მჟაუნას სუპი ანუ მწვანე ბორში

Approved by Natia Jinjolava


როგორც იქნა მოვიდა მწვანილეულობის დრო, ჯერ, რა თქმა უნდა მხოლოდ სათბურის მოიპოვება, მაგრამ მაინც, გაზაფხულის სურნელს მონატრებულებს, ესეთიც სიამოვნებას გვანიჭებს. მოკლედ, ვამზადებთ მჟაუნას მსუბუქ წვნიანს, ანუ მწვანე ბორშს.
მთლიანი რეცეპტი გათვლილია სადღაც 2 -2,5 ლიტრიან ქვაბზე. სასურველია, 1 დღეზე მეტი არ შეინახოთ, სიმჟავისგან მწვანე ბორშში კარტოფილი „ქვავდება“.
წყალი - დაახლოებით  2ლ;
კარტოფილი 3-4 მსხვილი ან 5-6 საშუალო ზომის;
1 მსხვილი ან 2 საშუალო ზომის სტაფილო და ხახვი, შეიძლება პრასიც;
მჟაუნა  - 3-4 „თბილისური“ კონა;
ზეთი, ან კარაქი ან ნებისმიერი ცხიმი, თქვენი არჩევანით.
მწვანილი - მწვანე ხახვი და ნიორი, ოხრახუში ან კამა (რასაც მოიძიებთ საკუთარ მაცივარში);
ჭინჭარი - (სურვილისამებრ) -  მჟაუნას ნახევარი მოცულობა;
მარილი - გემოვნებით.
არაჟანი და ოთხად გაჭრილი მოხარშული კვერცხი, უკვე თეფშზე ჩასამასტებლად.

დაადგით ასადუღებლად წყლიანი ქვაბი, ამასობაში დააბლენდერეთ ან წვრილად დაჭერით ხახვი და სტაფილო და მოხრაკეთ ცხიმში. ადუღებულ წყალში ჩაუშვით კარტოფილი, ნახევრად, რომ მოიხარშება დაამატეთ მოხრაკული ბოსტნეული. კარტოფილი კარგად რომ მოიხარშება დაამატეთ დაჭრილი მჟაუნა (თუ ჭინჭარსაც უმატებთ, მაშინ ის 2-3 წუთით ადრე ჩაყარეთ, და გაითვალისწინეთ, რომ ჭინჭრისგან ნახარში ყავისფრდება). ძალიან ნუ დააქუცმაცებთ.  დაამარილეთ. როგორც კი ფერს შეიცვლის მწვანილი, დაუმატეთ მწვანე ხახვი, ნიორი, დაჭრილი მწვანილი. კერძი მზადაა.
უკვე თეფშზე დასხმული გააკეთილშობილეთ არაჟნით და მოხარშული კვერცხის ნაჭრებით. შეგიძიათ კვერცხი წვრილად დაჭრათ და მოაყაროთ, ყველაფერი თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული.
რადგან მჟაუნა გავიხსენეთ, ბარემ კიდევ ერთი უბრალო სალათას შემოგთავაზებთ.  თავის დროზე მეგობრის დედამთილმა გამასინჯა, ინგრედიენტები - მჟაუნა, ნებისმიერი მწვანილი, რაც, მთავარია ქინძი, ამაშია მთელი ხიბლი. ყველაფერი წვრილად დაჭრილი, მარილი და მაიონეზი, ეს უკანასკნელი - გემოვნებით. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ უზომოდ მომეწონა. თქვენც გასინჯეთ, მოგეწონებათ.


საუკეთესო სურვილებით იუფიმია ენდრიუსი

ჩამარინადბული კვერცხები

Approved by Natia Jinjolava


½ ლ თეთრი ღვინის ძარი, 1 ჩ/კ მარილი, 1 ჩ/კ მდოგვის მარცვლები, 1 ჩ/კ პილპილის მარცვლები, 3 ცალი მიხაკი, 1 ჩხირი დარიჩინი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, 15 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი


ძმარი ½ ლ წყალთან ერთად წამოვადუღოთ, დავუმატოთ მარილი, მდოგვის მარცვლები, პილპილი, მიხაკი, დარიჩინის ჩხირი, დაფნის ფოთლები და ძალიან დაბალ ცეცხლზე თავდახურულ ქვაბში 10 წუთი ვადუღოთ. მაგრად მოხარშული კვერცხები ჩავალაგოთ შუშის ქილაში ან ფაიფურის ქვაბში, ჯერ კიდევ ცხელი მარინადი დავასხათ და გავაგრილოთ. მარინადi რომ გაცივდება ქილას ან ქვაბს თავსახური მჭიდროდ დავახუროთ, მაცივარში შევდგათ და 2-3 დღით დავივიწყოთ. კვერცხები მარინადის არომატს შეიწოვს და ძალიან გემრიელი გახდება. შეგიძლიათ დაჭრათ და პურთან ერთად მიირთვათ ან სალათებში გამოიყენოთ. ასეთი კვერცხისგან გამორჩეულად გემრიელი დატენილი კვერცხი გამოდის.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი 

ჩაიში მოხარშული ფერადი კვერცხები ფორთოხლის ჩათნისთან ერთად

Approved by Natia Jinjolava


2 ცალი ვაშლი, 2 ცალი ფორთოხალი, 125 გრ ქიშმიში, 60 გრ შაქარი, ½ ჩ/კ მარილი, 1 ჩ/კ დაფქული ჯანჯაფილი, ¼ ჩ/კ გახეხილი ჯავზის კაკალი, ½ ჭ წითელი ღვინის ძმარი, 250 გრ წითელი მოცვის კონფიტიური, 2 ს/კ ფორთოხლის კონფიტიური; 8 კვერცხი, 2 ს/კ მარილი, 3 ს/კ მაგარი შავი ჩაი, 1 ჩ/კ მარილი და სხვადასხვა სანელებლები (ვარსკვლავა ანისულა, კამის თესლი, დარიჩინი, მიხაკი და პილპილი)
ვაშლი და ფორთოხალი გავთალოთ და კუბიკებად დავჭრათ და ქიშმიშთან, შაქართან, სანელებლებთან და მარილთან ერთად ძმარში მოვთუშოთ დაახლოებით ნახევარი საათი ძალიან დაბალ ცეცხლზე, სანამ მთელი მასა ფაფად არ იქცევა. დავუმატოთ კონფიტიურები და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. გამზადებული სოუსი „ჩატნი“ ჩავასხათ მინის ქილებში და თავსაზური მჭიდროდ დავახუროთ.
ქვაბში ჩავასხათ 1 ლიტრი ცივი წყალი, ჩავაყაროთ მარილი და კვერცხები ჩავალაგოთ. წამოვადუღოთ და მერე დაბალ ცეცხლზე 10 წუთი ვხარშოთ. მოხარშული კვერცხები მაგიდის ზედაპირზე დავაგოროთ, ხელით ცოტათი დავაწვეთ და მსუბუქად დავსრისოთ, ისე რომ კვერცხის ნაჭუჭი დაიბზაროს, მაგრამ არ გაიფცქვნას. კიდევ ერთხელ ავადუღოთ 1 ლ წყალი, ჩავყაროთ მარილი, ჩაი და სანელებლები, ჩავალაგოთ კვერცხები და ვხარშოთ სანამ კვერცხის ნაჭუჭი მუქი ყავისფერი არ გახდება. ცეცხლი გამოვრთოთ და კვერცხები ჩაის მარინადში კიდევ ნახევარი საათი გავაჩეროთ, მერე გავფცქვნათ და მივირთვათ ფორთოხლის ჩატნისთან ერთდ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

მოხარშული კვერცხი ფრიტიურში ორნაირი სოუსით

Approved by Natia Jinjolava


9 კვერცხი, 2 ს/კ მაიონეზი, 150 გრ მაწონი, ½ ჩ/კ კარი, 1 მჟავე ვაშლი, 1 პატარ ზომის ბანანი, 2 ნაჭერი ანანასი, 8 ს/კ კეტჩუპი, 1 ფესვი ჯანჯაფილი (ან ¼ ჩ/კ დაფქული ხმელი ჯანჯაფილი), ¼ ჩ/კ კაიენის წიწაკა (იგივე ჩვენებური ცხარე წიწაკა), 1 მწიკვი დაფქული ხმელი ქინძი, 2 ს/კ ფქვილი, 100 გრ ქოქოსის ფანტელი, 1 ლ ზეთი ფრიტიურისთვის
8 კვერცხი მოვხარშოთ, გამდინარე ცივი წყლის ქვეშ გავაგრილოთ და გავფცქვნათ. სოუსი კარისთვის - ერთმანეთში ავურიოთ მაიონეზი, მაწონი და კარის ფხვნილი. ვაშლი გავხეხოთ და ისიც სოუსში ჩავამატოთ. გავფცქვნათ ბანანი, დავჭრათ პატარა კუბიკებად და ისიც სოუსში ჩავამატოთ. შევასუნელოთ მარილით და შაქრით. ანანასის სოუსისთვის - გავთალოთ ანანასი და ორი დიდი ნაჭერი დავჭრათ წვრილად. დავასხათ კეტჩუპი, დავუმატოთ გახეხილი ჯანჯაფილი, ჩავაყაროთ წიწაკა და ხმელი ქინძი და კარგად გადავურიოთ. პატარა ქვაბში გავახუროთ ზეთი 175°C-მდე. უმი კვერცხი ავთქვიფოთ პატარა ფიალაში. მოხარშული კვერცხები ჯერ პატარა ლამბაქზე დაყრილ ფქვილში ამოვგანგლოთ, მერე ათქვეფილ კვერცხში ამოვავლოთ და ბოლოს ქოქოსის ფანტელში ამოვგანგლოთ. ფრთხილად ჩავუშვათ მდუღარე ზეთში და 2-3 წუთი ვხარშოთ, სანამ ქოქოსის ფანტელი არ გაოქროსფერდება.
ეს აზიური კერძია და განსაკუთრებულად უხდება მოხარშული ბრინჯი.
გემრიელად მიირთვით!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

Scotch Egg ანუ კვერცხი შოტლანდიურად

Approved by Natia Jinjolava


მაგრად მოხარშული კვერცხის საკმაოდ გემრიელი ვერსიის ავტორები შოტლანდიელები გახლავთ, რომლებმაც მოიფიქრეს და უბრალოდ მოხარშულ კვერცხს გარედან ჯერ სოსისის ფარში შემოაკრეს, მერე ათქვეფილ კვერცხში ამოავლეს, დაფქულ ორცხობილაში ამოგანგლეს და ზეთში კარგად დაბრაწეს. ასეთი კვერცხი განსაკუთრებული პოპულარულობით ლუდის პაბებსა და პიკნიკებზე სარგებლობს, მისი უკვე გამზადებული და ცელოფანში გახვეული ვარიანტები კი სუპერმარკეტებში იყიდება.
ბრიტანეთის თითქმის ყველა კუთხეში აქვთ შოტლანდიური კვერცხის საკუთარი ვერსია: მანჩესტერულ კვერცხს ღორის ხორცის ფარშში გახვეულს წვავენ, ლანკაშრულს სისხლიანი ძეხვის ფარშში გახვეულს, ვორჩესტერულს - ჯერ ვორჩესტერის სოუსის მარინადში დებენ და მხოლოდ მერე ბრაწავენ ადგილობრივი ძეხვის ფარშში გახვეულს. ერთი სიტყვით, მთავარი იდეაა და დანარჩენს ყველა თავისი გემოვნებით აკეთებს.

Scotch Egg - კვერცხი შოტლანდიურად
4 დიდი ზომის კვერცხი, 275 გრ ძეხვის ფარში (შეგიძლიათ ცელოფნიანი სოსისები „გამოშიგნოთ”), 1 ტოტი ქონდარას (thyme) ფოთლები, 1 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები, 1 ტოტი მწვანე ხახვი ძალიან წვრილად დაჭრილი, მარილი და ახალდაფწული პილპილი, 125 გრ მარილ და პილპილგარეული ფქვილი, 1 ათქვეფილი კვერცხი, 125 გრ დაფქული ორცხობილა, ზეთი კვერცხების დასაბრაწად
კვერცხები ცივწყლიან ქვაბში ჩავალაგოთ, შემოვდგათ ცეცხლზე,  როგორც კი წყალი ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ და ზუსტად 9 წუთი ვადუღოთ. კვერცხებს გამდინარე ცივი წყალი გადავასხათ და გავფცქვნათ. ძეხვის ფარშში (შეგიძლიათ ძეხვის ან სოსისის სახეობა საკუთარი გემოვნებით აირჩიოთ. არჩეული ძეხვი გაფცქვენით მაგარი კანისაგან და შიგთავსი ცომივით მოზილეთ, თუ საჭიროა დააბლენდერეთ კიდეც) გადავურიოთ ქონდარას ფოთლები, ოხრახუში, ხახვი და დავუმატოთ მარილი და პილპილი. პილპილს ნუ დაიშურებთ. 
ფარში ოთხ ნაწილად გავყოთ და თითოეული ნაწილი დაახლოებით 12,5 სმ-ის დიამეტრისა და 5 მმ-ის სისქის ოვალებად გავაბრტყელოთ ფქვილიანი ხელებით, ფქვილიან დაფაზე (ცომივით). მარილიანი და პილპილიანი ფქვილი თეფშზე დავყაროთ და კვერცხები ამოვგანგლოთ. მერე კვერცხი გაბრტყელებულ ფარშზე მოვათავსოთ და ფარში ირგვლივ კარგად შემოვაკრათ. ოთხივე კვერცხი გავამზადოთ. ფარშიანი კვერცხები ჯერ ათქვეფილ კვერცხში ამოვავლოთ და მერე დაფქულ ორცხობილაში კარგად ამოვგანგლოთ. სქელძირიან ტაფაზე გავაცხელოთ ბლომად ზეთი (ტაფაზე დაახლოებით 2 სმ-ის სიმაღლეზე რომ იდგეს). გახურებულ ზეთსი ფრთხილად ჩავალაგოთ კვერცხები და ყველა მხრიდან მუქ ოქროსფრამდე დავბრაწოთ (დაახლოებით 8-10 წუთი). გამზადებული კვერცხები რამდენიმე ფენად გაკეცილ ქაღალდის ხელსახოცზე ამოვალაგოთ (ზედმეტი ზეთი რომ დაიწრიტოს) და გაგრილებული მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

კვერცხი ბეკონით მდოგვის სოუსში

Approved by Natia Jinjolava


ინგრედიენტები: 750 გრ კარტოფილი, მარილი; 8 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ღერო პრასი, 2 ს/კ კარაქი, 1 ს/კ ფქვილი, 250 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 4 ს/კ ნაღები, 2 ს/კ მდოგვი, პილპილი, შაქარი, 8 ცალი ბეკონის ლენტი, 2 ს/კ ზეთი, 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები
კარტოფილი, გავთალოთ, გავრეცხოთ და 4 ნაწილად გავჭრათ. ჩავყაროთ მარილიან წყალში და ვხარშოთ 20 წუთის განმავლობაში. მაგრად მოხარშული კვერცხები გავფცქვნათ. პრასი გავრეცხოთ და დავჭრათ თხელ რგოლებად. ტაფაზე გავადნოთ 1 ს/კ კარაქი, დავუმატოთ პრასი და ვთუშოთ 5-7 წუთის განმავლობაში. მეორე ტაფაზე გავადნოთ 1 ს/კ კარაქი და ამ კარაქში მოვხალოთ ფქვილი. მორევა მორევით დავუმატოთ ბულიონი და ვხარშოთ დაახლოებით 5 წუთი. ჩავუმატოთ ნაღები, მდოგვი, ჩავაყაროთ მარილი, პილპილი, სულ ცოტა შაქარი და კარგად მოვურიოთ. ცალკე ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი. კვერცხებს ირგვლივ ბეკონი შემოვახვიოთ და ზეთში ყველა მხრიდან დავბრაწოთ.
დაბრაწული კვერცხები ღრმა ჭურჭელში ჩავალაგოთ, ზემოდან ნაღების სოუსი მოვასხათ და მოთუშული პრასი მოვაყაროთ. კარტოფილი გადავწუროთ, შევაგრილოთ და თავზე დაჭრილი ოხრახუში მოვაყაროთ. მივირთვათ მოხარშულ კვერცხთან და მდოგვის სოუსთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი