თვალსასეირო და გულგასახარი ადგილები, რომელებიც მალე შეიძლება ვეღარ ვნახოთ?!

Approved by Natia Jinjolava



მას შემდეგ რაც ჯორდანო ბრუნომ გვამცნო, რომ დედამიწა დრო ჟამის ბორბალივით ბრუნავს, ალბათ აღარაფერია გასაკვირი იმაში რომ ყველაფერი იცვლება - ზოგი რამ იკარგება და ზოგი კი ჩნდება. რას ვიზამთ, პროგრესი პროგრესია და რაღაცის შენება ყოველთვის იწვევს რაღაცის ნგრევას. და, რასაკვირველია, ყველა ადამიანს აქვს იმ ოცნების თუ ტკბილი მოგონებების ადგილების მოკლე თუ გრძელი სია, რომელიც ოდესმე/იდეაში/სიბერემდე აუცილებლად უნდა მოინახულოს. ამიტომ, მსგავი რეალობიდან თუ ლოგიკიდან გამომდინარე, სადმე წასვლა და რაიმე კონკრეტულის ხილვა თუ გსურთ - ნუ გადადებთ, იჩქარეთ, თორემ რა იცით, რა მოხდება.
მაგალითად, მე ბავშვობიდან „მაშინებდნენ“ რომ ვენეცია იძირება, სკოლაში შევიტყვე, რომ ჩილეს მყინვარი დნება, პიზის კოშკის დაცემის მოლოდითნ ერთად კი მგონი საერთოდ დავიბადე... ვენეციაც უდრტვინველად ტივტივებს, მყინვარიც ჯერ კიდევ ყინავს და პიზის კოშკიც, დახრილად, მაგრამ მაინც უწინდებურად მყარად დგას. ამას წინათ, სადღაც ისიც კი წავიკითხე, რომ შვეიცარიის ალპებშიც დათბა და ზაფხულში (დიახ, ზაფხულში) ჩასულ ტურისტებს თოვლის საძებნელად მთებში სულ უფრო და უფრო შორს სიარული უწევთ. აღარ ვლაპარაკობ მადაგაკარის ბინადრებსა (რომლებიც ისე ქრებიან, რომ მათ აღწერასა და წითელ წიგნში შეტანასაც ვერ აწრებენ) და პერუში კატასტროფულ მინიმუმამდე დაყვანილ წითელი ხის მარაგზე.
ამჯერად ბრიტანელმა მეცნიერებმა შემოკრეს მორიგი განგაშის ზარი თუ გონგი და გადაშენება/უკვალოდ გაქრობა/გადაგვარების პირას მყოფი ადგილებისა და ობიექტების კიდევ ერთი საკმაოდ ვრცელი სია გამოაქვეყნეს.
მოკლედ, ქვემოთ ჩამოთვლილ  კუნძულებს, რიფებს თუ მატერიკებს უახლოეს 10-15-20 წელიწადში თუ არ ვესტუმრებით, მერე მათი დათვალიერება, მხოლოდ სურათებზე იქნება შესაძლებელი...
წარმოიდგინეთ სცენა, ავტრალიის სანაპიროსთან: ბაბუა და შვილიშვილი იახტაზე: „ოჰ, ბაბუ, აქ ოცი წლის წინ ირუკანჯები (აბორიგენი შხამიანი მედუზები) რომ დაცურავდნენ, 100 კილოიან კაცს საცეცის ერთი შეხბით 5 წუთში კლავდნენ. ეჰ, სად ნახავ ახლა მაგისთანას...“

დიდი ბარიერული რიფი ავსტრალიაში
მეცნიერებს თუ ვენდებით, ავსტრალიიის უნიკალური ეკოსისტემა 2030 წლითვის უკვალოდ გაქრება. ოკეანოლოგების დასკვნით, ოკეანის წყლების სულ რაღაც 3-5 გრადუსით დათბობა და მჟავიანობის მომატება ძალიან მალე გაანადგურებს მარჯნის რიფების 97%-ს თავის ბინადრებთან ერთად. დარჩენილ 3%-ს კი მეთეევზეები მიხედავენ - დიდ ბარიერულ რიფზე  კომერციული თევზრეწვა დღემდე არავის აუკრძალავს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მონტანას შტატში, გლეიშერის ეროვნულ პარკიში 1850 წლის მდგომარეობით 150 მყინვარს ითვლიდნენ, დღისათვის კი მხოლოდ 26 ცალია შემორჩენილი და როგორც სპეციალისტები ამბობენ,  2025 წლისთვის ისინიც ბოლომდე გადნებიან. რის გამოც ბოროტი ენები ნაკრძალს ეროვნულის ნაცვლად „გლეიშერის მემორიალურ პარკს“ უწოდებენ. მყინვარების დნობამ თავის მხრივ სერიოზული პრობლემა შეუქმნა ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას. გლობალური დათბობის გამო მცენარეები ნაადრევად ყვავიან და მწერები მათ დამტვერვას ვეღარ ასწრებენ, მშივრად დარჩენილი მწერები ვეღარ მრავლდებიან და ჩიტებსაც იძულებით დიეტაზე უწევთ ყოფნა. ერთი სიტყვით, ძალიან ცუდადაა საქმე.

მალდივები, რომელიც დედამიწის ყველაზე დაბლა განლაგებული სახელმწიფო გახლავთ, არც მეტი არც ნაკლები 1192 კუნძულისგან შედგება, ზღვის დონიდან სულ რაღაც 2,4 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და შესაბამისად, გლობალური დათბობა მისთვის საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ოკეანის დონემ ერთი მეტრითაც რომ აიწიოს, მალდივები აღარ იარსებებს. მოგეხენებათ, საუკუნის ბოლოსთვის ოკეანის წყლის დონის მატებას დაახლოებით 59 სანტიმეტრამდე ელიან და ამ არასასიამოვნო პროგნოზმა ქვეყნის პრეზიდენტი მოჰამედ ნაშიდი ისე შეაშფოთა, რომ თავისი მოსახლეობისათვის ეკოლტოლვილობის თავიდან ასაცილებლად, ტურიზმიდან შემოსული თანხით ინდოეთში, შრი-ლანკასა და ავსტრალიაში მიწების შესყიდვა განიზარახა.

კილიმანჯაროს მყინვარი ტანზანიაში - აფრიკის ყველაზე მაღალი მწვერვალის თოვლიანი ქუდი უკვე კარგახანია დნება. ერნესტ ჰემინგუეის სახელგანთქმული ნაწარმობის, „კილიმანჯაროს თოვლიანი მთების“ (1936) დაწერის შემდეგ, მყინვარი 80%-თაა დაპატარავებული და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამის მიზეზი გლობალურ დათბობაზე მეტად, ტურისტთა ურდოების მიერ დატოვებული ნაგავია. მიუხედავად იმისა, რომ მთაზე ერთკვირიანი ასვლა დაახლოებით 1000 დოლარი ღირს, მსურველთა რიცხვი მაინც იმდენად დიდია, რომ მათ მიერ დატოვებული ხარახურა მთის ფერდობებზე ყოველ ნაბიჯზე ყრია.

ანტარქტიდის მყინვარი ისეთი სწრაფი ტემპით დნება, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე 40%-ით დაპატარავდა. მეცნიერები თვლიან, რომ მას მერე, რაც 2002 წელს, ანტარქტიდას ერთი პატარა ქვეყნის ფართობის „ნაკუწი“ ერთბაშად მოწყდა, ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელი გახდა და თურმე, სადღაც 20-40 წელიწადში ანტარქტიდიდან ყინული საბოლოოდ გაქრება. ყინულის გაქრობას კრილის გადაშენება მოყვება (კრილი ხომ სწორედ ანტარქტიდის ყინულებში მრავლდება). კრილი იქვე მობინადრე ვეშაპების, სელაპებისა და პინგვინების ძირითად საკვებს წარმოადგენს, რომელთა პოპულაციაც 70%-ით ისედაც შემცირებულია, და ასე რომ, ეჰ, ჰე, ჰე... იქ ამბები დატრიალდება.

ინდოეთსა და ბანგლადეშში მანგრის ჯუნგლები - განგის, ბრაჰმაპუტრისა და მეგჰნის შესართავთან ათასხუთას კილომეტრზე გადაჭიმულ სუნდარბანის ლერწმის ჭობების ლაბირინთებში ათასობით უიშვიათესი ჯიშის ცხოველი, ფრინველი და თევზი „ხარობს“, რომელთა შორის ყველაზე იშვიათიც ინდური ვეფხვი და ხეზე მცოცავი თევზები გახლავთ. მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათ მეზობლად დაახლოებით 2 მილიონი ორფეხა მხეცი ანუ ადამიანი სახლობს, რომელთა აქტიური მოღვაწეობისა და საქმიანობის შედეგად, მანგრის ჯუნგლებიც და ჭაობიც, თავის ბინადრებთან ერთად მალე სამუდამოდ გაქრება.

მკვდარი ზღვა ისრაელსა და იორდანიაში - სულ უფრო და უფრო იზრდება იმის შანსი, რომ მკვდარი ზღვა უახლოეს მომავალში არალის ზღვის მწარე ხვედრს გაიზიარებს. ისრაელის ეკოლოგების ცნობით, უკანასკნელი 40 წლის მანძილზე ზღვის დონემ 25 მეტრით დაიწია, ფართობი კი ერთი მესამედით შემცირდა. წყლის მსგავსი დეფიციტი მის ნაპირებთან მდებარე სამი ქვეყნის, ისრაელის, სირიისა და იორდანიის დამსახურებაა, რომელებიც ზღვის წყალს სახნავ-სათესი მიწების სარწყავად და საყოფაცხოვრებო საჭიროებითვის იყენებენ. გასული საუკუნის 80-იან წლებში ზედ ზღვის ნაპირებთან აშენებული სატუმროები, ახლა წყლიდან კილომეტრნახევარში არიან.

არქტიკა - თავისი სამხრეთელი თანამოძმის მსგავსად დედამიწის უკიდურესი ჩრდილოეთის ქუდიც სწრაფი ტემპით დნება. მეცნიერთა დიდი ნაწილი ირწმუნება, რომ 2070 წლისთვის, ზაფხულობით არკტიკის მოყინული წყლების უდიდესი ნაწილი გალღვება, რის გამოც უკვე ხოცავენ ერთმანეთს „ახალგამოთავისუფლებულ“ წყლებში სავარაუდო სავაჭრო მარშუტების გახსნის უფლებისთვის კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები, დანია, ნორვეგია და რუსეთი.

საინტერესოა ისიც, რომ გარდა ეკოლოგიური პრობლემებისა და ადამიანის სამრეწველო და აღმშენებლური მოღვაწეობისა, არის მთელი რიგი ადგილები, რომლებსაც კილიმანჯაროსი არ იყოს, სწორედ არაკონტროლირებადი ტურიზმი, ცუდი ინფრასტრუქტურა და დაცვის არარსებობა ღუპავს. მაგალითად, ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე კლდოვანი კომპლექსი ვადი-რამი კომფორტული სატუმროებისა და მომსახურების მენეჯმენტის დეფიციტი გამო ბინძურდება და ნადგურდება. ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ბედუინების სამი ტომის მიერ ჯიპებით, კარვებითა და კოცონთან ღამის თევებით უდაბნოში ქაოტურად ორგანიზებული ექსკურსიების შემდეგ,  ნაგვისა და საბურავებით გადახნული ტერიტორიის გარდა, აღარაფერი რჩება. როგორც ექსპერტები ამბობენ, სულ ცოტა ყურადღება და კარგი ორგანიზება ვადი-რამს ეკოტურიზმის მსოფლიო ცენტრად აქცევდა.
ტურისტების გადამეტეული ინტერესის მსხვერპლი გახდა ბრიტანული სტოუნჰენჯიც, მაგრამ იქაური მთავრობა არ დაიბნა (მოგეხსენებათ, ამ კუნძულზე საკუთარ ისტორიას როგორ პატივს ცემენ) და თემთა პალატის მიერ „ეროვნულ სირცხვილად“ წოდებული გადაწყვეტილება მიიღო - სტოუნჰენჯთან მიახლოებაც კი აკრძალა, საგანგებო საექსკურსიო მარშრუტები გაიყვანა და ცნობისმოყვარე დამთვალიერებლები ისტორიული ძეგლიდან უსაფრთხო მანძილზე გადენა. სრულიად საწინააღმდეგო შედეგი მიიღო პერუს მთავრობამ,  როცა პატარა სოფელ სანტა-ტერეზაში ახალი ხიდი ააშენა და ტურისტულ ავტობუსებს ზედ მაჩუ-პიკჩუსთან მიახლოების საშუალება მისცა. შედეგად, ინკების უძველესი დედაქალაქი ნაგვის გროვებით და თანამედროვე კედლის დამწერლობებით იფარება.
ერთი სიტყვით, აღმშენებლობასაც და ტურიზმსაც, როგორც ყველაფერს, ორი მხარე აქვს, კარგიც და ცუდიც. რაც ლოგიკურიაცაა - როგორც უკვე აღვნიშნე, როცა რამეს აშენებ, რაღაცას აუცილებლად ანგრევ. უბრალო უთოც კი ძალიან საჭირო ნივთთან ერთად მკვლელობის იარაღიც შეიძლება იყოს, არადანიშნულებისამებრ თუ გამოიყენებ და აბეზარ მეზობელს ან დედამთილს დრუზავ თავში.  ამიტომ, მოგზაურობისას საკუთარ ამაყ სახელს ისტორიული ძეგლის კედლი ნაცვლად საკუთარი ფოტო-ან ვიდეო კამერის მატრიცაზე თუ უკვდავყოფთ და ნაგავს სანაგვეში ჩავყრით, ეგებ ეს საოცარი ადგილები მთლად შვილიშვილებმა თუ ვერა, ჩვენმა შვილებმა მაინც ნახონ. სკოლაში ეკოლოგიის სწავლა არ არის საჭირო იმისთვის, რომ ნაგავი ქუჩაში არ უნდა დაყარო - ამისთვის ბუნკერები და ურნები არსებობს.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment