20.2.11
„ჯინის“ საღამო
Approved byუუუჰ, კარგი დღე იყო. სასიამოვნო მოვლენებითა და კარგი ამბებით გაჯერებული. მთელი დღე ფუსფუსისგან დაღლილ-დაქანცულმა, როგორც იქნა ტახტზე მოვიკალათე, კომპიუტერი მოვაჩოჩე და საწერად გავემზადე. პირველ რიგში, საშველი დავაყენეთ და ერთი ძალიან ნიჭიერი და თავისი საქმის კარგად მცოდნე მეგობრის დახმარებით ბლოგის იერსახე დავალაგეთ. ახლა, ყველა ღილაკი და სათაური იქაა, სადაც მე მინდოდა. აქამდე გაჯიუტებულ და თავგასულ html-კოდს კეფაზე ხელი წამოვარტყით და თავის ადგილას დავსვით. დავალაგეთ, დავსვით, მოვერიეთ-ს კი გავიძახი ომახიანად, მაგრამ სინამდვილეში, მთელი დღე ზაზა ვამუშავე და მე მხოლოდ მითითებებს ვიძლეოდი: ეს იქ გადასვი, ის დამიპატარავე, აქ ფერი გამოცვალე... ანუ, ორივე სწორედ იმას ვაკეთებდით, რაც ყველაზე კარგად გვეხერხება - ის ბლოგის კოდებს ცვლიდა, მე - ვაკრიტიკებდი. დიდი მადლობა, ზაზა!
და ეს ყველაფერი, დედიკო რუს დაბადების დღის ფონზე. ოუ, რა კარგად გავერთეთ! მშვენიერი საღამო გავატარეთ, ბევრი ვიცინეთ, ცოტა წავუმღერეთ, ბევრ საინტერესო თემაზე ვიქირქილეთ და მსუბუქზე ერთი ბეწოთი მეტად შევზარხოშდით კიდეც. რაც სულ ჩვენი იუბილარის ბრალი იყო. ადგა და დიდი ბოთლი „ჯინი“ მოიტანა. რაც ყველაზე საინტერესო იყო, აღმოჩნდა რომ თავად დედიკო რუს ჩათვლით, ცარიელი „ჯინი“ არავის გვყვარებია, ყბადაღებული „ჯინ-ტონიკი“ კი აბა, ჩვენს კლუბს როგორ შეეფერებოდა და დავტრიალდით. დეიდა პოლმა ყურძენი მოაქროლა, იფიგენიამ ბროწეული დაწურა, მის ენდრიუმ კი ყველას მოგვიჯოკრა და მაცივრიდან ასეთი შემთხვევისთვის საგანგებოდ გაყინული შაშკვლამი დააძრო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ორნაირი არაჩვეულებრივი კოქტეილი დავამზადეთ. მენდეთ, გასინჯვა ნამდვილად ღირს!
ბევრი რომ არ ვიყბედო, მოდით პირდაპირ ვიდეო რეცეპტს შემოგთავაზებთ. ერთადერთი შენიშვნით: „ხმელთაშუა ზღვის მარტინისთვის“ ამ ზამთარში მწვანე თითა ვერ ვიშოვეთ და შავი ყურნით შევცვალეთ. შესაბამისად, სასმელიც მწვანის ნაცვლად, ვარდისფერი გამოვიდა.
ხმელთაშუა ზღვის მარტინი
ჯინი ბროწეულით
p.s. წვეულების მასპინძლობას უარყოფით მხარეებთან ერთად (სამზარეულოში დახვავებული დასარეცხი ჭურჭელი და დასალაგებელი სასტუმრო ოთახი), დადებითიც ბევრი აქვს. დღეს, დედიკო რუს გარდა საჩუქრებს მეც ვღებულობდი! ახალნაჩუქარი შოკოლადების, სამკაულების და სამზარეულოს ნივთების გროვას რომ ვუყურებ, ჩემი დაბადების დღე მგონია! მადლობა, ჩემო კარგებო! მართლა შესანიშნავი კლუბი გვაქვს!
0 კომენტარი.:
Post a Comment