30.1.12
„თქვენ ალბათ ჩემზე იცინოდით“
Approved by
ძალიან ხშირად ცნობილი კომიკოსი რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ უხეში და არც
თუ ისე მხიარული ადამიანია, კონდიტერებს არ უყვართ ტკბილეული, მზარეულს კი არ უყვარს
ქეიფი. ამიტომ ალბათ სულ ცოტა ჩემი პროფესიის ბრალიაცაა (საქმეში ძალიან კარგად ვარ
ჩახედული), რომ ქართულ ტელევიზიებს არ ვუყურებ - საკუთარ ნერვებს ვუფრთხილდები. ნებისმიერი
არაპროფესიონალიზმი მაღიზიანებს, მაგრამ კიდევ უფრო აუტანელია თანამდებობრივი გულგრილობა.
რამე რომ არ იცი, ან არ გეხერხება ტრაგედია არაა, სწავლა ყოველთვის შეიძლება. საკუთარი
უცოდინრობა რომ არ გაწუხებს და არაფრის სწავლას არ ცდილობ, უბედურება ამაშია. ეს მარტო
ტელევიზიებს არ ეხება - ყველგან ასეა. ჩემს თანამშრომლებს ვეხუმრებოდი ხოლმე, საკუთარი
მოვალეობები რომ არ იცით და არ გაინტერესებთ ერთია, მაგრამ თანამდებობრივ ინსტრუქციას
ინტერესის გამო მაინც ჩახედეთ, ეგებ რისი უფლება გაქვთ-თქო. სამსახურის ათწლიანი ვადა ჩემმა ბევრმა კოლეგამ ისე გაიარა, რომ საკუთარი სამსახურისა და პოზიციის
ზუსტი დასახელებაც არ იცოდა. რამდენი თსუ-ს კურსდამთავრებული იცით (ნებისმიერი თაობის),
თბილისის, თავის დროზე უმთავრესი უნივერსიტეტის სახელწოდებას საკუთარ ავტობიოგრაფიაში
არასწორად რომ წერეს? მე ბევრი. იგივე მდგომარეობაა ჩვენს ტელევიზიებში და ყველაზე
უარესი ისაა, რომ რაც ხდება უცოდნირობით კი არ მოსდით, გასდით და აკეთებენ - ხალხი
მაინც უყურებს და უფროსობა ხარისხის გამოსწორებას არ ითხოვს. ზოგადად ქართული პოზიციაა:
ნებისმიერმა ღონისძიებამ ნებისმიერნაირად თუ ჩაიარა და საერთოდ არ ჩაიშალა - წარმატებულად
ითვლება. მერე რა რომ ყველაფერი არაორგანიზებული, არეულ-დარეული, ცუდად გაკეთებული
იყო, მთავარია დამთავრდა და გასაკეთებელი საქმეების ჩამონათვალში „პწიჩკა“ ჩაისვა.
ოდესღაც შალვა ნათელაშვილმა თქვა (გამონათებები მასაც აქვს ხოლმე): „ჰიტლერს
„რუსთავი-2“ რომ ქონოდა, გერმანელებს დღესაც არ ეცოდინებოდათ მეორე მსოფლიო ომი რომ წააგესო“ და ეს
მარტო პოლიტიკას არ ეხება. მაგალითად, 2012 წელს გიყვებიან რაღაც თითიდან გამოწურულ
ახალ ამბავს, რომ თურმე ვიღაც მილიარდელს, პოლიტიკოსს, შოუ ბიზნესის წარმომადგენელს
საყვარელი გაუჩენია და ამის დამადასტურებლად
რომელიღაც ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ბედნიერი წყვილის სურათებს გიჩვენებენ, რომელსაც კუთხეში უზარმაზარი
შრიფტით 2007 ან 2003 წელი აწერია. კარგი,
ამბავი გააყალბე, ამაზე არავინ არ დავობს, თავად „სიენენის“ ცნობილი პრინციპია ხუთი
ერთზე, ანუ ხუთი სიმართლე და მერე ერთ ტყუილს ყველა ჭამს, მაგრამ ნუთუ უთარიღო სურათის ან ნაკლებნაფტალინ მოყრილი ისტორიის მოძებნა ასე ძნელია? თავს არავინ არ იწუხებს, მთავარია რომ ნიუსი გავიდა და ეთერი შეივსო.
ალბათ ყველამ შენიშნეთ, რომ ახალ წელს ყველა ქართული არხი ერთიდაიგივე
ფილმებს ატრიალებდა - ერთგან თუ ვერ მიუსწრებდი რამე მომენტს, მეორეზე გადართავდი და
აი, ისიც! უფრო მეტიც, „თუ შეგიძლია დამეწიე!“ ლეონარდო დი კაპრიოს მონაწილეობით, სამ
ქართულ არხზე შესაშური სინქრონული სიზუსტით მიმდინარეობდა. სამჯერ გადავრთე და გადმოვრთე და არხების დასახელებები
ყურადღებით წავიკითხე - კადრი კადრში ჯდებოდა. პირველად შევნიშნე ქართული გახმოვანების კიდევ ერთი თავისებურებაც: ფილმს ქართულ ხმას რომ ადებენ, ფონურ ხმებს მთლიანად შლიან და შედეგად ფილმში აღარ
ისმის კაკუნი, ნაბიჯების ხმა, კარის გაღების ხმა და ა.შ. და რაღაც-რაღაც ადგილები სრულიად გაუგებარი ხდება. მაგალითად: ამერიკულ კომედიაში „შვიდი ძმის შვიდი საცოლე“,
ასეთი მომენტია: ქალი ოთახში მშობიარობს, გარეთ მაზლები ნერვიულობენ, ამ დროს ისმის
ბავშვის ტირილის ხმა და უმცროსი მაზლი გულწასული ეცემა სიტყვებით: „ბიძა გავხდი!“.
ქართულ ვარიანტში: ქალი მშობიარობს, მაზლები ნერიულობენ და უხმო ბოლთას სცემენ (ეტყობა
მელოგინე რომ არ შეაწუხონ), უცებ, ერთ-ერთ მაზლს ნათელმხილველური ნიჭი ეხსნება და გულწასული
ასევე უხმოდ ეცემა: „ბიძა გავხდი!“. აღარაფერს ვამბობ, რომ ფილმი მიუზიკლია და არცერთი
სიმღერა არ ისმის...
ჩემს საყვარელ „რუსთავი-2“-ზე ერთიდაიგივე სიუჟეტში წამვანმა „ფოიერვერკი“
ახსენა ოთხჯერ, სიუჟეტის ავტორმა კი „ფეიერვერკი“ ხუთჯერ. რედაქტორს ალბათ ეძინა და
არ უსმენადა გამოშვებას, თორემ აშკარად გერმანულენოვან წამყვანს,
გაუსწორებდა შეცდომას და ეტყოდა რომ „ფეიერვერკია“ სწორი. არადა, რა საინტერესოა, ასეთ რა ოჯახში ან სად გაიზარდა წამყვანი, პეტარდების არსებობა მხოლოდ გერმანული ენის სახელმძღვანელოდან
რომ გაიგო და მისი ქართული სახელი არ იცოდა. იგივე არხზე შეგიძლიათ დატკბეთ მორიგი ლათინოამერიუკლი სერიალის სარეკლამო რგოლით:
„თქვენ ალბათ იქ ჩემზე იცინოდით...“ ამხელა არხზე ვერც მთარგმნელმა, ვერც რედაქტორმა,
ვერც მსახიობმა რომელმაც გმირი გაახმოვანა და ვერც იმან, სარეკლამო ბლოკებს რომ უშვებს,
ვერ მოიფიქრეს რომ ეს ქართული არაა, ქართულად ამას „მე დამცინით“ ქვია. ვერ დავიჯერებ,
რომ არცერთმა არ იცოდა, უბრალოდ არ უყურებენ, არ უსმენენ, არ ამოწმებენ და არ აინტერესებთ.
და ვინ იცის მერამდენე კვირაა ტრიალებს: „თქვენ ჩემზე იცინოდით“...
თავიდანვე აღვნიშნე, რომ ქართულ არხებს არ ვუყურებ, ეს ყველაფერი ახალი
წლის დღეებში სტუმრად სიარულის დროს შევაგროვე: ერთ-ერთ ოჯახში „თქვენს შოუს“ განმეორებით
ჩვენებას უყურებდნენ, აი, იმას სპაიდერმენის ქორწილი რომ ქონდათ. გულახდილად მითხარით,
ვისაც ნანახი გაქვთ, საერთოდ რამეზე გაგეცინათ? გეფიცებით, მივხვდი პენსიონერები საჩივრებით
სავსე წერილებს რატომ წერენ. გადაცემის რეჟისორის ნომერი რომ მქონოდა დავურეკავდი და
მკვდარს და ცოცხალს არ დავუყენებდი, ორსაათნახევარი ტანჯვისთვის. უნიჭობასაც საზღვარი
აქვს. არა, ხანდახან შედევრალური ხუმრობები აქვთ, მაგრამ რეგულარული შოუსთვის ეს ხანდახან
აღარ კმარა. თითო გადაცემაზე თითო ნომერი მაინც ხომ უნდა ვარგოდეს. იგივე შემიძლია
ვთქვა დანარჩენ იუმორისტულ გადაცემებზეც: უყურებ და ელოდები, უყურებ და ელოდები რომ
აი, ახლა იხუმრებენ, აი, ახლა გამოუვათ უწინდებურად ... აღარ, ვეღარ - გადაიწვნენ და
არ ხვდებიან რომ თბილი ადგილიდან საკუთარი ნებით წავიდნენ, აღარ აწუხებთ რომ თავს
მასხრად იგდებენ, შეეჩვივნენ.
ცალკე თემაა ე.წ. „ПИК“ ანუ პირველი კავკასიური.
გასაგებია, რომ „პიკიც“, „რეგინო
ტვ“-ც და „აფხაზეთის ხმაც“ ერთადერთი მიზნით შეიქმნა - თავი მოვაწონოთ ჩვენს საზღვრებს
გარეთ დარჩენილ ქართულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს, რასაც ორივე ხელით ვუჭერ მხარს
და სამი კი არა ათი ტელევიზიაც არ დამენანება ამ მიზნისთვის მართლა HD ხარისხითა და
დოლბი ხმით. ასეთი რამ აუცილებელია: უნდა ვანახოთ, რომ კარგად ვართ, ჩვენთან ყოფნა კარგია
და საერთოდ წინ როგორ მივდივართ. მაგრამ ეს ტელევიზიები მხოლოდ საწინააღმდეგოში თუ დაგარწმუნებთ. მათი ყურებისას არცთუ შორეული და ავბედითი 80-იანი წლების ბოლო მახსენდება, პირველი დამოუკიდებელი ტელევიზიები რომ შემიქმნა და მუშაობას ჯერ კიდევ სწავლობდნენ. როგორ არ უნდა გიყვარდეს სამშობლო, როგორ არაფერი წმინდა არ უნდა არსებობდეს შენთვის
და როგორ არ უნდა გაგაჩნდეს პატრიოტიზმის ან ჯანდაბას, პასუხისმგებლობის ელემენტარული
გრძნობა, რომ აქ რაც ხდებოდა ახალი წლის დღეებში (და საერთოდაც) ის აკეთო. „პიკზე“
სამ იანვარს პირველი და ორი იანვრის გადაცემების ანონსი რომ ვნახე (მითხრეს, რუსთავზეც
იგივე იყოო), არ მესიამოვნა, მაგრამ დიდ ტრაგედიად არ მივიჩნიე, მაგრამ იგივე ანონსი
ორი კვირის თავზე 12 იანვარსაც დამხვდა. ზედიზედ ექვჯერ გამიმეორეს, რომ 2 იანვარს
თამარ გვერწითელისა და მიშელ ლეგრანის კონცერტს მიჩვენებდნენ - პაუზების გარეშე მეექვსეჯერ
დატრიალებული ერთიადაიგივე რგოლის შემხედვარე ვერც ლეგრანს ვიტანდი, ვერც გვერწითელს
და ვეღარც კატერინა კოტრიკაძეს („პიკის“ შეფი). მერე რეკლამები დაიწყო და იქაც სულ ერთი
რეკლამა ტრიალებდა... უფრო მეტიც, ზოგ სარეკლამო რგოლს შუა წინადადებაზე წყვეტენ და ახლიდან ან სხვას იწყებენ. არხზე თუ რეკლამის დეფიციტი გვაქვს, ძალიან ცუდის ნიშანია და
თავს ვერავის მოვაწონებთ. აღარ ვლაპარაკობ, შუა სიტყვაზე გაწყვეტილ ფილმებზე და შუაში
გამოჩრილ გადაცემებზე, დაუგეგმავ გრაფიკზე და ნაჯახით ნამუშევარ მონტაჟზე და ზოგადად
ხარისხზე.
ძველით ახალი წლის შემდეგ როგორც ჩანს გამოფხიზლდნენ, სამსახურამდე მიღწიეს
და ანონსებიც შეცვალეს და თვით ორდღიანი პროფილაქტიკური სამუშაოებიც კი გამოაცხადეს
(ეტყობა ჩემს გარდა, ვიღაც გავლენიანიც გადარია გაუთავებელი ხავსმოდებული ანონსების და "ჩახვეული" რეკლამის ყურებამ), რის შემდეგაც ჩემდა გასახარად, არხის ჩვენების ხარისხიც გამოსწორდა და ხმისაც (თუმცა, როგორც გაირკვა დროებით).
განსაკუთრებით ჩემი საყვარელი დეტექტიური სერიალის ანონსი გამეხარდა: ამჯედარ „პიკი“
ინგლისური სერიალის „Midsomer
Murders”-ის ახალ მე-11 სეზონს გვპირდება... მე-11 სეზონი
2008 წელს დამთავრდა, უფრო მეტიც, ამასობაში მთავარი გმირი პენსიაზე გავიდა და მიდსომერის
მთავარი კონსტებლი ახლა მისი ბიძაშვილი ჯონ ბარნაბია. დღეისათვის სერიალის მე-14 სეზონიც გადაღებულია, თორმეტიდან 8 სეზრია უკვე ეთერშიც კი გავიდა. თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში
2008 წლის ფილმი ვერაფრით იქნება ახალი - ძველია, ძველი! ხალხო, ინტერნეტის ეპოქაში
ვარ, რამემ თუ დამაინტერესა, არც „რუსთავი-2“-ის და არც „იმედის“ იმედად არ ვარ, თვითონ
ვნახულობ და აღარ ვტყუვდები რა. შაბათ დღეს აღარ ველოდები რომ „ილუზიონში“ უცხოური
ფილმი მანახონ. აღარ არის ის დრო, როცა ვკითხულობდით ახალმა კინომ, წიგნმა ან მუსიკოსის
ახალმა ალბომმა საქართველომდე თუ ჩამოაღწია, ჩვენი ინტერნეტმომხმარებლები მსოფლიო პრემიერებს
უკვე ინტერნეტის პირდაპირ ეთერში ესწრებიან და აღარავის დავსდევთ ხვეწნით, რომ საიდანღაც
ჩამოტანილი „პინკ ფლოიდების“ ახალი კასეტა გადავაწერინოს. ბევრ რამეს მსოფლიოს დანარჩენ
ნაწილზე ადრე ვგებულობთ.
ანუ რა გამოდის? ჩვენი სახელგანთქმული არხები თანამედროვე ტექნოლოგიებს
მოწყვეტილი პენსიონერებისთვის მუშაობენ, მათთვის ვისთანაც ადამიანის მთვარეზე გაფრენისა
და „ბიტლსების“ დაშლის ამბავს ჯერაც არ მიუღწევია... და არა მხოლოდ. რა საინტერესოა, სუბტიტრებიან
ფილმებსაც მათთვის უშვებენ? ამას წინათ, რომელიღაც ქართულ არხზე, ჰოი საოცრებავ, ჟან
გაბენი და ალენ დელონიც კი ინგლისურ ენაზე მეტყველებდნენ!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
P.S. სხვაზე
რაზე ვილაპარაკო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიტი ნახეთ, ზემოთ ნაჩვენებია
უნივერსიტეტის სრული დასახელება: „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი“ და იქვე მისი თანამშორმელი უინვერსიტეტის ოფიციალურ სტატიაშივე შეცდომით წერს დასახელებას
„ივანე ჯავახიშვილის თბილისის უნივერსიტეტი“, ანუ უნივერსიტეტი ჯავახიშვილის სახელობის
კი არა, მისი საკუთრება ყოფილა. მაგრამ ეს რა მოსატანია "ილიას უნივერსიტეტთან" - ჩემი აზრით, მსგავსი დასახელების დამტკიცება კი არა, მისი იდეის დონეზე შეთავაზებაც კი ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფაა. აბა, ილია ჭავჭავაძის გვარი რა სახსენებელია?! სახელიც ეყოფა...
0 კომენტარი.:
Post a Comment