4.8.12
არქტიკული რულეტი
Approved by
დღეს მე-20 საუკუნის 70-იანი წლების ევროპის კიდევ ერთ
პოპულარულ ნამცხვარს - არქტიკულ რულეტს წარმოგიდგენთ, რომლის უფრო კლასიკური და ამერიკული
ნაირსახეობის, „გამომცხვარი ალიასკის“ რამდენიმე რეცეპტი შარშან უკვე მოგაწოდეთ. მაშ
ასე, ახლა უფრო გაფრანგულებულ და გართულებულ ვარიანტზე, რულეტზე გადავიდეთ.
არქტიკული
რულეტი ერიკ ლანლარდისგან
6 პორცია
ბისკვიტისთვის: 3 კვერცხის ცილა, 130 გრ შაქარი, 4 კვერცხი
გული, 50 გრ გამდნარი კარაქი, 100 გრ ფქვილი, 0,5 ჩ/კ სოდა
გულსართისთვის: 1 ლ ვანილის ნაყინი (მაცივრდან წინდაწინ
გამოღებული და შერბილებული), 200 გრ ცუკატების ნარევი (ლიმონის, ფორთოხლის, ანანასის...),
50 გრ კრაჭუნა ალუბლები შუაზე გაჭრილი, 50 მლ ფორთოხლის ლიქიორი
ბეზესთვის: 6 კვერცხის ცილა, 400 გრ ყვითელი შაქარი
მოსართავად: ფორთოხლის ლიქიორი
გავახუროთ ღუმელი 200°C-მდე (თუ ძალიან თანამედროვე
და ვენტილატორიანი ღუმელი გაქვთ, ნებისმიერ რეცეპტში მითითებული ცხობისთვის საჭირო
ტემპერატურა 20 გრადუსით უნდა გაზარდოთ, ანუ ამ შემთხვევაში 220 იქნება). საცხობ ფირფიტაზე
დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. ბისკვიტის მოსამზადებლად ავთქვიფოთ კვერცხის ცილები,
ბეზე ფორმის შენარჩუნებას რომ დაიწყებს ნელ-ნელა ჩავათქვიფოთ 50 გრ შაქარი და გავაგრძელოთ
თქვეფა ბეზეს საბოლოოდ გამაგრებამდე. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის გულები და დარჩენილი
შაქარი გათეთრებამდე. შემდეგ დავუმატოთ გამდნარი კარაქი, ფქვილი და სოდა. სულ ბოლოს ფრთხილად
გადავურიოთ ბეზეც. ცომი დავასხათ საცხობ ფირფიტაზე დაფენილ პერგამენტის ქაღალდზე, მოვასწოროთ
და შევდგათ ღუმელში 10 წუთით (მაგარმ ყურადღება მიაქციეთ, შეიძლება უფრო მალე გამოცხვეს).
ღუმელიდან გამოღებული ბისკვიტი ნამიან ჩაის ტილოზე გადმოვაყირავოთ, ქაღალდი ავაცალოთ
და ცხელივე დავახვიოთ ტილოს დახმარებით და დავტოვოთ გასაგრილებლად.
ამასობაში ერთმანეთში გადავურიოთ ნაყინი, კუბიკებად დაჭრილი ცუკატები და
კრაჭუნა ალუბლები. ბისკვიტი გავშალოთ ფრთხილად, დავნამოთ ლიქიორით და წავუსვათ ნაყინის
კრემი. ისევ დავახვიოთ და შევდგათ საყინულეში
მინიმუმ 2 საათით.
ახლა მოვამზადოთ ბეზე: შაქრისა და 50 მლ წყლისგან მოვადუღოთ
მუქი ოქროსფერი სიროპი. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის ცილები, ბეზე ფორმის შენარჩუნებას
რომ დაიწყებს ნელ-ნელა ჩავათქვიფოთ ცხელი სიროპი ძალიან წვრილ ნაკადად (ცხელ სიროპს პირდაპირ ბეზეში ნუ ჩაასხამთ, ჯამი დააყირავეთ და სიროპი ჯამის კედელზე დაასხით). გავაგრძელოთ
თქვეფა სანამ სიროპისგან გაცხელებული ბეზე არ გაცივდება - დაახლოებით 20 წუთი.
გაყინული ბისკვიტი გამოვიღოთ მაცივრიდან, წავუსვათ ბეზე.
კულინარიული სანთურით ბეზე აქა-იქ შევბრაწოთ. დაახლოებით 200 მლ ლიქიორი ჩავასხათ სასოუსეში, წავუკიდოთ
ცეცხლი და მოვასხათ რულეტს და როგორც კი ცეცხლი ჩაქრება - ვჭამოთ!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment