აჰა, დრაკონის წელიც დადგა!

Approved by Natia Jinjolava



ძალიან ვხალისობ ხოლმე ჩვენში ბოლო პერიოდში დამკვიდრებულ ტრადიციაზე - მორიგი ჩინური ახალი წლის „პატრონ“ ცხოველს ჩვენს - გინდა ახა, გინდა ძველით ახალ წელს რომ ვეგებებით და მაგიდას, ინტერიერს, ჩვენი ჩაცმულობაც კი მის „მოთხოვნებს“ ვარგებთ. წელასაც დრაკონს, ჯერ კიდევ კურდღლის მბრძანებლობის პერიოდში დავხვდით. არადა, ჩინური ახალი წელი დღეს დგება და ვისაც მათი ტრადიციების სჯერა - მთელი იანვარი კურდღლის ნერვებზე ვმოქმედებდით, იმიტომ რომ, რეალურად, დრაკონი მხოლოდ დღეს მობრძანდება. ამიტომ რა გედოთ სუფრაზე 1 ან 14 იანვარს ან რა გემოსათ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა - მთავარია დღეს რას იზამთ. კიდევ ერთხე ვიმეორებ - ეს იმათ ვისაც სჯერა ან ჩემსავით ნებისმიერ მიზეზს იყენებს საზეიმოდ და სინგაპრულ ახალ წელსაც აღნიშნავს, თორემ სრულიად გაუგებარია, ჩემს ქრისტიანულ ბედისწერასთან რა ხელი უნდა ქონდეს ჩინურ ღორს, გველს, კატას და ისეთ მითოლოგიურ ცხოველს, როგორიც დრაკონია.  
მოკლედ, დრაკონის წელი ანუ 2012 ძალიან ხმაურიანი, მჩქეფარე, ახლის აღმოჩენისა და წინ სვლის წელია. დრაკონს ყველაფერი ჭყეტელა, ხმაურიანი, ძლიერი, ცვალებადი და მოძრავი უყვარს. ასე რომ მისი შემოსვლა ძალიან აქტიურად უნდა აღნიშნოთ და სუფრაზეც დიდი მხიარულება უნდა იყოს.
დრაკონის ელემენტი ხეა, მიმართულება სამხრეთ-აღმოსავლეთი, ძვირფასი ქვა - ამეთვისტო, წელიწადის დრო გაზაფხული, დრო - დღის 1-დან 9-საათამდე, 2012 წლიე სტიქია კი წყალი, ამიტომ (არ მკითხოთ საიდან დავასკვენი, ამ საქმის სპეციალისტი ჩინელები ამბობენ ასე), სუფრაზე უნდა იყოს ქათამი და ხორბალი.
დაიბენით, არა? მერე ვინ გითხრათ, რომ ჩინური ახალი წლის აღნიშვნა და აღმოსავლური კალენდარის ყველა ტრადიციის დაცვა ადვილია. მაგრამ არა უშავს, ამ საქმეში გამოცდილი ხალხის რჩევებს მზა-მზარეულად თუ დაემორჩილებით და ჩემსავით ათას ინტრიგნულ კითხავს არ დასვამთ: რატომ ასე და რატომ ისე არა, ყველაფერი ძალიან მარტივად გამოგივათ. თანაც მომზადების პროცესში კარგად გაერთობით. ასიამოვნეთ დრაკონს და აუცილებლად მოიძიეთ სადმე ამეთვისტო, ქვა რომელსაც, ასევე სპეციალისტების აზრით, სიმშვიდე, კეთილდღეობა, იღბალი და ბარაქა მოაქვს. ხესაც ნუ დაივიწყებთ და მაგიდა ხის ჭურჭლით ან სულაც ტოტების კომპოზიციით გააფორმეთ. რაც შეეხება: პურს, მჭადს, ლავაშს და ხაჭაპურებს (ანუ ხორბლეულს), ეს დავალების ყველაზე მარტივი და იოლად მოსაგვარებელი ნაწილია. ქათმისგან კი სამასანაირი კერძის დამზადება სულ არაა საჭირო - ერთიც საკმარისი იქნება. მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ფრინველის და პურის გარეშე მთელი შრომა და მონდომება წყალში ჩაგეყრებათ!
ახლა რა არ შეიძლება კატერგორიულად: 1. კურდღლის ხორცის ჭამა, მოგეხსენებათ კურდღლის წელი ჯერ კიდევ ძალაშია და 2. ტელევიზორის ყურება მოწყენილი სახით! დრაკონს მხიარული, ხმაურიანი და ენერგიული ადამიანები უყვარს. ამიტომ საყვარელ სავარძელში ჩასვენება და ჩაფიქრებული სახით ცხოვრების ამაოებაზე ფიქრი სხვა დროისთვის გადადეთ. ჩინური ჰოროსკოპის მამები იმასაც გვირჩევენ, რომ დრაკონის წელს ოთახის შუაგულში დიდ მაგიდის გაშლას, ალაფურშეტის მოწყობა ჯობია, ასე საცეკვავო ადგილი დაგრჩებათ მეტი - დრაკონის წელს ცეკვის გარეშე არაფერი გამოვა. საკუთარი სახლი იმდენის საშუალებას თუ იძლევა, რომ ტრადიციული სუფრაც გაშალოთ და საცეკვაო მოედანიც დარჩეს, მაგას რა ჯობია - ერთი მეორეს ხელს არ უშლის.
დრაკონის წელს დაბადებულთა შორის არიან: ჟან-ჟაკ რუსო, ფრიდრიხ ენგელსი, ბერნარდ შოუ, ჟანა დ’არკი, ჩარლზ დარვინი, ჯონ ლენონი, ალ პაჩინო, პელე და... ვლადიმერ პუტინი (მაგან არ გაიხარა). როგორც თავად დარწმუნდით, ამ წელს განსაკუთრებული ხალხი იბადება, ამიტომ დრაკონის წლის დახვედრა, როგორც უკვე გითხარით, აქტიური, მხიარული, მჩეფარე მოვლენ აუნდა იყოს. დრაკონის წლის აღსანიშნავი კერძებიც, ასევე, აქტიური უნდა იყოს. აქტიური კერძი კი მაგიდაზე წინ და უკან მორბენალ შემწვარ გოჭს ან ლანგარზე მომღერალ ნიგვზიან ბადრიჯანს კი არ ნიშნავს, ასეთი საჭმელი კუჭში რომ მოხდება მერე უნდა გაატიურდეს: კარგად დაგვანაყროს, ენერგიით აგვავსოს, სიმხნევე შეგვმატოს და ამასთან ერთად გარეგნულადაც ლამაზად და გემრიელად უნდა გამოიყურებოდეს.
დრაკონს საჭმლის მიმართ განსაკუთრებული პრეტენზიები არ აქვს, მაგრამ ყველაფერი ახალმომზადებული უნდა იყოს ანუ ქურიდან პოირდაპირ მაგიდაზე მოხვედრილი - რამე ძალიან  მარტივი, ძალიან იოლი, მაგრამ ცინცხალი ინგრედიენტებისაგან გაკეთებული. მთლად გადასარევი იქნება, მზადების პროცესში თავად დრაკონს თუ ჩართავთ და წვეულების მთავარ კერძს მაგიდაზევე სტუმრების თანდასწრებით დაამზადებთ. ამისთვის ჩინური ეროვნული ქვაბი „ჰოგო“ ( [huǒguō]) დაგჭირდებათ. „ჰოგო“ ჩინურად ცეცხლოვან ქვაბს ნიშნავს და ჩახანაც თავის დასახელებას ბოლომდე ამართლებს, მას ხომ ცეცხლი ქვევიდან უფითილდება და შიგნით ჩასხმული კერძი მაგიდაზე თუხთუხებს (დაახლოებით ევროპული „ფონდიუს“ ქვაბისმაგვარია). უფრო ხშირად ჰოგოში მდუღარე ბულიონს ასხამენ, მაგიდასთან კი თხლად დაჭრილი ბოსტნეულის, თევზისა და ხორცის ნაჭრები მიაქვთ და სტუმარიც თავად ხარშავს მისთვის სასურველს ნაჭერს. რაც მთავარია, ყველა ნაჭერი თითო ლუკმა უნდა იყოს, სტუმრები თავისუფალი ჰოგოს რიგში დგომით ან ქაფქაფა ბულიონში ჩაყოფილი ჩხირზე წამოცმული ხორცის მოხარშვის ლოდინით რომ არ დაიტანჯონ.
სადრაკონო კერძების მომზადება რთული არაა, უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა: დრაკონს ხმაურიანი გართობა, ღრეობა უყვარს და ამიტომ მეტი დროს ცეკვას და სტუმრებისთვის ტონუსის ასამაღლებელი სასმელების მომზადებას უნდა დაუთმოთ. ამიტომ კარგი, რიტმული მუსიკის შერჩევა და პეტარდებისა და შუშხუნების მომარაგებაც არ დაგავიწყდეთ. თავადაც ისიამოვნეთ და სტუმრებიც გაართეთ. რაც შეეხება ზოგადად წელს - იმათ გაუმართლებთ ვისაც უსაქმურად ჯდომა არ შეუძლია და ვინც სულ საქმესა და ახლის ძიებაშია, ანუ ბეჯით და ენერგიულ ადამიანებს - დრკონი ტყუილად არავის და არაფერს ჩუქნის. მე კი, ჩემდათავად, გისურვებთ, რომ 2012 წელს პირიდან ცეცხლი ჩვენს ნაცვლად მხოლოდ დრაკონს გაეყაროს!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ნადირობის მოყვარულთათვის: კურდღლის ზურგი მონადირულად

Approved by Natia Jinjolava



კურდღლის 2 ზურგი (თითო დაახლოებით 600 გრ), 2 ლიმონის წვენი, ¼ ლ მშრალი წითელი ღვინო, 2 სირჩა კონიაკი, 3 კბილი ნიორი, დანის წვერზე დაფქული პილპილი, 150 გრ ბეკონის ლენტები (სასურველია ესპანური ბეკონი „ჰამონი“), 4 საშუალო თავი ხახვი, 1 სტაფილო, 200 გრ მომჟავო ყურძნის მარცვალი, 1 დაფნის ფოთოლი, 2 ცალი მიხაკი, ½ ჩ/კ ხმელი ქონდარა, 1/8 ლ არაჟანი, 1 მწიკვი შაქარი და მარილი გემოვნებით

კურდღლის ზურგები გავასუფთავოთ, მოვასხათ ლიმონის წვენი, გადავაფაროთ ცელოფანი და გავაჩეროთ 2 საათი. ღვინო და კონიაკი ერთმანეთში ავურიოთ. ნიორი დავჭყლიტოთ. კურდღლის ზურგებს ნიორი და პილპილი შევაზილოთ, მოვასხათ კონიაკიანი ღვინო, ისევ გადავაფაროთ ცელოფანი და 4-5 საათი გავაჩეროთ. ღუმელი 220°C-მდე გავახუროთ. ზურგები მარინადიდან ამოვიღოთ, ქაღალდის ხელსახოცით შევაშროთ და ბეკონის ლენტებით მთლიანად დავფაროთ. მარინადი შევინახოთ. კურდღელი 35-40 წუთით ღუმელში შევდგათ და პერიოდულად ტაფაზე დაგროვებული ცხიმი მოვაწუწოთ ხოლმე. ხახვი დავჭრათ წვრილად, სტაფილო გავხეხოთ ან დავჭრათ წვრილ კუბიკებად, ყურძნის მარცვლები გავჭრათ შუაზე და ამოვაცალოთ კურკები. შემწვარი ზურგები ღუმელიდან გამოვიღოთ და თეფშზე გადავდოთ. ტაფაზე დარჩენილ წვენს ზედმეტი ცხიმი მოვხადოთ და მრინადით გავაზავოთ. მოხდილ ცხიმში ხახვი და სტაფილო მოვთუშოთ, მერე დავუმატოთ მარილი, პილპილი, მიხაკი, ქონდარა, მარინადი, შაქარი, დაფნის ფოთოლი და კარგად მოვხარშოთ. მერე დავუმატოთ არაჟანი და მოვასხათ კურდღელს. სულ ბოლოს ცხელ  სოუსში ყურძნის მარცვლები გადავურიოთ და დაბრაწულ კუდღელთან ერთად გემრიელად მივირთვათ. 

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ნადირობის მოყვარულთათვის: კურდღელი წიწაკით

Approved by Natia Jinjolava



1,5 კგ კურდღლის ხორცი 1 ჩ/კ მარილი, 1 მწიკვი დაფქული პილპილი, 1 ჩ/კ დაფქული მწარე წითელი წიწაკა, 2 თავი ხახვი, 3 ს/კ ზეთი, 6 მარცვალი თეთრი პილპილი,  ½ ჭ ძვლების ნახარში ბულიონი, ½ ჭ მშრალი წითელი ღვინო, 1 ს/კ ფქვილი

ძვლებს ხორცი ავაჭრათ, დავჩეხოთ  და 2 საათი დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ. ხორცი 4 სმ-იან ნაჭრებად დავჭრათ. ხახვდი გავფცქვნათ და დავჭრათ წვრილად. ტაფაზე ზეთი გავაცხელოთ და დავბრაწოთ ხორცი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, წიწაკა, შავი პილპილი, თეთრი პილპილის მარცვლები, ½ ჭ ძვლების ნახარში ბულიონი. ხორცი დაახლოებით 40 წუთი ვთუშოთ, ბულიონის ამოშრობის პარალელურად, თანდათანობით ვუმატოთ ღვინო. სანამ გამზადდება რამდენიმე წუთით ადრე სოუსის შესასქელებლად წვენში წყალში გახსნილი ფქვილი ჩავუმატოთ, მარილიც მოვაყაროთ და გემრიელად მივირთვათ.
კურდღელს განსაკუთრებით უხდება დაგრილული ( ანუ ღია ცეცხლზე დაბრაწული) პამიდვრები და კარტოფილის პიურე.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ნადირობის მოყვარულთათვის: ირმის ხორცის რულეტი

Approved by Natia Jinjolava



4 ნაჭერი ირმის ფილე (თოთო 150 გრ), 1 თავი ხახვი, 4 ს/კ ზეთი, 2 ს/კ წითელი ღვინის ძმარი, ½ მწვანე ბულგარული წიწაკა, 1 ცალი მჟავე კიტრი, 1 ჩ/კ მარილი, ½ ჩ/კ დაფქული წითელი წიწაკა, 1 ჩ/კ მწვანე პილპილის მარცვლები, 70 გრ თხლად დაჭრილი ბეკონის ლენტები, ¼ ლ ხორცის ბულიონი, 1 ს/კ ზეთი, 100 მლ ნაღები ან არაჟანი, 1 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები
ხახვი გავხეხოთ ან დავაბლენდეროთ და შევურიოთ ზეთს და ძმარს, მოვასხათ ირმის ხორცს და მაცივარში შევდოთ 24 საათით. კიტრი დ ბულგარული წიწაკა დავჭრათ წვრილ ჩხირებად. ირმის ხორცი გამოვიღოთ მაცივრიდან, დაფაზე დავდოთ და ცალი მხრიდან მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და მწვანე პილპილის მარცვლები. ზევიდან დავალაგოთ ჩხირად დაჭრილი კიტრი და ბულგარული წიწაკა. ცოტაოდენი ბეკონი დავჭრათ კუბიკებად და ისიც მოვაყაროთ. ფილეს ნაჭრები დავახვიოთ რულეტივით და გარედან დარჩენილ ბეკონის ლენტები შემოვახვიოთ რომ არ გაიშალოს. გარანტიისთვის, შეგიძიათ ხის ჩხირებიც ჩაარჭოთ. ავადუღოთ ბულიონი. რულეტი ყველა მხრიდან დავბრაწოთ ზეთში, მერე ბულიონი მოვასხათ და თავდასხურუილ ტაფაზე ვთუშოთ დაახლოებით 40 წუთი. ბოლოს სოუსში არაჟანი და ოხრახუშიც გადავურიოთ და გემრილად მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ნადირობის მოყვარულთათვის: გარეული ტახის ზურგი ალუბლის სოუსით

Approved by Natia Jinjolava



1,5 კგ-იანი ახალგაზრდა გარეული ტახის ზურგი, ½ ჩ/კ ხმელი ქონდარა, ½ ჩ/კ ხმელი სალბის ფოთოლი (იყიდება აფთიაქში), 1 ჩ/კ პილპილის მარცვლები, 1 სტაფილო, 1/8 ბოლქვი ნიახური, 3 თავი ხახვი, 50 გრ ბეკონი, ½ ლ წითელი ღვინო, მარილი გემოვნებით, 4 ს/კ კარაქი, 5 ს/კ დაფქული ორცხობილა, 1 ჩ/კ შაქარი, 3 კვერცხის გული, 1 ჭ კამპოტის ალუბალი, 1 ჭ (200 მლ) ალუბლის წვენი

ხორცი გავრეცხოთ და შევაშროთ. ხმელი სანელებლები და პილპილი დავნაყოთ და მათი ნარევი შევაზილოთ ტახის ზურგს და 2 საათი გავაჩეროთ. სტაფილო დავჭრათ რგოლებად, ნიახურის ბოლქვი კუბიკებად. ხახვი გავფცქვნათ და 2 თავი ხახვი დავჭრათ რგოლებად, 1 კი წვრილ კუბიკებად. ასევე დავჭრათ ბეკონიც. ღვინოსა და ალუბლის წვენში 2 ჭ წყალი გავურიოთ და ჩავყაროთ სტაფილო, ნიახური, ალუბლები, ხახვის რგოლები და წამოვადუღოთ. ცხელი ღვინო ხორცს დავასხათ და 2 საათი გავაჩეროთ. ღუმელი 200°C-მდე გავახუროთ. ხორცი მარინადიდან ამოვიღოთ, შევამშრალოთ და მარილი მოვაყაროთ. მაღალბორტიან ტაფაზე დავყაროთ ბეკონი და ცხმი რომ გამოდნება, დავუმატოთ ხახვის კუბიკები და ხორციც დავბრაწოთ. შემდეგ დავასხათ მარინადი, ტაფას თავსახური დავახუროთ და ღუმელში შევდგათ 1 საათით. ცალეკ ტაფაზე გავადნოთ კარაქი, გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ კვერცხის გულები, შაქარი და ორცხობილა. მიღებული მასა უკვე შემწვარ ხორცს ზემოდან თხელ ფენად წავუსვათ და ღუმელში შევაბრუნოთ (თავახდილი ტაფით), სანამ თავზე ოქროსფერს ქერქს არ გაიკეთებს. გამზადებული ხორცი თბილ ადგილას დავდგათ და ცოტა ხანი „დავასვენოთ“. ხორცის შენაწვავი სოუსი გადავწუროთ, დავუმატოთ დარჩენილი სანელებლები და შესქელებამდე ვადუღოთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი 

სამეფო პაშტეტი (Pâté Royal)

Approved by Natia Jinjolava


ზამთრის სანადირო სეზონი განსაკუთრებულად მდიდარია გარეული ცხოველის თუ ფრინველის ხორცით, რომლისგანაც, მოგეხსენებათ, გამორჩეულად დახვეწილი და საზეიმო კერძების მომზადება შეიძება. გარეული ტახის (ღორის) ხორცისგან კი გასაოცრად ნაზი და არომატული პაშტეტი გამოდის. პაშტეტის დამზადებისას, სასურველია რამდენიმე მარტივი, მაგრამ აუცილებელი წესი დავიმახსოვროთ:
1. მარინადში ჩადების შედეგად ნანადირევი არაჩვეულებრივ არომატს იძენს. ხორცს მარინადი მთლიანად უნდა ფარავდეს და აუცილებლად ჰერმეტულად დახურულ ჭირჭელში ან პროდუქტების გასაყინ ცელოფანში უნდა მოვათავსოთ, რომლიდანაც ჰაერი მთლიანად უნდა გამოვტუმბოთ.
2. ფარში მაქსიმალურად ერთგვაროვანი რომ გამოვიდეს, მისი ყველა ინგრედიენტი რაც შეიძლება ცივი უნდა იყოს. პროფესიონალი მზარეულები, ფარშში ცოტაოდენ ყინულასაც კი უერევენ. მსგრსმ, როგორც წესი, ხორცის ცოტა ხნით საყინულეში შედებაც კმარა და მერე, რომ არ გათბეს, მაცივრიდან პორცია-პორციად გამოიღეთ და ხორცსაკეპ მანქანაში ისე გაატარეთ და ისევ მაცივარში შედეთ. ფარშის ასარევი ჯამიც ცივი უნდა იყოს და ამიტომ ისიც მაცივარში ჩააცივეთ და რასაკვირველია, ფარშში დასამატებელი ნაღებიც უნდა გააცივოთ. სანელებლები კი სულ ბოლოს დაუმატეთ.
3. უკვე გამაგრებულ და ჩაცივებულ პაშტეტს, ფორმიდან აყირავებენ და ჭრიან. რისთვისაც ძალიან ბასრი დანა დაგჭირდებათ, თორემ პაშტეტი დაგეჭყლიტებათ, დაიფშვნება და ფორმას დაკარგავს.
4. პაშტეტს განსაკუთრებით უხდება ხილის სოუსები და ჟოლოს ან მარწყვის ძმრით (იყიდება სუპერმარკეტებში) შეკმაზული სალათები.

გარეული ტახის პაშტეტი და მწვანე წიწაკით
8-10 პორცია
100 მლ „მადერა“, 100 მლ პორტვეინი, 200 მლ წითელი ღვინო, 2 ს/კ მცენარეული ზეთი, 2 ს/კ ხმელი მაიორანი, 20 მარცვალი პილპილი, 3 ცალი მიხაკი, 10 მარცვალი ღვია, 1 დაფნის ფოთოლი, ½ ნივრის კბილი, 10 მარცვალი სურნელოვანი პილპილი, 650 გრ გარეული ტახის ბეჭი, 150 გრ ცხიმიანი ღორის ხორცი, 100 გრ ხბოს ხორცი, 80 გრ ხბოს ღვიძლი, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 3 ყინულის კუბიკი, 200 მლ ნაღები, მარილი, პილპილი, სურნელოვანი პილპილი, ილი, 1 მწვანე წიწაკა, 250 გრ გარეული ტახის ფილე, 150 გრ ტყის სოკო, 80 გრ ნიგოზი, 10 ნაჭერი ძალიან თხლად დაჭრილი გამოყვანილი ღორის ქონი (სალა)
მადერა, პორტვეინი, ღვინო და ზეთი ერთმანეთში ავურიოთ და დავუმატოთ მაიორანი, პილპილი, მიხაკი, ღვია, დაფნის ფოთოლი, წვრილად დაჭრილი ნიორი და სურნელოვანი პილპილი. ტახის ბეჭი, ღორის ხორცი და ხბოს ხორცი დავჭრათ კუბიკებად, ჩავალაგოთ ღვინოების მარინადში და მაცივარში შევდგათ მინიმუმ 6 საათით. ჩამარინადებული ხორცი თუშფალანგზე გადავწუროთ და ამ ხორცისაგან, ხბოს ღვიძლისა და ყინულის კუბიკებისგან გავაკეთოთ ფარში. ფარშში გადავურიოთ ჩაცივებული ნაღები, დაჭრილი მწვანე წიწაკა, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ილი. თავზე გადავაფაროთ ცელოფანი და შევდგათ მაცივარში.
ტახის ფილე დავჭრათ 1 სმ-იან კუბიკებად და მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დავბრაწოთ ზეთში, გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცზე და გავაცივოთ. ტაფაზე დარჩენილ ხორცის შენაწვავ ცხიმს ხორცის ნადები მარინადი დავუმატოთ და შესქელებამდე ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. 1 ს/კ ზეთში მოვთუშოთ სოკო და მერე ისიც გავაგრილოთ. ნიგოზი დავჭრათ წვრილად და სოკოსთან, დაბრაწულ კუბიკებთან და შესქელებულ მარინადთან ერთად დავუმატოთ ფარშს და კარგად ავრიოთ ყველაფერი ერთმანეთში. მართკუთხედ ფორმაში ამოვაფინოთ თხლად დაჭრილი ქონი. შიგნით ჩავტენოთ ფარში, თავი მოვუსწოროთ და ზემოდანაც ქონის ფენები გადავაფაროთ. ნებისმიერი ცეცხლგამძლე ფორმაში ჩავასხათ წყალი და შიგნით ჩავდგათ პაშტეტიანი ფორმა და 100 წუთი 140°C-მდე გახურებულ ღუმელში ვაცხოთ. გავაგრილოთ და ჩასაცივებლად შევდგათ მაცივარში მინიმუმ 6 საათით. რომ გამზადდება, ფორმიდან გადმოვაყირავოთ და დავჭრათ.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

"Я бы сьел без размышлений двадцать жареных оленей, или столькоже овец..."

Approved by Natia Jinjolava



ცხოვრება პარადოქსებითაა სავსე - ჩემს ერთ ახლობელს უმი პამიდორისთვის პირი არასდროს დაუკარებია, სამაგიეროდ პამიდორის საწებელს ტონობით სანსლავს. მე თვითონ ვერ ვჭამ თევზს, ხიზილალას, გოჭის ხორცს... ერთი სიტყვით, ნებისმიერ ხორცს რომელსაც ცუდი არა, უბრალოდ დამახასიათებელი გემო აქვს. ადამიანი ვერ ეკარებოდეს დაბრაწულ გოჭს და ღორის მწვადს სიამოვნებით მიირთმევდეს - მართლა უცნაურობაა. თუმცა, აქვე ვაღიარებ, რომ ყველაფერს პატიოსნად ვსინჯავ და პირისდაუკარებლად არაფერზე მითქვამს უარი. უბრალოდ, რაღაც-რაღაც პროდუქტების გემო, სტრუქტურა ან სუნი არ მომწონს. ძალიან მიყვარს შიგნეულისაგან მომზადებული კუპატი, მეგრული კუჭმაჭი, მაგრამ ღვიძლს მისი მძაფრი გემოს და სუნის გამო ვერ ვეკარები. ცხვარს და თხას იგივე მიზეზის გამო მეც არ ვჭამ, მაგრამ სერიზულად მიკვირს იმ ხალხის, ვინც ძროხის ხორცს სიამოვნებით მიირთმევს და თხას მხოლოდ იმიტომ იწუნებს, რომ თხაა. რა იყო, ძროახს რაიმე პირადი დანაშაული აქვს თქვენი ოჯახის წინაშე? ჩემი ერთი ნაცნობი კურდღელს არ ჭამს - იმიტომ რომ მღრღნელია და ვირთხის "ბიძაშვილს" ვერ ეკარება. ეს არგუმენტიც გასაგებია და რაღაც ლოგიკა აქვს. აღზრდიდან გამომდინარე, ძნელია გადალახო სტერეოტიპი და გემო გაუსინჯო ქვეწარმავალს, მწერს და მათდაგვარებს, მაგრამ ძროხის და ღირის მჭამელი რატომ ვერ უნდა ჭამდე შვლის ან დათვის ხორცს, გაუგებარია.  
ნებისმიერ საჭმელზე უარი გასაგებია, როცა არ მოგწონს, ტრადიციუალი არაა და მაგალითად გველის ან ტარაკნების შეჭამანდი გეზიზღება, ან რაიმე განსაკუთრებული მსოფლმხედველობა გაქვს და არაფერ ცოცხალს არ ჭამ... მაგრამ ძალათი ვეგეტარიანლების არ მესმის. ანუ ადამიანების, რომლებმაც პასპორტის აღებიდან კარგახსნის მერე მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ ქათამი სანამ ტაფაზე მოხვდება თურმე ცოცხალია! ჰოი, საშინელებავ, თურმე პირდაპირ ფილეს სახით არ იბადება. ერთი ძალიან ცუდი და უხეში შედარება უნდა მოვიყვანო. რამდენიმე წლის წინ მელ გიბსონის „ქრისტეს ვნებანი“ რომ გამოვიდა, თბილისში ატეხილმა აჟიოტაჟმა ძალიან გამაოცა და მერე მივხვდი - ჩვენი მორწმუნეების გარკვეულმა ნაწილმა მხოლოდ ამ ფილმის ნახვის მერე აღმოაჩინა რომ ქრისტე უბრალოდ კი არ აწამეს, მართლა აწამეს. მანამდე კი იცოდნენ, მაგრამ მაინცდამაინც არ დაფიქრებულან ამაზე - აწამეს რა... ანუ ფილმის ნახვამდე არ გაუაზრებიათ წამება რას ნიშნავდა და როგორი მტკივნეული უნდა ყოფილიყო. 
სწორედ ამიტომ მიშლიან ნერვებს, ტელევიზორში სასაკლაოზე ფილმის ნახვის მერე, ცხოვრების ამაოებაზე ფიქრი რომ მოეძალებათ და საკუთარი განსაკუთრებულობის და სხვებზე ნაზი სულიერი სამყაროს ქონის დასამტკიცებლად თავგანწირულად რომ ითმენენ, შემწვარი ხორცის სუნზე ნერწყვებს ყლაპავენ, მაგრამ ცოცხალი თავით გმირულად აღარ ყლაპავენ ლუკმასაც. თუმცა, პარალელურად ტყავის ფეხსაცმელიც აცვიათ, ტყავისვე ქამრებს და საფულეებსაც ატარებენ, ზამშის ქურთუკებიც მოსწონთ და გერმის (ბატის ბუმბულის) ბალიშზე თავმისვენებულებს ძილს სულ არ უფრთხობთ ცოცხლადაპუტული ბატების ყიყინი. ნუ, ქურქს არ ჩაიცმევენ, ქურქი რომ არ მოგწონს ეგეც ხომ მოდურობაზე და განსაკუთრებულ დახვეწილობაზე მეტყველებს. მაგრამ აბრეშუმს რა ვუყოთ? აბრეშუმის დასამზადებლად ხომ ჭუპრებს კლავენ - უზარმაზარ ღუმელში ცოცხლად ხრაკავენ და თან ამ დროს რა ტკბილი და სასიამოვნო სუნი დგება... მომკლალი და ისიც არა მგონია, მკლავზე დაფრენილ კოღოს დანაყრებას აცდიდნენ ან სამზარეულოში თოხარიკით ჩაქროლებულ ტარაკანს, გაცეცხლებულები ზედ არ ახტებოდნენ. ან შემოსავლის გარეშე დარჩენილ პენისონერ და ნახევრადმშიერ მეზობლებს ურიგენდნენ საკუთარი ხელფასის დიდ ნაწილს. მერე რა, რომ აფრიკაში ბავშვები იხოცებიან, მთავარია აბერდინ-ანგუსის ჯიშის ძროხები ან კოხინხინის ქათმები გადავარჩინოთ! მაგრამ, რისთვის თუ არ შევჭამთ? ამ ეკონომიური კრიზისის ფონზე სახელმწიფოებს მოსახლეობა ვერ შეუნახავს და ახლა უფუნქციოდ დარჩენილი შინაური ცხოველები ვარჩინოთ. ცნობისთვის, თუ არ ვცდები მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკაში მგლების პოპულაციამ რომ იკლო, ირმებს ჩლიქების დაავადება გაუჩნდათ და კინაღამ გადაშენდნენ, იმიტომ რომ ბუნებრივი მტერი აღარ ყავდათ (სუსტებს აღარავინ ჭამდა).
ბელგიის ერთ-ერთ ქალაქში, მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და კვირის ერთი დღე კანონით ვეგეტარიანულად გამოაცხადა - ამ დღეს მთელ ქალაქში ხორცს ვერსად შეჭამთ. ასე ტურისტების მოსაზიდად და გლობალური დათბობის შესაჩერებლად მოიქცნენ: თურმე ნუ იტყვით და ხორცის ჭამის მერე ადამიანი აკუებს, კულილი კი კლიმატს ცვლის!!! ღმერთო შენ მიშველე, რამდენმა მილიარდმა ადამიანმა უნდა უშვას გაზები, რომ მაგალითად ნისანის ავტოკონცერნზე მეტი გავლენა მოახდინოს ამინდზე!!! ან ლობიოს და კომბოსტოს რა ვუყოთ, ხორცისგან გამომუშავებული ცუილი ჰაერს ათბობს და ლობისო არა?! ეკოლოგიური პრობლემები სულ მექსიკელების (ლობიო უყვართ) და გერმანელების (ყველაფერს მჟავე კომბოსტოს ატანენ) ბრალი ყოფილა. აღარ ვლაპარაკობ, ხორცის მჭამელთა უფლებების უხეშ დარღვევაზე. და კიდევ მკითხავთ, რატომ მაქვს ვეგეტარიანელების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაბადებით ვეგეტარიანლები (მაგალითად ინდოეთის სამხრეთის მცხოვრებლები, რომლებმაც კლიმატისდა გამო, ხორცი რომ ჭამონ, მოიწამლებიან და დაიხოცებიან), იდეურად ვეგეტარიანლები, რომლებიც უბრალოდ ცოცხალს არ ჭამენ, ან ხორცი არ უყვართ და არ ჭამენ არ მაწუხებს და ნორმალურ ხალხად მიმაჩნია. მე ე.წ. „სათუთი სულიერი სამყაროს“ პატრონებს ვერ ვიტან, სიბერეში რომ აღმოაჩინეს, ღორის ნეკნები ცოცხალ ღორს რომ აბია და თუ არ დაკალი, ისე ვერ ააჭრი. აი, ისეთებს საზღვარგარეთ მახინჯი და უვარგისი, მაგრამ ეკოლოგიურად სუფთა ტოიოტა „პრიუსში“ რომ სხედან  და „ფერარის“ და „ლამბორგინებს“ ამაყი გამომეტყველებით უვლიან გვერდს: „ეი, შე ყანა! როყიო ხარ, ბენზინის გამონაბოლქვით ატმოსფეროს აბინძურებ, მე კი ასეთი შეგნებული  რომ არ ვიყო და ჩემი პლანეტა ასე არ მიყვარდეს, ამ საშინელებაში ხომ არ ვიჯდებოდიო!“
და კიდევ ერთი - ხორცისმჭამელი თევზიც კი ბევრად უფრო ჭკვიანია ვიდრე ბალახისმჭამელი და ბევრს აღარ გავაგრძელებ: ძროხის და ძაღლის გონებრივი შესაძლებლობები შეადარეთ ერთმანეთს.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი