10.2.11
ბელგიური შოკოლადი - ქმრებო და შეყვარებულებო, ვალენტინობა მოდის!
Approved byვალენტინობა მოდის და რაც უფრო ახლოვდება სულ უფრო და უფრო მეტს ვფიქრობ ჩემს ქმარზე და შოკოლადზე, რომელსაც უეჭველი მომართმევს. იმიტომ რომ იცის ყველაფერზე მეტად მიყვარს და ნებისმიერ ბრილიანტზე ან ქურქზე მეტად გემრიელი კამფეტები გამახარებს. წელს ბელგიური შოკოლადის გასინჯვა მინდა. ამბობენ, ერთ-ერთი საუკეთესო შოკოლადიაო მსოფლიოში და იმიტომ.
ბელგიური შოკოლადი თურმე ყველა სახის და ფორმის არსებობს. უმაღლესი ხარისხის ტრიუფელები, ფილები და სხვა კამფეტები უმაღლესი ხარისხის პროდუქტისგან კეთდება. და სულ სხვადასხვანაირი შიგთავსი აქვს. ყავა, ლიქიორი, ხილი, თხილი, ნაღები ან კრემი. სპეციალისტები გვაფრთხილებენ ეტიკეტზე ვადა შეამოწმეთო. იმიტომ რომ ზოგიერთი სახეობის შოკოლადი მარტო მაცივარში ინახება. განსაკუთრებით ნაღების კრემიანი.
ბელგიელებს თავიანთი სიამოვნებისთვის ფული არ ენანებათ და მაღალი ხარისხის შოკოლადის გარდა, მათ საყვარელ პრალინესაც განუსაზღვრელი რაოდენობით მიირთმევენ. რომლის გამოგონებაც, სხვათა შორის, მათი დამსახურებაა.
ისე, ისტორიას რომ გადავხედოთ, ბელგიური შოკოლადი საუკუნეებს სრულიადაც არ ითვლის და ფრიად ახალგაზრდაა. ჯერ ესპანეთში, ინგლისსა და საფრანგეთში გავრცელდა და ბელგიაში მხოლოდ მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში შემოვიდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ეს პროდუქტი თავიდან მხოლოდ უფროსებითვის, ძირითადად მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი. მას ომში მიმავალი ჯარისკაცები მიირთმევდნენ. მწარე სასმელის სურნელება ჯარისკაცებს მხნეობას მატებდა და ამით ომში გამბედაობა ემატებოდათ. მერე ესპანელებმა ცხელ შოკოლადს გემოსთვის და არომატისთვის ლერწმის შაქარი და ვანილი დაუმატეს და არც შემცდარან. ეს კომბინაცია განსაკუთრებით ქალებს შეუყვარდათ. მაგრამ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოსთვის ბელგიური და სხვა შოკოლადებიც ისევ უფროსების საყვარელ ტკბილეულად ითვლებოდა. კიდევ კარგი ჩემი შვილი მაშინ არ დაიბადა, თორემ როგორ დაიჩაგრებოდა?! მას წამლად იყენებდნენ და წამლის ფასიც ქონდა. და ზუსტად ხველების წამლის გამოგონებისას შემთხვევით შექმნეს შოკოლადის პირველი კამფეტი. და რაღა გასაკვირია, რომ ბელგიაში შოკოლადის მწარმოებლები ფარმაცევტები იყვნენ. 1850 წლიდან ქვეყანაში "შოკოლადისტების“ კლანები გაჩნდა, სადაც სიამოვნებით ჩავეწერები. 1890 წლიდან კი ბელგიური შოკოლადის პირველი სარეკლამო ბუმი გაჩაღდა და დღემდე არ ცხრება.
რა ჩვენი ბრალია, გემრიელია და რა ვქნათ?
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მისის პოტსი
P.S. ახლა თავს იმაზე ვიმტვრევ, ეს სტატია ჩემს ქმარს როგორ შევაჩეჩო წასაკითხად J
0 კომენტარი.:
Post a Comment