ჯულია ჩაილდი 100 წლისაა

Approved by Natia Jinjolava


15 აგვისტოს სახელგანთქმულ ამერიკელ კულინარიული წიგნების ავტორს და ფრანგული სამზარეულოს სპეციალისტს, ჯულია ჩაილდს 100 წელი შეუსრულდა. ჩვენ კი, რომ არა ჰოლივუდური ფილმი „ჯული და ჯულია“ ქალის, რომლის კულინარიულ წიგნებზე და სატელევიზიო შოუებზე ამერიკელ გურმანთა მთელი თაობები აღიზარდა, არსებობაც არ გვეცოდინებოდა (გატრომოყვარულთა და სპეციალისტთა მცირე წრეს არ ვგულისხმობ).
მიუხედავად იმისა, რომ ჯულია ჩაილდს ძალიან ბევრი მეტად საინტერესო და კარგი რეცეპტი აქვს, მის ყველაზე პოპულარულ კერძად მაინც ლეგენდარული საქონლის ხორცი ბურგუნდიულად რჩება და მეც გადავწყვიტე დღეს ამ უძველესი ფრანგული კერძის ჯულიასეული რეცეპტი შემოგთავაზოთ მისი წიგნიდან Mastering the Art of French Cooking. რომლის გაკეთებაც, მიუხედავად გავრცელებული აზრისა, ძალიან ძალიან ადვილია და ბევრ შრომასაც არ მოითხოვს. უბრაოდ, ძალიან დიდი ხანი მზადდება და თან კარგი და ხარისხიანი ღვინო და ხორცი უნდა.
მაშ, ასე:

„Boeuf Bourguignonne
Boeuf à la Bourguignonne
(საქონლის ხორცის სოუზი წითელ ღვინოში, ბეკონით, ხახვითა და სოკოთი)

რაც შეეხება ყველაზე პოპულარულ კერძებს, კარგი „ბიფ-ბურგუნიონის“ მომზადების არაერთი გზა არსებობს. რუდუნებით მომზადებული და კარგად შესუნელებული, მართლაც უგემრიელესი კერძია, რაც კი ადამიანს შეუქმნია და შესანიშნავად გამოდგება წვეულების ძირითად კერძად. საბედნიეროდ, მისი მომზადება მთელი ერთი დღით ადრე, წინასწარ შეგიძლიათ - გაცხელების მერე კიდევ უფრო გემრიელი ხდება.

რჩევები ღვინოსთან და ბოსტნეულთან დაკავშირებით
ამ კერძს ტრადიციულად მოხარშულ კარტოფილთან ერთად მიირთმევენ. კარაქმოსხმული ატრია ან ორთქლზე მოხარშული ბრინჯიც მისაღებია. მწვანე ბოსტნეულს თუ ამჯობინებთ, ყველას კარაქში მოხრაკული მწვანე ბარდა აჯობებს. მაგიდასთან კარგად დაღვინებულ ახალგაზრდა წითელ ღვინოსთან ერთად გაიტანეთ. მაგალითად: Beaujolais, Côte du Rhône, Bordeaux-St. Èmilion ან Burgundy.

6 ადამიანისათვის: 6 უნციიანი (170 გრ) ბეკონის ნაჭერი, 9-10 ინჩიანი (22-25სმ) და 3 ინჩის (7,5სმ) სიღრმის სახელურიანი ცეცხლგამძლე ქვაბი, 1 ს/კ ზეთი ან შესაწვავი ზეთი, 1 ქაფქირი, 3 გირვანქა (1,350 კგ) მჭლე ხორცი 2 ინჩიან (5სმ) კუბიკებად დაჭრილი;
 1 დაჭრილი სტაფილო, 1 დაჭრილი ხახვი;
1ჩ/კ მარილი, ¼ ჩ/კ დაფქული პილპილი, 2ს/კ ფქვილი;
3 ჭ კარგად დაღვინებული წითელი ღვინო ზემოთ ჩამონათვალიდან ან Chianti, 2-3 ჭ მუქი ფერის ხორცის ბულიონი ან ბულიონი თუნუქის კონერვიდან, 1 ს/კ ტომატ-პასტა, 2 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, ½ ჩ/კ ქონდარა (Thyme), დაფშვნილი დაფნის ფოთოლი, დამდუღრული ბეკონის ტყავი;
18-დან 24 ცალამდე ბულიონში ყავისფრად მოთუშული პატარა თეთრი ხახვები, 1 გირვანქა (450გრ) ოთხად გაჭრილი და კარაქში მოთუშული სოკო;
ბეკონს ავათალოთ ტყავი და დავჭრათ ლარდონებად (1/4 ინჩი (5მმ) სიგანისა და 1 ½ (3სმ) ინჩი სიგრძის ჩხირებად). 1 ½ კვარტა (2 ლ) წყალში ვხაროთ ბეკონის ლარდონები და ტყავი 10 წუთის განმავლობაში. ამოვიღოთ და შევაშროთ.
გავახუროთ ღუმელი 450°F-მდე (230°C).
ზეთში მოვთუშოთ ბეკონი 2-3 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე სანამ მსუბუქად არ შეოქროსფერდება. ქაფქირით გადმოვიღოთ ცალკე თეფშზე. ქვაბი გვერდზე გადავდგათ. ხორცის მოთუშვის წინ ბეკონის შენაწვავი ცხიმი გავაცხელოთ ისე, რომ ბოლი აუვიდეს.
ხორცი ქაღალდის ხელახოცით გავამშრალოთ, ნამიანი არ დაიბრაწება; მოვთუშოთ რამდენიმე-რამდენიმე ნაჭრად სანამ ყველა მხრიდან ყავისფრად არ დაიბრაწება. ხორციც ბეკონთან ერთად მოვათავსოთ. შენაწვავ ცხიმში მოვთუშოთ ბოსტნეულიც. მონაბრაწი ცხიმი გადავწუროთ და გადავასხათ.
ქვაბში ჩავაბრუნოთ ხორცი და ბეკონი და შევკმაზოთ მარილით და პილპილით. მერე მოვაფრქვიოთ ფქვილი და მოვურიოთ ისე, რომ ხორცი კარგად ამოიგანგლოს ფქვილში. თავმოხდილი ქვაბი 4 წუთით შევდგათ გახურებული ღუმელის შუა თაროზე. მოვურიოთ ხორცს და კიდევ 4 წუთით შევაბრუნოთ ღუმელში (ასე ფქვილი მოიხალება და ხორცი უფრო მეტად კრაწუნა გახდება). ქვაბი გამოვიღოთ და ღუმელის ტემპერატურას 325 გრადუსამდე (160°C) დავუწიოთ.
დავასხათ იმდენი ღვინო და ხორცის ნახარში ან ბულიონი, რომ ხორცი დაიფაროს. დავუმატოთ ტომატ-პასტა, ნიორი, ქონდარა, დაფნის ფოთოლი და ბეკონის ტყავი. წამოვადუღოთ გაზზე. ქვაბს თავსახური დავაფაროთ და შევდგათ გახურებულ ღუმელში. ღუმელის ტემპერატურა ისე დაარეგულირეთ, რომ 3-4 საათის განმავლობაში  ნელა თუხღუხებდეს. ხორცი მზად იქნება, ჩანგალი რომ დაშლის ადვილად.
სანამ ხორცი ითუშება მოვამზადოთ ხახვი და სოკო და გადავდოთ გვერდზე.
ხორცი რომ დარბილდება, ქვაბის შიგთავსი მეორე ქვაბზე შემოდებულ თუშფალანგზე გადმოვწუროთ. ქვაბი გავრეცხოთ და ბეკონი და ხორცი უკან დავაბრუნოთ. ხორცს თავზე მოთუშული ხახვი და სოკო მოვაყაროთ.
გადაწურულ სოუსს თავზე ცხიმი მოვხადოთ და ვადუღოთ 1-2 წუთი. საჭიროების შემთხვევაში ცხიმი ისევ მოვხადოთ. დაახლოებით 2 ½ ჭ ისეთი სისქის სოუსი უნდა მიიღოთ, ამოვლებულ კოვზზე თხელ ფენად რომ რჩებოდეს. ძალიან თხელი თუ გამოვიდა, ცეცხზე სწრაფად წამოადუღეთ. ძალიან თუ შეგისქელდათ ორიოდე ს/კ ბულიონი ან ხორცის ნახარში დაუმატეთ. ყურადღებით გასინჯეთ, მარილი ან პილპილი ხომ არ აკლია. სოუსი მოასხით ხორცს და ბოსტნეულს.
წინდაწინ მომზადების შემთხევაში, რეცეპტი აქ სრულდება.
თუკი დაუყოვნებლივ მიირთმევთ: ქვაბს თავი დაახურეთ და 2-3 წუთი ადუღეთ, თან ბოსტნეული და ხორცი რამდენჯერმე გადაურიეთ ერთმანეთში. სუფრასთან ქვაბშივე გაიტანეთ, ან გადაიტანეთ ლანგარზე და ირგვლივ მოხარშული კარტოფილი, ატრია ან ბრინჯი შემოუწყვეთ და მორთეთ ოხრახუშის ფოთლებით.
სამომავლოდ მომზადების შემთხვევაში: რომ გაგრილდება, თავი დაახურეთ და მაცივარში შედგით. ჭამამდე 15-20 წუთით ადრე წამოადუღეთ, თავსახური დააფარეთ და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი, შიგადაშიგ ბოსტნეული და ხორცი სოუსში ამოურიეთ.

Oignons Glacés à Brun
(ყავისფრად მოთუშული ხახვი)
ყავისფრად მოთუშულ ხავებს იყენებენ როცა ყავისფერი ეფექტის მიღწევა სურთ, მაგალითად ისეთ ყავისფერ სოუზებში, როგორიცაა „ბიფ-ბურგუნიონი“ და „კოკ-ო-ვენი“, ან სხვა ბოსტნეულში შესარევად.

დაახლოებით 1 ინჩი (2,5სმ) დიამეტრის თეთრი ხახვისათვის: 1 ½ /კ კარაქი, 1 ½ ს/კ ზეთი, 9-10 ინჩიანი (22-25სმ) ემალირებული ქვაბი;
½ ჭ ყავისფერი ბულიონი, ბულიონის კონსერვი, მშრალი თეთრი ღვინო, წითელი ღვინო ან წყალი, მარილი და პილპილი გემოვნებით, საშუალო ზომის მწვანილების ნაკრები: მარლაში გამოკრული 4 ტოტი ოხრახუში, ½ დაფნი ფოთოლი და ¼ ჩ/კ ქონდარა;
ქვაბში ზეთი და კარაქი რომ ათუხთუხდება ჩაყარეთ ხახვი და თუშეთ დაახლოებით 10 წუთი საშუალო ცეცხლზე. ხახვები აგორავეთ და შეეცადეთ რომ მაქიმალურად დაბრაწოთ ყველა მხრიდან. შეეცადეთ კანი არ დაუზიანოთ. კანის გარეშე მათ გაყავისფრებაზე არც კი იოცნებოთ.
შემდეგ მოთუშეთ შემდეგნაირად: დაასხით სითხე, ჩააგდეთ მწვანილების ნაკრები და შეკმაზეთ გემოვნებით. დაახურეთ თავსახური და თუშეთ 40-50 წუთის განმავლობაში, სანამ ხახვი ბოლომდე არ დარბილდება, მაგრამ ფორმა არ უნდა დაკარგოს. თუ ამოორთქლდება, სითხე ჩაუმატეთ. ბოლოს ამოიღეთ მწვანილები.

Champignons sautés au beurre
(სოკო კარაქში)
სოკო ცალკეც გამოიყენეთ და სხვა ბოსტნეულებთან ერთადაც. ან ისეთ კომბინირებულ კერძების ნაწილად, როგორიცაა „კოკ-ო-ვენი“, „ბიფ-ბურგუნიონი“, და „პულე ე კოკოტი“. წესის და რიგის მიხედვით მოთუშული სოკო ღია ყავისფერია და მზადების პროცესში თავის წვენს არ კარგავს; მსგავსი შედეგი მისაღწევად სოკო უნდა იყოს მშრალი, კარაქი ძალიან ცხელი და ტაფაზე ბევრ სოკოს ნუ დაახვავებთ. ერთდროულად ბევრ სოკოს თუ მოთუშავთ, სოკო შეწვის ნაცვლად მოიხარშება; წვენი გამოუვა და აღარ დაიბრაწება. ასე, რომ დიდი ოდენობის სოკოს თუ თუშავთ, ან გაზი გაქვთ სუსტი, სოკო პორცია-პორციად მოთუშეთ.

10 ინჩიანი (25სმ) ემალირებული ქვაბი, 2 ს/კ კარაქი, 1 ს/კ ზეთი, ½ გორვანქა (450 გრ) სოკო გარეცხილი და გამშრალი, პატარები მთელ-მთელად, დიდები შუაზე ან ოთხად გაჭრილი;
დამატებით: 1 ან 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ხახვი შალოტი ან მწვანე ხახვი.
ქვაბი შემოვდგათ ცეცხლზე და გავაცხელოთ კარაქი და ზეთი. როგორც კი ცხიმი აბოლდება, რაც იმის ნიშანია რომ კარგად გაცხელდა, ჩაყარეთ სოკო. 4-5 წუთის განმავლობაში ურიეთ. მოთუშვის პროცესში სოკო ცხიმს შეიწოვს. 2-3 წუთის მერე ზეთი სოკოს ზედაპირზე გამოვა და სოკო დაიბრაწვას დაიწყებს. როგორც კი შეოქროსფერდება გადმოდგით ცეცხლიდან.
გადაურიეთ ხახვი ან მწვანე ხახვი სოკოში და საშუალო ცეცხლზე თუშეთ კიდევ 2 წუთი.
მოთუშული სოკო შეგიძიათ წინდაწინ მოამზადოთ. შეინახეთ და შეათბეთ როცა დაგჭირდებათ. მარილი და პილპილი ჭამის წინ მოაყარეთ“.
(ჯულია ჩაილდი „Mastering the Art of French Cooking“)

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

თვალსასეირო და გულგასახარი ადგილები, რომელებიც მალე შეიძლება ვეღარ ვნახოთ?!

Approved by Natia Jinjolava



მას შემდეგ რაც ჯორდანო ბრუნომ გვამცნო, რომ დედამიწა დრო ჟამის ბორბალივით ბრუნავს, ალბათ აღარაფერია გასაკვირი იმაში რომ ყველაფერი იცვლება - ზოგი რამ იკარგება და ზოგი კი ჩნდება. რას ვიზამთ, პროგრესი პროგრესია და რაღაცის შენება ყოველთვის იწვევს რაღაცის ნგრევას. და, რასაკვირველია, ყველა ადამიანს აქვს იმ ოცნების თუ ტკბილი მოგონებების ადგილების მოკლე თუ გრძელი სია, რომელიც ოდესმე/იდეაში/სიბერემდე აუცილებლად უნდა მოინახულოს. ამიტომ, მსგავი რეალობიდან თუ ლოგიკიდან გამომდინარე, სადმე წასვლა და რაიმე კონკრეტულის ხილვა თუ გსურთ - ნუ გადადებთ, იჩქარეთ, თორემ რა იცით, რა მოხდება.
მაგალითად, მე ბავშვობიდან „მაშინებდნენ“ რომ ვენეცია იძირება, სკოლაში შევიტყვე, რომ ჩილეს მყინვარი დნება, პიზის კოშკის დაცემის მოლოდითნ ერთად კი მგონი საერთოდ დავიბადე... ვენეციაც უდრტვინველად ტივტივებს, მყინვარიც ჯერ კიდევ ყინავს და პიზის კოშკიც, დახრილად, მაგრამ მაინც უწინდებურად მყარად დგას. ამას წინათ, სადღაც ისიც კი წავიკითხე, რომ შვეიცარიის ალპებშიც დათბა და ზაფხულში (დიახ, ზაფხულში) ჩასულ ტურისტებს თოვლის საძებნელად მთებში სულ უფრო და უფრო შორს სიარული უწევთ. აღარ ვლაპარაკობ მადაგაკარის ბინადრებსა (რომლებიც ისე ქრებიან, რომ მათ აღწერასა და წითელ წიგნში შეტანასაც ვერ აწრებენ) და პერუში კატასტროფულ მინიმუმამდე დაყვანილ წითელი ხის მარაგზე.
ამჯერად ბრიტანელმა მეცნიერებმა შემოკრეს მორიგი განგაშის ზარი თუ გონგი და გადაშენება/უკვალოდ გაქრობა/გადაგვარების პირას მყოფი ადგილებისა და ობიექტების კიდევ ერთი საკმაოდ ვრცელი სია გამოაქვეყნეს.
მოკლედ, ქვემოთ ჩამოთვლილ  კუნძულებს, რიფებს თუ მატერიკებს უახლოეს 10-15-20 წელიწადში თუ არ ვესტუმრებით, მერე მათი დათვალიერება, მხოლოდ სურათებზე იქნება შესაძლებელი...
წარმოიდგინეთ სცენა, ავტრალიის სანაპიროსთან: ბაბუა და შვილიშვილი იახტაზე: „ოჰ, ბაბუ, აქ ოცი წლის წინ ირუკანჯები (აბორიგენი შხამიანი მედუზები) რომ დაცურავდნენ, 100 კილოიან კაცს საცეცის ერთი შეხბით 5 წუთში კლავდნენ. ეჰ, სად ნახავ ახლა მაგისთანას...“

დიდი ბარიერული რიფი ავსტრალიაში
მეცნიერებს თუ ვენდებით, ავსტრალიიის უნიკალური ეკოსისტემა 2030 წლითვის უკვალოდ გაქრება. ოკეანოლოგების დასკვნით, ოკეანის წყლების სულ რაღაც 3-5 გრადუსით დათბობა და მჟავიანობის მომატება ძალიან მალე გაანადგურებს მარჯნის რიფების 97%-ს თავის ბინადრებთან ერთად. დარჩენილ 3%-ს კი მეთეევზეები მიხედავენ - დიდ ბარიერულ რიფზე  კომერციული თევზრეწვა დღემდე არავის აუკრძალავს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მონტანას შტატში, გლეიშერის ეროვნულ პარკიში 1850 წლის მდგომარეობით 150 მყინვარს ითვლიდნენ, დღისათვის კი მხოლოდ 26 ცალია შემორჩენილი და როგორც სპეციალისტები ამბობენ,  2025 წლისთვის ისინიც ბოლომდე გადნებიან. რის გამოც ბოროტი ენები ნაკრძალს ეროვნულის ნაცვლად „გლეიშერის მემორიალურ პარკს“ უწოდებენ. მყინვარების დნობამ თავის მხრივ სერიოზული პრობლემა შეუქმნა ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას. გლობალური დათბობის გამო მცენარეები ნაადრევად ყვავიან და მწერები მათ დამტვერვას ვეღარ ასწრებენ, მშივრად დარჩენილი მწერები ვეღარ მრავლდებიან და ჩიტებსაც იძულებით დიეტაზე უწევთ ყოფნა. ერთი სიტყვით, ძალიან ცუდადაა საქმე.

მალდივები, რომელიც დედამიწის ყველაზე დაბლა განლაგებული სახელმწიფო გახლავთ, არც მეტი არც ნაკლები 1192 კუნძულისგან შედგება, ზღვის დონიდან სულ რაღაც 2,4 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და შესაბამისად, გლობალური დათბობა მისთვის საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ოკეანის დონემ ერთი მეტრითაც რომ აიწიოს, მალდივები აღარ იარსებებს. მოგეხენებათ, საუკუნის ბოლოსთვის ოკეანის წყლის დონის მატებას დაახლოებით 59 სანტიმეტრამდე ელიან და ამ არასასიამოვნო პროგნოზმა ქვეყნის პრეზიდენტი მოჰამედ ნაშიდი ისე შეაშფოთა, რომ თავისი მოსახლეობისათვის ეკოლტოლვილობის თავიდან ასაცილებლად, ტურიზმიდან შემოსული თანხით ინდოეთში, შრი-ლანკასა და ავსტრალიაში მიწების შესყიდვა განიზარახა.

კილიმანჯაროს მყინვარი ტანზანიაში - აფრიკის ყველაზე მაღალი მწვერვალის თოვლიანი ქუდი უკვე კარგახანია დნება. ერნესტ ჰემინგუეის სახელგანთქმული ნაწარმობის, „კილიმანჯაროს თოვლიანი მთების“ (1936) დაწერის შემდეგ, მყინვარი 80%-თაა დაპატარავებული და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამის მიზეზი გლობალურ დათბობაზე მეტად, ტურისტთა ურდოების მიერ დატოვებული ნაგავია. მიუხედავად იმისა, რომ მთაზე ერთკვირიანი ასვლა დაახლოებით 1000 დოლარი ღირს, მსურველთა რიცხვი მაინც იმდენად დიდია, რომ მათ მიერ დატოვებული ხარახურა მთის ფერდობებზე ყოველ ნაბიჯზე ყრია.

ანტარქტიდის მყინვარი ისეთი სწრაფი ტემპით დნება, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე 40%-ით დაპატარავდა. მეცნიერები თვლიან, რომ მას მერე, რაც 2002 წელს, ანტარქტიდას ერთი პატარა ქვეყნის ფართობის „ნაკუწი“ ერთბაშად მოწყდა, ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელი გახდა და თურმე, სადღაც 20-40 წელიწადში ანტარქტიდიდან ყინული საბოლოოდ გაქრება. ყინულის გაქრობას კრილის გადაშენება მოყვება (კრილი ხომ სწორედ ანტარქტიდის ყინულებში მრავლდება). კრილი იქვე მობინადრე ვეშაპების, სელაპებისა და პინგვინების ძირითად საკვებს წარმოადგენს, რომელთა პოპულაციაც 70%-ით ისედაც შემცირებულია, და ასე რომ, ეჰ, ჰე, ჰე... იქ ამბები დატრიალდება.

ინდოეთსა და ბანგლადეშში მანგრის ჯუნგლები - განგის, ბრაჰმაპუტრისა და მეგჰნის შესართავთან ათასხუთას კილომეტრზე გადაჭიმულ სუნდარბანის ლერწმის ჭობების ლაბირინთებში ათასობით უიშვიათესი ჯიშის ცხოველი, ფრინველი და თევზი „ხარობს“, რომელთა შორის ყველაზე იშვიათიც ინდური ვეფხვი და ხეზე მცოცავი თევზები გახლავთ. მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათ მეზობლად დაახლოებით 2 მილიონი ორფეხა მხეცი ანუ ადამიანი სახლობს, რომელთა აქტიური მოღვაწეობისა და საქმიანობის შედეგად, მანგრის ჯუნგლებიც და ჭაობიც, თავის ბინადრებთან ერთად მალე სამუდამოდ გაქრება.

მკვდარი ზღვა ისრაელსა და იორდანიაში - სულ უფრო და უფრო იზრდება იმის შანსი, რომ მკვდარი ზღვა უახლოეს მომავალში არალის ზღვის მწარე ხვედრს გაიზიარებს. ისრაელის ეკოლოგების ცნობით, უკანასკნელი 40 წლის მანძილზე ზღვის დონემ 25 მეტრით დაიწია, ფართობი კი ერთი მესამედით შემცირდა. წყლის მსგავსი დეფიციტი მის ნაპირებთან მდებარე სამი ქვეყნის, ისრაელის, სირიისა და იორდანიის დამსახურებაა, რომელებიც ზღვის წყალს სახნავ-სათესი მიწების სარწყავად და საყოფაცხოვრებო საჭიროებითვის იყენებენ. გასული საუკუნის 80-იან წლებში ზედ ზღვის ნაპირებთან აშენებული სატუმროები, ახლა წყლიდან კილომეტრნახევარში არიან.

არქტიკა - თავისი სამხრეთელი თანამოძმის მსგავსად დედამიწის უკიდურესი ჩრდილოეთის ქუდიც სწრაფი ტემპით დნება. მეცნიერთა დიდი ნაწილი ირწმუნება, რომ 2070 წლისთვის, ზაფხულობით არკტიკის მოყინული წყლების უდიდესი ნაწილი გალღვება, რის გამოც უკვე ხოცავენ ერთმანეთს „ახალგამოთავისუფლებულ“ წყლებში სავარაუდო სავაჭრო მარშუტების გახსნის უფლებისთვის კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები, დანია, ნორვეგია და რუსეთი.

საინტერესოა ისიც, რომ გარდა ეკოლოგიური პრობლემებისა და ადამიანის სამრეწველო და აღმშენებლური მოღვაწეობისა, არის მთელი რიგი ადგილები, რომლებსაც კილიმანჯაროსი არ იყოს, სწორედ არაკონტროლირებადი ტურიზმი, ცუდი ინფრასტრუქტურა და დაცვის არარსებობა ღუპავს. მაგალითად, ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე კლდოვანი კომპლექსი ვადი-რამი კომფორტული სატუმროებისა და მომსახურების მენეჯმენტის დეფიციტი გამო ბინძურდება და ნადგურდება. ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ბედუინების სამი ტომის მიერ ჯიპებით, კარვებითა და კოცონთან ღამის თევებით უდაბნოში ქაოტურად ორგანიზებული ექსკურსიების შემდეგ,  ნაგვისა და საბურავებით გადახნული ტერიტორიის გარდა, აღარაფერი რჩება. როგორც ექსპერტები ამბობენ, სულ ცოტა ყურადღება და კარგი ორგანიზება ვადი-რამს ეკოტურიზმის მსოფლიო ცენტრად აქცევდა.
ტურისტების გადამეტეული ინტერესის მსხვერპლი გახდა ბრიტანული სტოუნჰენჯიც, მაგრამ იქაური მთავრობა არ დაიბნა (მოგეხსენებათ, ამ კუნძულზე საკუთარ ისტორიას როგორ პატივს ცემენ) და თემთა პალატის მიერ „ეროვნულ სირცხვილად“ წოდებული გადაწყვეტილება მიიღო - სტოუნჰენჯთან მიახლოებაც კი აკრძალა, საგანგებო საექსკურსიო მარშრუტები გაიყვანა და ცნობისმოყვარე დამთვალიერებლები ისტორიული ძეგლიდან უსაფრთხო მანძილზე გადენა. სრულიად საწინააღმდეგო შედეგი მიიღო პერუს მთავრობამ,  როცა პატარა სოფელ სანტა-ტერეზაში ახალი ხიდი ააშენა და ტურისტულ ავტობუსებს ზედ მაჩუ-პიკჩუსთან მიახლოების საშუალება მისცა. შედეგად, ინკების უძველესი დედაქალაქი ნაგვის გროვებით და თანამედროვე კედლის დამწერლობებით იფარება.
ერთი სიტყვით, აღმშენებლობასაც და ტურიზმსაც, როგორც ყველაფერს, ორი მხარე აქვს, კარგიც და ცუდიც. რაც ლოგიკურიაცაა - როგორც უკვე აღვნიშნე, როცა რამეს აშენებ, რაღაცას აუცილებლად ანგრევ. უბრალო უთოც კი ძალიან საჭირო ნივთთან ერთად მკვლელობის იარაღიც შეიძლება იყოს, არადანიშნულებისამებრ თუ გამოიყენებ და აბეზარ მეზობელს ან დედამთილს დრუზავ თავში.  ამიტომ, მოგზაურობისას საკუთარ ამაყ სახელს ისტორიული ძეგლის კედლი ნაცვლად საკუთარი ფოტო-ან ვიდეო კამერის მატრიცაზე თუ უკვდავყოფთ და ნაგავს სანაგვეში ჩავყრით, ეგებ ეს საოცარი ადგილები მთლად შვილიშვილებმა თუ ვერა, ჩვენმა შვილებმა მაინც ნახონ. სკოლაში ეკოლოგიის სწავლა არ არის საჭირო იმისთვის, რომ ნაგავი ქუჩაში არ უნდა დაყარო - ამისთვის ბუნკერები და ურნები არსებობს.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ტორტი ვარდისფერი ყურძნით და ღვინის კრემით

Approved by Natia Jinjolava


ინგრედიენტები: 3 კვერცხის ცილა, 3 კვერცხის გული, 90 გრ შაქარი, 50 გრ ფქვილი, 50 გრ სახამებელი, 0,5 ჩ/კ სოდა
კრემისთვის: 8 გრ ჟელატინი, 1 პაკეტი ვანილის პუდინგი, 500 მლ თეთრი სადესერტო ღვინო, 125 გრ შაქარი, 2 ლიმონის წვენი და ცედრა, 400 მლ ცხიმიანი ნაღები
მოსართავად: 200 გრ ვარდისფერი ყურძენი, 1 კვერცხის ცილა, 50 გრ შაქრის პუდრა, 50 გრ მოხალული ნუშის ფანტელები
კვერცხის გულები ავთქვიფოთ 3 ს/კ მდუღარე წყალთან და შაქართან ერთად. მოვაყაროთ ფქვილი, სახამებელი და სოდა. გადავურიოთ. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის ცილები და გადავურიოთ ფქვილიან მასაში. ტორტის გასახსნელი ფორმა დავცხიმოთ, ჩავაფინოთ დაცხიმული პერგამენტის ქაღალდი და ქაღალდზე ჩავტკეპნოთ ცომი. ვაცხოთ 20-25 წუთი 175°C-ზე. გავაგრილოთ.
ჟელატინი ჩავალბოთ. პუდინგის ფხვნილი გავხსნათ 6 ს/კ ღვინოში. დარჩენილი ღვინო ავადუღოთ შაქართან, ლიმონი წვენთან და ცედრასთან ერთად. დავუმატოთ ღვინოში გახსნილი პუდინგის ფხვნილი და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. ჟელატინი გავადნოთ და გადავურიოთ ღვინის კრემში. ღვინის კრემიანი ქვაბი გასაგრილებლად ცივ წყლიან ჯამში ჩავდგათ. კრემი შედედებას რომ დაიწყებს, ავთვიფოთ ნაღები და გადავურიოთ კრემში.
ბიკვიტი ჰორიზონტალურად გავჭრათ შუაზე. ერთი ფენა ჩავფინოთ რომელიც გამოვაცხვეთ იმავე გასახსნელ ფორმაში. გადავუსვათ კრემის ნახევარი. დავაფინოთ ბისკვიტის მეორე ფენა და გადავუსვათ დარჩენილი კრემი. შევდგათ მაცივარში მინიმუმ 3 საათით.
გარეცხილი ყურძნის მარცვლები ამოვავლოთ ჯერ კვერცხის ცილაში, მერე შაქარში. შევაშროთ და მოვრთოთ გამზადებული ტორტი. მოვაყაროთ ნუშის ფანტელებიც.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

P.S. სურვილის შემთხვევაში ყურძნის ამოსავლებათ კვერცხის ცილის ნაცვლად გამდნარი ჟელატინის გამოყენებაც შეიძლება. კრემისთვის შესაფერისი მოტკბო ღვინო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ რძით შეცვალოთ. 

შარლოტა ვარდისფერი შამპანურით ერიკ ლანლარდისგან

Approved by Natia Jinjolava


Charlotte au Champagne Rose
ბისკვიტებისთვის: 4 კვერცხი, 100 გრ შაქარი, 50 გრ შაქრის პუდრა, 125 გრ ვანილის შაქარი, 100 გრ ფქვილი
შამპანურის შარლოტასთვის: 15 ცალი გამომცხვარი ბისკვიტი, 250 გრ ენდრო, 150 გრ ტყის მარწყვი, 150 გრ ჟოლო, 2 ლიმონის წვენი, 150 გრ შაქარი, 250 მლ ვარდისფერი შამპანური, 10 ჟელატინის ფირფიტა დამბალი 100 მლ წყალში, 150 მლ ათქვეფილი ნაღები
მოსართავად: 50 მლ წითელი მოცხარი, 50 გრ ტყის მარწყვი, 50 გრ ენდრო, 50 გრ ჟოლო, შაქრის პუდრა
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. კვერცხის ცილები და გულები დავაცალკევოთ.  კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის ცილები და ბეზე ფორმის შენარჩუნებას რომ დაიწყებს, დავუმატოთ 20 გრ შაქარის პუდრა და ვანილის შაქარი. ბეზე ფრთხილად გადავურიოთ ათქვეფილ გულებში, და ძალიან ფრთხილად ჩავათქვიფოთ ფქვილიც.  საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, ცომი ჩავასხათ საკონდიტრო ტომსიკაში და ქაღალდზე დავსვათ ქალის შუათითის ზომის ჩხირები. 15 ჩხირი უნდა გამოვიდეს.  მოვაყაროთ შაქრი პუდრა. დარჩენილი ცომით პერგამენტზე დავსვათ 2 დსიკი, თითოეული 12 სმ დიამეტრის. 5 წუთი გავაჩეროთ და გამოშრობა ვაცალოთ, კიდევ ერთხელ მოვაყაროთ შაქრის პუდრა და გამოვაცხოთ 18-20 წუთის განმავლობაში.
გავრეცხოთ და შევაშროთ კენკრა. მოვათავსოთ ბლენდერში ლიმონის წვენთან და შაქართან ერთად, გავთქვიფოთ კარგად და მერე ხშირ საცერზე გადავწუროთ.  დავუმატოთ ვარდისფერი შამპანური. დამბალი ჟელატინი შემოვდგათ ცეცხლზე და გავადნოთ, შემდეგ დავუმატოთ შამპანურისა და კენკრის ნარევს. ბოლოს გადავურიოთ ათქვეფილი ნაღებიც.
ავიღოთ ცელოფანჩაფენილი ტირტის ფორმა (12 სმ დიამეტრის) და ფკერზე ჩავაფინოთ 1 ბუსკვიტის დისკი. ჩავასხათ ხილის პიურეს ნახევარი, ჩავაფინოთ მეორე დისკი და დავასხათ პიურეს დარჩენილი ნაწილი. შევდგათ მაცივარში მთელი ღამით. ჭამის წინ, გადმოვაყირავოთ ჩვენი შარლოტა ლანგარზე, მოვაშოროთ ფორმა. ირგვლივ შემოვულაგოთ გამომცხვარი ბისკვიტის ჩხირები, მსუბუქად მივაწვეთ რომ კარგად მიეწებოს, სილამაზისათვის შემოვაკრათ ლამაზი ლენტი. ზევიდან მოვრთოთ ხილით და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ღრმადპატივცემული გვამნი ამა თუ იმ ქვეყნისანი

Approved by Natia Jinjolava


უცხო ქვეყნის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე (პატარ-პატარა მიღებებსა და ვიზიტებს არ გვულისხმობ) პირველად ბასტილიის აღების დღეზე ფრანგებთან მოვხვდი. მიუხედავად იმისა, ფრანგების საარაკო სიძუნწეზე ბევრი მსმენოდა, მაინც გამაკვირვა მიულაგებელმა ეზომ და ქვეყნისთვის ასეთ საამაყო და მნიშვნელოვან თარიღზე რატომღაც ქართველი ნიაზ დიაამიძისა და 33 ა-ს მოწვევამ. აღარ ვლაპარაკობ 2 საკმაოდ მოკრძალებულ კასრ, ასევე ქართულ ჩამოსახმელ ლუდსა და რამდენიმე ბოთლ ქართულ „ბორჯომზე“, რომლითაც უმასპინძლდებოდნენ პლასტმასის ერთჯერადჭიქებიან ორადორ მაგიდასთან გაჭიმულ უზარმაზარ რიგში გამწკრივებულ დასიცხულ ორასამდე სტუმარს - მოგეხენებათ, ბასტილიის აღების დღე გაგანია ივლისშია. თანაც „დასაწვავი“ შევარდნაძის ეპოქა გახლდათ და სცენის ირგვლივ, საცეკვაო მოედანზე ახალმოწეული ივან-და-მარიას ისეთი მყრალი სუნი იდგა, მუქთად დაბოლვის დაუძლეველი სურვილი რომ არა, ბალეტის მოცეკვავე ფრანგი გოგონებისა და სუხიშვილების ბიჭების სპონტანური შეჯიბრის საყურებლად მიახლოებაც კი ჭირდა...
ამ ზაფხულს, ამჯერად ივნისში, იტალიის რესპუბლიკის დღეზე აღმოვჩნდი. ამ თარიღისათვის მოწვეულმა იტალიელმა მებაირაღეებმა მართლაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს და სანახაობით ძალიან კმაყოფილიც დავრჩი. მაგრამ ახლა ჩემიანებმა „შემარცხვინეს“. ღია ცის ქვეშ გამართულ ულამაზეს სანახაობაზე მოწვეული ათასამდე საპატიო თუ არასაპატიო სტუმრიდან ალბათ 200-იც არ მოსულა. სიტუაციას შემთხვევით გამვლელები შველოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მეტროთი და დედაქალაქის მერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით  უბრალო ხალხთან ერთად მგზავრობს (ჰმ! ასეთი რაღაც ოდესღაც მართლა იყო, არა?! ყოველ შემთხვევაში, „რუსთავი-2“ ასე გვარწმუნებდა), ჩვენს „ელიტას“ (ქჰმ! ქჰმ!) „პლებეებთან“ შეხვედრა/შეხება/ ერთი ჰაერით სუნთქვა ოფიციალურ და სავალდებულო ღონისძიებებზეც კი არ უყვარს და მერე გვიკვირს რატომ არ იციან რა სურს ხალხს. სამაგიეროდ მეორე დღის ბანკეტს (ჭამა-სმით) "ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილი" უკლებლად ესწრებოდა...
ბოლოს, კლვლავაც ზაფხულის ცხელ საღამოს, ამერიკის საელჩოს საქართველოში გახნიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე დამპატიჟეს. ჯერ კიდევ საკითხავია, ვის უფრო დიდი ზარზეიმით უნდა აღენიშნა ეს მოვლენა, ამერიკელებს თუ ჩვენ, მაგრამ ამჯერად ჩემს ყურადღებას სხვა რამეზე შევაჩერებ. ამერიკელებმა იზრუნეს, შეწუხდნენ (დარწმუნებული ვარ, ღონისძიებაზე ფიქრი და მისი ორგანიზება ჩვენებურად ორი დღით ადრე არ დაუწყიათ და ერთი წლით ადრე დაგეგმეს), ამერიკიდან მეტ-ნაკლებად ცნობილი პიანისტი, რომან რუდნიცკი ჩამოიყვანეს, თბილისის კონსერვატორისათან მოლაპარაკება გამართეს და ქართველი მელომანებისთვის კონსერვატორიის მცირე დარბაზში (ეტყობა ამ ოც წელიწადში კარგად გაგვიცნეს და მიხვდნენ, რომ დიდ დარბაზს მარტო პიანისტის მოსასმენად არ შეავსებდით) უფასო კონცერტი „მოახაზირეს“.
ქართველებს ერთადერთი მისვლა და მოსმენა გვევალებოდა და კიდევ საელჩოს საკმაოდ მაღალანაზღაურებად ქართველ თანამშრომლებს, მაქსიმუმი ერთი თაბახი მოცულობის კონცერტის პროგრამის თარგმნა.
მცირე დარბაზის 3/4 ცარიელი იყო, თანაც მისი ნახევარი კონსერვატორიის უკვე საკმაოდ ასაკიან პროფესორ-მასწავლებელებლებს ქონდათ შევსებული; სცენაზე დადგმული საქართველოს  დროშის ფლაგშტოკიც კი ისე იყო გადაღუნული (სულ რაღაც 15 გრადუსით, მაგრამ მაინც), გეგონება, მის გვერდით აღმართული ამაყი, ფრთაგაშლილ არწივიანი ბუნიკით დამშვენებული ამერიკის დროშისაგან გაქცევას ცდილობსო; დაგვიანებული მაყურებელი მთელი კონცერტის მანძილზე მოძრაობდა; გერშვინის ცისფერი რაფსოდიის დროს საუკეთესო აკუსტიკის მქონე დარბაზში ბრაგვანის ხმა მეხივით გავარდა. თურმე წინა რიგში მჯდარ მაყურებელს, მუსიკალური ექტაზისგან  ჩასძინებია, სკამზე ჩაცურდა და  ზღართანიც გაადინა; ყოველმესამე ნათურაგადამწვარი ცენტრალური ჭაღისგან გაჩახჩახებული თავზე სველ ცხვირსახოცგადაფარებული მამაკაცი სრულიად კონდიცირებად და გრილ დარბაზში თავს ისე კომფორტულად გრძნობდა, რომ ინსტინქტურად იქვე აყუდებულ თოხს ან ბარს დავუწყე ძებნა... ერთი სიტყვით, პიანისტის მოსასმენად ან მოსაწყენად ვის ეცალა?!
ახლა ისევ კონტერტის პროგრამას მივუბრუნდეთ: მის ქართულ თარგმანს თუ ვენდობით, რომან რუდნიცკის დაკვა (უნდა იყოს დაკვრა) 4 წლისას დაუწყია. მერე ფირტეპიანოს (უნდა იყოს ფორტეპიანო) ფაკულტეტზე უსწავლია და გუატემალაშიც (უნდა იყოს გვატემალა) უმოგზაურია. ამ დღეს კი ლუდვიგ ვან ბეთხოვენის (უნდა იყოს ბეთჰოვენი), კლოდე დებუსის (უნდა იყოს დებიუსი), ფრანც ლისტის (უნდა იყოს ფერენც), ფილიპ ლამბრ-ის (უნდა იყოს ლამბრო) და ვიღაც გოტშალკის თუ გოტშოკის (სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირად ეწერათ) ნაწარმოებების ფორტეპიანოს ვერსიებს (უნდა იყოს საფორტეპიანო ვერსია) შეგვისრულებდა... აღარ ვპალარაკობ თარგმანის სტილზე, ფორმაზე (ყველა სიტყვა ლოგიკასმოკლებულად სხვადასხვა ზომის შრიფტით იყო აკრეფილი), გამართულობასა და შინაარსზე...
ისე, ამერიკელმა მუსიკათმცოდნეებმაც მახალისეს (ბოდიშს ვიხდი, თუ ესეც თარგმანის ბრალია). თურმე გერშვინმა, რომელიც 1937 წელს გარდაიცვალა, კლასიკური მუსიკა და პოპი გააერთიანა და ჯაზი გამოიგონა... აჰა, როგორ არა J

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

გასართობი პარკები და ატრაქციონები

Approved by Natia Jinjolava


უკვე შევთანხმდით, რომ ზაფხულთან ერთად დასვენების და შვებულების დროც მოვიდა, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც დასვენების ნაცვლად გული გასართობისაკენ მიუწევს. გართობით კი ყველა თავისებურად და თავის ჭკუაზე ერთობა. თანაც არსებობს გართობისათვის საგანგებოდ შექნილი ადგილებიც აკვა/ზოო თუ თემატური პარკები და ნაირგვარი ატრქაციონები. მსგავსი ადგილების მოყვარულთა დიდი ნაწილის ერთადერთ ოცნებას ფლორიდის, პარიზის ან ტოკიოს დისნეილენდში მოხვედრა წარმოადგენს, რაც თავისთავად ცუდი სულ არაა. მაგრამ, რომ იცოდეთ მსოფლიოში რამდენი ბევრად უფრო კარგი, უფრო დიდი და უფრო საინტერესო გასართობი პარკია...

Suoi Tien Park ვიეტნამში - უზარმაზარი და ულამაზესი გასართობი პარკი ბუდისტების თვალით დანახული ზეციური სასუფევლის იმიტაციას წარმოადგენს. დამთვალიერებლებს აქ დრაკონი 300 ტონიანი თავით, ზღაპრული არსებები, წმინდა ქანდაკებები, ნარვალის სასახლე, ათას ხუთას ნიანგიანი აკვარიუმი და ბუდისტური მითოლოგიის სხვა სასწაულები ელოდება.

Crocosaurus Cove ავსტრალიაში - ადრენალინის მოყვარულებს ნინაგების სამყაროში ეპატჟებიან. აქ საშუალება გექნებათ მაქსიმალურად ახლო კონტაქტი დაამყაროთ ამ გიგანტურ რეპტილიებთან. მოხალისეები ნიანგებით სავსე აკვარიუმის შუაგულში დამონტაჟებულ აკრილის სრულიად გამჭვირვალე ცილინდრში ყვინთავენ.


Dwarf Empire ჩინეთში - კუნმინში, გორაკზე გაშენებული გასართობი პარკის ყველა თანამშრომელი - შოუს მონაწილეებიდან დაწყებული, დამლაგებლებით დამთავრებული, 130 სმ-ზე დაბალი სიმაღლის არიან. ამ მინი-კომუნას საკუთარი იმპერატორი და პარლამენტიც კი ყავს. ლილიპუტების ქვეყნის 100-მდე მცხოვრები თავს კოსტუმირებული სპექტაკლებითა და ცეკვებით ირჩენს.

Harmony Land იაპონიაში - ეს პარკი იაპონური ფისო, Hallo Kitty-ის თაყვანისმცემლებისთვის ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს. გარდა კატის გამოსახულებიანი ვარდისფერი სუვენირებისა, პარკში ულტრათანამედროვე ატრაქციონებიც დგას და ყოველ საღამოს ულამაზესი მუსიკალური ლაზერ-შოუ Fantasy Night Show იმართება.


BonBon Land დანიაში - უგემრიელესი კანფეტის სახელის მქონე პარკს ჩვენთვის კარგად ნაცნობ ტკბილეულთან სერთო არაფერი გააჩნია, პირიქით, მისი „ინტერიერი“ მადის დაკარგვას უფრო ემსახურება. ღებინების პროცესში მყოფი ვირთხებით და მფსმელი ჭიანჭველებით უხვად მოხატულ-დასურათებულ პარკში, სრულიად ჯანსაღი და ნატურალური, მაგრამ სკინტლისა და ცურცლის, მკვდარი ბუზებისა და ტარაკნების ფორმის ტკბილეული იყიდება. უფროსების რა მოგახსენოთ, მაგრამ მსგავს დეკორაციებსა და საჭმელს ბავშვები სრულ აღფრთოვანებაში მოყავს.

Dickens World დიდ ბრიტანეთში - ორიოდე საუკუნის წინანდელ ბრიტანეთში, შიმშილისა და სიღატაკის ეპოქაში მოხვედრის მსურველებს მაწანწალებისა და გაქცეული კატორღელების საზოგადოებაში რამდენიმე საათის გატარება დიკენსის თემატურ პარკში შეუძლიათ, სადაც ყველაზე პოპულარულ ატრაქციონი დიკენსის ერთ-ერთი რომანის მოტივებზე შექმნილი ციხიდან ნავით სცენი გაქცევის იმიტაციაა.

Love Land სამხეთ კორეაში - 2004 წელს კუნძულ ხეჯუზე გაშენებულს სექს-პარკში ბავშვების ან მოხუცებული მშობლების წაყვანას არ გირჩევთ! კუნძულზე, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები ოდესღაც თაფლობის თვეს ატარებდნენ, ახლა 140 ეროტიკული სკულპტურა და კინოთეატრი დგას. ფილმების რეპერტუარს, ალბათ თავადაც კარგად ხვდებით.


Ferrari World ემირატებში - გარდა იმისა, რომ აბუ-დაბის ფერარის პარკი  მსოფლიოში ერთადერთია, ის მსოფლიოს უდიდესი გადახურული პარკიცაა და 64 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. შიგნით კი რბოლის სიმულიატორი, ყველაზე სწრაფი ამერიკული მთები და სხვა ატრაქცონები დგას.


Holy Land Experience ამერიკაში - დისნეილენდიდან საკმაოდ ახლოს, ფლორიდაზე, ქალაქ ორლანდოს თემატურ პარკში ბიბლიურ სიუჟეტებზე დადგმული სცენები იმართება. აქ ძველი იერუსალიმის ქუჩებში სეირნობა და საიდუმლო სერობაზე მოციქულეთა გვერდით მოხვედრაც შეიძლება.

Dubailand ემირატებში - 278 კვადრატულ კილომეტრზე გაშენებულ პარკში რამდენიმე ცათამბრჯენი, თანამედროვე კურორტი, მსოფლიოს 7 საოცრების ასლები და მსოფლიოს უდიდესი აკვაპარკი მდებარეობს (თავისი პლიაჟებით და ხელოვნური მარჯნის რიფებით).

Europa-Park გერმანიაში - 11 არსებულ თუ მოგონილ ქვეყნად (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, რუსეთი, შოკოლანდია, ვიკინგების ქვეყანა და სხვ.) დაყოფილი პარკი ევროპაში უდიდესია და მის ყველა ნაწილს თავის გამორჩეული სტილი და ატრაქციონები აქვს, ბაროკოს სტილის იტალიური ასახლეებიდან დაწყებული, რაინდთა ტურნირებით დამთავრებული.  


Port Aventura ესპანეთში - ერთი დღის განმავლობაში დედამიწის ხუთივე კონტინენტის მონახულებას თუ განიზრახავთ და იური გაგარინის კოლეგა არ ხართ, მაშინ ესპანეთს უნდა ეწვიოთ და გასართობ პარკში პარანოიდალური სიზუსტით (რესტორნების მენიუს ჩათვლით) გამეორებული ხმელთაშუა ზღვის ტერიტორია, პოლონეზია, ჩინეთი, მექსიკა და ველური დასავლეთი უნდა დაათვალიეროთ.



Cedar Point ამერიკაში - ამ პარკში არც მეტი, არც ნაკლები 68 კარუსელი დგას, მათგან 14 ამერიკული მთებია ამ თოთხმეტიდან ერთი კი სიმაღლით თავისუფლების ქანდაკებაზე მაღალა ადის. სხვათა შორის, პარკი 1870 წელს გაიხსნა...




Gardaland იტალიაში - ტბა გარდას ნაპირზე განფენილი გასართობი პარკი ნებისმიერი ასაკის სტუმარს ნასიამოვნებს დატოვებს. სკოლამდელი ბავშვებისთვის სასაცილო პოზებში გაქვავებული იხვებისა და ბაჭიების გვერდით ევროპის უსწრაფესი ატრაქციონები დაქრიან.



Spree Park გერმანიაში - ბერლინში მდებარე ამ პარკს, დღეს სურეალიზმის პარკს ეძახიან. ოდესღაც მოქმედი და უკვე კარგახნის მიტოვებული ატრაქციონები და გიგანტური სკულპტურები ჟანგმა შეჭამა. იქაურობა გასართობ პარკზე მეტად აპოკალიფსის შემდგომ დედამიწას წააგავს.
საქმე იმაშია, რომ პარკის მფლობელი, ვინმე ნორბერტ ვიტი თავის დროზე იძულებული გახდა პერუში გაქცეულიყო. გასართობი პარკი იქაც გახსნა, მაგრამ სამშობლოს სიყვარულმა არ მოასვენა, იქაური კარუსელები აყარა და გერმანიაში ძველი პარკის აღორძინების მწველი სურვილით დაბრუნდა. ყველაფერი კარგად იქნებოდა, გერმანიის საბაჟო პოლიციას კარუსელებში დამალული 180 კგ კოკაინი რომ არ აღმოეჩინა.
შვიდი წლის შემდეგ ციხიდან გამოსული ვიტი პარკის ხელახლა გაშენების იმედს ჯერაც არ კარგავს, მანამდე კი კვირაობით დროჟამისაგან განადგურებულ ტერიტორიაზე მსურველთათვის პატარა ექსკურსიებს აწყობს.

და ბოლოს, რასაკვირველია ბომბორა თბილისში - მერე რა, რომ სულ ორიოდე ატრაქციონი დგას, მერე რა რომ ამერიკულ მთებზე ერთი წრე ისე მალე მთავრდება, რომ შეშინებასაც ვერ ასწრებ (სიამოვნებაზე აღარ ვლაპარაკობ), მერე რა რომ უნამუსოდ მატყუებს რუსთავი-2 ევროპის ყველაზე დიდი პარკიაო - ჩემია და მეამაყება!  ჩემია და მიყვარს! აი, ზუსტად ისე, დედას თავისი დებილი შვილი რომ უვარს. იცის რომ დებილია, მაგრამ მაინც ყველას ურჩევნია! ... თან გულში ერთი იმედიც მიჭიატებს - სულ ასე ხომ არ დატოვებენ, კაცო?! რამეს უზამენ, აბა, რა იქნება?! თუმცა, ჩვენთან რამე ერთხელ გახსნილი და მერე რამე მიმატებული, აგერ ამ ხნის ვარ და მე არ მინახავს... დანგრევა და მოსპობა კი, იცოცხლე, გვეხერხება.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი