ფეისბუქის მოკრძალებული ხიბლი

Approved by Natia Jinjolava

დღეს სინათლე ჩაქრა. მეგობართან საქმე მქონდა, დავურეკე და მისი ხმა რომ გავიგონე, მეუცნაურა. მერე მივხვდი - რა ხანია, ნაცნობ-მეგობრების უმრავლესობასთან ინტერნეტის საშუალებით ვურთიერთობ: სათქმელი გაქვს? მაილი მისწერე! სალაპარაკო გაქვს? ჩატი ჩართე.. მოკლედ, უშუქობამ კომუნიკაციის ძირითად წყაროს ძალაუნებურად მომწყვიტა და ურთიერთობის მოძველებულ, სამაგიეროდ უფრო ცოცხალ საშუალებას მიმაბრუნა.
არა, ინტერნეტის ფუნქციასა თუ მის ავ-კარგიანობაზე ლაპარაკს ნამდვილად არ ვაპირებ (თუნდაც იმიტომ, რომ ის ჩემთვისაც „მარჯვენა და მარცხენა ხელია“). მე სხვა რამემ დამაფიქრა - რა შეცვალა ე.წ. „სოციალური ქსელების“ გაჩენა-დამკვიდრებამ ჩვენს ცხოვრებაში და როგორ შევიცვალეთ ჩვენ.
უნდა ვთქვა, რომ ასეთი „ქსელების“ უმრავლესობა გამოვცადე, ზოგი მეტად მომეწონა, ზოგი - ნაკლებად, ყველაზე მეტად ფეისბუქს შევეჩვიე, რომელსაც ვიღაცამ (არ ვიცი, ქართულის დიდი სიყვარულით თუ ხუმრობით) „პირწიგნაკი“ შეარქვა და ეს მეტსახელი სხვებმაც აიტაცეს. სხვა ანალოგიური სისტემებიგან განსხვავებით, ფეისბუქი კლუბს მაგონებს, რომელსაც შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად ეწვიო, „სამყაროც დაინახო და საკუთარი თავიც დაანახო“,  ქვეყნის ამბავ-ხაბარი გაიგო (მე, ალბათ ისევე, როგორც ბევრ სხვას, ჟურნალ-გაზეთებსაც მიცვლის და ტელევიზორსაც) და საკუთარიც გააგებინო (მერე რა, რომ სხვებს შეიძლება სულაც არ აინტერესებდეს). მოკლედ, ფეისბუქმა სამზარეულოში „პოსიდელკები“ შეცვალა, როცა იგივე თემებზე და იგივე ემოციებით (ოღონდ მიკრომაშტაბით) ცოცხალი ადამიანები „ვბჭობდით“.
ფეისბუქის პროფილი შენი ის სახეა, რომელიც გინდა სხვებს დაანახო. ანუ გალამაზებულ-გაკეთილშობილებული ნიღაბი, ხშირად რეალობისგან ძალიან შორს მყოფი. ეს საკუთარი კომპლექსებისგან გათავისუფლების ერთგვარი, და ამავე დროს, ახალი კომპლექსების შეძენის უეჭველი საშუალებაა.
ერთი ასეთ ქსელს რაღაცის (საკუთარი სახის, ნააზრევის, ნამუშევრის - ზოგადად, პროდუქტის) რეკლამისა და პოპულარიზაციისთვის იყენებს,
მეორისთვის ის იდეოლოგიის გავრცელების მასობრივი საშუალებაა,
მესამეს ცნობისმოყვარეობა ამოძრავებს,
მეოთხე რეალობაში აუსრულებელ ოცნებას ისრულებს - ვირტუალურ ფერმას (კაფეს, აკვარიუმს, ა.შ) უვლის,
მეხუთე უბრალოდ მოწყენილია და აქ ხმის გამცემი იპოვა..
მეექვსე თანამოაზრეების (უფრო თაყვანისცემლების) შეძენაზე ზრუნავს, მერე „ინტრიგას შემოაგდებს“, მის „კედელზე“ ატეხილი ყაყანით დატკბება და ამით „იქ“ (ანუ რეალურ ცხოვრებაში) არარეალიზებულ ეგოს „აქ“ დაიკმაყოფილებს...
მეშვიდე გამალებით აგროვებს ფრენდებს, ამ მანიას „ადამიანების შეცნობის სურვილით, ფართო ინტერესებით და ყოვლისმომცველი და ყოვლისგამგები მსოფლმხედველობით“ ხსნის, სინამდვილეში კი საკუთარ მარტოობას ახშობს და აჩუმებს...
ბევრი ადამიანი, ვისაც პირადად კარგად ვიცნობ, ფეისბუქში სულ სხვანაირია:
უფრო ლამაზი (შეარჩევ საუკეთესო და მომგებიან ფოტოსურათს, ცოტას „დაამუშავებ“ და..),
უფრო ჭკვიანი და ენამოსწრებული (მერე რა, რომ „იქ“ იმ ორ კინკილა ხუმრობას იმდენჯერ იმეორებ, რომ გარშემომყოფებმა ზეპირად იციან),
უფრო საინტერესო (კომენტარი უმარილო გამოგივიდა? რა პრობლემაა, წაშალე),
უფრო „გახსნილი“ და ლაღი („იქ“ ასეთებს ხალხის ყურადღების ცენტრში მოქცევა უნდათ, მაგრამ ერიდებათ. „აქ“ კი თამამად და თავისუფლად საუბრობენ იმ თემებზე, რომლის ხსენებას  „იქ“ ვერ ბედავენ). მოკლედ „უფრო“...
ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა ჩემეული შეფასება -  ფეისბუქში პიროვნების ასეთ რადიკალურ გარდასახვას „მენტალური სტრიპტიზი“ ვუწოდე, - „მენტალური ეგზიბიციონიზმით“ შემიცვალა.
კიდევ ერთი რამ. ფაქტია, რომ ინტერნეტთან მეგობრობამ მეტყველება შეგვიცვალა. მე არც ლინგვისტი ვარ და არც ენის ფსიქოლოგი, და ამ ფენომენს „დიაგნოზს“ ვერ დავუსვამ. დაბეჯითებით ვერც იმას ვიტყვი, ეს ჩვენი ლექსიკური მარაგის დაბინძურებაა თუ გამდიდრება - ბუნებრივი და ნორმალური მოვლენა, რომელიც დრომ და გარემოებებმა მოიტანა. ერთი ვიცი, რომ ახლა წავალ, ჩემს პროფილში ჩავიხედავ, სხვების ვოლებს დავათვალიერებ, ფრენდებს დავთაგავ, ვიღაცას დავბლოკავ, ერთს დავურექვესტებ, მეორეს დავუკონფირმებ, რაღაცას დავალაიქ-დავაკოპი-გადმოვიპოსტავ და დროც გავა...

კეთილი სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

„ჯინის“ საღამო

Approved by Natia Jinjolava

უუუჰ, კარგი დღე იყო. სასიამოვნო მოვლენებითა და კარგი ამბებით გაჯერებული. მთელი დღე ფუსფუსისგან დაღლილ-დაქანცულმა, როგორც იქნა ტახტზე მოვიკალათე, კომპიუტერი მოვაჩოჩე და საწერად გავემზადე. პირველ რიგში, საშველი დავაყენეთ და ერთი ძალიან ნიჭიერი და თავისი საქმის კარგად მცოდნე მეგობრის დახმარებით ბლოგის იერსახე დავალაგეთ. ახლა, ყველა ღილაკი და სათაური იქაა, სადაც მე მინდოდა. აქამდე გაჯიუტებულ და თავგასულ html-კოდს კეფაზე ხელი წამოვარტყით და თავის ადგილას დავსვით. დავალაგეთ, დავსვით, მოვერიეთ-ს კი გავიძახი ომახიანად, მაგრამ სინამდვილეში, მთელი დღე ზაზა ვამუშავე და მე მხოლოდ მითითებებს ვიძლეოდი: ეს იქ გადასვი, ის დამიპატარავე, აქ ფერი გამოცვალე... ანუ, ორივე სწორედ იმას ვაკეთებდით, რაც ყველაზე კარგად გვეხერხება - ის ბლოგის კოდებს ცვლიდა, მე - ვაკრიტიკებდი. დიდი მადლობა, ზაზა!
და ეს ყველაფერი, დედიკო რუს დაბადების დღის ფონზე. ოუ, რა კარგად გავერთეთ! მშვენიერი საღამო გავატარეთ, ბევრი ვიცინეთ, ცოტა წავუმღერეთ, ბევრ საინტერესო თემაზე ვიქირქილეთ და მსუბუქზე ერთი ბეწოთი მეტად შევზარხოშდით კიდეც. რაც სულ ჩვენი იუბილარის ბრალი იყო. ადგა და დიდი ბოთლი „ჯინი“ მოიტანა. რაც ყველაზე საინტერესო იყო, აღმოჩნდა რომ თავად დედიკო რუს ჩათვლით, ცარიელი „ჯინი“ არავის გვყვარებია, ყბადაღებული „ჯინ-ტონიკი“ კი აბა, ჩვენს კლუბს როგორ შეეფერებოდა და დავტრიალდით. დეიდა პოლმა ყურძენი მოაქროლა, იფიგენიამ ბროწეული დაწურა, მის ენდრიუმ კი ყველას მოგვიჯოკრა და მაცივრიდან ასეთი შემთხვევისთვის საგანგებოდ გაყინული შაშკვლამი დააძრო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ორნაირი არაჩვეულებრივი კოქტეილი დავამზადეთ. მენდეთ, გასინჯვა ნამდვილად ღირს!
ბევრი რომ არ ვიყბედო, მოდით პირდაპირ ვიდეო რეცეპტს შემოგთავაზებთ. ერთადერთი შენიშვნით: „ხმელთაშუა ზღვის მარტინისთვის“ ამ ზამთარში მწვანე თითა ვერ ვიშოვეთ და შავი ყურნით შევცვალეთ. შესაბამისად, სასმელიც მწვანის ნაცვლად, ვარდისფერი გამოვიდა.
ხმელთაშუა ზღვის მარტინი



ჯინი ბროწეულით



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
p.s. წვეულების მასპინძლობას უარყოფით მხარეებთან ერთად (სამზარეულოში დახვავებული დასარეცხი ჭურჭელი და დასალაგებელი სასტუმრო ოთახი), დადებითიც ბევრი აქვს. დღეს, დედიკო რუს გარდა საჩუქრებს მეც ვღებულობდი! ახალნაჩუქარი შოკოლადების, სამკაულების და სამზარეულოს ნივთების გროვას რომ ვუყურებ, ჩემი დაბადების დღე მგონია! მადლობა, ჩემო კარგებო! მართლა შესანიშნავი კლუბი გვაქვს!

ორიგინალური ბიჟუტერია

Approved by Efigenia Doubtfire

მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო,
ერთხელ სტუმრად ვიყავი და ერთი გოგონა გავიცანი, რომელიც ორიგინალური ბიჟუტერიით გამოირჩეოდა. ყურზე ათასგვარი ჭურჭელი ჰქონდა შებმული, ხოლო გულზე კი საათის მექანიზმებისგან შექმნილი კულონი ეკეთა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ლამაზი ნაკეთობები იყო. სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი რომ თქვენთვისაც გამეცნო ამ სამკაულების წარმომავლობა. სავაჭრო ცენტრი "პიქსელი" –ს შენობაში მაღაზია "ნექსტი"–ს პირდაპირ ერთი საკმაოდ ორიგინალური დახლი დგას. ამ დახლზე ნახავთ ორიგინალურ საყურეებს, ბროშებს და ყელსაბამებს. ჩემი ყურადღეების ცენტრში აღმოჩნდა ფაიფურის მინიატურული ჭიქებისგან დამზადებული საყურეები და ფაიფურის სინის ძალიან ლამაზი ბროში. გთხოვთ კარგად დააკვირდეთ ჩემს მიერ დაპოსტილ სურათებს და დატკბეთ ამ სილამაზით. სხვა ნაკეთობები შეგიძლიათ Facebook - ის საშუალებით იხილოთ Accessorise-ს გვერდზე.
სტიმპანკი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრია, რომელიც ბოლო დროს სხვადასხვა საგნების დიზაინში მოდურ მიმართულებად გადაიქცა. სტიმპანკის დამახასიათებელ ელემენტებად შეიძლება ჩაითვალოს მექანიკის პრინციპებზე დაფუძნებული დეტალები, გაკეთებული მოქლონილი მეტალით – სპილენძით, თითბირის ფირფიტებითა და ხით, საათის მექანიზმებითა და ისრებით. ამ სტილს ახასიათებს კოროზიამოდებულ ზედაპირზე გაპრიალებული, ელვარე თვლების ჩასმა და ასიმეტრიულობა, რაც მეტ ეფექტურობას სძენს სამკაულს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ იხილოთ ეს ბლოგი:
იმედი მაქვს ბიჟუტერიის მოყვარულები ძალიან ისიამოვნებენ ამ სამკაულების სამყაროში მოგზაურობით.

კეთილი სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუთფაიერი



ნუშის და შოკოლადის ტორტი დედიკო რუსთვის

Approved by Natia Jinjolava

დედიკო რუს პორტრეტი ტორტზე
ჩვენი კლუბისთვის მნიშვნელოანი დღე მოდის: ხვალ დედიკო რუს დაბადების დღეა. რასაკვირველია, ამ თარიღს უყურადღებოდ ვერ დავტოვებდით და ღონისძიებაც „გამოვაცხვეთ“. ჩვენს კლუბში კი აბა რა ღონისძიება და მით უმეტეს, დაბადების დღე ჩაივლის ტორტის გარეშე.
ჰოდა, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე ნუშის და შოკოლადის ტორტი გამეკეთებინა. ნუშის - ცოტა არაყოველდღიური რომ იყოს და შოკოლადის, დედიკო რუს პატარებმაც რომ სიამოვნებით მიირთვან.

ბისკვიტი: 5 კვერცხი, 4 ს/კ ფქვილი, 7 ს/კ შაქარი, 1 ს/კ კაკაო, 1 ს/კ დაფქული ნუში, სოდა დანის წვერზე, 2 ს/კ მდუღარე წყალი;
კრემი: 1 პაკეტი ვანილის პუდინგი, 500 მლ რძე, 6 ს/კ შაქარი, 40 გ (1 სირჩა) ლიქიორი „ამარეტო“, 200 გ კარაქი;
დასანამად: 200 მლ წყალი, 100 გ შაქარი, 40 გ ლიქიორი „ამარეტო“;
მოსართავად: 1 ფილა შავი შოკოლადი, 50 გ კარაქი და ნამცხვარი „ამარეტინი“.

5 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ ცოტაოდენ მარილთან ერთად, ბეზე კარგად რომ გამაგრდება, თითო-თოთოდ ჩავათქვიფოთ 5 ს/კ შაქარი. ცალკე ჭურჭელში კვერცხის გულებს დავამატოთ 2 ს/კ შაქარი და 2 ს/კ მდუღრე წყალი და სწარაფად ავთქვიფოთ (მდუღარე წყალი ჩაასხით თქვეფის პროცესში, თორემ შეიძლება კვერცხი შეიკრას და მოიხარშოს!). ზომაში 2-3-ჯერ გაზრდილი გულების მასა ჩავათქვიფოთ ბეზეს და თითო-თითო კოვზად ფრთხილად გადავურიოთ ფქვილის, კაკაოს, სოდისა და ნუშის მასა. ჩავასხათ ფორმაში და გამოვაცხოთ. კარგ ღულემში დაბალ ცეცხლზე ტორტის ბისკვიტი დაახლოებით 40-45 წუთში ცხვება.
1 პაკეტ ვანილის პუდინგს დავუმატოთ 6 ს/კ შაქარი და 6 ს/კ რძე და კარგად გავხსნათ. დარჩენილიი რძე ავადუღოთ და ჩავურიოთ პუდინგის მასას. მორევა-მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე, გადმოვდგათ გაზიდან და გავაციოთ. გაციებული ჩავათქვიფოთ ათქვეფილ კარაქში და დავუმატოთ „ამარეტო“.
200გ წყლის და და შაქრისაგან მოვადუღოთ საშუალო სისქის სიროპი. გაციებულს დავუმატოთ „ამარეტო“. ცხელში თუ ჩაამტებთ ლიქიორს, მთელი ალკოჰოლი ამოორთქლდება!
წყლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი და კარაქი.
"ანარეტინები"
ბისკვიტი გავჭრათ სამ ნაწილად. პირველი ფენა დავნამოთ კარგად, წავუსვათ კრემის ერთი მესამედი. კრემზე დავალაგოთ ნამცხვარი „ამარეტინი“. დავადოთ მეორე ფენა და იგივე გავიმეოროთ. თავზე დავახუროთ მესამე ფენა და დავნამოთ. დარჩენილი კრემის ნაწილი წავუსვათ გვერდებზე. სულ ცოტა კრემი მოსართავად შევინახოთ. ტორტს თავზე გამდნარი შოკოლადი წავუსვათ და „ამარეტინებით“ მოვრთოთ.

რამდენიმე რჩევა: „ამარეტინების“ ნაცვლად შეგიძლიათ იხმაროთ დაჭრილი ნუში, მაგრამ ასე ბევრად უფრო პიკანტურია და „ამარეტოს“ შეცვლაც შეიძლება ნუშის ესენციით. ოღონდ, მაშინ რაიმე ნეიტრალურსუნიანი ალკოჰოლი დაგჭირდებათ დამატებით. ან ტორტს ბავშვებისთვის თუ აკეთებთ, ალკოჰოლს საერთოდ ნუ ჩაურევთ.

ისეთი სუნი ასდის, ერთი სული მაქვს, ხვალ როდის დავჭრი!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

"მე პატარა ქართველი ვარ..."

Approved by Natia Jinjolava

ყველა ბავშვი საყვარელია... საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა და არავინ დაობს. ისიც მართალია, რომ ყველა საყვარელია, მაგრამ შენი საკუთარი კიდევ უფრო. მე ბავშვების „ზომიერად“ მოყვარულთა რიცხვს ვეკუთვნი. ანუ, ძალიან მიყვარს, მაგრამ ნებისმიერი ბავშვის დანახვაზე ენამოჩლექილ და ქსუტუნა ექსტაზში არ ვვარდები და შეშინებული ბავშვისკენ  გონდაკარგული ხვევნა-კოცნით დასახრჩობად ზომბივით არ მივიწევ. იმასაც ვაღიარებ, რომ უზნეო ხასიათის და უზნეოდ გაზრდილ-აღზრდილი პატარებიც არსებობენ. ყველაზე ცუდი და უვარგისი ადამიანიც კი ოდესღაც ბავშვი იყო და ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ აუტანელი არ იქნებოდა.
მოდით, შევთანხმდეთ, რომ კარგი ბავშვი ცუდზე ბევრად მეტია და ამიტომ დღეს უზნეო ბავშვებზე არა (ეგ, მშობლების პრობლემაა და იმათმა იმტვრიონ თავი),  უზნეო უფროსებზე ვისაუბრებ. არაფერი ისე არ მეზიზღებოდა ბავშვობაში, როგორც საკოცნელ-სალოღნელად თავს დასხმული უცნობი ადამიანები, სახლში რომ შემოვარდებოდნენ და „რა საყვარელიას“ ძახილით ჩემსკენ მოექანებოდნენ. დამიჯერეთ, ადამიანებთან ურთიერთობა არ მიჭირდა და ძალიან კონტაქტური და მხიარული ბავშვი ვიყავი. და ახლა ვინმემ არ მითხრათ, რომ სახეზე ტონანახევარ კოსმეტიკაწათხაპნილი „დეიდების“, ქუჩიდან შემოსული გაოფლილი „ბიძიების“ და მამის ღვინის სუნით აქოთებული და გაუპარსავი ძმაკაცების კოცნა გსიამოვნებდათ. თუმცა, გემოვნებაზე არ დაობენ... საკუთარი „მწარე“ გამოცდილებიდან გამომდინარე, სტუმრად მისული არცერთ ბავშვს თავს არ ვესხმი, მასპინძლის უკმაყოფილებისდა მიუხედავად, რომ მათ პირმშოს ღირსეული პატივი არ მივაგე და აღფრთოვანებული ყიჟინით მისი „სისაყვარლე“ ვერ შევაფასე, მხოლოდ შორიდან ვუღიმი და თბილად ვესალმები. შედეგად, ცოტა ხანში, ბავშვი ასკვნის, რომ ყველაზე უსაფრთხო ვარ, მოდის და თვითონ მიჯდება კალთაში. მხოლოდ მაშინ ვეფერები, როცა თვითონ მაძლევს ნებას და მხოლოდ მაშინ ვეთამაშები, როცა თვითონ უნდა. მერე, უფროსებს გულწრფელად უკვირთ, ნაცნობ ბავშვებს ყველაზე მეტად მე რატომ ვუყვარვარ... 
არაფერი ისე არ მაცოფებს, როგორც ბავშვების სახელით სპეკულაცია და რჩევები: „გათხოვდი (ცოლი მოიყვანე), ბავშვი მაინც გააჩინე, სიბერეში მოგივლის...“ მგონია, რომ საშობაოდ დასაკლავი გოჭის გაზრდას გვთავაზობენ... თითქოს მრავალშვილიანი ერთი და ორი მშობელი არ მომკვდარიყოს მარტოობაში... „დიშვილებზე და ძმიშვილებზე გადაყოლა კარგია, მაგრამ შენი მაინც სხვაა...“ სანამ ჩემს ორს გავაჩენდი, ძმიშვილები მყავდა და კარგი მამიდა ვიყავი (და დღესაც ვარ), მაგრამ რაღაც არ მახსოვს, განსაკუთრებული თავგანწირვა გამომეჩინოს, ან რაიმე ფარული გამორჩენის მიზნით გადავყოლოდი რომელიმეს. „ნებისმიერს გაყევი ცოლად, ბავშვი მაინც დაგრჩება...“ უკაცრავად და გენეტიკა? თუ ძროხა ვარ და მაკეობის პერიოდმა მომიწია და სულერთია, ბავშვს როგორი მამა და ბებია-ბაბუა ეყოლება? ან მერე აღზრდა, ჩაცმა-დახურვა, განათლების მიცემა და პატრონობა არ უნდა. დიდი ბოდიში, მაგრამ ამ პირველყოფილი ლოგიკის არ მესმის. აღარ ვლაპარაკობ - „მთავარია ბავშვი გააჩინო...“ ჩემმა მეზობელმა სოფლიდან „პატიოსანი“ რძალი ჩამოიყვანა და გონებრივად ჩამორჩენილი შვილისგან ორი ბავშვი გააჩენინა... რძალი გაიზარდა, გაქალაქელდა და სახლიდან გაიქცა, ფსიქიურად ავადმყოფი მამა შვილებს გასაუპატიურებლად გაეკიდა,  ბებია-ბაბუა დაბერდნენ და გიჟს ვეღარ მოერივნენ და  იძულებული გახდნენ შვილიშვილები მამისგან შორს, ერთ-ერთ „პრესტიჟულ“ და კარგპირობებიან ბავშვთა სახლში გაემწესებინათ. მთავარი თუ მხოლოდ შვილის გაჩენაა... მშვენიერი ისტორიაა.
ასევე, მაღიზიანებს დედების ორი კატეგორია:
1. დედები, რომლებიც სტუმრად მოვლენ, შვილს შემოგაჩეჩებენ და მერე ამბავსაც აღარ კითხულობენ. ჩემო კარგებო, მესმის რომ დაიღალეთ, მაგრამ ბავშის მოვლა რომ მომინდა, ჩემი გავაჩინე! და სხვების მოვლას თუ გადავწყვეტ, საბავშვო ბაღში წავალ აღმზრდელად - ფულს მაინც გადამიხდიან! სხვისი შვილისთვის შენიშვნის მიცემას ვერ ვიტან, მაგრამ ძალიან ძნელია უყურო აუღელვებელი დედის თვალწინ ვიღაცის ბავშვი შენს სახლს როგორ ანგრევს: ხალიჩაზე ფორთოხლის წვენს ასხამს, შენს ჩექმას უნიტაზში ტენის და სურათების ალბომს უმოწყალოდ გლეჯს. ეს ნივთები, იცით, რატომ ვიყიდე და სახლში რატომ მოვიტანე? მომწონს და იმიტომ! როგორი ასატანია, უცხო ბავში  შენს კარადაში დაუკითხავად რომ იქექება, შენს ნივთებს იღებს და ბედნიერ დედას უხარია: „შეხედე, რა საყვარელია, როგორი ცნობისმოყვარეა“. ცნობისმოყვარე კი არა, უზრდელია! სხვის კი არა, ოჯახის წევრების უჯრაშიც არ უნდა ჩაიხედოს და დედა იმიტომ გქვია, რომ ასეთი წვრილმანები ასწავლო! „მიეცი მობილური, უბრალოდ სურათებს დაათვალიერებს, მუსიკას მოუსმენს...“ მობილური პირადი ნივთია და შიგნით ჩემი პირადი ინფორმაცია ინახება. ეგებ მე ჩემი ქმარი (ან საყვარელი, ჯონი დეპი, ბრედ პიტი...) ძალიან მიყვარს და მათი შიშველი სურათების თვალიერებით ვტკბები მარტო რომ ვარ, ან ეროტიული ხელოვნების თაყვანისმცემელი ვარ... სხვათა შორის, ეს დიდებსაც გეხებათ, სხვის ცხოვრებაში და ნივთებში ქექვაზე დიდი უწესობა არ არსებობს.
2. დედები, რომლებიც საკუთარი შვილის იქით ვერ იხედებიან და გაუთავებლად მის ქებაში არიან. რაც არ უნდა იდეალური იყოს თქვენი შვილი, სხვას თავისი მაინც უკეთესი ჰგონია, თუ არ ჰგონია, თქვენსაზე მეტად უყვარს და დაანებეთ რა თავი. აგერ, ამდენი ხანია ვწერ და რომელიმე სტატიაში შეგაწუხეთ ვინმე ჩემების ქება-დიდებით? დამიჯერეთ, სხვა ბავშვებზე ნაკლები არაფრით არ არიან. მაინცდამაინც თუ ვერ ითმენთ, ქმარი ან დედამთილი გამოიჭირეთ და მათ გაუზიარეთ თქვენი აღფრთოვანება, სიამოვნებით მოგისმენენ. ახლობელთან სტუმრად მისულს (პირადი ვიზიტით), შვილების ამბავიც მაინტერესებს, მათი წარმატებებთაც გულწრფელად ვხარობ, ტიტინით წაკითხულ ლექსსაც გულაჩუყებული მოვუსმენ, ხმის და სმენის გარეშე ნამღერ სიმღერასაც და ბაჯბაჯა ცეკვასაც სიამოვნებით ვუყურებ (ოღონდ, ზომიერების ფარგლებში). მაგრამ წვეულებაზე ან დაბადების დღეზე, მამა-პაპურ სუფრაზე, სტუმრების ღრიანცელში სკამზე შეყენებული მასპინძლის პირმშოს პოეზიით ან მუზიცირებით ვერანაირად ვერ ვტკბები და არც მაინტერესებს. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სკოლაში კლასის მშობლები მეგობრდებიან და მერე შვილები სხვადასხვა სტუდიებში ერთად შეყავთ. ერთხელ ასეთ „სასტავში“ მოვხვდი დაბადების დღეზე. „აჭარული“ რომ მეათეჯერ ჩართეს და კარგად შეზარხოშებული სიამაყისგან ჭკუადაკარგული ბედნიერი მშობლების მქუხარე აპლოდისმენტების ქვეშ უკვე ქანცგაწყვეტილი ბავშვები კიდევ ერთხელ ჩაამწკრივეს საცეკვაოდ (ბავშვებს გვერდით ოთახში თავისთვის თამაში ერჩიათ), სულ ვერ გავერთე და წამოვედი... ჩემი კლასელის დაბადების დღეზე, გაშლილ მაგიდასთან დედამ სკამი მოაჩოჩა, ზედ „გარშოკი“ შემოდგა და ბავშვი შემოასკუპა. ის-ის იყო სუფრაზე მწვადი შემოიტანეს... თქვენი შვილია და ვალდებული ხართ ჩაბანოთ, მაგრამ ჩემთვის მასაც ისეთივე ფეკალიები აქვს, როგორც ყველა ადამიანს და მარტო იმიტომ რომ ჩვილია, კუჭში შოკოლადს არ გადის. და რაც არ უნდა საყვარელი იყოს ბავშვი, მისი სილამაზე ყნოსვის დაკარგვას არანაირად არ იწვევს.
და ბოლოს, დედების ყველაზე უარესი კატეგორია - ძირს დავარდნილ მატყუარას პირში რომ ივლებენ და მერე ბავშვს უდებენ პირში... არა მარტო კულტურის, ჰიგიენის თვალსაზრისითაც მიწაზე დავარდნილის მიცემა ჯობია. რეალურად, პირში გამოვლება დაფურთხების გაკულტურებული ფორმაა და არსად არაა იმდენი ბაქტერია, რამდენიც ზრდასრული ადამიანის პირის ღრუში.  თანაც, მომკალით და ვერავინ დამაჯერებს - თავის გალოკილს ჩვილს რომ პირში ჩაუდებს, მასეთ ქალს პირად ჰიგიენასთან კარგად აქვს საქმე, ალბათ ვინ იცის და კბილებსაც არ იხეხავს....

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

«У попа была собака, он ее любил...»

Approved by Natia Jinjolava

ყველამ ვიცით, რომ ადამიანის საუკეთესო მეგობარი ძაღლია. ჰოდა, დღეს ამ არსებებზე ვისაუბრებ. სხვათა შორის, ჩემი მეგობარი ადამიანები ხშირად აღნიშნავენ ჩემი ხასიათის თავისებურებას - ითვლება, რომ  ქუჩაში გავლილ-გარბენილ ძაღლებს გულგრილად გვერდს ვერ ვუვლი და, პატარა ბავშვსა და ლეკვს შორის არჩევანს უყოყმანოდ ვაკეთებ: თუ დედიკოების (ახლადგამომცხვარი თუ მრავალშვილიანი) უმრავლესობა მოსაფერებლად ხელს ბავშვს წაატანს, მე სულით და გულით ძაღლისკენ მივიწევ.
ასევე ამბობენ, რომ ძაღლი პატრონს ჰგავს (ხანდახან პირიქით: პატრონი ძაღლს ემსგავსება) - მართალია! ერთ ჩემს მეგობარს კოკერ-სპანიელი ჰყავდა. ძაღლსაც და პატრონსაც ერთნაირად უყვარდათ ტელევიზორის წინ მოთავსებული სავარძელი და იქ ჩაჯდომაც დასწრებაზე იყო. ერთხელ პატრონმა ძაღლის სავარძელში წამოსკუპებისგან გადაჩვევა განიზრახა: შემოსასვლელ კართან ხმაური ატეხა. სპანიელში ცნობისმოყვარეობამ იმძლავრა, ნეტავ ვინ გვესტუმრაო და კარისკენ კუდის ქიცინით გაიქცა. ჩემმა მეგობარმა დაასწრო და სავარძელში მოიკალათა. ძაღლმა, ეგრე არ უნდაო და, რამდენიმე დღის მერე, როცა პატრონი ტელევიზორის წინ განცხრომაში ნებივრობდა, შემოსასვლელ კართან განწირული ყეფა ატეხა. პატრონი კართან მისულიც არ იყო (სადაც, ცხადია, არც არავინ დახვდა), სპანიელი უკვე საყვარელ სავარძელში განისვენებდა. თქვენ თვითონ მიხვდებით, იმ ადგილას ჯდომას ვინ გადაეჩვია.
ძაღლებთან დაკავშირებით უამრავი სტერეოტიპი არსებობს (ხშირ შემთხვევაში, მცდარი): ზოგი ჯიში მეტისმეტად ჭკვიანად ითვლება, ზოგი - მეტისმეტად ავად, სინამდვილეში კი ყველაფერი პატრონზე, აღზრდა-წრთვნაზე და, რაღა თქმა უნდა, ინდივიდზეა დამოკიდებული. აი, მაგალითად, ლაბრადორი ერთ-ერთ ყველაზე გონიერ ძაღლად ითვლება, რომელსაც ძიძის თანდაყოფილი ინსტინქტი აქვს.
ამასთან დაკავშირებით, ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო ისტორია მაგონდება. ჩემი დის სამი თვის ლეკვი ტბაზე წაიყვანეს, პატრონების უამრავი მცდელობის მიუხედავად, წყალში არაფრის დიდებით არ ჩავიდა. მერე საკმაოდ შორს მოცურავე დისშვილი შენიშნა (რომელსაც დახმარება და შველა აშკარად არ სჭირდებოდა) და თავგანწირულმა წყალში ისკუპა. შუა ტბაში ხანგრძლივი ორთაბრძოლის შედეგად, ჩემი დისშვილი წყლიდან მხრებდასისხლიანებული და ბუზღუნ-ბუზღუნით ამოვიდა, ვალმოხდილი „მაშველი“ პირში პატრონის საბანაო კოსტუმის ნაფლეთით ამაყად მოუძღოდა. მეორე „მომვლელი“ ლაბრადორი ჩემი ნაცნობისაა, რომელიც ძაღლს ქალაქგარეთ, ტყე-ღრეში ასეირნებს ხოლმე. ერთ-ერთი საზაფხულო გასეირნებისას პატრონი დაეცა და, როგორც მერე აღმოჩნდა, მყესი გაუწყდა. წევს შუა ბილიკზე გაშხლართული და ფიქრობს, აი, ახლა ჩემი ჭკვიანი ცუგა გაიქცევა, სახლის გზას ადვილად გააგნებს და ოჯახის რომელიმე წევრსაც მომიყვანსო. ძაღლმა გარშემო მხიარულად იხტუნავა, პატრონი მიყნოს-მოყნოსა, იფიქრდა, ამან დასვენება გადაწყვიტა და მეც მეშველაო, და ჩრდილს მიაშურა. გაწვა და მშვიდად დაიძინა. ასე იყვნენ კარგა ხანს: პატრონი - გახვითქული, მზის გულზე, ძაღლი - ნეტარი, ხის ჩეროში.
ინსტინქტებზე ჩემი ნაცნობის დალმატინელი გამახსენდა. ოჯახი მესამე სართულზე ცხოვრობდა და ძაღლის მოყვანის მერე თავ-ბედსაც იწყევლიდა: აივანზე გასულმა ძაღლმა ეზოში კატა დაინახა, ბევრი არ უფიქრია და პირდაპირ გადაეშვა. მაშინ თათი მოიტეხა. მეორედ, მორჩენილმა და გამოჯანმრთელებულმა, ისევ კატის დანახვაზე, საბედისწერო ნახტომი გაიმეორა და თათს ერთი ნეკნი დაამატა. ვეტერინარმა პატრონს ეჭვის თვალით შეხედა, მაგრამ ამჯერად კომენტარისგან თავი შეიკავა. მესამედ დაზარალებული ძაღლი ისევ რომ მიუყვანეს, პატრონს ცხოველის გალახვისთვის პოლიციაში ჩივილით დაემუქრა. პოლიციის შიშით თუ ძაღლის სიყვარულით, ოჯახი ზაფხულში კარ-ფანჯარას ვეღარ აღებდა და თბილისურ სიცხეში გატანჯვის შედეგად, იძულებული გახდა ბინა პირველ სართულზე გადაეცვალა. არადა, ძაღლის საქციელი გასაკვირი არ არის და „მისი თავი“ ამ ჯიშის დანიშნულებაში „მარხია“: ეს სახეობა თავიდან მეხანძრეების დამხმარე ძაღლად გამოიყვანეს და ექსტრემალურ სიტუაციებში მოქმედებას შეჩვეული დალმატინელისთვის სიმაღლიდან ხტომა უჩვეულო სულაც არ არის.
ისევ ძაღლების გონიერებაზე და პატრონების უგუნურებაზე: ამას წინათ ვნახე სცენა, როგორ ასწავლის ჩემი მეზობლის ბიჭი (ზრდასრული) თავის პოინტერს პარკის სკამზე გადახტომას. ჯერ სიტყვიერად აუხსნა, მერე ხელ-ფეხი მოიშველია. ძაღლი რომ ვერ დააინტერესა, სკამს რამდენჯერმე თვითონ გადაახტა. ძაღლმა უყურა, უყურა, მერე იფიქრა: რახან გინდა, რომ მაინცდამაინც მანდ მოვიდე, ჯანდაბას, მოვალ! სკამს მშვიდად შემოუარა და უდრტვინველად წინ დაუჯდა.
ჩვენი მერი პოპინსის დამ სრულიად მოულოდნელად გახდომის საუკეთესო საშუალებას მიაგნო: სამზარეულისთვის გამჭვირვალე ზედაპირიანი მაგიდა შეიძინა. ოჯახის მშვიდი სადილობები მანდ დამთავრდა! ჩანგალმომრჯვებულ მოსადილეებს თეფშის ქვემოდან ფრანგული ბულდოგის ორი დიდი, სევდიანი და უტყვი საყვედურით აღსავსე თვალი უყურებდა... მას მერე ოჯახის წევრები საკუთარ ოთახებში შეკეტილნი იკვებებიან...
ერთი წუთით არ იფიქროთ, რომ იმ ბულდოგს ვინმე აშიმშილებდა, ანდა ეს ჯიში განსაკუთრებულად მსუნაგია. უბრალოდ, ისევე, როგორც ყველა ძაღლი, სხვის ჭამას გულგრილად ვერ უყურებს. ჩემი სერიოზული, კარგად გაწრთვნილი და სპეციალურ სკოლაში „გამოზრდილი“ დობერმანი, შოკოლადის ფოლგის შრაშუნზე ელვის სისწრაფით იღვიძებდა და ბინის ნებისმიერი კუთხიდან „შემთხვევის ადგილას“ მაშინვე ჩნდებოდა.
ძაღლების ერთგულებაზე არ ვლაპარაკობ, ეს ისედაც ყველამ იცის. ზოგს ძაღლი გასართობად და სათამაშოდ უნდა, ზოგს - თავის დასაცავად თუ სხვების შესაშინებლად, ზოგს - თავის მოსაწონებლად და გამოფენებზე სატარებლად, ზოგსაც უბრალოდ აჩუქეს და „შერჩა“.. მე კი ყველაზე მეტად ძაღლის გულწრფელი სიხარული მენატრება, როცა შინ დაბრუნებულს კარებში კუდის ქიცინით შემოგეგებება. და მისთვის სულ ერთია, სახლიდან ხუთი წუთით გახვედი თუ ორი თვე არ ყოფილხარ! მისი სიხარული ყოველთვის ერთნაირია და ყოველთვის ნამდვილი. ჩემს დობერმანს მეტისმეტი ბედნიერებისგან გაუთავებელი ცემინება უტყდებოდა და სახლში შესულს, სრული კომფორტისთვის სწორედ ეს ხმა მაკლია.
ადამიანებო, ნუ ელით და ნუ სთხოვთ ძაღლს იმაზე მეტს, რაც ბუნებამ მოამადლა. ჭკუაც აქვს, გონებაც, ერთგულებითაც ბევრ ადამიანს აჯობებს და მეგობრობაც უანგარო იცის. მაგრამ ძაღლია და ნურც თქვენი ზღვარსგასული სიყვარულით დაახრჩობთ და ნურც აიძულებთ, იმაზე მეტად „გაადამიანდეს“, ვიდრე შეუძლია...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

ღუმელში "გამომცხვარი" ცხელი შოკოლადი

Approved by Natia Jinjolava

ეს კაცი ტყუილად კი არ მიყვარს! ცნობილი კანადელი შეფ-მზარეული და არაერთი კულინარიული წიგნის ავტორი მაიკლ სმიტი მყავს მხედველობაში. ვისაც ცხელი შოკოლადი გიყვართ (და დღევანდელივით ქარიან და ყინვიან ამინდში უკეთესს რას დალევთ), ეს ვარიანტი აშკარად დაგაინტერესებთ. თუმცა, ვისაც დეიდა პოლივით "ხუთწუთიანი" რეცეპტები გიყვართ, თავს ნუ შეიწუხებთ. გაკეთება თუ არა, ლოდინი მაინც დაგეზარებათ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი