23.1.12
აჰა, დრაკონის წელიც დადგა!
Approved by
ძალიან ვხალისობ ხოლმე ჩვენში ბოლო პერიოდში დამკვიდრებულ ტრადიციაზე - მორიგი ჩინური ახალი წლის „პატრონ“ ცხოველს ჩვენს - გინდა ახა, გინდა ძველით ახალ წელს რომ ვეგებებით და მაგიდას, ინტერიერს, ჩვენი ჩაცმულობაც კი მის „მოთხოვნებს“ ვარგებთ. წელასაც დრაკონს, ჯერ კიდევ კურდღლის მბრძანებლობის პერიოდში დავხვდით. არადა, ჩინური ახალი წელი დღეს დგება და ვისაც მათი ტრადიციების სჯერა - მთელი იანვარი კურდღლის ნერვებზე ვმოქმედებდით, იმიტომ რომ, რეალურად, დრაკონი მხოლოდ დღეს მობრძანდება. ამიტომ რა გედოთ სუფრაზე 1 ან 14 იანვარს ან რა გემოსათ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა - მთავარია დღეს რას იზამთ. კიდევ ერთხე ვიმეორებ - ეს იმათ ვისაც სჯერა ან ჩემსავით ნებისმიერ მიზეზს იყენებს საზეიმოდ და სინგაპრულ ახალ წელსაც აღნიშნავს, თორემ სრულიად გაუგებარია, ჩემს ქრისტიანულ ბედისწერასთან რა ხელი უნდა ქონდეს ჩინურ ღორს, გველს, კატას და ისეთ მითოლოგიურ ცხოველს, როგორიც დრაკონია.
მოკლედ, დრაკონის წელი ანუ 2012 ძალიან ხმაურიანი, მჩქეფარე, ახლის აღმოჩენისა და წინ სვლის წელია. დრაკონს ყველაფერი ჭყეტელა, ხმაურიანი, ძლიერი, ცვალებადი და მოძრავი უყვარს. ასე რომ მისი შემოსვლა ძალიან აქტიურად უნდა აღნიშნოთ და სუფრაზეც დიდი მხიარულება უნდა იყოს.
დრაკონის ელემენტი ხეა, მიმართულება სამხრეთ-აღმოსავლეთი, ძვირფასი ქვა - ამეთვისტო, წელიწადის დრო გაზაფხული, დრო - დღის 1-დან 9-საათამდე, 2012 წლიე სტიქია კი წყალი, ამიტომ (არ მკითხოთ საიდან დავასკვენი, ამ საქმის სპეციალისტი ჩინელები ამბობენ ასე), სუფრაზე უნდა იყოს ქათამი და ხორბალი.
დაიბენით, არა? მერე ვინ გითხრათ, რომ ჩინური ახალი წლის აღნიშვნა და აღმოსავლური კალენდარის ყველა ტრადიციის დაცვა ადვილია. მაგრამ არა უშავს, ამ საქმეში გამოცდილი ხალხის რჩევებს მზა-მზარეულად თუ დაემორჩილებით და ჩემსავით ათას ინტრიგნულ კითხავს არ დასვამთ: რატომ ასე და რატომ ისე არა, ყველაფერი ძალიან მარტივად გამოგივათ. თანაც მომზადების პროცესში კარგად გაერთობით. ასიამოვნეთ დრაკონს და აუცილებლად მოიძიეთ სადმე ამეთვისტო, ქვა რომელსაც, ასევე სპეციალისტების აზრით, სიმშვიდე, კეთილდღეობა, იღბალი და ბარაქა მოაქვს. ხესაც ნუ დაივიწყებთ და მაგიდა ხის ჭურჭლით ან სულაც ტოტების კომპოზიციით გააფორმეთ. რაც შეეხება: პურს, მჭადს, ლავაშს და ხაჭაპურებს (ანუ ხორბლეულს), ეს დავალების ყველაზე მარტივი და იოლად მოსაგვარებელი ნაწილია. ქათმისგან კი სამასანაირი კერძის დამზადება სულ არაა საჭირო - ერთიც საკმარისი იქნება. მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ფრინველის და პურის გარეშე მთელი შრომა და მონდომება წყალში ჩაგეყრებათ!
ახლა რა არ შეიძლება კატერგორიულად: 1. კურდღლის ხორცის ჭამა, მოგეხსენებათ კურდღლის წელი ჯერ კიდევ ძალაშია და 2. ტელევიზორის ყურება მოწყენილი სახით! დრაკონს მხიარული, ხმაურიანი და ენერგიული ადამიანები უყვარს. ამიტომ საყვარელ სავარძელში ჩასვენება და ჩაფიქრებული სახით ცხოვრების ამაოებაზე ფიქრი სხვა დროისთვის გადადეთ. ჩინური ჰოროსკოპის მამები იმასაც გვირჩევენ, რომ დრაკონის წელს ოთახის შუაგულში დიდ მაგიდის გაშლას, ალაფურშეტის მოწყობა ჯობია, ასე საცეკვავო ადგილი დაგრჩებათ მეტი - დრაკონის წელს ცეკვის გარეშე არაფერი გამოვა. საკუთარი სახლი იმდენის საშუალებას თუ იძლევა, რომ ტრადიციული სუფრაც გაშალოთ და საცეკვაო მოედანიც დარჩეს, მაგას რა ჯობია - ერთი მეორეს ხელს არ უშლის.
დრაკონის წელს დაბადებულთა შორის არიან: ჟან-ჟაკ რუსო, ფრიდრიხ ენგელსი, ბერნარდ შოუ, ჟანა დ’არკი, ჩარლზ დარვინი, ჯონ ლენონი, ალ პაჩინო, პელე და... ვლადიმერ პუტინი (მაგან არ გაიხარა). როგორც თავად დარწმუნდით, ამ წელს განსაკუთრებული ხალხი იბადება, ამიტომ დრაკონის წლის დახვედრა, როგორც უკვე გითხარით, აქტიური, მხიარული, მჩეფარე მოვლენ აუნდა იყოს. დრაკონის წლის აღსანიშნავი კერძებიც, ასევე, აქტიური უნდა იყოს. აქტიური კერძი კი მაგიდაზე წინ და უკან მორბენალ შემწვარ გოჭს ან ლანგარზე მომღერალ ნიგვზიან ბადრიჯანს კი არ ნიშნავს, ასეთი საჭმელი კუჭში რომ მოხდება მერე უნდა გაატიურდეს: კარგად დაგვანაყროს, ენერგიით აგვავსოს, სიმხნევე შეგვმატოს და ამასთან ერთად გარეგნულადაც ლამაზად და გემრიელად უნდა გამოიყურებოდეს.
დრაკონს საჭმლის მიმართ განსაკუთრებული პრეტენზიები არ აქვს, მაგრამ ყველაფერი ახალმომზადებული უნდა იყოს ანუ ქურიდან პოირდაპირ მაგიდაზე მოხვედრილი - რამე ძალიან მარტივი, ძალიან იოლი, მაგრამ ცინცხალი ინგრედიენტებისაგან გაკეთებული. მთლად გადასარევი იქნება, მზადების პროცესში თავად დრაკონს თუ ჩართავთ და წვეულების მთავარ კერძს მაგიდაზევე სტუმრების თანდასწრებით დაამზადებთ. ამისთვის ჩინური ეროვნული ქვაბი „ჰოგო“ (火锅 [huǒguō]) დაგჭირდებათ. „ჰოგო“ ჩინურად ცეცხლოვან ქვაბს ნიშნავს და ჩახანაც თავის დასახელებას ბოლომდე ამართლებს, მას ხომ ცეცხლი ქვევიდან უფითილდება და შიგნით ჩასხმული კერძი მაგიდაზე თუხთუხებს (დაახლოებით ევროპული „ფონდიუს“ ქვაბისმაგვარია). უფრო ხშირად ჰოგოში მდუღარე ბულიონს ასხამენ, მაგიდასთან კი თხლად დაჭრილი ბოსტნეულის, თევზისა და ხორცის ნაჭრები მიაქვთ და სტუმარიც თავად ხარშავს მისთვის სასურველს ნაჭერს. რაც მთავარია, ყველა ნაჭერი თითო ლუკმა უნდა იყოს, სტუმრები თავისუფალი ჰოგოს რიგში დგომით ან ქაფქაფა ბულიონში ჩაყოფილი ჩხირზე წამოცმული ხორცის მოხარშვის ლოდინით რომ არ დაიტანჯონ.
სადრაკონო კერძების მომზადება რთული არაა, უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა: დრაკონს ხმაურიანი გართობა, ღრეობა უყვარს და ამიტომ მეტი დროს ცეკვას და სტუმრებისთვის ტონუსის ასამაღლებელი სასმელების მომზადებას უნდა დაუთმოთ. ამიტომ კარგი, რიტმული მუსიკის შერჩევა და პეტარდებისა და შუშხუნების მომარაგებაც არ დაგავიწყდეთ. თავადაც ისიამოვნეთ და სტუმრებიც გაართეთ. რაც შეეხება ზოგადად წელს - იმათ გაუმართლებთ ვისაც უსაქმურად ჯდომა არ შეუძლია და ვინც სულ საქმესა და ახლის ძიებაშია, ანუ ბეჯით და ენერგიულ ადამიანებს - დრკონი ტყუილად არავის და არაფერს ჩუქნის. მე კი, ჩემდათავად, გისურვებთ, რომ 2012 წელს პირიდან ცეცხლი ჩვენს ნაცვლად მხოლოდ დრაკონს გაეყაროს!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment