სალათა „ნისუაზი“ ორაგულით და თოხლო კვერცხით გორდონ რამზისაგან

Approved by Natia Jinjolava



ინგრედიენტები 4-6 პორციისთვის: 200 გრ პამიდორი „ჩერი“, ზღვის მარილი და ახალდაფქული პილპილი, რეჰანის ფოთლების მოზრდილი კონა წვრილად დაჭრილი, 1 ლიმონის ახალგახეხილი ცედრა, 2-3 ს/კ ზეითუნის ზეთი და კიდევ ცოტაოდენი მოსაწუწად, 400 გრ შუაზე გაჭრილი ახალი კარტოფილი, 200 გრ პარკი ლობიო, 3-4 თავი ძალიან ახალგაზრდა სალათი ლატუკი გარეცხილი და გამშრალი, 6-8 ს/კ ტარხუნიანი მაიონეზი, 100 გრ კურკაგაცლილი შავი ზეთისხილი, 300-400 გრ ცივ ბულიონში მოთუშული ორაგული; თოხლო კვერცხისთვის: 4-6 ც რეჰანის ფოთოლი, 4-6 ც ანჩოუსის ფილე, 4-6 საშუალო ზომის კვერცხი (ოთახის ტეპერატურის)
ორაგულის მოსათუშად ტაფაზე დავასხათ ცოტაოდენი წყალი, დავჭრათ დიდი კონა კამა (სასურველია მისი ბოლქვიც), დიდი კონა ნიახური, საშუალო კონა ოხრახუში, ხახვი და ჩავყაროთ წყალში. მოვაყაროთ მარილი და მოვასხათ ცოტაოდენი თეთრი ღვინო და სულ ცოტა ტარხუნიანი ძმარი. სურნელისათვის დავუმატოთ ორიოდე ვარსკვლავა ანისულა და ახალდაფქული თეთრი პილპილის მარცვლები. დავუმატოთ 2 დაფნის ფოთოლი, დაჭრილი 1 ლიმონი და მივიყვანოთ ადუღებამდე. წყალი კარგად რომ გაცხელდება, მწვანილზე ძალიან ფრთხილად, კანიანი მხარით დაბლა მოვათავსოთ ორაგულის ფილე.  გავაჩეროთ 4-5 წუთი, მერე ცეცხლი გამოვრთოთ და ასე ბულიონშივე  დავტოვოთ გასაგრილებლად. 
ტარხუნიანი მაიონეზისთვის ჯამაში ჩავასხათ 1 კვერცხის გული, 1 ჩ/კ მდოგვი, ჩავაწუწოთ ცოტაოდენი ტარხუნიანი ძმარი და ავთქვიფოთ, თქვეფის პროცესში ძალიან წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ ნებისმიერი მცენარეული რაფინირებული ზეთი (დაახლოებით 100 მლ). მაიონეზი კარგად რომ აითქვიფება და ჩვენთვის სასურველი კონსისტენციის და ოდენობის რომ გახდება ჩავაწუროთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი. ჩვეულებრივი მაიონეზი მზადაა. უფრო რბილი და ჰაეროვანი რომ გახდეს, ცოტაოდენი წყალი ჩავათქვიფოთ. დავჭრათ საშუალო კონა ტარხუნა და ლომონის გახეხილ ცედრასთან ერთად დავუმატოთ მაიონეზს. შევამარილოთ და შევაპილპილოთ. 
ღუმელი 180°C-მდე გავახუროთ. პამიდვრები გავჭრათ შუაზე, ჩავყაროთ ჯამში და მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ზემოდან დავაყაროთ რეჰანის ფოთლები, ლიმონის ცედრა და მოვაწუწოთ ზეითუნის ზეთი. ერთმანეთში კარგად ამოვურიოთ და გადავდგათ გვერდზე. კარტოფილი მარილიან მდუღარე წყალში ჩავყაროთ და ვხარშოთ 12-15 წუთი ან სანამ არ დარბილდება. ამოვიღოთ წყლიდან და დავდოთ გასაგრილებლად. პარკი ლობიო მდუღარე წყალში ჩავყაროთ და 1 წუთის განმავლობაში დავფუფქოთ, შემდეგ ამოვიღოთ და გავაშროთ.
თოხლო კვერცხის მოსამზადებლად თურქული ყავის ჭიქები (4 ან 6 ცალი, რამდენ კვერცხსაც ვხარშავთ იმდენი) კარგად დავცხიმოთ, კარაქიან კედლებზე მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ჭიქების ფსკერზე ჩავალაგოთ თითო-თითო რეჰანის ფოთოლი და ანჩოუსი და მერე თითო კვერცხიც ჩავატეხოთ. მაღალბორტიან საცხობ ფორმაში ჩავასხათ მდუღარე წყალი და ჩავალაგოთ კვერცხიანი ჭიქები, ისე, რომ წყალი ჭიქის გვერდებს ¼-ზე წვდებოდეს. შევდგათ ღუმელში 6-8 წუთით (კვეცხის ცილა რომ შეიკრას, მაგრამ გული ჯერ კიდევ თხევადი დარჩეს).
სანამ კვერცხები იხარშება, დიდი ზომის ტაფა გავაცხელოთ და დავასხათ 2 ს/კ ზეითუნის ზეთი. დავყაროთ კარტოფილი გაჭრილი მხარით ქვევით და ზემოდან ზეთი მოვაწუწოთ. კარტოფილი ქვევიდან რომ დაიბრაწება, გადავატრიალოთ მეორე მხარეზე. დავუმატოთ პარკი ლობიოც (გაითვალისწინეთ, რომ ევროპული ლობიო, ჩვენისგან განსხვავდება, უფრო ნაზი პარკი და უფრო წვრილი მარცვლები აქვს, ამიტომ ასეთ ლობიოს თუ შეარჩევთ აჯობებს - სუპერმარკეტებში გაყინული იყიდება) და მოვთუშოთ კარტოფილთან ერთად. მოვაყაროთ მარილი და პილპილი, დაახლოებით 30 წუთი ვურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
სალათი ლატუკის თავებს დიდი ფოთლები მოვაშოროთ და ერთ დიდი ლანგარი ან ინდივიდუალური თეფშები მოვამზადოთ. (იმისდა მიხედვით, სალათას ერთ დიდ თეფშზე აწყობთ თუ ყველა სტუმრისთვის სათითაო პორციას ამზადებთ). ლატუკის თავები სათითაოდ ფუნჯივით ამოვაწოთ ტარხუნიან მაიონეზში და თეფშზე გავშალოთ, თავზე მოვაყაროთ კარტოფილი, პარკი ლობიო, პამიდვრები და ზეთისხილი. დანით ფრთხილად ამოვაცუროთ ჭიქებიდან თოხლო კვერცხი და ისიც სალათზე მოვათავსოთ. ორაგული დავტეხოთ და სალათს ზემოდან ფანტელებად მოვაყაროთ. მოვაწუწოთ ცოტაოდენი ტარხუნიანი მაიონეზი, ზეითუნის ზეთი და მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დარჩენილი მაიონეზი სასოუსეში ჩავასხათ და სალათასთან ერთად მივართვათ სტუმრებს, ეგებ ვინმეს დამატება მოუნდეს.


გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment