Simnel Cake - სააღდგომო ნამცხვარი

Approved by Natia Jinjolava


სააღდგომოდ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში სიმნელის ტორტს ანუ ბრიტანეთისთვის ტრადიციულ ჩირისა და მარციპანის ნამცხვარს აცხობენ და მარციპანის წიწილებით, კვერცხებითა და გაზაფხულის ყვავილებით რთავენ. ზუსტადაა ცნობილი, რომ ტორტს სააღდგომო მარხვის მეოთხე შაბათს აცხობდნენ, სახელი სიმნელი კი საიდან მოდის, დღემდე არავინ უწყის. ასეა თუ ისე, დღეს ამ ნამცხვრის მეტად ელეგანტურ ვარიანტს შემოგთავაზებთ.

ტორტი სიმნელი
4 პორცია
ბისკვიტისთვის: 200 გრ დარბილებული კარაქი, 225 გრ ლერწმის შაქარი, 4კვერცხი, 225 გრ ფქვილი, 50 გრ გაცრილი კაკაო, 100 გრ წვრილად დატეხილი შავი შოკოლადი, 125 გრ კრაჭუნა ალუბალი დაჭრილი, 200 გრ ყვითელი ქიშმიში, 200 გრ ყავისფერი ქიშმიში, 50 გრ ფორთოხლის ცუკატი კუბიკებად დაჭრილი, 75 გრ ნუში დაჭრილი, 75 გრ ბრაზილიური კაკალი დაჭრილი (იყიდება „გუდვილში“ ან ჩაანაცვლეთ ნებისმიერი სხვა კაკლით), 1 ჩ/კ დაფქული სანელებლების ნარევი (დარიჩინი, ილი, მიხაკი, ჯავზის კაკალი)
მოსართავად: 250 გრ ნატურალური ფერის მარციპანი, 3 ს/კ შაქრის პუდრა, ნამცხვრის ყავისფერი საღებავი, ცოცხალი ან დაშაქრული იის ყვავილები

გავახუროთ ღუმელი 160°C–მდე. 20 სმ დიამეტრის მრგვალი ტორტის ფორმა დავცხიმოთ და ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. ჯამში ავთქვიფოთ კარაქი და შაქარი კრემის კონსისტენციამდე. სათითაოდ ჩავათქვიფოთ კვერცხები და ცოტაოდენი ფქვილიც დავუმატოთ. გადავურიოთ დარჩენილი ინგრედიენტებიც და კარგად მოვურიოთ. ცომი ჩავასხათ გამზადებულ ფორმაში და შევდგათ ღუმელში 30 წუთით. მერე ცეცხლი ჩავუწიოთ 130°C–მდე და ვაცხოთ კიდევ საათნახევრის განმავლობაში. ბისკვიტის მზაობა შევამოწმოთ ხის ჩხირით და ცენტრში ჩარჭობილი ჩხირი სუფთად თუ ამოვიდა, გამოვიღოთ ღუმელიდან და 1 საათი ფორმაში დავტოვოთ. მერე გადმოვიღოთ და გავაგრილოთ ბოლომდე. ცოტაოდენი მარციპანი ტორტის მოსართავი ლენტისთვის გადავინახოთ (იხ. სურათზე), დანარჩენი კი სამად გავყოთ და 40–40 სმ სიგრძის ჟგუტებად დავაგოირგოლაოთ. დავწნათ ნაწნავი და ტორსტ ირგვლივ შემოვაკრათ (იხ. სურათი). შაქრის პუდრა ჩანგლით გავქნათ 1–2 ჩ/კ წყალში და ნამცხვარს ზემოდან გადავუსვათ. გადანახული მარციპანი გავაბრტყელოთ და ლენტის ნაკუწის ფორმაზე გამოვჭრათ. მარციპანის ლენტზე ყავისფერი საღებავით დავაწეროთ „სიმნელი“ და შემოვდოთ ტორტზე (იხ. სურათი). მოვრთოთ იის ცოცხალი ან დაშაქრული ყვავილებით და მერე გემრიელად მივირთვათ.
(©delicious. Magazine)

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


0 კომენტარი.:

Post a Comment