4.2.11
ამაყი ტოსკანელების კროსტატა ატმით და ნუშით
Approved byარ ვიცი, კროსტატას ნაირსახეობები რამდენ ასეულს ითვლის (ეჭვი მეპარება, თვითონ იტალიელებმა იცოდნენ) და ძირითადად სხვადასხვა ხილით ან ჯემით მზადდება. თუმცა გულსართის შერჩევა მზარეულის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მოკლედ, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ნამცხვარია. სამაგიეროდ, როგორ მელოდიურად ჟღერს: კროსტატა!!!
ჩვენს დღევანდელ კროსტატას ოფიციალურად „Crostata di pesche agli amaretti“ ჰქვია, ანუ მარტივად თუ ვიტყვით - ნამცხვარი ატმით და ნუშით. ვიცი, ვიცი, ატმის დამწიფებამდე კი არა, ყვავილობამდეც დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ რა ვქნა, გული მზისკენ და ზაფხულისკენ მიმიწევს. თანაც შეგიძლიათ საკუჭნაოში შარშანდელი ან კიდევ უფრო ძველი და მივიწყებული ატმის მურაბის ან კომპოტის ქილა მოძებნოთ, მტვერი გადაწმინდოთ და საქმეს შეუდგეთ. არც დიდი ჯაფა მოგიწევთ და ბევრ დროსაც არ დახარჯავთ, სამაგიეროდ, ეს კროსტატა გემრიელიცაა, გარეგნულადაც ლამაზი და სუფრაზე ზაფხულის მონატრებულ ფერებს შემოგიტანთ.
მაშ ასე, ცომის ინგრედიენტები: 100გ კარაქი, 200გ ფქვილი, 90გ შაქარი, 3 კვერცხის გული, 1 ლიმონის ცედრა, მარილი.
გულსართის ინგრედიენტები: 50გ შაქარი, 50გ კარაქი, 50გ ნუში, 50გ ნუშის მშრალი ნამცხვარი „ამარეტი“ (ეს უცხო სახელი ნუ დაგაბრკოლებთ, მისი მოძებნა ჩვენს მაღაზიებში არ გაგიჭირდებათ. თუ არადა, შეგიძლიათ სხვა მშრალი ნამცხვით თამამად ჩაანაცვლოთ. იმედია, ტოსკანელები არ გაგვინაწყენდებიან), 5-6 ატამი ან ნექტარინი, 2ჩკ წვრილად დაჭრილი ნუში, 1 კვერცხის გული, შაქრის პუდრი.
კარაქი, ფქვილი, ერთი მწიკვი მარილი, კვერცხის გული და ლიმონის ცედრა ერთმანეთში ავურიოთ, ცომი მოვზილოთ, 1-2 საათით მაცივარში შევინახოთ და ამასობაში გულსართის მომზადებას შევუდგეთ.
ნუში დავფქვათ, თანმიმდევრობით შევურიოთ შაქარი, კარაქი, კვერცხის გული და სულ ბოლოს დაფშვნილი „ამარეტი“. ეს ყველაფერი კარგად გადავურიოთ (შეგიძლიათ ყველა პროცედურა ბლენდერის მეშვეობით განახორციელოთ) და მაცივარში შევინახოთ.
ატმებს მდუღარე წყლით სავსე ქვაბში რამდენიმე წამით ჩავუძახოთ (ყურადღება: მურაბის ან კომპოტის ატმებს ეს არ ეხებათ!), კურკები ამოვაცალოთ, დავჭრათ, ზედ 2სკ შაქარი მოვაყაროთ და ცოტა ხნით შევეშვათ. ტოსკანელებმა არ გამიგონ და, მე ცოტა რომიც არ დავიშურე (ვფიქრობ, რომ რომის მაგივრად, საქმეს ერთი მწიკვი დარიჩინიც არ გააფუჭებდა).
ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში მოვათავსოთ ცომი (ისე, რომ ჭურჭლის ფორმა მიიღოს), ზემოდან მოვათავსოთ ჯერ გულსართი, მერე ატამი და სილამაზისთვის დაჭრილი ნუში მოვაყაროთ (თუმცა ეს სურვილზეა დამოკიდებული).
ცხობის ტემპერატურა 180 გრადუსია, დრო - 30 წთ. როცა ცომი ოქროსფერი გახდება, ესე იგი, ჩვენი კროსტატა მზადაა. გავაგრილოთ, მოვაყაროთ შაქრის პუდრი, ჩაი დავისხათ და წარმოვიდგინოთ, რომ გარეთ სულ არ ცივა და საერთოდ, მალე გაზაფხული მოვა!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
0 კომენტარი.:
Post a Comment