალა, კურკუმა და ძირა და დავუმატოთ ქათამს და კარგად ამოვგანგლოთ. ისევ დავაფაროთ და შევდგათ მაცივარში 3-4 საათით.
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. ქათმის ნაჭრები საცხობი ფირფიტის თავზე შემოდგმულ გრილის ცხაურზე დავალაგოთ და ვბრაწოთ 8-10 წუთი. ქათმის ნაჭრებს ცოტაოდენი ზეთი გადავუსვათ და გადავატრიალოთ. ვბრაწოთ 10-12 წუთი.
სოუსისთვის გავაცხელოთ ერბო ან კარაქი ტაფაზე და დავუმატოთ ნიორი და ჯანჯაფილი. დაახლოებით 1 წუთი ვბრაწოთ და მერე დავუმატოთ ილი, მიხაკი, გარამ მასალა, კურკუმა და დაფქული პილპილი. და 1-2 წუთი ვურიოთ სანამ ძლიერი არომატი არ აუვათ. ჩავურიოთ პამიდვრი პიურე და ლიმონის წვენი და ორიოდე წუთი კიდევ ვთუშოთ. ჩავალაგოთ ქათმის ნაჭრები და კარგად გადავურიოთ. სულ ბოლოს, დავუმატოთ კარაქი და ნაღები და ვურიოთ სანამ კარაქი არ გადნება. გავსინჯოთ და საჭიროების შემთხვევაში მარილი და წიწაკა დავუმატოთ. გადავიტანოთ წინაწარ შემთბარ ჯამზე და მოვაყაროთ ქინძი.
მერე კი გემრიელად მივირთვათ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


ჩვენებური რივიერა

Approved by Natia Jinjolava


შარშან ზაფხულს, ერთ-ერთ სტატიაში ქართულ სააგარაკო კულტურას შევეხე - სუფთა ჰაერს დახარბებულმა თბილისში რომ უნდა აიბარგო და ვიღაცის ძუნძგლიან ან თუნდაც არაძუნძგლიან ოთახში საინკვიზიცოდ შექმნილ, ყოველგვარ დრეკადობას მოკლებულ  საწოლებზე ღამისთევის უფლების მოპოვებით გახარებულმა აქედან უნდა წაზიდო საბნებიც, ლეიბებიც, ტაშტიც და სარეცხის გასაფენი შპილკებიც. საბჭოთა პერიოდთან შედარებით, ოთახის, უკაცრავად, კოიკის გამქირავებელთა სექტორიც იძულებით მორჯულდა და სეზონურ დამსვენებლებს, მრავალწლიანი და დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, საკმაოდ პრიმიტიული, მაგრამ აბანოებიც მოგვიწყვეს. მერე, რა რომ ხშირად უნიტაზზე მოკალათებულს გვიწევს შხაპის მიღება... ახლა არ მითხრათ რომ ასეთი რამ არსად გინახავთ - 1 კვადრატული მეტრის ფართობის ტუალეტში რომაა უნიტაზის თავზე მიმონტაჟებული შხაპი. აღარ ვლაპარაკობ რომ ასეთი სველი წერტილები არ ნიავდება და პრაქტიკულად არ შრება. ქობულეთში ერთ-ერთი სასტუმრო ვიცი, რომელიც წლის მანძილზე ჩვეულებრივი პოლიკლინიკაა, ზაფხულობით კი ექიმები კაბინეტებს თმობენ და ქირავდება - ამიტომ პლასტიკატის სახელდახელო აბანო-ტუალეტის ბუდრუგანები შუა ოთახებში ჩადგეს საქათმეებივით და არ გეგონოთ რომ იქ დსვენება იაფი ღირდეს.
წაღვერის ხუთვარსკვლავიანი სატუმროს
ეზოს მიმდებარე ტერიტორია
აღარ ვლაპარაკობ წაღვერზე სადაც ჩვენი ღობის მეზობელი რაც თავი მახსოვს ოთახებს აქირავებს, მაგრამ მხოლოდ შარშან ააშენა ეზოში აბანო და ისიც მხოლოდ იმიტომ რომ პოტენციური დამსვენებლები არ დააფრთხოს, თორემ ქირას რომ აიღებს მერე ბანაობის უფლებას აღარ აძლევს - ბევრი დენი იხარჯებაო და დამსვენებლებსაც ჩვენთან მოყავთ ბავშვები დასაბანად - სანამ რაიმე ინფექცია შეეყარათ გვიშველეთო. მაგრამ 10 წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით, ესეც პროგრესია - ხალხო, ბორჯომი ხეობაში დაბანის საშუალება გაჩნდა!
და კიდევ ერთი პროგრესი: დამსვენებლები მთის კურორტებზე ძველებურად გახეული ჩუსტებით და ბამბაზიის ხალათებზე შემოცმული ჟაკეტებით აღარ დადის. არა, უნიკალური ეგზემპლიარები დღესაც არიან, მაგრამ გამოპრანჭვის სურვილის ტენდენცია აშკარად შეინიშნება. თუმცა, აქაც მეორე უკიდურესობამდე მივედით, მთაში და ქვაღორღიან გზებზე 12 სანტიმეტრიან ქუსლებზე ამხედრებული და სპორტული შორტებით დავდივართ. ეტყობა სილამაზე მხვერპლს მართლა მოითხოვს, მათ შორის ფეხსაცმლისაც, იმიტომ რომ ქვიანი გზების მერე მისი ქუსლი აშკარად აღარ ვარგა. მაგრამ სილამაზეს "გამოსასვლელი" ფეხსაცმლის გარდა გემოვნებაც არ წყენს ხოლმე.
წაღვერის ცენტრალური ბირჟა
საბავშვო მოედანი
რაც შეეხება წლევანდელ ბათუმს, მანქანის მძღოლებისგან განსხვავებით, რომლებიც უგერგილოდ დაგებული უსწორმასწორო გზების გამო თავბედს იწყევლიან, მოზაიკურ ქვაფენილად ქცეული ქუჩები ვიზუალურად მოეწონა. თუმცა, უკიდურესად იღღოჩოღრო ლოდებით მოკირწყლული გზატკეცილები წარმომიდგენია მანქანას რას უშვება. ასეთი ქვაფენილი მიზანშეწონილია ტურისტულ ზონაში და არა ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალებზე, სადაც მოძრაობა არცერთი წამით არ წყდება. და, კიდევ ერთი: ბავშვობაში „ცეზარი“ გითამაშიათ? მოსახლეობა რომ ფერად-ფერად ქვაფენილიან გზას უგებ და იმათ უხარიათ. აი, ასე გვიხარია ჩვენც.
"წყერი"
შარშანდელი სტატიის მერე, გავილანძღე კიდეც - ბავშვობაში მშვენივრად ვისვენებდით, ნუ გაახურეო. ბავშვი იმის ბავშვია, რომ სადაც თამაშის და სირბილის საშუალებაა, ყველგან გაერთოს. მე დედების მწარე ბედზე ვწუხდი. და, ცხელი წყალის და რბილი ლოგინის მოთხოვნა რატომაა გახურება ვერ ვხვდები, თორემ გართობას რაც შეეხება - მე ბანკში, კომუნალური გადასახადების რიგშიც ვახერხებ გართობას, თუმცა ურიგოდ გადახდა აშკარად მირჩევნია.
ამიტომ, ამჯერად სიტყვიდან საქმეზე გადავალ და  ჩემი მონათხრობის საილუსტრაციოდ წაღვერის ცენტრის და ბედნიერი დამსვენებლების დაუღალავი გარჯის შედეგად ნაგვით გადავსებული წაღვერის პარკის სურათებს შემოგთავაზებთ.




წაღვერის  მთავარი მოედანი 












წაღვერის პარკი










ნაგავი წაღვერის პარკის შესასვლელში









ახალგაზრდა დედა, რომელმაც ბავშვს შუა პარკში მოაკუკინა და ახლა მისი ჰიგიენითაა დაკავებული










წყაროზე









წაღვერი







შეიძლება მართლაც იქცა ბათუმი ნიცად და ბორჯომი ბადენ-ბადენად  (ვითომ?!),  კარგით, მაგაზე არ ვდავობ, მაგრამ ნიციდან რომ გადიხარ, გზად კანი, მონტე-კარლო, ანტიბი და სხვა ფეშენებელური კურორტები გხვდება და არა სრულიად მოუვლელი წაღვერი, ცემი, დაბა და კეჩხობი. რაც არ უნდა კარგად გაარემონტო საკუთარი ბინა, ფანჯრიდან გადახედვის თუ გეშინია, ჰარმონიაში ვერ იცხოვრებ. თან მემგონი არაფერია იმაში ცუდი, თუ მინდა რომ მეც და ჩემი ხალხიც უკეთეს პირობებში ვისვენებდეთ და არა იქ, სადაც უალტერნატივობა გვაიძულებს. თუმცა, შვილი რომ სხვა ადამიანების ცხვირწინ არ უნდა გადააყენო და სადაც ჭამ და ისვენებ, ნაგავი იქვე არ უნდა დაყარო მაგას ვერანაირი ნიცა და კანი ვერ გვასწავლის. 


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

სექტემბერი - ქათმის საერთაშორისო თვე ყოფილა. იცოდით?!

Approved by Natia Jinjolava


აღარ მახსოვს სად და როდის, მაგრამ სადღაც ნამდვილად წავიკითხე, რომ სექტემბერი ქათმის საერთაშორისო თვე ყოფილა. აბა, ასეთ „ღირშესანიშნავ“ მოვლენას ჩვენი ბლოგი როგორ გამოაკლდება  და დაუყოვნებლივ გადავწყვიტე, მთელი თვე ქათმებისთვის მიმეძღვნა.
არა, არც კვერცხების დადებას და არც კრიახსა და საბუდარის დადგმას არ ვაპირებ, მაგრამ გავიხსენებ ქათმებთან დაკავშორებულ ისტორიებს, რომლებიც ჩემდა გასაკვირად, ჩემი მრავალფეროვანი წარსულის გადამკიდე აღმომაჩნდა და ქათმის შესანიშნავი კერძების ნამდვილ კორიანტელს დავაყენებ.
ქათამთან ჩემი „ნაცნობობა“ კი მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ ძალიან ღრმა ბავშვობაში, ბებია-ბაბუასთან ზუგდიდში სტუმრობისას, სოფლიდან ჩვენს სანახავად ჩამოსულ ნათესავებს ჩემი, ანუ პატარა ბავშვის „გასახარად“ დაკოდილი მამლები მოყავდათ ხოლმე საჩუქრად. ნორჩს კი ის უნდა გამხარებოდა, რომ ღირსებაჩამორთმეული მამრი ფრინველი გასაოცრად ლამაზი და ფუმფულა ხდება. სხვათა შორის, ასეთი მამალი სამეგრელოში დაახლოებით 20-25 წელია აღარ მინახავს, არადა საკმაოდ გავრცელებული და ხშირი ტრადიცია იყო. ყვარულს (ასე ეძახიან ფრთოსან საჭურისს სამეგრელოში) ხომ გამორჩეულად რბილი და გემრიელი ხორცი აქვს. ალბათ, როგორც ბევრი სხვა საქმის, ცხოველების დაკოდვის მცოდნეების აღარ გვყავს.
ასევე სამეგრელოში, პერიოდულად ბაბუას მოყავდა ხოლმე ჩემთვის შინაური ცხოველივის მოვალეობის შესასრულებლად დედალ-მამალი ჯუჯა იაპონური ქათმები, რომლებიც გარეგნულად გაჩხიკინებულ და ასაკთან შედარებით ადრეულად დაღვინებულ წიწილებს უფრო წააგავდნენ.  როგორც ყველა ჩია კაცი, ჯუჯა მამალიც მთელი დღე სასაცილოდ იჭიმებოდა და წვრილ და გამკივან ხმაზე ყიოდა და ყიოდა. დასაკლავად ისინი არ ვარგოდნენ და მომდევნო სტუმრობისას აღარ მხვდებოდნენ ხოლმე - არასდროს არ დავინტერესებულვარ და დღესაც არ ვიცი სად მიყავდათ. ალბათ, ვინმე ახლობლის ბავშვს გადაულოცავდნენ სათამაშოდ. მე კი ქათმებზე მეტად მათი ერთი ბეწო კვერცხებით ვერთობოდი.
და ბოლოს, ღრმა ბავშვობიდან დღემდე, რამდენი თმას გავიკრიჭავ, რაც არ უნდა მოდური და მიმზიდველი მოკლე ვარცხნილობა დავიყენო - მამაჩემი ჯიუტად ჩინურ ყეტიტველა ქათამს მადარებს. 
ცოცხალ ქათამთან მეტი შეხება არ მქონია, სულ ეს იყო და ეს, მაგრამ, სამაგიეროთ სხვებს აქვთ. აე რომ, ეს ყველაფერი მხოლოდ შესავალი იყო - ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა ადგილი უკავია ქათმებს ქართველ კრიმინალთა და სამართალდამცველთა ცხოვრებაში, მაგრამ ამაზე სხვა დროს...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ჰესტონ ბლუმენთალის იდეალური ქათამი

Approved by Natia Jinjolava


BBC-ის რეკომენდაცია: „იმდენად რამდენადაც ჰესტონი თავის ქათამს 60°C ტემპერატურაზე ამზადებს, უსაფრთხოების წესების სრულად დაცვა თუ გსურთ, თქვენმა ქათამმა თავის უმსხვილეს ნაწილში, ანუ გულმკერდის შიგნით 75°C-ს უნდა მიაღწიოს“. (ქათმის გრიპისაგან თავდაცვის უსაფრთხოების წესებზეა საუბარი - რა ვქნა, მიყვარს ბრიტანელები)
ინგრედიენტები: 6%-იანი მარილწყალი (5 ლ წყალში გახსნილი 300 გრ მარილი), 1,5-2 კგ-იანი ქათამი, 1 ლიმონი, 1 კონა ქონდარა (thyme), 125 გრ კარაქი ოთახის ტემპერატურის და კიდევ ცოტა ქათმის კანზე წასასმელად, 30 მლ მშრალი თეთრი ღვინო
საწებლისთვის: 20 მლ მშრალი თეთრი ღვინო, 250 მლ ქათმის ბულიონი, 1 ჩ/კ დიჟონური მდოგვი, 1 ტარხუნის ტოტი, 1 ოხრახუშის ტოტი
ქათამი გავასუფთაოთ და მოვათავსოთ მშრალ კონტეინერში. დავასხათ მარილწყალი, ისე რომ ქათამი მთლიანად დაიფაროს, კონტეინერს თავზე ცელოფანი გადავაფაროთ და შევდგათ მაცივარში მთელი ღამით.
ქათამი ამოვიღოთ მარილწყლიდან და კარგად გავამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით. მოვათავსოთ საცხობ ფირფიტაზე.
გავახუროთ ღუმელი 90°C-მდე. ლიმონი და ქონდარა შევტენოთ ქათმის მუცელში. კარაქიღ კარგად გავპოხოთ ქათმის კანი. მერე შევდგათ ღუმელში და ვბრაწოთ სანამ ქათმის გულმკერდის შიდა ტემპერატურა 60 გრადუსს არ მიაღწევს (ამას 3-4 საათი დასჭირდება). ტემპერატურა სპეციალური ხორცის თერმომეტრით გავზომოთ.
ქათამი გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაჩეროთ 45 წუთი. ღუმელის ტემპერატურა მაქსიმუმამდე ავწიოთ.
პარალელურად, ტაფაზე გავადნოთ 125 გრ კარაქი, დავუმატოთ 30 მლ ღვინო და ქონდარას ტოტი. წამოვადუღოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. გამდნარი კარაქის ნაწილი ქათამს გადავასხათ, ნაწილი კი დასაბრაწად რომ შევაბრუნებთ ღუმელში მერე ვასხათ ხოლმე.
45 წუთი რომ გავა, ქათამი გავარვარებულ ღუმეში შევდგათ 10 წუთით დასაბრაწად და თან ყურადღება მივაქციოთ, რომ არ დაგვეწვას.
ქათამი რომ დაიბრაწება, გამოვიღოთ და ცხაურზე გადავიტანოთ. ქათამს მოვაჭრათ ფრთები და ბარკლები, გულმკერდი დავჭრათ თხელ ჰორიზონტალურ ნაჭრებად. მოვაყაროთ მარილი და ახალდაფქული პილპილი.
საწებლისთვის: ქათმის შენაწვავი ტაფა ან ღუმელის ფირფიტა, რომელზეც ქათმის ნაბრაწია დარჩენილი საშუალო ცეცხლზე შემოვდგათ. დავახათ ღვინო და ხის ნიჩაბით ვფხიკოთ ფირფიტის ფსკერი, სანამ ქათმის მინაწვავი ღვინოში არ გაიხსნება. დავუმატოთ ქათმის ბულიონი და ვადუღოთ სანამ სოუსის კონსიტენციამდე არ ამოორთქლდება. გადავასხათ სასოუსეში. ჭამის წინ გადავურიოთ მდოგვი და შევათბოთ. სულ ბოლოს, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ტარხუნა და ოხრახუში, დავუმატოთ მარილი და ახალდაფქული პილპილი.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

გორდონ რამზის კიევური კატლეტი

Approved by Natia Jinjolava


კიევური კატლეტი კარტოფილის პიურეს და ბროკოლის გარნირით

200 გრ დარბილებული კარაქი, 3 დიდი კბილი ნიორი დაჭყლეტილი, 1 პატარა მუჭა დაჭრილი ტარხუნა, 1 პატარა მუჭა დაჭრილი ოხრახუში, 4 თითო 150 გრ-იანი ქათმის გულმკერდის ფილე, 100 გრ ფქვილი, 1 მწიკვი პაპრიკა, 2 დიდი კვერცხი ათქვეფილი, 100 გრ დაფქული ორცხობილა, 2-3 ს/კ ზეითუნის ზეთი, ზღვის მარილი, ახალდაფქული პილპილი
კარტოფილის პიურესთვის: დაახლოებით 6 საშუალო ზომის კარტოფილი გათლილი და ოთხად გაჭრილი, მარილი და პილპილი, 4-6 ს/კ ზეითუნის ზეთი
მოთუშული ბროკოლისთვის: 200 გრ ბროკოლი ყვავილედებად დაჭრილი, 4 ნაჭერი პარმული ლორი წვრილად დჭრილი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი, 1 ლიმონის ცედრა
ღუმელი გავახუროთ 190°C-მდე.  ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ კარაქი, ნიორი, ტარხუნა, ოხრახუში, პილპილი და მარილი. შევდგათ მაცივარში. ავიღოთ ქათმის ფილეები და სათითაოდ ჩავჭრათ ძალიან ბასრი დანით ჰორიზონლატურად, ისე რომ ფილეს შუაგულში კარაქის ჩასატენი „ჯიბე“ გამოგვივიდეს. სწორედ ამ ჯიბეში მოვათავსოთ თითი კოვზი არომატიზირებული კარაქი, ან რამდენიც შეეტევა. ქათმის ფილეს გაჭრილი პირი შევუკრათ,  ჯიბე რომ დაიხუროს ხელით ოდნავ დავაწვეთ. გაშლილ მათლაფაზე ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი, პაპრიკა, მარილი და პილპილი. მეორე მათლაფაზე დავასხათ ათქვეფილი კვერცხები, მესამეზე კი ორცხობილა დავყაროთ. ქათმის ფილეები ამოვავლოთ, ჯერ ფქვლში, მერე კვერცხში, ბოლოს კი ორცხობილაში. ფილე გაჭრილი მხარით ქვევით დავალაგოთ თეფშზე და მაცივარში შევდოთ (გასამაგრებლად, ფორმა რომ შეინარჩუნოს უკეთესად).
შეწვის წინ, დავასხათ ზეითუნის ზეთი საშუალო ზომის ტაფაზე და კარგად გავახუროთ. ქათმის კატლელები 1-2 წუთის განმავლობაში დავბრაწოთ ორივე მხრიდან. მერე ტაფა გახურებულ ღუმელში შევგათ 12-14 წუთით - სანამ კარგად არ ადიბრაწება და ქათამი არ შეიწვება.
გათლილი კარტოფილები მარილიან წყალში ვხარშოთ დარბილებამდე. გადავწურით და ვაქციოთ პიურედ. გადავიტანოთ სუფთა ქვაბში და დაბალ ცეცხლზე შევაცხელოთ. დავუმატოთ მარილი, პილპილი და ზეითუნის ზეთი. მოვურიოთ.
ბროკოლი ორთქლზე 3-4 წუთის განმავლობაში ვთუშოთ (მე ბროკოლის მდუღარე წყლიან ქვაბზე შემოდგუმ თუშფალანგში ვთუშავ). სქელძირიან ტეფლონის ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და დავბრაწოთ პარმული ლორი 1-2 წუთის განმავლობაში. დავახეხოთ ლიმონის ცედრა და დავუმატოთ ბროკოლი. მოვაყაროთ მარილი და პლპილი. ვხრაკოთ კიდევ 1-2 წუთი.
თეფშზე მოვათავსოთ პიურე, გვერდით ბროკოლი და კიევური კატლეტი მივულაგოთ, ჯერ კიდევ ცხელს მორჩენილი არომატიზირებული კარაქის ან ნებისმიერი ნიორიანი კარაქის კუბიკი დავადოთ, რომ დაადნეს და გემრიელად მივირთვათ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

კატლეტი კიევურად

Approved by Natia Jinjolava



კატლეტი კიევურად ყველას უყვარს, მაგრამ რატომღაც მიიჩნევა რომ მისი მომზადება სახლის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც, რასაკვირველია, სიმართლეს არ შეეფერება და უფრო მეტიც, ჩვენ რომ რესტორნებში მივირთმევთ და ასე ძალიან მოგვწონს ის უნაკლო და იდეალური ფორმის კიევური კატლეტები ქარხანაშია დამზადებული, მერე გაყინულია და ვინ იცის რამდენი დღის გამოუცვლელ ზეთშია მოხარშული. ნამდვილ კიევურ კატლეტს ასეთი უზადო ფორმა და  გიგანტური ზომაც არ აქვს, სამაგიეროდ ბევრად უფრო ნაზი, წვნიანი და გემრიელია. მისი მომზადება წარმოსადგენად და ასახსნელად უფრო ძნელია, ვიდრე თვითონ პროცესი. კიევური კატლეტი, ისევე როგორც საქონლის კლასიკური კატლეტი ფარშის ნაცვლად დაბეგვილი ფილესგან მზადდება. მაგრამ ნამდვილ კიევურს ფილესთან (გულმკერდთან) ერთად ქათმის, არ ვიცი სხვანაირად რა ვუწოდო, მკლავის ძვალიც უნდა მოყვებოდეს. ანუ ქათამს ფილესთან ერთად ფრთაც უნდა ავაჭრათ და მერე მისი პირველი ნაწილი (წვეტიანი) მოვაჭრათ. გაიგეთ რამე? მეც ამას ვიძახი, რომ ძნელი ასახსნელია. ამიტომ ცნობილი ავსტრალიელი მზარეულის, ედრიენ რიჩარდსონის ვიდეო მოვიშველიე, სადაც თვალნათლივ ნახავთ რა და როგორ უნდა გააკეთოთ. მე კი რამდენიმე მარტივი რეკომენდაციით მოგეშველებით: შეგიძლიათ ქათმის ჩემს მიერ მკლავად წოდებული ნაწილი დაივიწყოთ და პირდაპირ ფილე იყიდოთ. ოღონდ, გაყინული და ერთმანეთზე მიწებებული ფილე, რომელიც გალღვობისას ნაწილებად იშლება, არ გამოგადგებათ. მეტ-ნაკლებად წესიერი ზომის კატლეტი რომ გამოვიდეს, ფილე უნდა იყოს დიდი და ჯანსაღი, ამიტომ მათ შესაძენად დიდ სუპერმარკეტებში მოგიწევთ წასვლა. რაც შეეხება კარაქს, იგი ცივი უნდა იყოს და ტრადიციული მწვანილის ნაცვლად, მასში წვრილად დაჭრილი ლორის ან სოკოს დამატებაც შეიძლება და საერთოდ აჯობებს კარაქის ბრიკეტებს კატლეტისთვის წინასწარ თუ დაამზადებთ და გაყინავთ. ახლა თავად რეცეპტი:

კატლეტი კიევურად
ინგრედიენტები 2 ულუფისთვის: 2 ცალი ქათმის მკერდი, 2 კბილი ნიორი, 100 გრ კარაქი, 1 კვერცხი, ½ ჭ რძე, 1 ჭ ფქვილი, 1 ჭ დაფქული ორცხობილა ან პურის ნამცეცები, ½ ჭ ზეთი, 1 პატარა კონა ოხრახუში, მარილი და პილპილი გემოვნებით
კანგაცლილი ქათმის ფილე დავბეგვოთ აკურატულად და ვეცადოთ რომ არ გაგვეხეს  და ძალიან არ გავითხელდეს. ოხრახუში დავჭრათ წვრილად და გადავურიოთ კარაქში. კარაქს დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და პილპილი. მწვანილიანი კარაქი გავყოთ ორ ნაწილად და ხელის გულებით თითოეულ ნაწილს მივცით მოგრძო მორის ფორმა. ავიღოთ ქათმის ფილე, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, ავიღოთ კარაქი და ფილეზე მოვათავსოთ „მკლავის“ ძვლის გასწვრივ და ფილე დავახვიოთ კარაქის ირგვლივ რულეტივით. პურის ნამცეცები მოხვალოთ და დავყაროთ თეფშზე (ორცხობილას მოხალვა არ ჭირდება). სუპის თეფშზე ერთმანეთში ავურიოთ კვერცხი, რძე და მარილი. ცალკე თეფშზე დავყაროთ ფქვილი. გამზადებული კატლეტი ამოვგანგლოთ ჯერ ფქვილში, მერე ამოვავლოთ კვერცხის გულში და შემდეგ ორცხობილაში. გამზადებული კატლეტი 20 წუთით მაცივარში შევდოთ. ტაფაზე დავასხათ ზეთი და კარგად რომ გაცხელდება კატლეტები ყველა მხრიდან გაყავისფრებამდე დავბრაწოთ.



გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


ქათამი შქმერულად ჩემეული რეცეპტით

Approved by Natia Jinjolava


რამდენიმე თვის წინ ფეისბუქი მოიარა შქმერული ქათმის ვიდეორეცეპტმა თბილისის რომელიღაც ცნობილი რესტორნის შეფმზარეულისგან, სადაც მზარეული გვასწავლიდა, რომ ქათამი ცალკე იწვება და შქმერულისთვის სოუსი ცალკე ტაფაზე მზადდება. სხვათ შორის, იგივე მეთოდს იმეორებს თავის კულინარიულ წიგნში M-ჯგუფის ერთ-ერთი რესტორნის მთავარი მზარეული შოთა დვალაძეც. შეიძლება კლასიკურად ეს კერძი მართლაც ასე მზადდება, მაგრამ პროფესიონალი მზარეული კი არა, ნებიმიერი სმა-ჭამის მოყვარული გეტყვით, რომ შემწვარი ქათმის ყველაზე გემრიელი ნაწილი, მისი შენაწვავი ტაფაა.
ამიტომ ჩემი მომზადებული შქმერული ასე გამოიყურება:
კერძის მომზადების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გამოიღეთ რძე მაცივრიდან (ოთახი ტემპერატურის რომ გახდეს). ქათამი გარეცხეთ, გაწმინდეთ გაამშრალეთ, გადახსენით შუაზე და მოაყარეთ ზღვის მარილი (იყიდება აფთიაქებში, ოღონდ არომატიზატორებიანს და ფერადს ნუ იყიდით, ნატურალური შეარჩიეთ). კარგად გაცხელებულ ტაფაზე დაასხით სულ ცოტა ზეთი და კარგად დაბრაწეთ ქათამი ორივე მხრიდან. სანამ ქათამი იბრაწება წვრილად დაჭერით ნიორი (თქვენი გემოვნებით).
უკვე დაბრაწული ქათამი გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცდაფენილ ლანგარზე (ზედმეტი ცხიმი რომ დაიწრიოტოს). ქათამი თუ ძალიან ცხიმიანი გამოდგა, ტაფიდან ზედმეტი ცხიმი გადაასხით, ცეცხლი დაუწიეთ მაქსიმალურად და ქათმის შენაწვავ ტაფაზე დაყარეთ ნიორი და დაახლოებით 1 წუთი ხრაკეთ. თან ურიეთ. ფრთხილად იყავით, ნიორი არ დაიწვას, თორემ ძალიან ცუდი გემო ექნება. დაასხით რძე და ურიეთ ხის კოვზით ან ნიჩბით მანამ, სანა, ტაფის ფსკერიდან მთელი ქათმის მინაწვავი გემრიელობები რძეში არ გაიხნება. გასინჯეთ და საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ ნიორი და მარილი. გადმოდგით ცეცხლიდან.
ქათამი დაჭერით და ჩაალაგეთ სოუსში. გააჩერეთ დაახლოებით 5-10 წუთი და მერე მიირთვით.
როცა რაიმე არატრადიციული მინდა, სოუში ვუმატებ რამდენიმე წვეთ ვორჩესტერის სოუსს, დაფქულ პილპილს. ან კიდევ უფრო შორს მივდივარ და ქათმის შენაწვავ ტაფაზე ნიორთან ერთად წვრილად დაჭრილ ბეკონსაც ვხრაკავ (ხანდახან სოკოსაც), მენდეთ ძალიან უხდება. მკითხავთ, ეგ რაღა შქმერულიაო. დიახაც, ეს კლასიკური კი არა, ჩემი საავტორო შქმერულია და ძალიან გემრიელი გამოდის.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი