1.9.12
ქათამი შქმერულად ჩემეული რეცეპტით
Approved by
რამდენიმე თვის წინ ფეისბუქი მოიარა შქმერული ქათმის
ვიდეორეცეპტმა თბილისის რომელიღაც ცნობილი რესტორნის შეფმზარეულისგან, სადაც მზარეული
გვასწავლიდა, რომ ქათამი ცალკე იწვება და შქმერულისთვის სოუსი ცალკე ტაფაზე მზადდება.
სხვათ შორის, იგივე მეთოდს იმეორებს თავის კულინარიულ წიგნში M-ჯგუფის ერთ-ერთი
რესტორნის მთავარი მზარეული შოთა დვალაძეც. შეიძლება კლასიკურად ეს კერძი მართლაც ასე
მზადდება, მაგრამ პროფესიონალი მზარეული კი არა, ნებიმიერი სმა-ჭამის მოყვარული გეტყვით,
რომ შემწვარი ქათმის ყველაზე გემრიელი ნაწილი, მისი შენაწვავი ტაფაა.
ამიტომ ჩემი მომზადებული შქმერული ასე გამოიყურება:
კერძის მომზადების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე
გამოიღეთ რძე მაცივრიდან (ოთახი ტემპერატურის რომ გახდეს). ქათამი გარეცხეთ, გაწმინდეთ
გაამშრალეთ, გადახსენით შუაზე და მოაყარეთ ზღვის მარილი (იყიდება აფთიაქებში, ოღონდ
არომატიზატორებიანს და ფერადს ნუ იყიდით, ნატურალური შეარჩიეთ). კარგად გაცხელებულ ტაფაზე დაასხით სულ ცოტა
ზეთი და კარგად დაბრაწეთ ქათამი ორივე მხრიდან. სანამ ქათამი იბრაწება წვრილად დაჭერით
ნიორი (თქვენი გემოვნებით).
უკვე დაბრაწული ქათამი გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცდაფენილ ლანგარზე (ზედმეტი ცხიმი რომ დაიწრიოტოს). ქათამი თუ ძალიან ცხიმიანი გამოდგა,
ტაფიდან ზედმეტი ცხიმი გადაასხით, ცეცხლი დაუწიეთ მაქსიმალურად და ქათმის შენაწვავ
ტაფაზე დაყარეთ ნიორი და დაახლოებით 1 წუთი ხრაკეთ. თან ურიეთ. ფრთხილად იყავით, ნიორი
არ დაიწვას, თორემ ძალიან ცუდი გემო ექნება. დაასხით რძე და ურიეთ ხის კოვზით ან ნიჩბით
მანამ, სანა, ტაფის ფსკერიდან მთელი ქათმის მინაწვავი გემრიელობები რძეში არ გაიხნება.
გასინჯეთ და საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ ნიორი და მარილი. გადმოდგით ცეცხლიდან.
ქათამი დაჭერით და ჩაალაგეთ სოუსში. გააჩერეთ დაახლოებით
5-10 წუთი და მერე მიირთვით.
როცა რაიმე არატრადიციული მინდა, სოუში ვუმატებ რამდენიმე
წვეთ ვორჩესტერის სოუსს, დაფქულ პილპილს. ან კიდევ უფრო შორს მივდივარ და ქათმის შენაწვავ
ტაფაზე ნიორთან ერთად წვრილად დაჭრილ ბეკონსაც ვხრაკავ (ხანდახან სოკოსაც), მენდეთ ძალიან უხდება. მკითხავთ, ეგ რაღა
შქმერულიაო. დიახაც, ეს კლასიკური კი არა, ჩემი საავტორო შქმერულია და ძალიან გემრიელი
გამოდის.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment