მურღ მაჰანი - ქათამი კარაქში

Approved by Natia Jinjolava


აზიური კერძების გადმოევროპებულ ვარიანტებს ძალიან ხშირად სკეპტიკურად ვეკიდები და ამის მიზეზიც მაქვს. მაგალითად, შედით ნებისმიერ თბილისურ ე.წ. ჩინურ რესტორანში  და მოთხოვეთ ქათმის, საქონლისა და ღორის ხორცის კერძი დაახლოებით ერთნაირ სოუსში. სამივეს ზუსტად ერთნაირს მოგართმევენ, განსხვავება მხოლოდ ხორცშია. მრავალწლიანი გამოცდილებიდან როგორც დავასკვენი, ჩვენი აზიური რესტორნების მენიუ რეალურად სულ 3-4 ტიპისკერძისაგან შედგება, ოღონდ რამდენიმე ათეული დასახელებით. მათი „აფიორა“ კი მხოლოდ იმიტომ არ მჟღავნდება, რომ როგორც კი უცხო სამზარეულოში შენთვის სასურველ გემოს შეარჩევ, ამ რესტორნების კერძები კი მართლაც გემრიელია, სხვას აღარ უკვეთავ, უბრალოდ აღარ რისკავ. თუმცა, ჩინეთში ნამყოფები იმასაც ამბობენ, რომ იქაური სამზარეულოს უმთავრესი კერძი - იხვი პეკინურად, თბილისში ერთ-ერთი საუკეთესოა.
მოკლედ, სახელგანთქმული ბრიტანელი შეფი გორდონ რამზი რომ მიყვარს და ვენდობი, უკვე იცით. მის აღმოსავლურ კერძებს კი იმიტომ ვენდობი რომ ლამის მთელი აზია, სოფელ-სოფელ ფეხით მოიარა და მათი მომზადება იქაურებისგან ისწავლა.
მაშ ასე:

მურღ მაჰანი - ქათამი კარაქში
800 გრ კან და ძვალგაცლილი ქათმის ბარკლები 3-4 სმ-იან ნაჭრებად დაჭრილი, 2 ნივრის კბილი ძალიან წვრილად დაჭრილი, 2 სმ-იანი ჯანჯაფილის (კოჭა) ფესვი წვრილად გახეხილი, ½ ჩ/კ ზღვის მარილი, ½ ჩ/კ დაფქული ცხარე წიწაკა, 1 ½ ს/კ ლიმონის წვენი, 75 გრ ნატურალური მაწონი, ½ ჩ/კ გარამ მასალა (ინდური სანელებელი), 1 ჩ/კ დაფქული ძირა, 1-2 ს/კ მცენარეული ზეთი
სოუსისთვი: 1 ½ ს/კ ერბო ან გამდნარი კარაქი, 2 კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი, 2 სმ-იანი ჯანჯაფილის (კოჭა) ფესვი წვრილად გახეხილი, 1 ილის პარკი დაჩეჩქვილი, 2 მიხაკი, 1 ს/კ ხმელი ქინძი, 1 ჩ/კ გარამ მასალა, 1 ჩ/კ დაფქული კურკუმა, 1 ჩ/კ დაფქული ცხარე წიწაკა, 275 მლ ტომატ-პასტა ან პამიდვრის პიურე, 1 ს/კ ლიმონის წვენი, 40 გრ კარაქი, 100 მლ ცხიმიანი ნაღები, 1 ჩ/კ წვრილად დაჭრილი ქინძის ფოთლები ზევიდან მოსაყრელად
ქათამი მოვათავსოთ ჯამში ნიორთან, ჯანჯაფილთან, მარილთან, წიწაკასთან და ლიმონის წვენთან ერთად. კარგად გადავურიოთ, გადავაფაროთ ცელოფანი და შევდოთ მაცივარში 30 წუთით. ერთმანეთში ავურიოთ მაწონი, გარამ მასალა, კურკუმა და ძირა და დავუმატოთ ქათამს და კარგად ამოვგანგლოთ. ისევ დავაფაროთ და შევდგათ მაცივარში 3-4 საათით.
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. ქათმის ნაჭრები საცხობი ფირფიტის თავზე შემოდგმულ გრილის ცხაურზე დავალაგოთ და ვბრაწოთ 8-10 წუთი. ქათმის ნაჭრებს ცოტაოდენი ზეთი გადავუსვათ და გადავატრიალოთ. ვბრაწოთ 10-12 წუთი.
სოუსისთვის გავაცხელოთ ერბო ან კარაქი ტაფაზე და დავუმატოთ ნიორი და ჯანჯაფილი. დაახლოებით 1 წუთი ვბრაწოთ და მერე დავუმატოთ ილი, მიხაკი, გარამ მასალა, კურკუმა და დაფქული პილპილი. და 1-2 წუთი ვურიოთ სანამ ძლიერი არომატი არ აუვათ. ჩავურიოთ პამიდვრი პიურე და ლიმონის წვენი და ორიოდე წუთი კიდევ ვთუშოთ. ჩავალაგოთ ქათმის ნაჭრები და კარგად გადავურიოთ. სულ ბოლოს, დავუმატოთ კარაქი და ნაღები და ვურიოთ სანამ კარაქი არ გადნება. გავსინჯოთ და საჭიროების შემთხვევაში მარილი და წიწაკა დავუმატოთ. გადავიტანოთ წინაწარ შემთბარ ჯამზე და მოვაყაროთ ქინძი.
მერე კი გემრიელად მივირთვათ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


0 კომენტარი.:

Post a Comment