ახალი წლებიც გადავაგორეთ

Approved by Natia Jinjolava


ესეც ასე, მორიგი ახალი წელი გადავაგორეთ მხიარულად და წარმატებულად. კონვეიერული წესით სუფრების შლისა და ალაგების შემდეგ ყველა დიასახლისი ცოცხალია და ყველა მამაკაცი გადაურჩა 14 დღე-ღამე სმა-პახმელიიდან გამოსვლის უსასრულო პროცესს. მოგეხსენებათ, ქართველი კაცი მხოლოდ ერთხელ თვრება და მერე პახმელიიდან გამოდის... ხმაურიანი გართობა, მეგობრებთან დროსტარება, ცეკვა (სიმღერა არ მეხერხება, რას ვიზამთ, იდეალური ადამიანი არ არსებობს - ერთი ნაკლი მაინც უნდა ქონდეს), საზოგადოებრივი წესრიგისა და მეზობლების სიმყუდროვის მსუბუქად დარღვევა მეც მიყვარს, მაგრამ არასდროს არ მესმოდა და ახლაც ვერ ვგებულობ ქართველი მამაკაცების ყველაზე საყვარელი, სასურველი და გამორჩეულად მაგარი დროსტარების მაჩვენებელი კონდიციის აზრს: „აუუუ, გუშინ საღამოს/ამა წინათ/ გასულ კვირას/მეგობრის დაბადების დღეზე/ქორწილში... ისე დავთვერი, ისე დავთვერი, სახლში როგორ მოვედი ან მანადმდე რას ვაკეთებდი, არაფერი არ მახსოვს...თავი მისკდება რა...“ გამოდის, რომ მეგობრებთან ერთად ქეიფის დეტალების, ამაყად და მონდომებით წარმოთქმული სადღეგრძელოების, მომხდარის გახსენებას უგონოდ ყოფნა ჯობს. ან თუ არაფერი გახსოვს, ეგებ რაიმე ცუდი შეგემთხვა, იწვალე, სადმე ეგდე და იყინებოდი, სანამ ვიღაცა მადლიანმა ბინის კართან აგაყუდა და შენს მაგივრად ზარიც დარეკა.
ერთი ჩემი ახლობელი თურმე უახლოესი მეგობრის ქორწილში ისე დამთვრალა, რომ მანქანის კარი აერია და მძღოლის გვერდით სავარძელზე დამჯდარა. გასაღები არავის დავუთმეო და კიდევ უფრო ჭკვიან და ასევე ნსავამ მეგობრებს, იმ იმედით მიუტოვებიათ, რომ ასეთ მდგომარეობაში საჭეს ვერ მიაგნებსო. მიაგნო და ორთაჭალიდან მეოთხე პლატოზეც ავიდა (რასაკვირველია არ ახსოვს როგორ), მერე თურმე ბავშვებით სავსე ეზოში მანქანით ტრიუკებს ატარებდა, სანამ მეგობრებმა არ იპოვეს, „გაკოჭეს“ და მანქანაში უკან არ შეაგდეს. მერე ყვებოდა, დილით მანქანაში გამეღვიძა, არაფერი არ მახსოვდაო. ქორწილში რომ წავედი, ბენზინის ბაკი სავსე მქონდა, იმდენი მივლია, დამიცლია და მანქანა აღარ დაიქოქაო.
კიდევ ერთ ჩემს მეზობელზე მისი ძმაკაცები ხალისით იხსენებდნენ: ბიძაშვილის ქორწილში ისე დათვრა, ისე დათვრა ბენზინს საკუთარი მანქანიდან იპარავდაო. ჯერ საერთოდ რომ იპარავ რამეს და მაინც კარგ ტიპად ითვლები. და მერე, საკუთარ ოჯახში, საკუთარ სტუმარს რომ პარავ. მემგონი მართლა დროა შევეშვათ ქორწილებში ისეთი ხალხის დაპატიჟებას ვინც არც აქეთ გვცემს პატივს და არც ჩვენ ვცემთ. აღარ არის ხათრის და რიდის დრო. ყოველთვის ვამბობდი და გავიმეორებ. ადამიანი, რომელიც ქორწილში ჩხუბს ტეხავს ან სხვა სტუმარს შეურაცხყოფას აყენებს, მასპინძელს არ სცემს პატივს. თუ ღვინოს ვერ ირგებ, იქონიე შეგნება და ნუ დალევ. ამას წინათ ახლობლის ქორწილში სიძის უახლოესმა მეგობარმა მეტისმეტად დიდი სიხარულისაგან შალახოს ცეკვა განიზრახა და პროცესში (ფეხზე ვეღარ იდგა), 16 ჭიქა დალეწა. ბიჭს ცოლი ახლდა, რომელიც ქმრის მხიარულებას უდრდტვინველად უყურებდა და წამწამებს ნაზად აფახულებდა. რესტორნის მენეჯერიც, ასევე, ბედნიერი იყო - ხარჯს ხარჯი ემატებოდა და ანგარიში იზრდებოდა. სიძეს ძმაკაცის გართობა უთუსბირი დაუჯდა. სადღეგრძელოს მერე ჭიქის ბუხარში სროლა და თეფშის იატაკზე დანარცხება თუ გიყვარს, ხარჯის დაფარვა და გადახდის ტრაკიც უნდა გქონდეს. აი, ამიტომაც უყვართ „არაფერი არ მახსოვს“, თუ არ გახსოვს, ბოდიშიც არ გაქვს მოსახდელი, ზარალზე და მის ანაზღაურებაზე ვინღა ლაპარაკობს.
ჩემს დას ერთი ვერელი კურსელი ყავდა, რომლის მამასაც, ძალიან პატივცემულ და სერიოზულ კაცს სმა უყვარდა. არა, არც ჩხუბს და არც აყალმაყალს არ იწყებდა, უბრალოდ, სახლში რომ ბრუნდებოდა სანამ თვითფრინავს არ დასვამდა არ იძინებდა... ოჯახის წევრები (მოხუცი დედა, ცოლი და ორი სტუდენტი ვაჟიშვილი) სკამებს ორ რიგად ჩაამწკრივებდნენ, თვითფრინავში ჩასხდებოდნენ, წინ თავისი სკამით ბატონი ანზორი მიუსკუპდებოდათ: „ბჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟ“-ო დასვამდა თვითფრინავს და ლოგინისკენ ხმისამოუღებლად გაცუნცულდებოდა. ერთ დღესაც გალეწილი მთვრალი ანზორი სახლში დაბრუნდა, ოჯახი იმპროვიზირებულ ბოინგში ჩასხდა, უსაფრთხოების ღვედები შეიკრა, მაგრამ რად გინდა? „პილოტმა“ თვითფრინავი არ დასვა, პირდაპირ სამზარეულოსკენ გაეშურა და მაცივართან გამართა საკმაოდ უცნაური მოლაპარაკება: გაღებს კარს: „ვერა? არა?“ მიაჯახუნებს. გააღებს: „ვერა? არა?“, მიაჯახუნებს... და მთელი ღამე ასე. გამოფხიზლებულზე კითხეს რას აკეთებდიო. თურმე ტაქსს აჩერებდა და ვერაზე წაყვანას სთხოვდა. ერთ თვეში მაცივარს კარი აღარ ქონდა, ბატონი ანზორი კი ტოტალური გამოუძინებლობისგან თათბირებზე ხვრინავდა.
ამას წინათ მეგობარი მესტუმრა - ყავა არ დალია, წნევა მაწუხებსო. იმავე საღამოს საქეიფოდ წავიდა და ისე დათვრა, მეორე დილას სასწრაფო სასწრაფოზე ყავდა. ყავა ამის მესამედსაც არ დაუშავევდა, მაგრამ დღესაც არ სვამს, ჯანმრთელობას უფრთხილდება. ალბათ მე არ მესმის და ღვინისთვის თავის გამასხარავება (როცა უაზროდ იქცევიან, ცეკვავენ, მღერიან. ერთმა ჩემმა მეზობელმა ქორწილში ჩაისვარა კიდეც), ახლობლების წყენინება (როცა ამტვრევენ, ლეწავენ, იგინებიან და ჩხუბობენ) და სიკვდილი მართლა ღირს... 

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment