თანამედროვე დასვენების ინდუსტრიაში ყველას და ყველაფრისგან გაქცევის და სადმე გადაკარგვის მსურველთათვისაც ზრუნავენ

Approved by Natia Jinjolava


მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის მოსახლეობამ 7 მილიარდს კარგახანია გადააჭარბა ჩვენს ბებერ პლანეტაზე ჯერ კიდევ მოინახება ადგილები სადაც ყველას და ყველაფრისგან გაქცევა და უგზო-უკვლოდ გადაკარგვა შეიძლება. კიდევ უფრო გასახარია, რომ არსებობს ისეთი ადგილები, სადაც ყოველდღიურობისგან დამალვა სრული კომფორტითა და ხუთვარსკვლავიანი მომსახურებითაა შესაძლებელი. რა ჯობია, როცა კაპასი დედამთილის, აბეზარი მეზობლის ან თუნდაც უხეირო კოლეგისგან თავმობეზრებული უკანმოუხედავად გაიქცევი და ყველა არამკითხე-მოამბის ჯინაზე, ნერვების შლისა და დაბოღმოვის ნაცვლად, ჰამაკში ან შეზლონგზე გამოიჭიმები და რაიმე მსუბუქ დეტექტივს წაიკითხავ...
მსგავსი თავშესაფრები, უკაცრავად, სატუმროები განცალკევებულ და შორეულ კუნძულებზე, შოტლანდიისა და ისლანდიის მთებში (პრინციპში, ეს ქვეყნებიც კუნძულზე მდებარეობს), ჩილესა და პერუში მდებარეობენ. ბევრგან არ არის ინტერნეტი, ტელევიზორი და ფიჭური სატელეფონო კავშირი, მაგრამ სიმარტოვე, ბუნება და ნეტარება - რამდენიც გინდათ!
კარიბის ზღვაში, გრენადინის არქიპელაგის პაწაწინა კუნძულ Petit St. Vincent-ზე, რომლის ფართობიც სულ რაღაც 0,4 კვადრატული კილომეტრია, მოსახვედრად ჯერ ბარბადოსში უნდა ჩაფრინდეთ, მერე კუნძულ იუნონზე გადაფრინდეთ, იქიდან კი 40 წუთი კატერით გაშლილ ზღვაში იმოგზაუროთ.
კუნძული კერძო საკუთრებაა და მასზე სასტუმროს მომსახურე პერსონალის გარდა არავინ ცხოვრობს. თეთრი ქვიშის სამკილომეტრიანი პლიაჟების გასწვრივ 22 კოტეჯი დგას ტელეონის, ტელევიზორისა და გარე სამყაროსთან ყოველგვარი კავშირის გარეშე. დამსვენებლები სატუმროს თანამშრომლებთან კომუნიკაციას თითოეული კოტეჯის წინ მდგარი ბამბუკის ძელის მეშვეობით ახდენენ. ტროპიკულ ფლაგშტოკზე აღმართული წითელი ალამი - „ნუ შემაწუხებთ“-ს ნიშნავს, ყვითელი - „რაღაც გვესაჭიროება“-ს. სატუმრო ნოემბრიდან აგვისტოს ბოლომდე მუშაობს და თითო კოტეჯი სრული სერვისით დღე-ღამეში 850$ ჯდება.
შოტლანდიურ The Garvault Hotel-ს მეპატრონეები დიდი ბრიტანეთის ყველაზე გადაკარგულ სატუმროს ეძახიან და არც თუ უმიზეზოდ. მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიაც და მთელი დიდი ბრიტანეთიც კუნძულზე მდებარეობს, სატუმროდან უახლოეს სუპერმარკეტამდე მთელი 80 კილომეტრია. მიუხედავად იმისა, რომ სატურმოში თვეობით არავინაა ან რამდენიმე კვირის მანძილზე მხოლოდ ერთი სტუმარი შეიძლება ყავდეთ, მისი რვავე ნომერი სრული კომფორტით, საშხაპითა და  ვანითაა აღჭურვილი, სასტუმრო ოთახს უზარმაზარი ბუხარი ამშვენებს. ბარში  საუკეთესო ხარისხი ვისკის, რესტორანში კი უბრალო და ნოყიერ შოტლანდიურ კერძებს მოგართმევენ - მაგალითად ხახვის სუპს, დაბრაწულ ირმის ფილეს და რასაკვირველია ჰაგისს თავისი კარტოფილისა და თალგამის პიურეთი. დამსვენებლების ძირითადი გასართობი ახლომდებარე გორაკებზე ბოდიალი და ტბა ლოხ-რიმსდეილში ქაშაყსა და ორაგულზე თევზაობაა. მსგავსი გართობა ღამეში 65 გირვანქა-სტერლინგი ღირს.
მსოფლიოში ყველაზე მშრალი უდაბნო ატაკამადან 2500 მეტრის სიმაღლეზე, რასაკვირველია, ჩილეში, სან-პედროს მახლობლად სასტუმრო Hotel de Larache მდებარეობს. სასტუმრო აქტიური დასვენები მსურველებს ორმოცდაათამდე განსხვავებულ ექკურსიას თავაზობს, ყოველ საღამოს გიდები მეორე დღისთვის დაგეგმილი მარშრუტების 7-17 ვარიანტს აცხადებენ: ფეხით ან ცხენებით გასეირნება ახლომდებარე მარილის ტბასა თუ მთვარის პეიზაჟებზე, მთაში გასეირნება და მწვერვალი ტაკოს დაპყრობა, ვულკანი ლიკანკაბურის მონახულება და ა.შ.
ღამით ინტელექტუალური გართობის მოყვარულებს ობსერვატორიაში ვიზიტს სთავაზობენ: ატაკამა ხომ სამხრეთ ნახევარსფეროში ვარკვლავების თვალიერებისთვის საუკეთესო ადგილს წარმოადგენს. დასვენების მინიმალური „ვადა“ 3 დღეა, ორადგილიანი ნომერი კი სასტუმრომდე ტრანსფერით, კვებითა და ყველა ექსკურსიით ყველაზე ცოტა 3840 $ დაგიჯდებათ.
8 სახლისა და ერთადერთი ბენზოგასამართი სადგურისგან შემდგარი სოფელი დიუპავიკა ისლანდიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გრელანდიის ზღვის ნაპირზე მდებარეობს. ახლომახლო ტერიტორიაზე, ყოველ ხუთ კილომეტრზე საშუალოდ 1 ადამიანი სახლობს, ამიტომ რაღა გასაკვირია, რომ სატუმრო Djupavik Hotel-ს ტურისტები და ვიზიტორები მაინცდამაინც ხშირად არ წყალობენ. სოფლის მთავარ ღირშესანიშნაობას 100 წლის წინ ჩაძირული და ნაპირთან გამორიყული დრო-ჟამისაგან დაჟანგებული და გამოფიტული გემი „სეზერლენდი“ და 1954 წელს ქაშაყის პოპულაციის მკვეთრი შემცირების გამო დახურული და ნახევრადდანგრეული თევზისგადამამუშავებელი ქარხანა წარმოადგენს. თავად სატუმროც ამ ქარხნის მუშათა საერთოსაცხოვრებლის ქალთა კორპუსში მდებარეობს და სოფლის სტილში მოწყობილი შვიდი ნომრისაგან შედგება. აბაზანა და ტუალეტი ნომრებს საერთო აქვთ, მაგრამ სამაგიეროდ რესტორანში უგემრიელეს ოჯახურ, ძირითადად თევზის კერძებს ამზადებენ. ფანჯრებიდან კი ცალ მხარეს ზღვისა და ფიორდების ხედი იშლება, მეორე მხარეს კი იქვე მდებარე ჩანჩქერის ულამაზესი პეიზაჟი. რეიკიავიკიდან ხუთი საათის გზაზე მდებარე სასტუმროში ერთი ღამე 7300 ისლანდიური კრონა, ანუ დაახლოებით 30 ამერიკული დოლარი ჯდება.
ვალზერცების (გერმანულად მოლაპარაკე შვეიცარიელები ვალეს კანტონიდან) მიერ მეთოტხმეტე საუკუნეში იტალიურ პროვინცია Valle D’Aosta-ში მთის პლატოზე გაშენებულ სოფელში, რომელიც დღეს სულ ხუთი სახლისაგან შედგება მდებარეობს სატუმრო Hotellerie de Mascognaz-ი. უახლოესი კურორტი შამპოლიუკიდან სოფელში მოხვედრა მხოლოდ ფეხით შეიძლება (დაახლოებით 40 წუთის გზაა), ან კარგად მომზადებული ჯიპით.
ამ ძველებურ ქვითნაგებ შალეში 7 კომფორტული ნომერი და ბუხრიანი საერთო დარბაზია. ახლომდებარე ბეღელში კი ორსართულიანი ლუქი Monte Rosa Suite-ა მოწყობილი ორი საძინებლითა და ორი აბაზანით. ნომრებიდან მონტე-როზა მთიანი მასივის და მატერჰორნის მწვერვალის არაბუნებრივად ლამაზი ხედები ჩანს, ირგვლივ კი იდილიურ სიჩუმეს არავინ და არაფერი არღვევს. სასტუმროს რესტორანში დამსვენებლებს ადგილობრივი სამზარეულოს კერძებს და საუკეთესო ღვინოს სთავაზობენ. რელაქსაციის მსურველებს კი ჯაკუზისა და სპორტდარბაზში ეპატიჟებიან. მთავარი გასართობი მთაში ლაშქრობა და ახლომდებარე სოფლებში ღვინისა და ყველის სადეგუსტაციო ტურებია. ნომრის ფასები 230 ევროდან იწყება.
სასტუმრო Wasdale Head Inn ინგლისის ყველაზე მაღალი მთის, კოფელ-პაიკის ძირში გაშენებულ პაწაწინა სოფელ უასდეილ ჰედში, ქვეყნის ყველაზე ღრმა ტბის, უასტ უოტერის ნაპირზე მდებარეობს. აქვე მდებარეობს ინგლისის ყველაზე პატარა, წმინდა ოლაფის ეკლესია და როგორც თვითონ იძახდა, აქ დაიბადა ქვეყნის ყველაზე დიდი მატყუარა - სასტუმროს მფლობელი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ვინმე, უილ რიტსონი, რომელიც ბუხართან შეკრებილ სტუმრებს საკუთარი მოგონილი ისტორიებით ართობდა. სხვათა შორის, მისი ხსოვნის პატივსაცემად ყოველწლიურად ატარებენ კონკურსს ქვეყნის ყველაზე დიდი მატყუარის გამოსავლენად.
სასტუმროში სოფლის სტილში გაფორმებული 10 სტანდარტული ნომერია - უზარმაზარი საწოლით, უზარმაზარი სავარძლებით და უზარმაზარი კომოდით. აგრეთვე, შეგიძლიათ აირჩიოთ 2 ლუქსი და შვიდი აპარტამენტი თავისი სამზარეულოთი. სტანდარტული ნომერი 57 გირვანქა-სტერლინგი ღირს.
სასტუმრო-ბუტიკების ასოციაცია Relais&Chateaux-ის ერთ-ერთი წევრი-სასწუმრო/ლოჯი Whare Kea Lodge&Chalet, ჩემდა გასაოცრად, შვეიცარიის ალპების ნაცვლად ახალ ზელანდიაში აღმოჩნდა. სრულიად ევროპული სახელწოდების მქონე სასტუმრო სრულიად უკაცრიელ ადგილას, ტბა უანაკას ნაპირზე მდებარეობს ახალი ზელანდიის ალპებში (აი, თურმე რატომ ქვია შალე, შვეიცარიაშიც და ახალ ზელანდიაშიც ალპები ალპებია). 6 ნომრისგან შემდგარი დასასვენებელი კომპლექსის ფანჯრები იატაკიდან ჭერამდეა გადაჭიმული და შესაბამისად, გარშემო მდებარე მთები და პანორამა ოთახის ლოგიკური გაგრძელება ხდება.
სასტუმრო თავის დამსვენებლებს ტბაზე გასეირნებას, თევზაობას, გოლფს და ახლომდებარე ღვინის რეგიონში ექსკურსიას სთავაზობს. განმარტოების მსურველთათვის, მაღალ მთებში პატარა, ორადგილიანი შალეც აქვთ საიდანაც ქვეყნის ყველაზე მაღალი მწვერვალები კუკი და ასპირინგი მოსჩანს. ერთი ნომერი საუზმით, აპერეტივებითა და ოთხკერძიანი ვახშამით 1400 ახალზელანდიური დოლარი ღირს.
კვლავაც ჩილეში, ამჯედად მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას - პატაგონიაში ათასობით პატარა კუნძულებს, ფიორდებს, ყურეებს, მყინვარებს, დათოვლილ მთებს, ტბებსა და პირველყოფილ ტყეებს შორის მდებარეობს Puyuhuapi Lodge&Spa. თერმალურს წყაროსთან ახლოს (რომელიც მის ორმოცდაერთივე ნომერ ათბობს) მდებარე სასტუმროში მოხვედრა მხოლოდ გემით შეიძლება. არ არის ტელევიზორები, მობილური არ იჭერს, ტექნოლოგიების მოყვარულებისთვის მხოლოდ საერთო დარბაზშია ჩართული ძალიან ნელი ინტერნეტი. კატერით 15 წუთის გზაზე მდებარეობს ეროვნული პარკი კეულატი, სადაც უჩვეულო ხეებს შორის თავისუფლად დანავარდობენ კუდუები (მსოფლიოში ყველაზე პატარა ანტილოპები), კულპეოები (ანდების მელა) და კოდკოტები (კატები). გარეულ ჩიტებს კი სულა არ ეშინიათ ადამიანების. ტურისტების მთავარ ინტერესს კი უზარმაზარი მყინვარი სან-რაფაელი წარმოადგენს, რომლამდეც 7 საათის განმავლობაში მიცურავს სასტუმროს კატამარანი Patagonia Express-ი. აქ ნომრები ტურების მიხედვით ქირავდება. ოთხდღიანი ტური ორ კაცზე დაახლოებით 3340 ამერიკული დოლარი ჯდება.
როგორც უკვე აღვნიშნე, მსგავსი ადგილების უმეტესობა შოტლანდიაში მდებარეობს - კოლონეის კუნძულზე მე-18 საუკუნის ორსართულიან შენობაში განთავსებული Colonsay Hotel-ი „ძირითადი მიწიდან“ ბორანით ორი საათის ან 25 წუთის ფრენაში მდებარეობს. კუნძულს ულამაზესი ქვიშიანი ნაპირები, პატარა ყურეები, მოღუშული კლდეები, მოყვავილე როდოდენდრონებით, ყოჩივარდებით და ყვითელი შროშანებით გადაბრდღვიალებული ბაღები და ორაგულებით სავსე ტბები ამშვენებს. 40 კვ. კილომეტრის ფართობის კუნძული 100-მდე ადამიანითა და ბევრად მეტი სელაპით, გარეული თხით და 1500-ზე მეტი სახეობის ფრინველითაა დასახლებული. კუნძულის ერთადერთ სასტუმროს ადგილობრივის ღირშესანიშნაობების სახელების მქონე ცხრა ნომერი აქვს. მაგალითად: პლიაჟი, ყურე, ფორტი და კონცხი. სასტუმროს გასტროპაბში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ახალდაჭერილი ხამანწკები, ლანგუსტები და ბატკნის დაბრაწული ბარკალი. იქვე იხარშება ელიც.
აქ ორადგილიანი ნომერი 85 გირვანქა-სტერლინგი დაგიჯდებათ.
ჩემს „გამოკვლევა-ჩამონათვალს“ პატარა, მაგრამ ულამაზესი სასტუმრო Refugios del Peru-თი დავასრულებ, რომელიც პერუს ანდებში, ზღვის დონიდან 3190 მეტრში, ლიმადან 200 კილომეტრში მდებარეობს და 36 კაცზე გათვლილი 11 ოთახისგან შედგება. გარშემო უკაცრიელი ველები და ქვიანი მორუხო-მომწვანო მთები ახვევია. ყველა ნომერს ინდივიდუალური კლიმატკონტროლის სისტემა აქვს, სერვისი კი ჭეშმარიტად ევროპულია.
ხრამის პირას აშენებულ შუშისკედლებიან რესტორანში მზარეულები ანდო-ევროპული სამზარეულოს ფიუჟენს გვთავაზაობენ, დამსვენებლების მთავარ გასართობს კი ნაირ-ნაირი საექკურსიო მარშრუტები წარმოადგენს - ფეხით, ცხენით (ბავშვებისთვი პონები ყავთ) და მთის მოტოციკლეტებით. ერთი ღამე კი ორისთვის სულ არაღაც 158 ამერიკული დოლარი ღირს.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment