18.2.11
"მე პატარა ქართველი ვარ..."
Approved byყველა ბავშვი საყვარელია... საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა და არავინ დაობს. ისიც მართალია, რომ ყველა საყვარელია, მაგრამ შენი საკუთარი კიდევ უფრო. მე ბავშვების „ზომიერად“ მოყვარულთა რიცხვს ვეკუთვნი. ანუ, ძალიან მიყვარს, მაგრამ ნებისმიერი ბავშვის დანახვაზე ენამოჩლექილ და ქსუტუნა ექსტაზში არ ვვარდები და შეშინებული ბავშვისკენ გონდაკარგული ხვევნა-კოცნით დასახრჩობად ზომბივით არ მივიწევ. იმასაც ვაღიარებ, რომ უზნეო ხასიათის და უზნეოდ გაზრდილ-აღზრდილი პატარებიც არსებობენ. ყველაზე ცუდი და უვარგისი ადამიანიც კი ოდესღაც ბავშვი იყო და ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ აუტანელი არ იქნებოდა.
მოდით, შევთანხმდეთ, რომ კარგი ბავშვი ცუდზე ბევრად მეტია და ამიტომ დღეს უზნეო ბავშვებზე არა (ეგ, მშობლების პრობლემაა და იმათმა იმტვრიონ თავი), უზნეო უფროსებზე ვისაუბრებ. არაფერი ისე არ მეზიზღებოდა ბავშვობაში, როგორც საკოცნელ-სალოღნელად თავს დასხმული უცნობი ადამიანები, სახლში რომ შემოვარდებოდნენ და „რა საყვარელიას“ ძახილით ჩემსკენ მოექანებოდნენ. დამიჯერეთ, ადამიანებთან ურთიერთობა არ მიჭირდა და ძალიან კონტაქტური და მხიარული ბავშვი ვიყავი. და ახლა ვინმემ არ მითხრათ, რომ სახეზე ტონანახევარ კოსმეტიკაწათხაპნილი „დეიდების“, ქუჩიდან შემოსული გაოფლილი „ბიძიების“ და მამის ღვინის სუნით აქოთებული და გაუპარსავი ძმაკაცების კოცნა გსიამოვნებდათ. თუმცა, გემოვნებაზე არ დაობენ... საკუთარი „მწარე“ გამოცდილებიდან გამომდინარე, სტუმრად მისული არცერთ ბავშვს თავს არ ვესხმი, მასპინძლის უკმაყოფილებისდა მიუხედავად, რომ მათ პირმშოს ღირსეული პატივი არ მივაგე და აღფრთოვანებული ყიჟინით მისი „სისაყვარლე“ ვერ შევაფასე, მხოლოდ შორიდან ვუღიმი და თბილად ვესალმები. შედეგად, ცოტა ხანში, ბავშვი ასკვნის, რომ ყველაზე უსაფრთხო ვარ, მოდის და თვითონ მიჯდება კალთაში. მხოლოდ მაშინ ვეფერები, როცა თვითონ მაძლევს ნებას და მხოლოდ მაშინ ვეთამაშები, როცა თვითონ უნდა. მერე, უფროსებს გულწრფელად უკვირთ, ნაცნობ ბავშვებს ყველაზე მეტად მე რატომ ვუყვარვარ...
არაფერი ისე არ მაცოფებს, როგორც ბავშვების სახელით სპეკულაცია და რჩევები: „გათხოვდი (ცოლი მოიყვანე), ბავშვი მაინც გააჩინე, სიბერეში მოგივლის...“ მგონია, რომ საშობაოდ დასაკლავი გოჭის გაზრდას გვთავაზობენ... თითქოს მრავალშვილიანი ერთი და ორი მშობელი არ მომკვდარიყოს მარტოობაში... „დიშვილებზე და ძმიშვილებზე გადაყოლა კარგია, მაგრამ შენი მაინც სხვაა...“ სანამ ჩემს ორს გავაჩენდი, ძმიშვილები მყავდა და კარგი მამიდა ვიყავი (და დღესაც ვარ), მაგრამ რაღაც არ მახსოვს, განსაკუთრებული თავგანწირვა გამომეჩინოს, ან რაიმე ფარული გამორჩენის მიზნით გადავყოლოდი რომელიმეს. „ნებისმიერს გაყევი ცოლად, ბავშვი მაინც დაგრჩება...“ უკაცრავად და გენეტიკა? თუ ძროხა ვარ და მაკეობის პერიოდმა მომიწია და სულერთია, ბავშვს როგორი მამა და ბებია-ბაბუა ეყოლება? ან მერე აღზრდა, ჩაცმა-დახურვა, განათლების მიცემა და პატრონობა არ უნდა. დიდი ბოდიში, მაგრამ ამ პირველყოფილი ლოგიკის არ მესმის. აღარ ვლაპარაკობ - „მთავარია ბავშვი გააჩინო...“ ჩემმა მეზობელმა სოფლიდან „პატიოსანი“ რძალი ჩამოიყვანა და გონებრივად ჩამორჩენილი შვილისგან ორი ბავშვი გააჩენინა... რძალი გაიზარდა, გაქალაქელდა და სახლიდან გაიქცა, ფსიქიურად ავადმყოფი მამა შვილებს გასაუპატიურებლად გაეკიდა, ბებია-ბაბუა დაბერდნენ და გიჟს ვეღარ მოერივნენ და იძულებული გახდნენ შვილიშვილები მამისგან შორს, ერთ-ერთ „პრესტიჟულ“ და კარგპირობებიან ბავშვთა სახლში გაემწესებინათ. მთავარი თუ მხოლოდ შვილის გაჩენაა... მშვენიერი ისტორიაა.

ასევე, მაღიზიანებს დედების ორი კატეგორია:
1. დედები, რომლებიც სტუმრად მოვლენ, შვილს შემოგაჩეჩებენ და მერე ამბავსაც აღარ კითხულობენ. ჩემო კარგებო, მესმის რომ დაიღალეთ, მაგრამ ბავშის მოვლა რომ მომინდა, ჩემი გავაჩინე! და სხვების მოვლას თუ გადავწყვეტ, საბავშვო ბაღში წავალ აღმზრდელად - ფულს მაინც გადამიხდიან! სხვისი შვილისთვის შენიშვნის მიცემას ვერ ვიტან, მაგრამ ძალიან ძნელია უყურო აუღელვებელი დედის თვალწინ ვიღაცის ბავშვი შენს სახლს როგორ ანგრევს: ხალიჩაზე ფორთოხლის წვენს ასხამს, შენს ჩექმას უნიტაზში ტენის და სურათების ალბომს უმოწყალოდ გლეჯს. ეს ნივთები, იცით, რატომ ვიყიდე და სახლში რატომ მოვიტანე? მომწონს და იმიტომ! როგორი ასატანია, უცხო ბავში შენს კარადაში დაუკითხავად რომ იქექება, შენს ნივთებს იღებს და ბედნიერ დედას უხარია: „შეხედე, რა საყვარელია, როგორი ცნობისმოყვარეა“. ცნობისმოყვარე კი არა, უზრდელია! სხვის კი არა, ოჯახის წევრების უჯრაშიც არ უნდა ჩაიხედოს და დედა იმიტომ გქვია, რომ ასეთი წვრილმანები ასწავლო! „მიეცი მობილური, უბრალოდ სურათებს დაათვალიერებს, მუსიკას მოუსმენს...“ მობილური პირადი ნივთია და შიგნით ჩემი პირადი ინფორმაცია ინახება. ეგებ მე ჩემი ქმარი (ან საყვარელი, ჯონი დეპი, ბრედ პიტი...) ძალიან მიყვარს და მათი შიშველი სურათების თვალიერებით ვტკბები მარტო რომ ვარ, ან ეროტიული ხელოვნების თაყვანისმცემელი ვარ... სხვათა შორის, ეს დიდებსაც გეხებათ, სხვის ცხოვრებაში და ნივთებში ქექვაზე დიდი უწესობა არ არსებობს.
2. დედები, რომლებიც საკუთარი შვილის იქით ვერ იხედებიან და გაუთავებლად მის ქებაში არიან. რაც არ უნდა იდეალური იყოს თქვენი შვილი, სხვას თავისი მაინც უკეთესი ჰგონია, თუ არ ჰგონია, თქვენსაზე მეტად უყვარს და დაანებეთ რა თავი. აგერ, ამდენი ხანია ვწერ და რომელიმე სტატიაში შეგაწუხეთ ვინმე ჩემების ქება-დიდებით? დამიჯერეთ, სხვა ბავშვებზე ნაკლები არაფრით არ არიან. მაინცდამაინც თუ ვერ ითმენთ, ქმარი ან დედამთილი გამოიჭირეთ და მათ გაუზიარეთ თქვენი აღფრთოვანება, სიამოვნებით მოგისმენენ. ახლობელთან სტუმრად მისულს (პირადი ვიზიტით), შვილების ამბავიც მაინტერესებს, მათი წარმატებებთაც გულწრფელად ვხარობ, ტიტინით წაკითხულ ლექსსაც გულაჩუყებული მოვუსმენ, ხმის და სმენის გარეშე ნამღერ სიმღერასაც და ბაჯბაჯა ცეკვასაც სიამოვნებით ვუყურებ (ოღონდ, ზომიერების ფარგლებში). მაგრამ წვეულებაზე ან დაბადების დღეზე, მამა-პაპურ სუფრაზე, სტუმრების ღრიანცელში სკამზე შეყენებული მასპინძლის პირმშოს პოეზიით ან მუზიცირებით ვერანაირად ვერ ვტკბები და არც მაინტერესებს. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სკოლაში კლასის მშობლები მეგობრდებიან და მერე შვილები სხვადასხვა სტუდიებში ერთად შეყავთ. ერთხელ ასეთ „სასტავში“ მოვხვდი დაბადების დღეზე. „აჭარული“ რომ მეათეჯერ ჩართეს და კარგად შეზარხოშებული სიამაყისგან ჭკუადაკარგული ბედნიერი მშობლების მქუხარე აპლოდისმენტების ქვეშ უკვე ქანცგაწყვეტილი ბავშვები კიდევ ერთხელ ჩაამწკრივეს საცეკვაოდ (ბავშვებს გვერდით ოთახში თავისთვის თამაში ერჩიათ), სულ ვერ გავერთე და წამოვედი... ჩემი კლასელის დაბადების დღეზე, გაშლილ მაგიდასთან დედამ სკამი მოაჩოჩა, ზედ „გარშოკი“ შემოდგა და ბავშვი შემოასკუპა. ის-ის იყო სუფრაზე მწვადი შემოიტანეს... თქვენი შვილია და ვალდებული ხართ ჩაბანოთ, მაგრამ ჩემთვის მასაც ისეთივე ფეკალიები აქვს, როგორც ყველა ადამიანს და მარტო იმიტომ რომ ჩვილია, კუჭში შოკოლადს არ გადის. და რაც არ უნდა საყვარელი იყოს ბავშვი, მისი სილამაზე ყნოსვის დაკარგვას არანაირად არ იწვევს.
და ბოლოს, დედების ყველაზე უარესი კატეგორია - ძირს დავარდნილ მატყუარას პირში რომ ივლებენ და მერე ბავშვს უდებენ პირში... არა მარტო კულტურის, ჰიგიენის თვალსაზრისითაც მიწაზე დავარდნილის მიცემა ჯობია. რეალურად, პირში გამოვლება დაფურთხების გაკულტურებული ფორმაა და არსად არაა იმდენი ბაქტერია, რამდენიც ზრდასრული ადამიანის პირის ღრუში. თანაც, მომკალით და ვერავინ დამაჯერებს - თავის გალოკილს ჩვილს რომ პირში ჩაუდებს, მასეთ ქალს პირად ჰიგიენასთან კარგად აქვს საქმე, ალბათ ვინ იცის და კბილებსაც არ იხეხავს....
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment