სიმახინჯის ესთეთიკით ტკბობის მსურველთათვის

Approved by Natia Jinjolava


რადგან დასვენების ინდუსტრიის მიმოხილვა განვიზრახე, ვერც უკანასკნელი პერიოდის ნოუჰაუს - ე.წ. დიზაინერულ სატუმროებს ავუვლი გვერდს და თქვენს და ჩემს ყურადღებას ამჯერად მათ ერთ მეტად საინტერესო კატეგორიაზე - მსოფლიოს ყველაზე მახინჯ ნაგებობებზე შევაჩერებ. რომელთა ინტერიერ-ექსტერიერი არა მარტო საარაკო სიგონჯით გამოირჩევა, არამედ, როგორც ამ საქმეში კარგად ჩახედული ფსიქოლოგები ირწმუნებიან, საკმაოდ ცუდად და სახიფათოდ მოქმედებს სტუმრების ფსიქიკაზე.

მადრიდში წამოჭიმული Hotel Silken Puerta América-ს მთავარ იდეას აბსოლუტური თავისუფლება წარმოადგენს. არქიტექტორთა ჩანაფიქრით, სატუმროს დიზაინში ერთმანეთს ხვადასხვა კულტურა, მიმართულება, დიზაინერული მიმდინარეობა, ფერები, მასალა და ფორმა უნდა შერწყმოდა. მაგრამ როგორც გაირკვა, ტრადიციებისა და ნორმების დარღვევამ ვერაფერი სასიკეთო ვერ მოიტანა - ექსპერიმენტის შედეგად მიღებული სამშენებლო აჯაფსანდალი დამსვენებელთა ფსიქიკაზე საშინლად მოქმედებს. სასტუმროს კიდევ ერთი სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ სტუმრებს ოთახის გაცლისთვის ზოგადად მიღებული შუადღის ნაცვლად, კიდევ ორი საათი აცლიან, მაგრამ ამით არაფერს კარგავენ - დაზაფრული ხალხი თავისი ნებით გარბის დილაუთენია.

Hotel Spirit ბრატისლავაში (სლოვაკეთი) გარეგნულად უწესრიგოდ დაყრილ ნაგავის გროვას ან ღარიბი გარეუბნის ბარაკს წააგავს, რომელიც მაწანწალებმა ქუჩაში შემთხვევით ნაპოვნი ჯართისა და ხლამისაგან ააშენეს. სასტუმროს ნომრებიც იმდენად ფერადოვანი და ჭყეტელა აქვს, რომ სასწრაფოდ სადმე გაქცევა და გადამალვის სურვილი გაგიჩნდებათ. მზრუნველი სასტუმროს მეპატრონეები ეტყობა სტუმრების ფსიქიკურმა აშლილობამ ნამეტანი შეაწუხათ და ამიტომ მათთვის საგანგებო სემინარებს აწყობენ სტრესის გადალახვისა მეთოდებსა და ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოჯანსაღების თემაზე.

Marina Bay Sands სინგაპურში თავისი მეტად უჩვეულო და საკმაოდ შთამბეჭდავი არქიტექტურის წყალობით სისტემატიურად ხვდება რიგ-რიგობით ხან ყველაზე საინტერესო და ხანაც ყველაზე მახინჯი სასტუმროების სიაში. სამი ცათამბრჯენის სახურავები  სინგაპურის  ცაში მოტივტივე უზარმაზარი გემით ერთიანდება, თავად შენობის ძირში კი გაურკვეველი ფორმების მინის კონსტრუქციებია აგებული. გარდა ამისა, სტუმრები მომსახურების ხარისხსაც უჩივიან და აღნიშნავენ, რომ  სხვენზე გაშენებულ ტერასაზე მოსვენება შეუძლებელია, სადაც სასტუმროს მეპატრონეები ქუჩიდან უშვებენ შემთხვევით ხალხს სურათების გადასაღებად.

დუბაის Atlantis The Palm ხელოვნურად დაყრილ პალმის ფორმის კუნძულზე აშენებული, უკაცრავად გაშენებული (გიგანტური და უკიდეგანო ზომის გამო ამ სიტყვას უფრო იმსახურებს) პირველი სასტუმროა, რომელიც ერთნაირად გამაოგნებელია თავისი ზომით, ნომრების რაოდენობით, მიშლენის მრავალვარსკვლავიანი რესტორნების სიმრავლითა და ინტერიერის საარაკო უგემოვნობით. როგორც ჩანს, მისი არქიტექტორის ერთადერთი მიზანი ფუფუნებასა და სიმდიდრესთან რაც კი ასოცირდება ყველაფრის ერთ ადგილას თავმოყრა იყო და შედეგად, მთავარ დარბაზში რამდენიმე წუთით გაძლებაც კი შეუძლებელია: თვალისმომჭრელად ციმციმებენ და ელვარებენ მოოქროვილი ბერძნულ-რომაულის სტილის მოზაიკური პანოები, ბაროკოსა და კლასიციზმზე პრეტენზიის მქონე არაბული სტილის ზურმუხტის ინკუსტრაციები, ასეულობით შადრევნებისა და ხელოვნური ჩანჩქერების წყლის შხეფები და ცენტრში აღმართული ფერადი მინის თანამედროვე 100 მეტრიანი სკულპტურა. და, ამ ყველაფრის ფონზე სრულიად უზაროდ გამოიყურება იატაკზე დაგებული ფერადი თევზებით მოხატული ცისფერი იაფფასიანი კავროლინი (ქსოვილის ლინოლიუმის ნაირსახეობა) ...

ვიეტნამში, დალატში მდებარე Hang Nga Cuesthouse დიზაინერების ჩანაფიქრით, აბლაბუდით დაფარული და გვირაბებით დაქსელილი გიგანტური ხის ფორმის ზღაპრის სახლი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ცხოველები და მწერები აფარებენ თავს.  ავტორი იმასაც კი ირწმუნებოდა რომ მის შემოქმედებაზე წარუშლელი გავლენა ესპანელი ხუროთმოძღვრის ანტონიო გაუდის ქმილებებმა მოახდინეს. განზრახვის განსახორციელებლად ვიეტნამელმა არქიტექტორმა უარი თქვა წინასწარ მომზადებულ პროექტზე, დაიქირავა არაპროფესიონალი მშენებლები და მათ და თავის ფანტაზიას მიენდო. საზოგადოების „მადლიერებამაც“ არ დააყოვნა და მის „შედევრს“ სულ მალე საგიჟეთი შეარქვეს. თუმცა, სამართლიანობისთვი უნდა აღინიშნოს, რომ ქაოსისდა მიუხედავად, სასტუმროს პროექტში გარკვეული იდეური კავშირი მაინც იგრძნობა - ათი თემატური ნომერი ცხოველების - ვეფხვის, ჭიანველის, კენგურუს და სხვათა სახელებს ატარებს.

Westin New York at Times Square-ის ავტორებს სულ ცოტა მეტი გემოვნება და ზომიერების გრძნობა რომ ქონოდათ, თავისუფლად ჩაითვლებოდა თანამედროვე სტილისა და დიზაინის ნიმუშად. ავეჯიც, დეკორიც, კიბეებიც კი, ცალ-ცალკე ყველაფერი საკმაოდ კარგი და საინტერესოა, მაგრამ ერთად სრული კოშმარია. მართალია, საკმაოდ სადა, მაგრამ მაინც ურიცხვი დეტალების სიმრავლე სასტუმროს სტუმრებზე საკმაოდ დამქანცველად და ცუდად მოქმედებს. თანაც, ბევრი წიწილასავით ყვითლად შეღებილ და უცნაურად დაგრეხილ შენობაში არა თუ ღამის გათევას, შესვლასაც კი ვერ ბედავს.

First World Hotel – Genting Resorts World -ი მალაიზიაში, თავისი პომპეზური და პრეტენზიული დასახელების მიუხედავად, აუტანელი სიჭრელითა და ჭყეტელა ფერებით გენტინგის არნახულად ლამაზ ბუნებაში ერთადერთ მახინჯ და პეიზაჟის გამანადგურებელ ობიექტს წარმოადგენს. საბედნიეროდ, მისი დიზაინერის ფანტაზია, საკმაოდ ნაზ ფერებში გადაწყვეტილ ნომრებს ვეღარ გაწვდა.

ბელგიური Radison Blue Astrid Hotel-ი ანტვერპენის ცენტრში მდებარე ისტორიულ შენობებს შორის უხარისხო და იაფფასიანი კბილის პროთეზივითაა ჩასმული. არქიტექტორს, რომელიც ტრადიციული ბელგიური სახლის სტილიზაციას შეეცადა, საბოლოოდ რაღაც გიგანტური და უგემოვნო კონსტუქცია გამოუვიდა. Radison Blue-ს ტრადიციული ინტერიერი, თანამედროვე და მოხერხებული ავეჯით სრულიად არ შეეფერება და ვერ  ერწყმის შენობის გარეგნულ „მომხიბვლელობას“.

Royal Tulip Brasilis Alvorada  თვალნათელი მაგალითია, როგორი უსახური და ცივი შეიძლება იყოს თანამედროვე არქიტექტურა უგერგილო დიზაინერის ხელში. მორთულობისაგან სრულიად გათავისუფლებული რუხი ინტერიერი, სატუმროზე მეტად ბუნკერის ბეტონის კედლებს წააგავს და დამთრგუნველად მოქმედებს. ნომრებს კიდევ არაუშავს, მაგრამ მათი ავეჯიც გასაოცრად სადა და უსახურია.


და, ბოლოს, Grand Lisboa Macau-ს შემქნელებმა მიზნად მაკაოს სტუმრებისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის განუმეორებელი სამყაროს გაცნობა დაისახეს და საკმაოდ ბანალური და უინტერესო ნაგებობა შექმნეს. თუმცა, ნამდვილად რეგიონის სტილში - პლასტმასით, მინით და პლაზმური პანელებით. ხეოვნური და ტექნოგენური სამყარო, რომელშიც სრულიად შემთხვევით გაერია ტრადიციული დეკორის რამდენიმე ელემენტი.




საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment