სუბარუ იმპრეზა, ბრიჯსტოუნის შავი ზღვის თასი 2012 და ასე სანატრელი ჩეჩმა

Approved by Natia Jinjolava


წელს ბათუმში ბირიჯსტოუნის შავი ზღვის თასის გათამაშების მორიგი ეტაპი გაიმართა. ბევრი დაიწერა ამ თემაზე: თვითონ შეჯიბრზე, მის გამარჯვებულებზე, ორგანიზატორებზე და სტუმრებზე. მე ყურადღებას ღონისძიების ცოტა სხვა ასპექტებზე გავამახვილებ, მით უმეტეს, რომ ენის მოსაფხანი ბევრია. 
რა ვქნა, ავტოსპორტი მიყვარს და სასიამოვნო დღის მოლოდინში მონაწილე მანქანების რეგისტრაციის ადგილისკენ  - იუსტიციის სახლის მიმდეარე ტერიტორიაზე - დილიდანვე დალხენილი გავემართე.
თვალში პირველი რაც მომხდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ღონისძიებისთვის მზადება ლამის ერთი წლის წინ დაიწყო და უკვე რამდენიმე წელია ტარდება, საქართველოს ავტოფედერაციის პანიკის ზღვარზე მყოფი თანამშრომლები იყვნენ.  
ხან გზის გადაკეტვას ვერ ახერხებდნენ, ტრასის გადასაკეტი და ირგვლივ შემოსავლები ლენტი გაუთავდათ; ხან, როგორც თვითონ ეჩვენებოდათ მონაწილეები აჯანყებას და შეთქმულებას უწყობდნენ (რისი მიზეზიც იყო); ხანაც სარეკლამო სტიკერების დათვლა და განაწილებას ვერ ახერხებდნენ მონაწილეებზე. გეგონება, ძალიან ძნელი იყო ამ სტიკერების წინა დღეებში კომპლექტებად დალაგება და გამზადება. მაგრამ მერე რალის მონაწილე სპორტულმანქანიანი მამაკაცების უკიდეგანო რიგები ხომ არ დადგებოდა სტიკერების გამანაწილებელ გოგონასთან. მოკლედ,  მოკლე და დაგრეხილი ფეხები, დაბალი და დიდი უკანალი, წიკვინა ხმა და ორგანიზების უნარი ნოლზე ქვევით თუ გაქვთ, ჩაიცვით 2 ზომით პატარა მოტკეცილი ჯინსები და ჩვენს ავტოსპორცის ფედერაციას მიაკითხეთ, სამსახურს გარანტირებულად იშოვით. არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას გარეგნობის გამო, მაგრამ თმის დავარცხნა და ზომაზე მორგებული ტანსაცნლის ჩაცმა მაინცდამაინც რთული არ უნდა იყოს.
საერთოდ, რალიზე ან ნებისმიერ შეჯიბრებაზე, მონაწილე თავის მანქანაზე თავისი სპონსორების სტიკერებს აკრავს, ჩვენთან შეჯიბრების სპონსორების სტიკერებს ურიგებენ და აკვრევინებენ კანონის ძალით. სამართლიანობისთვის ვიყტვი, რომ ჩვენს მოყვარულ სპორტსმენებს, თავისი სპონსორის არყოლის გამო, ესეც უხარიათ - გასტიკერებული მანქანა ლამაზად გამოიყურება, მაგრამ მაინც იყო ჩხუბი და დავიდარაბა: „მე მოტულს არ გავაკრავ“, „თეგეტას ჩემს მანქანას არ გავაკარებ“, მაგრამ ყველას გადაუგრიხეს ხელები და ყველაზე ჯიუტებსაც კი აიძულეს სადმე მოფარებულ ადგილას მაინც გაეკრათ, როგორც გაირკვა, ბევრისთვის ასე საძულველი „რუსთავი-2“-ის უზარმაზარი კვადრატი, რომელიც ზოგი მანქანის კარზე და „კრილოზეც“ კი ძლივს ეტეოდა (აი, ეგოც ასეთი უნდა ამ ტელევიზიას რომ აქვს!). თუმცა, პატარა კურიოზს მონაწილეების მხრიდანაც ქონდა ადგილი: ერთ მანქანაზე „ლიბერთი ბანკის“ რეკლამა ვნახე და გულწრფელად გავიოცე: როდის იყო ეს პროლეტარიატის ბანკი ვინმეს აფინანსებდა-მეთქი. თურმე ნუ იტყვით, არც აფინანსებს! მანქანა ბანკის თანამშრომლის ყოფილა და „რომ წავაწერ ეგებ დამაფინანსოს“ იმედით აჩერებს მანქანას ყოველ დღე ბანკის ცენტრალური ოფისის წინ. თავს კი იმით იმართლებს, რომ ხელფასს ეგენი მიხდიანო... როგორ ვთქვა და ასეთი პრინციპით, ყველა კაცმა თავის ცოლ-შვილს სამახურის ლოგო უნდა მიაკრას ზურგზე - საჭმელს სამსახურის გადახდილი ჯამაგირით აჭმევს. 
ღონისძიებისთვის ადგილი თეორიულად ძალიან კარგად იყო შერჩეული - ახალდაგებული ტრასა და დიდ რადიუსზე დაუსახლებელი ტერიტორია. რეალურად კი - ახალდაგებული ტრასა ბათუმში, ახლომახლო ჩრდილი და თავშესაფარი არსადაა, ერთი ურნაც კი არ დგას კვადრატული კილომეტრის მანძილზე და 200 მარტო მონაწილე, მაყურებლებზე აღარ ვლაპარაკობ. იქაურობა დღოს ბოლოსთვის ნაგვით გაივსო, მოგეხსენებათ, ასეთი ღონისძიებები დილიდან გვიან საღამომდე გრძელდება. და, იგივე მანძილზე მაღაზიაც კი არსადაა, რომ იხრჩობოდე და ბოთლი წყალი იყიდო.  ცივი ყავის მოსატანად უახლოეს მაღაზიამდე კილომეტრანეხვრის გავლამ მომიწია ფეხით თაკარა მზეში და მაცივარში მხოლოდ ერთი ქილა ქონდათ ჩაცივებული. სადღაც შუადღისას მინერალურმა წყალმა "სნომ" გახსნა ექვსიოდე ქოლგა და მოიტანა მზეზე კარგად გაფიცხებული და დუღილამდე მიყვანილი წყალი. „რედბულმა“, როგორც გენერალურმა სპონსორმა, რალის მონაწილეების მინიმალურ ნაწილს შერჩევით დაურიგა თითო ქილა საკუთარი ნაწარმი (ყველასთვის რომ მიეცათ ხომ დაიღუპებოდნენ) და მერე უზარმაზარი ტენტის ქვეშ ამაყად დადგა ცარიელი და გამორთული მაცივარი. საბედნიეროდ, შუადღის მერე ზღვიდან შემთხვევით შემოხეტებული ცივი წყლის დამტარებელი მამა-შვილი გამოჩნდნენ და აღმა-დაღმა დადიოდნენ მხარზე გადაკიდებული კარდონის ყუთისგან იმპროვიზირებული საყინულით და დასიცხული ხალხის საამებლად ბოლო ხმაზე გაყვიროდნენ: "ფანტა, კოლა, წყალი ნატურალური!"
როგორც თქვეს, შავი ზღვის თასის ორგანიზებაში მარტო ბათუმის მერიას 10 ათასი ლარი დაუხარჯავს. ნებისმიერმა მერიამ და მით უმეტეს, ბათუმისამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მსგავსი თავყრილობის მერე, ტერიტორია მისი დასალაგებელია (რომელიც, სხვათა შორის გადამხდელთა გადასახადებისგან შემოსული თანხით ლაგდება) და ამიტომ ურნები უნდა დადგა. აღარ ვლაპარაკობ სავალდებულო (!) ბიოტუალეტებზე, სანახაობაზე მოსულ სტუმრებს საჭიროების მოსათავებლად ახლო-მახლო მშენებლობებზე რომ არ უწევდეთ სირბილი. უფრო ჭკვიანები, გამაგრილებელ სასმელებს და ფასტფუდსაც კი იხაზირებენ - რაც ასეთ დროს ძალიან კარგად საღდება და გარდა იმისა, რომ ასე შეკრებილ ადამიანებზე ზრუნავ, თანხები ქალაქის ბიუჯეტში შედის. ერთი სიტყვით, სულ „ვირთხები და ვირთხები“... როგორც ყოველთვის, არავინ არ ღელავს არც ღონიძიების მაღალ ხარისხზე და არც დამსწრე ადამიანებზე, მთავარია კიდევ ერთი „პტიჩკა“ ჩაისვას, რომ რაღაც გაკეთდა და როგორ ამას მნიშვნელობა არ აქვს.
აი, ასე აყირავებული ბანერები ქვეს
იმალებოდა ჩაკუზული მაყურებელი
მთელი ორი კვირი მანძილზე მეტეოპროგნოზი ბათუმში ამ დღეს წვიმას აცხადებდა... წვიმა რომ დაიწყო, ერთადერთი ქოლგები „სნომაც“ აალაგა და წააცანცარა. ბუნებისგან და ორგანიზატორებისგან ერთნაირად განწირულმა მაყურებლებმა ტრასის გასწვრივ ჩაკიწკიწებული "ბრიჯსტოუნის" სარეკლამო ბანერები ააყირავეს და იმის ქვეშ შეიკუნცხნენ (მათ პოზას სხვა სიტყვას ვერ ვუწოდებ) და ისე გააგრძელეს სანახაობით ტკბობა. საწვიმარი ლაბადები კი მსაჯებს კარგად რომ გაიწუწნენ და წვიმამ რომ გადაიღო მერე დაურიგეს. რადგან მსაჯები ვახსენე: მსაჯებს ეძინათ. გამარჯვებულის საჩვენებლად დროშის აწევაც კი ეზარებოდათ. ეგ რაა, სარბოლო ტრასის ზიგზაგზე მანქანების მიჯახების შედეგად გვერდზე გადავარდნილი ე.წ რეტორტების (მანქანის საბურავების) ადგილზე დაბრუნებასაც არ ჩქარობდნენ, იყოს, რა უჭირსო...
რალის მიმდინარეობას შიგადაშიგ ორგანიზატორთა ლაფსუსები (კაცმა არ იცის რა სჭირდათ), შემთხვევით შემოხეტებული მანქანები (გზის გადაკეტვა პერიოდულად ავიწყდებოდათ) და თავის გამოჩენის მსურველი შეზარხოშებული ე.წ. „ბეემვეშნიკები“ არღვევდნენ დრიფტით, რომლებიც მერე პოლიციის ძალით გაყავდათ.
ესეც უწარწერო მედალი
"რუსთავი-2"-ის და დიმა ობოლაძის გამოჩენასთან ერთად ყველაფერი შეიცვალა. იქაურობამ სასწრაფოდ სოლიდური იერი მიიღო: პაწაწინა ტრიბუნაზე ქოლგები დადგეს და ქვეშ სავარძლები დაალაგეს. მაყურებლებს კოხტა, ფერად-ფერადი ალმები დაგვირიგეს, ლამპიონები აანთეს... ერთი სიტყვით სატელევიზიოდ და იაპონიიდან ჩამოყვანილი სპონსორებისთვის საჩვენებლად დაგვვარცხნ-დაგვნაბეს. სხვათა შორის, წიწილებივით გალუმპულ მსაჯებსაც მაშინ ჩააცვეს მშრალი საწვიმრები.
წინასწარი მონაცემებით ამბობენ რომ შეჯიბრებისთვის 67 ათასი დაიხარჯა, საპრიზო ფონდი კი 10 ათასი იყო, რომელიც დაჯილდოვების მომენტისთვის ჯადოსნურად 8 ათასი გახდა, ეტყობა დანარჩენი ორი მსაჯების საწვიმრებში, გზის გადასაკეტ ლენტებში და მსგავს გაუთვალისწინებელ ხარჯებში წავიდა, ისევე როგორ წინა, უკანა და ოთხივე წამყვან კლასში გამარჯვებულთათვის დაპირებული და არგადაცემული ჯილდოები, რომელთა მედლებისთვის ლარიანი გრავირების გაკეთებაც კი დაენანათ და კაცი ვერ გაიგებს რაში, როდის და ვის მიერაა გადაცემული. 
მე რაც ვნახე, ფული მარტო სცენაში, ფეიერვერკში და 2 იაპონელის ჩამოყვანაში იყო დახარჯული. რაც შეეხება, ბანერებსა და სტიკერებს, ყველამ კარგად იცის რომ ფულს ის იხდის, ვისი სახელიც აწერია და არა ორგანიზატორი. იაპონლებზე კი იმას გეტყვით, რომ ერთი მიცუბიშის წარმომადგენელი იყო, რომელიც ალბათ ორგანიზატორთა ჩანაფიქრით მომავალი სპონსორი უნდა გამხდარიყო. შეჯიბრი კი მიცუბიშების სრული ფიასკოთი დამთავრდა. იმ კლასში, რომელშიც "მიცუბიში" გამოდიოდა სამივე საპრიზო ადგილი მისმა მთავარმა კონკურენტმა სუბარუმ დაიკავა და უფრო მეტიც, აბსოლუტურში არცერთი „მიცუ“ არ გაულა. სამაგიეროდ, 8 სუბარუ მოხვდა და მათგან 2-მა პირველი და მესამე ადგილები დაიკავა. ჩემი აზრით, ავტოსპორტის ფედერაცია ცოტა უკეთესად უნდა ერკვეოდეს სავარაუდო გამარჯვებულებში - საპატიოს სტუმარი რომ ჩამოგყავს, გული კი არ უნდა გაუხეთქო. მაგრამ, ეტყობა აქაც ქართული პურმარილის ყოვლისშემძლეობის იმედი გვაქვს. 
მეორე დღეს, მწვანე კონცხზე უკვე პროფესიონალთა რბოლა იმართებოდ. ამჯერად, ორგანიზატორებმა მუქდად საქმის კეთებაში კიდევ უფრო დიდი მოხერხებულობა გამოიჩინეს და გაუთვალისწინებელი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობის სავარაუდოდ გამოსვლის პუნქტებში (ანუ შესახვევებთან და ჭიშკრებთან), ანაზღაურებიანი მსაჯების ნაცვლად წინა დღის მოყვარული მონაწილეები ჩამოაკიწკიწეს - რბოლის ყურება ყველას უნდოდა და რასაკვირველია, უარი არავის უთქვამს. ალბათ არ გიკვირთ, რომ სწორედ მაშინ მოუნდა ნახევარ მწვანე კონცხს ბაზარში, პანაშვიდზე, უბრალოდ სასეირნოდ და ათას საქმეზე გამოსვლა. ერთადერთი რასაც მივაღწიეთ, ის იყო, რომ ჩვენგან კარგად ინსტრუქტირებული ასაკანი ადამიანები მოახლოებული მანქანის მოტორის ხმის გაგონებაზე ბუჩქებში გასაოცარი მოხერხებულობით ხტებოდნენ და უახლოესი ხეების უკან იმალებოდნენ. რამდენიმე მანქანიანმა ახალგაზრდამ თავისი ჟანგიანი ოპელის და უკანასკნელბოლტამდე გაცვეთილი ფორდის ძალის მოსინჯვა და რალის მონაწილეთა გამოსვლებს შორის ორწუთიან პაუზაში „ჩატენვაც“ კი სცადა. 
ბოლოს, ერთ-ერთ, ლამის ყველაზე სახიფათო მოსახვევთან, სიმთვრალის უკანასკნელ ზღვარზე მყოფი აბორიგენი მოგვადგა უზარმაზარი „მარშუტკით“ და შვილებით, ამაყად გამოგვიცხადა, პატრულს ვეჩხუბე და მაინც შემოვედი, მე ვერავინ მაჯობებსო, მანქანა იქვე შუა გზაზე დატოვა და სახლში წაბარბაცდა დასაძინებლად. გადამწყვეტ ეტაპამდე მისული რალი კარგა ხნით შეჩერდა: სანამ კაცის ცოლმა გაბედა, გვენდო და მანქანის გასაღები გამოგვიტანა. მერე იმას ვეძებდით, ვინც უფანჯრებო და ნახევრადდაშლილი მახინის მართვას შეძლებდა... თანაც, თურმე მანქანა წვიმაში ცოცაბო ფერდზე მდებარე ეზომდე ვერ ადიოდა და ქუჩაში ტოვებდნენ.

ერთი სიტყვით, არნახულად საინტერესო და მხიარული დრო ვატარე. გაწუწვადაც ღირდა და მთელი დღის დაქანცულობადაც. დღის დაგვირგვინება, მოსახვევიდან ამოვარდნილი „კაპოტ“-ახდილი მანქანა იყო, რომელიც ბოლო სიჩქარით და საოცარი სიზუსტით მიექანებოდა მიხვეულ-მოხვეულ გზაზე. მოგვიანებით, აჭარელმა მრბოლელმა გაგვიმხილა (მანქანის მძღოლმა) - ორჯერ ამეხადა და აღარ გავჩერდი, გავაგრძელე, „კაპოტის“ ღრიჭოდან ვიჭვრიტებოდიო...
ამდენს კი ვწუწუნებ, მაგრამ ჩვენი მავანნი და მავანნი ცუდი ორგანიზატორები რომ არ იყვნენ, სალაპარაკო ხომ არ მექნებოდა და ვერც ასე გავერთობოდი. როგორც იტყვიან, ყველაფერს ორი მხარე აქვს, გააჩნია საიდან შეხედავ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment