ფლამბირებული ფორთოხლის ყავა და ფორთოხლის სილაბაბი

Approved by Natia Jinjolava


სილაბაბი 16-19 საუკუნის ინგლისის საკმაოდ პოპულარული დესერტია, რომელიც ნაღებით, რაიმე ალკოჰოლური სასმელითა და შაქრით მზადდება. მისი ფესვები ლამი ტიუდორების დინასტიამდე მიდის და დღემდე საკმაოდ პოპულარულობით სარგებლობს, განაკუთრებულად საზეიმო წვეულებებსა და მიღებებზე.


ფლამბირებული ფორთოხლის ყავა და ფორთოხლის სილაბაბი
ერიკ ლანლარდის რეცეპტით
6 პორცია
6 ფორთოხალი, 1ლ ლიქიორი „Grand Marnier“, 175 მლ ლიქიორი „Cointreau“, 2 ლიმონის წვენი, 50 გრ შაქართან ერთად გატარებული ბუსტუღი (ფსტის კაკალი) ანუ ბუსტუღის პასტა, 2 ს/კ ვარდი წყალი (იყიდება აფთიაქებში), 125 გრ შაქარი, 600 მლ ცხიმიანი ნაღები, 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ბუსტუღი (ფსტის კაკალი), 6 პორცია მაგარი ყავა „ამერიკანო“

დესერტის მომზადებამდე 1 კვირით ადრე ფორთოხლებს კანი მსხვილ ბურბუშელად ავათალოთ, ჩავყაროთ ჯამში და დავასხათ ლიქიორი „Grand Marnier“. თავსახური დავაფაროთ და დავდგათ გრილ და ბნელ ადგილას.
ერთმანეთში გადავურიოთ „Cointreau“, ლიმონის წვენი, ვარდის წყალი, ბუსტუღის პასტა და შაქარი და ვურიოთ სანამ შაქარი არ გადნება. ნაღები ავთქვიფოთ მიქსერში და ნელ-ნელა ჩავათქვიფოთ ლიმონის წვენისა და ბუსტუღის პატის ნარევიც. გამზადებული სილაბაბი მინი ჭიქებში გავანაწილოთ და ზემოდან წვრილად დაჭრილი ბუსტუღი მოვაყაროთ.
მოგრძო თეფშზე მოვათავსოთ სილაბაბიანი ჭიქა და ყავა ლატეს ჭიქა. ლიქიორში ჩამარინადებული ფორთოხლის კანი ამოვიღოთ ლიქიორიდან, დავფერთხოთ ზედმეტი ალკოჰოლისგან, დავყაროთ სუფთა ტაფაზე ან ლითონის ლანგარზე და წავუკიდოთ ცეცხლი. ცეცხლწაკიდებული კანები ჩავყაროთ ჭიქებში და ზემოდან დავასხათ ქაფქაფა შავი ყავა.  

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ყავა მექსიკურად

Approved by Natia Jinjolava


ცხელი ყავისა და ცივი ნაყინის მექსიკურ ყავაზე უფრო არომატული და გემრიელი კომბინაცია არსად მეგულება. ტეკილასა და კალუას შეხატკბილებულ წყვილს ახალდაფქული ყავის არომატი ნეტარების მწვერვალამდე აყავს, ვანილის ნაყინი კი ცხელი კოქტეილს ნაღების განუმეორებელ სინაზეს აძლევს და ზუსტად საჭირო ტემპერატურამდე დაყავს.

ყავა მექსიკურად
(ჯინა ვებერის რეცეპტი)
1 პორცია
15 მლ ტეკილა, 15 მლ ლიქიორი კალუა, 1 ჭ ცხელი მაგარი ყავა, 50 ან 75 მლ ვანილის ნაღები

ნაყინი გამოვოღოთ მაცივრიდან და ცოტათი შედნობა და დარბილება ვაცალოთ. მერე ყველა ინგრედიენტები ერთმანეთში გადავურიოთ, ჭიქაში ჩავასხათ და დავლიოთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

Cinco de mayo

Approved by Natia Jinjolava


5 მაისს მექსიკაში ყველაზე დიდი ეროვნულ დღესასწაულს - „სინკო დე მაიოს“ (5 მაისი) ანუ 1862 წლის 5 მაისს ქალაქ პუებლოსთან ფრანგულ არმიაზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამერიკის შეერთებული შტატების მექსიკელებით დასახლებულ რეგიონებში  სახალხო სეირნობები, ფესტივალები, დღეასწაულები იმართება და რასაკვირველია, ეს ყველაფერი ვერ ჩაივლის ნაირფეროვანი მექსიკური დეკორაციებისა და მექსიკური სამზარეულოს პოპულარული კერძების გარეშე. ჰოდა, ამ ღირშესანიშნავ თარიღს და მექსიკელი ერის სიხარულს ჩვენს ბლოგზე ერთი დღის დაგვიანებით მექსიკური რეცეპტების გამოქვეყნებით ვუერთდებით. მაშ, ასე:

ბრინჯი მექსიკურად
პოლა დინის რეცეპტით
8-10 პორცია
2 ს/კ კარაქი, 300 გრ გრძელი ბრინჯი, 100 გრ წვრილად დაჭრილი ხახვი, 100 გრ წვრილად დაჭრილი მწვანე ბულგარული წიწაკა, 1 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, 400 მლ წყალი, 400 გრ კანგაცლილი პამიდორი დაჭრილი, მწვანე ცხარე წიწაკა დაჭრილი გემოვნებით, 1 ჩ/კ ცხარე წიწაკა დაფქული, 1 ჩ/კ მარილი, 200 გრ ყველი ჩედერი გახეხილი

დიდი ზომის ტაფაზე გავადნოთ კარაქი საშუალო ცეცხლზე და 1-2 წუთი განმავლობაში მოვხალოთ ბრინჯი. დავუმატოთ ხახვი, ბულგარული წიწაკა და ნიორი და ვთუშოთ, სანამ ბრინჯი მუქ ოქროსფრად არ დაიხრაკება. ვურიოთ ხოლმე. დავუმატოთ პამიდორი, წყალი, წიწაკა, დაფქული წიწაკა და მარილი და წამოვადუღოთ. მერე ჩავუწიოთ ცეცხლი, დავაფაროთ თავსახური და ვხარშოთ 15-17 წუთი. გადავურიოთ გახეხილი ყველი, გადმოვიტანოთ ფაიფურის ჯამში და მივირთვათ ცხლად.

კარტოფილი მექსიკურად
4 პორცია
800 გრ გათლილი და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, 1 ხახვი წვრილად დაჭრილი, 1 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, ½ ჩ/კ  დაფქული პილპილი, ½ ჩ/კ დაფქული პაპრიკა, 1 ჩ/კ დაფქული ძირა, ½ ჩ/კ დაფქული ცხარე წიწაკა, არაჟანი მისატანებლად


კარტოფილი 5 წუთის განმავლობაში ვხარშოთ მარილიან წყალში. სანამ კარტოფილი იხარშება, ტაფაზე ზეთი გავაცხელოთ და ძალიან დაბალ ცეცხზლე ვთუშოთ ხახვი 8 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ ნიორი და სანელებლები და ვთუშოთ კიდევ 2 წუთი. კარტოფილი გადავწუროთ თუშფალანგზე და ჩავყაროთ მოთუშულ ხახვში. ავუწიოთ ცეცხლი და კარგად მოვურიოთ. ვხრაკოთ 10 წუთის განმავლობაში და მერე მივირთვათ არაჟანთან ერთად.

Pastel de Tres Leches - სამი რძის ნამცხვარი
4 მსხვილი კვერცხი, 1 ჭ შაქარი, 85 გრ გამდნარი კარაქი, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 450 მლ რძე, 300 გრ ფქვილი, 1 ჩ/კ სოდა, ¼ ჩ/კ მარილი, 350 მლ უშაქრი შესქელებული რძე, 400 მკ შაქრიანი შესქელებული რძე, 1 ს/კ მუქი რომი, 2 მწიფე მანგო, 3 ს/კ შაქარი, 200 მლ ცხიმიანი ნაღები, დაფქული დარიჩინი

გავახუროთ ღუმელი 175°C-მდე. 20 სმ გვერდების მქონე კვადრატული საცხობი ფორმა დავცხიმოთ მცენარეული ზეთით და ფსკერზე ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.
ბისკვიტისთვის: ფართო ჯამში ვთქვიფოთ კვერცხები და შაქარი დაახლოებით 6 წუთი. წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ გამდნარი კარაქი, ვანილი და ¼ ჭ რძე. ფქვილი, სოდა და მარილი გადავურიოთ ერთმანეთში და ჩავათქვიფოთ ათქვეფილ კვერცხს და კარაქს. ცომი ჩავასხათ ქაღალდჩაფენილ და დაცხიმულ ფორმაში და შევდგათ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით. ნამცხვრის მზაობა შევამოწმოთ ხის ჩხირით, ნამცხვრის შუაგულში ჩარჭობილი ჩხირი სუფთად თუ ამოვიდა, ბისკვიტი მზადაა. ფორმის კიდეებში ბასრი დანა მოვატაროთ და ბისკვიტი გადმოვიღოთ ფორმიდან. გავთქვიფოთ დარჩენილი 2 ჭ რძე, შესქელებული რძეები და რომი 2 ს/კ შაქართან ერთად. ჯერ კიდევ ცხელი ბისკვიტი დავჩხვლიტოთ ჩანგლით და თავზე მოვასხათ ათქვეფილი რძის მიქსტურა - შევეცადოთ რომ რაც შეიძლება კარგად გაიჟღინთოს. ბისკვიტი სითხეს რომ შეიწოვს, გადავაფაროთ რამე და შევდგათ მაცივარი მინიმუმ 1 საათით, ჯობია მთელი ღამით.
ჭამის წინ მანგო გავთალოთ და დავჭრათ კუბიკებად. მანგოს ნახევარი 2 ს/კ შაქართან ერთად დავაბლენდეროთ და პიურედ ვაქციოთ და დაჭრილ მანგოს დავუმატოთ. ნაღები ავთქვიფოთ 1 ს/კ შაქართან ერთად.
ნამცხვარს თავზე გადავუსვათ ათქვეფილი ნაღები, მოვაფრქვიოთ ცოტაოდენი დარიჩინი, დავჭრათ და მივირთვათ მანგოს პიურესთან ერთად.
სხვათა შორის, ამ ნამცხვრის კლასიკურ ვირიანტს მანგოს გარეშე აკეთებენ - ანუ ყველაფერი იგივე, მანგოს პიურეს გარეშე, ხანდახან კი მანგოს ნაცვლად მარწყვით რთავენ.

ფორთოხლის და ყავის ფლანი
6-8 პორცია
85 გრ შაქარი, ფორთოხლის კანის 1 მსხვილი ანათალი, 4 ჩ/კ ხსნადი ყავა, 5 მსხვილი კვერცხი, 400 მლ შესქელებული რძე, 350 მლ რძე, 350 მლ ნაკლებადცხიმიანი ნაღები, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი,  ¼ ჩ/კ დაფქული დარიჩინი, მწიკვი მარილი

სქელძირიანი პატარა ქვაბით საშუალო ცეცხლზე შემოვდგათ შაქარი გასადნობად და ნუ მოვურევთ 10 წუთის განმავლობაში სანამ ქარვასავით მუქი არ გახდება. მერე კარამელში ჩავაგდოთ ფორთოხლის ქერქი და გავაჩეროთ 30 წამი. ქერქი ამოვიღოთ და გადავაგდოთ მზა კარამელი ჩავასხათ 23 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში და გავაჩეროთ 10 წუთი.
მანამდე გავახუროთ ღუმელი 175°C-მდე. ფართო ჯამში ხსნადი ყავა გავხსნათ 1 ს/კ თბილ წყალში. ავთქვიფოთ კვერცხები ყავასთან ერთად. დავუმატოთ შესქელებული რძე, რძე, ნაღები, დარიჩინი, ვანილი და მწიკვი მარილი. ავთქვიფოთ კარგად, გადავწუროთ საცერზე და ისე ჩავასხათ კარამელიან ფორმაში. ფორმას მჭიდროდ გადავაკრათ ალუმინი ფოლგის ნაჭერი და ჩავდგათ უფრო დიდი ზომი საცხობ ფორმაში და ისე შევდგათ ღუმელში. დიდ ფორმაში ჩავასხათ ცხელი წყალი ისე, რომ ფლანიან ფორმას წყალი შუამდე წვდებოდეს (წყალი ფლანში არასდიდებით არ უნდა ჩავიდეს!). ვაცხოთ საათნახევარი ან საათი და 45 წუთი. მზა ფლანი გვერდებში უნდა შეიკრას, ცენტრში თითის დადებაზე კი უნდა თახთახებდეს. გამოვიღოთ ფრთხილად (წყალი რომ არ ჩაგვესხას!), 1 საათის მერე ამოვიღოთ წყლიანი ფორმიდან და თავის ფორმაშივე გავაგრილოთ ოთახი ტემპერატურამდე. მოვხსნათ ფოლგა, გადავაფაროთ ცელოფანი და შევდგათ მაცივარი მინიმუმ 8 საათით. ჭამის წინ გვერდებში ბასრი დანა მოვატაროთ და გადმოვაყირაოთ ლანგარზე. მერე კი გემრიელად მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

Simnel Cake - სააღდგომო ნამცხვარი

Approved by Natia Jinjolava


სააღდგომოდ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში სიმნელის ტორტს ანუ ბრიტანეთისთვის ტრადიციულ ჩირისა და მარციპანის ნამცხვარს აცხობენ და მარციპანის წიწილებით, კვერცხებითა და გაზაფხულის ყვავილებით რთავენ. ზუსტადაა ცნობილი, რომ ტორტს სააღდგომო მარხვის მეოთხე შაბათს აცხობდნენ, სახელი სიმნელი კი საიდან მოდის, დღემდე არავინ უწყის. ასეა თუ ისე, დღეს ამ ნამცხვრის მეტად ელეგანტურ ვარიანტს შემოგთავაზებთ.

ტორტი სიმნელი
4 პორცია
ბისკვიტისთვის: 200 გრ დარბილებული კარაქი, 225 გრ ლერწმის შაქარი, 4კვერცხი, 225 გრ ფქვილი, 50 გრ გაცრილი კაკაო, 100 გრ წვრილად დატეხილი შავი შოკოლადი, 125 გრ კრაჭუნა ალუბალი დაჭრილი, 200 გრ ყვითელი ქიშმიში, 200 გრ ყავისფერი ქიშმიში, 50 გრ ფორთოხლის ცუკატი კუბიკებად დაჭრილი, 75 გრ ნუში დაჭრილი, 75 გრ ბრაზილიური კაკალი დაჭრილი (იყიდება „გუდვილში“ ან ჩაანაცვლეთ ნებისმიერი სხვა კაკლით), 1 ჩ/კ დაფქული სანელებლების ნარევი (დარიჩინი, ილი, მიხაკი, ჯავზის კაკალი)
მოსართავად: 250 გრ ნატურალური ფერის მარციპანი, 3 ს/კ შაქრის პუდრა, ნამცხვრის ყავისფერი საღებავი, ცოცხალი ან დაშაქრული იის ყვავილები

გავახუროთ ღუმელი 160°C–მდე. 20 სმ დიამეტრის მრგვალი ტორტის ფორმა დავცხიმოთ და ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. ჯამში ავთქვიფოთ კარაქი და შაქარი კრემის კონსისტენციამდე. სათითაოდ ჩავათქვიფოთ კვერცხები და ცოტაოდენი ფქვილიც დავუმატოთ. გადავურიოთ დარჩენილი ინგრედიენტებიც და კარგად მოვურიოთ. ცომი ჩავასხათ გამზადებულ ფორმაში და შევდგათ ღუმელში 30 წუთით. მერე ცეცხლი ჩავუწიოთ 130°C–მდე და ვაცხოთ კიდევ საათნახევრის განმავლობაში. ბისკვიტის მზაობა შევამოწმოთ ხის ჩხირით და ცენტრში ჩარჭობილი ჩხირი სუფთად თუ ამოვიდა, გამოვიღოთ ღუმელიდან და 1 საათი ფორმაში დავტოვოთ. მერე გადმოვიღოთ და გავაგრილოთ ბოლომდე. ცოტაოდენი მარციპანი ტორტის მოსართავი ლენტისთვის გადავინახოთ (იხ. სურათზე), დანარჩენი კი სამად გავყოთ და 40–40 სმ სიგრძის ჟგუტებად დავაგოირგოლაოთ. დავწნათ ნაწნავი და ტორსტ ირგვლივ შემოვაკრათ (იხ. სურათი). შაქრის პუდრა ჩანგლით გავქნათ 1–2 ჩ/კ წყალში და ნამცხვარს ზემოდან გადავუსვათ. გადანახული მარციპანი გავაბრტყელოთ და ლენტის ნაკუწის ფორმაზე გამოვჭრათ. მარციპანის ლენტზე ყავისფერი საღებავით დავაწეროთ „სიმნელი“ და შემოვდოთ ტორტზე (იხ. სურათი). მოვრთოთ იის ცოცხალი ან დაშაქრული ყვავილებით და მერე გემრიელად მივირთვათ.
(©delicious. Magazine)

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


იტალიური სააღდგომო ნამცხვარი - გაფრენილი მტრედი

Approved by Natia Jinjolava


გაფრენილი მტრედი - Colomba a lievitazione naturale
(გამოდის 2 ცალი 500 გრამიანი ფუნთუშა)
პირველი ცომითვის: 140  გრ მჟავე ცომი, 140 გრ დარბილებული კარაქი, 120 გრ შაქარი, 200 გრ თბილი რძე, 1კვერცხი, 2 კვერცხის გული, 500 გრ ფქვილი, 50 გრ საფუარი
მეორე ცომისთვის: 25 გრ შაქარის პუდრა, 30 გრ კარაქი, 20 გრ დაჭრილი და მოხალული ნუში, 250 გრ ფორთოხლის კანის ცუკატები კუბიკებად დაჭრილი, 1 კვერცხის გული, 4 გრ მარილი, 1 ვანილის ჩხირი გაჭრილი და თესლგაცლილი, 2 მტრედის გამოსაცხობი ფორმა
სარკალათვის: 75 გრ გაფცქვნილი და დაჭრილი ნუში, 130 გრ შაქარი, 50 გრ კვერცხის ცილა
ზემოდან მოსართავად: 30 გრ გაუფცქვნელი ნუში, 2 ს/კ შაქრის პუდრა, 2ს/კ შაქარი

მჟავე ცომის ფუნთუშების ფორმირების საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი იწყება ასე: 50 გრ მჟავე ცომის, 50 გრ თბილი წყლისა და 100 გრამი ფქვილისგან მოვზილოთ ცომი. დავაგუნდაოთ, გადავაფაროთ ცელოფანი და 3 საათი თბილ ადგილას და 1 საათი ოთახი ტემპერატურაზე გავაჩეროთ. შემდეგ ყოველ 100 გრ ცომზე დავუმატოთ 50 გრ თბილი წყალი და 100 გრ ფქვილი. მოვზილოთ, გავახვიოთ ცელოფანში რაც შეიძლება მჭიდროდ, ჩავტენოთ მომცრო ქვაბში, გადავაფაროთ და მთელი ღამე გავაჩეროთ თბილ ადგილას.
მეორე დილას ცომს დავუმატოთ 50 გრ მჟავე ცომი, 50 გრ თბილი წყალი და 100 გრ ფქვილი. ცომი დავაგუნდაოთ, გადავაფაროთ და გავაჩეროთ 3 საათი თბილ ადგილას და 1 საათი ოთახი ტემპერატურაზე. იგივე პროცედურა გავიმეოროთ კიდევ 2-ჯერ და შევუდგეთ საბოლოო ცომის მომზადებას. ჩვენს მოზელილ ცომს დავუმატოთ პირველი ცომის რეცეპტში დარჩენილი ინგრედიენტები და ხის დაფაზე ვზილოთ კარგახანს, გულდასმით და მონდომებით. რაც უფრო მეტად ვსრისავთ და ვაგორავებთ ცომს, მით უფრო კარგი გამოვა. მოზელილი ცომი მოვათავსოთ ფართო ჯამში, გადავაფაროთ და სითბოში დავდგათ 12/14 საათით. ცომი ზომაში უნდა გაორმაგდეს. ცომი კიდევ ერთხელ გადავზილოთ და მეორე ცომის რეცეპტში ჩამოთვლილი ინგრედიენტები დავუმატოთ. მზა ცომს გადავაფაროთ და 20-30 წუთი გავაჩეროთ. მერე ცომი გავყოთ ორად, მოვათავსოთ ფორმებში, ისე რომ ფორმის ¾ შეავსოს, გადავაფაროთ და თბილ ადგილას 8 სათით დავდგათ. გამოცხობის წინ მოვამზადოთ სარკალა: კვერცხის ცილაში გადავურიოთ დაჭრილი ნუში და შაქარი და ხის კოვზით ნაზად გავქნათ. სარკალა ძალიან სქელი თუ გამოვიდა სულ ცოტა მინერალური წყლით გავაზაოთ და ამოსულ ცომს ზემოდან გადავუსვათ. ბოლოს დაუჭრელი ნუში, შაქარი და შაქრის პუდრა მოვაყაროთ და გამოვაცხოთ 180-190°C-ზე 25-30 წუთის განმავლობაში.

ახლა მთავარი! როგორ მოვამზადოთ მჟავე ცომი:
მჟავე ცომს ერთხელ აკეთებენ და მერე წლები მანძილზე ინახავენ, ყოველი პორციის ამოკლების მერე, ცოტაოდენ ფქვილ და წყალ უმატებენ.
200 გრ ფქვილი, 90 გრ წყალი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და 1 ს/კ ნატურალური თაფლისგან მოზილეთ საკმაოდ მაგარი ცომი, მოათავსეთ პატარა ჯამში, დაახურეთ მყარი თავსახური და გააჩერეთ 48 საათი თბილ ადგილას. ცომი თუ დაიბუშტა ხომ კარგი, თუ არა და 100 გრამ ცომს დაუმატეთ 100 გრ ფქვილი, 45 გრ წყალი, კარგად მოზილეთ, თბილად დააფარეთ და თბილ ადგილას დადგით და კიდევ 48 საათი გააჩერეთ. ცომის მოზადების პროცესის დაწყბიდან 96 საათის შემდეგაც თუ არაფერი შეიცვალა, ცომი უნდა გადააგდოთ და ყველაფერი ახლიდან დაიწყოთ. ცომმა ზრდა თუ დაიწყო, მაშინ შეგიძლიათ იამაყოთ, რომ სიცოცხლეში პირველად თავად გამოიყვანეთ ნატურალური და ცოცხალი საფუარი. მაგრამ პროცესი ჯერაც არაა დასრულებული. საფუარის საბოლოოდ მოსამწიფებლად მომდევნო ერთი ან ორი კვირის განმავლობაში ცომი ყოველდღიურად უნდა „გადაახალისოთ“ ხოლმე. ანუ, ამჟავებულ ცომს გადავაცალოთ თავზე გაკეთებული ქერქი და შევაზილოთ მისი წონის ნახევარი ოდენობის ფქვილი. მიზელილი ცომი დავაბურთაოთ, ზემოდან ჯვარედინად დავსეროთ, თავზე გადავაფაროთ და შევინახოთ. ერთი კვირი თავზე საფუარი მზად იქნება (ცომი 4-ჯერ უნდა გაიზარდოს ზომაში). ასეთი ცომი ყველაზე კარგად თავდახურულ მინის ჭურჭელში ინახება. ცომს თუ ოთახის ტემპერატურაზე შევინახავთ, მისი გადაზელვა ყოველ მეორე დღეს მოგვიწევს, მაცივარში შენახულს კი „გადახალისება“ კვირაში ერთხელ ჭირდება. მაცივრიდან გამოღებული ცომი გადახალისების მერე 4-3 საათი სითბოში გავაჩეროთ და მაცივარში მერე შევდგათ შესანახად.
პურის ცხობისას 1 კგ ფქვილზე 300 გრ მჟავე ცომს იყენებენ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

იტალიური სააღდგომო ნამცხვარი

Approved by Natia Jinjolava


იტალიური სააღდგომო ნამცხვარი
ცომისთვის: 200 გრ ფქვილი, 2 ს/კ შაქარი, 125 გრ კუბიკებად დაჭრილი ჩაცივებული კარაქი, 2 კვერცხი, მწიკვი მარილი, ¼ ჩ/კ სოდა
გულსართისთვის: 425 გრ ყველი რიკოტა (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ხაჭოთი), 200 გრ შაქარი, 1 ს/კ ფქვილი, 1 ს/კ ფორთოხლის გახეხილი ცედრა, 1 ჩ/კ ფორთოხლის ექსტრაქტი ან 2 ს/კ ფორთოხლის ლიქიორი, 4 კვერცხი, 2/3 ჭ წვრილად დატეხილი შოკოლადი; შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად

ცომისათვის ყველა ინგრედიენტი ერთად მოვათავსოთ ბლენდერში ან სამზარეულოს პროცესორში და ვაქციოთ ცომად. ან ცივი ხელებით მოვზილოთ, გავახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 1 საათით.
ჩაცივებული ცომი გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და ამოვაფინოთ 23 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში. გადავაფაროთ ცელოფანი და რამდენიმე წუთით შევდგათ საყინულეში.
გავახუროთ ღუმელი 175°C–მდე. ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ რიკოტა, შაქარი, ფქვილი, ფორთოხლის ცედრა და ექსტრაქტი. ცალკე ჯამშვი ვთქვიფოთ კვერცხები 5 წუთის განმავლობაში, სანამ არ გაღიავდება. დავუმატოთ რიკოტას. რიკოტას და კვერცხის ნარევით ამოვავსოთ ცომამოფენილი საცხობი ფორმა და ზემოდან წვრილად დატეხილი შოკოლადი მოვაყაროთ. შოკოლადის ნატეხებს ფრთხილად დავაწვეთ, ცოტათი რომ ჩაიძიროს. ვაცხოთ 50 წუთის განმავლობაში. ნამცხვარი რომ გამოცხვება, ცეცხლი გამოვრთოთ, ღუმელის კარი გამოვაღოთ და ღუმელშივე გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე. ჭამის წინ მოვაყაროთ შაქრის პუდრა, მერე კი დავჭრათ და გემრიელად მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით თქვენი მერი პოპინსი

სააღდგომო "ყიყლიყო" ესპანეთიდან – ტორიხა

Approved by Natia Jinjolava


ტორიხას, ანუ ჩვენებური ყიყლიყოების და ფრანგული ტოსტების ნათესავი თავის ისტორიას დაახლოებით მეთხუთმეტე საუკუნიდან ითვლის, როცა კათოლიკე ბერები მარხვის დროს უხორცობის კომპენსაციას იაფი, სწრაფი და უგემრიელესი დესერტით, რძიან კვერცხში ამოვლებული და შაქარმოყრილი პურით ცდილობდნენ.

Torrijas al Pedro Ximenez – ტორიხა ღვინით
1 ცალი წინა დღის პური 200 მლ ტკბილი ღვინო (სასურველია „პედრო ხიმენესი“), 1 კვერცხი, 50 მლ extra virgin ზეითუნის ზეთი, შაქარი

პური დავჭრათ თხელ ნაჭრებად. ნაჭრები დავალბოთ (ამოვავლოთ) ღვინოში, ოღონდ ბოლომდე ნუ გავჟღინთავთ. მათლაფაში გავთქვიფოთ კვცერცხი და სამზარეულოს ფუნჯით გადავუსვათ პურს ორივე მხრიდან. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და დავბრაწოთ ღვინოში და კვერცხში ამოვლებული პურის ნაჭრები. ერთი მხრიდან რომ შეოქროსფერდება, გადავატრიალოთ. მზა ტორიხებს მოვაყაროთ შაქარი და მივირთვათ ცხლად.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი