Salad Niçoise - სალათა „ნისუაზი“

Approved by Natia Jinjolava



სალათი ნისუაზი ფრანგული, უფრო კონკრეტულად კი პროვანსის სამზარეულოს სახელგანთქმული კერძია, რომლის „დაბადების“ ადგილადაც, ალბათ როგორც სახელწოდებიდან უკვე ხვდებით, ქალაქი ნიცა მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მას პრაქტიკულად არ იცნობენ, ევროპის ნებისმიერი მეტ-ნაკლებად „თავმოყვარე“ რესტორანს თავი ვალდებულად მიაჩნია მენიუში შეიტანოს. თუმცა, ყველაზე კურიოზული ისაა, რომ ამ სალათის რაიმე კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს, ერთადერთი რაზეც თანხმდებიან, ისაა, რომ მასში ბოსტნეული და თინუსი (თევზის სახეობა) უნდა შედიოდეს. თუმცა, ძაღლის თავი აქაცაა დამარხული: ამ სალათის თაყვანისმცემლების ნაწილი მიიჩნევს, რომ თინუსი ცოცხალი უნდა იყოს, მეორე ნახევარი კი თვლის რომ სალათა მაინცდამაინც თინუსი კონსერვისგან უნდა მზადდებოდეს... დავაა ბოსტნეულის სახეობებზეც. ნისუაზის ჭეშმარიტ მოყვარულებს მასში მოხარშული კარტოფილის, ბრინჯის, ლობიოს ან მოხარშული ბოსტნეულის დამატება სასიკვდილო ცოდვად მიაჩნიათ, თუმცა ასეთი რეცეპტებიც ბლომადაა. მოკლედ, ასეა თუ ისე, ამ სალათას ძირითადად თევზით, ცოცხალი ბოსტნეულითა (სალათის ფოთლები, ზეთისხილი და პამიდორი) და მოხარშული კვერცხით აკეთებენ და რაც ყველაზე მთავარია, მისი ყველა ვარიანტი ძალიან, ძალიან გემრიელია.

„ნისუაზი“ თინუსის კონსერვით
(2 პორცია)
1 კონა სალათი რუკოლა, ლატუკი ან რომანო (შეიძლება სამივეს ნარევიც), 1 პატარა ზომის მწვანე წიწაკა, 2 მწიფე პამიდორი, 4 მწყერის კვერცხი, 1 პარტარა კონა რეჰანი, 100 გრ თინუსის კონსერვი, რამდენიმე ცალი ანჩოუსის ფილე (ჩვენებური ხამსა), რამდენიმე ცალი ზეთისხილი (სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუმატოთ კიტრი, არტიშოკი ან პარკი ლობიო); სოუსისთვის: ½ ჩ/კ მდოგვი, 1 ჩ/კ წითელი ღვინის ძმარი, 4 ს/კ ზეითუნის ზეთი, ½ თავი ხახვი, მარილი, ახალდაფქული პილპილი
გარეცხილი და შემშრალი სალათის ფოთლები დავჭრათ ფართო ზოლებად ან დავგლიჯოთ ხელით, წიწაკა და რეჰანის ფოთლები დავჭრათ წვრილად და დიდ ჯამში გადავურიოთ სალათის ფოთლებში. მდოგვი, ძმარი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი ავთქვიფოთ კარგად და მოვასხათ სალათის ფოთლებს (სულ ცოტა შევინახოთ) და კიდევ ერთხელ გადავურიოთ ერთმანეთში. თეფშზე დავყაროთ ფოთლეული და ზემოდან დავალაგოთ დაკონსერვებული თინუსის ნაჭრები, დაჭრილი პამიდვრები, შუაზე გაჭრილი მწყერის კვერცხები, ზეთისხილი და ანჩოუსები, მათაც მოვაწუწოთ დარჩენილი სოუსი და მივირთვათ. საჭიროების შემთხვევაში დავუმატოთ მარილი და პილპილი, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რომ თინუსიც და ანჩოუსიც მარილიანია. როგორც ხვდებით, „ნისუაზი“ არ ინახება, მას გაკეთებისთანავე ჭამენ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment