Aligot - კარტოფილი პიურე ყველით

Approved by Natia Jinjolava


სიმართლე გითხრათ, ალიგოტი და განსაკუთრებულად მისი ფოტო რადენიმე ხნის წინ ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოცვანელი მწყემების მიერ ჩაზელილი ღომი ჩემი თვალით მქონდა ნანახი და ყველიანი ჭადის ფქვილის კერძის - პოლენტას არსებობა უკვე დიდი ხანია ვიცი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შუაგულ ევროპაში ჩვენი ელარჯის ანალოგს ვნახავდი სადმე. პირინეული ალიგოტი ელარჯისგან განსხვავებით, რომელიც ძირითადი კერძია, გარნირის (მიაყოლებლის) მოვალეობას ასრულებს და მას ხორციან კერძებთან ან დაბრაწულ შინაურ კუპატთან ერთად მიირთმევენ. ერთი სიტყვით, ალიგოტში ყველს ღომის ნაცვლად კარტოფილის პიურეში ურევენ და ცოტაოდენ ნიორსა და კარაქს უმატებენ. ცენტრალურ საფრანგეთში ანუ ალიგოტის სამშობლოში ძირითადად შემდეგ ყველის სახეობებს იყენებენ: Tomme Fraîche-ს, Laguiole-სა და  Cantal-ს, თუმცა ასევე ხშირად ანაცვლებენ მათ ბრიტანული ჩედერითა და იტალიური მოცარელათი, რაც იმა ნიშნავს, რომ ჩვენებური სულგუნიც (ოღონდ რძიანი) იდეალურად გამოდგება, მაშ ასე:

ალიგოტი - Aligot
(Larousse Gastronomique-ს რეცეპტით)
1 კგ კარტოფილის ფონდანტისგან (ძალიან დაბალ ცეცხლზე კარაქში გამომცხვარი კარტოფილი) მოვამზადოთ პიურე, დავუმატოთ 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, 1 ს/კ ბეკონისგან გამომდნარი ქონი და ცოტაოდენი რძე პიურეს გასათხელებლად. პიურე შემოვდგათ ბონ მარიზე (მდუღარე წყლის აბაზანაზე), დავუმატოთ 575 გრ თხლად დაჭრილი ყველი Laguiole (ან სულგუნი) და კარგად ჩავზილოთ ხის ჩოგნით. ვზილოთ სანამ ყველი არ გადნება და პიურეში არ გადაიზილება. პიურე რბილი, ელასტიური და პრიალა რომ გახდება, ალიგოტი მზადაა.

კარტოფილის ფონდანტი
კარტოფილი გავთალოთ და მომცრო კვერცხის ზომის ნაჭრებად დავჭრათ. დავბრაწოთ კარაქში 5 წუთის განმავლობაში. გადავწუროთ შენაწვავი კარაქი. დავუმატოთ ახალი კარაქი (100 გრ 1 კგ კარტოფილზე), ტაფას თავსახური დავაფაროთ და Ыევდგათ 150°C-მდე გახურებულ ღუმელში. კარტოფილი რომ შეიწვება, ზემოდან 4 ს/კ ქათმის ბულიონი მოვაწუწოთ და დაველოდოთ ცხელი კარტოფილი ბულიონს როდის შეიწოვს.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინი

ტეხასური ჩილი - Texas Chili

Approved by Natia Jinjolava


ტეხასური ჩილი - Texas Chili
2,5 კგ საქონლის რბილი ხორცი დაჭრილი 2,5 სმ-იან კუბიკებად, ½ ჭ ზეთი, 2 ჭ წვრილად დაჭრილი ხახვი, 6 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, 2 ს/კ ხმელი წიწაკა დაფქული, 1 ს/კ ხმელი წიწაკის ფანტელები, 1 ს/კ ან გემოვნებით ცხარე კაიენური წიწაკა დაფქული (კაიენური წიწაკა ჩვეულებრივი ჩილისგან განსხვავდება ფერით - უფრო მოსატაფილოსფრო-მოალისფროა, ვიდრე წითელი და ჩვენთან იყიდება, ოღონდ ისიც ჩვეულებრივი ცხარე წიწაკა გვგონია), 2 ს/კ ძირა დაფქული, 2 მწვანე წიწაკა თესლგაცლილი და წვრილად დაჭრილი, 1 დაფნის ფოთოლი, 6 ჭ კუბიკებად დაჭრილი თესლ და კანგაცლილი პამიდორი, მარილი და ახალდაფქული პილპილი, ½ ჭ მაგარი შავი ყავა, 500 გრ წინასწარ მოხარშული ლობიო (ან მისი კონსერვი), 2 ს/კ წვრილად დაჭრილი შაშკვლამის ან რეჰანის ფოთლები;
მისაყოლებლად: არაჟანი, გახეხილი ყველი ჩედერი და პამივრის სალათი
ასევე უხდება, მექსიკური ტორტილიას ჩიპსები და გუაკამოლეს სოუსი

დიდი ზომის სქელძირიან ქვაბში გავაცხელოთ ზეთი და ხორცის კუბიკები პორცია-პორციად ყველა მხრიდან დავბრაწოთ. დაბრაწული ხორცი გადმოვიტანოთ ლანგარზე, მის შენაწვავ ზეთში კი მოვთუშოთ ხახვი და ნიორი საშუალო ცეცხლზე (ნუ დავხრაკავთ). დაახლოებით 8-10 წუთში, როცა ხახვი გამჭვირვალე გახდება დავუმატოთ ხმელი წიწაკები, წიწაკის ფანტელები, ძირა და ვთუშოთ კიდევ ერთი წუთი (ამდენი წიწაკა მეტისმეტად თუ გეჩვენებათ მწვანე წიწაკა მწვანე ბულგარულით ჩაანაცვლეთ, ხმელი კი დაფქული პაპრიკით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ აუთენტიკური ჩილი, ძალიან, ძალიან ცხარე უნდა იყოს. მის სიცხარეს მისაყოლებელი პამიდორი, არაჟანი და სოუსი გუაკამოლე ანეიტრალებს). მერე დავუმატოთ მწვანე წიწაკა, დაფნის ფოთოლი და დაჭრილი პამიდორი თავისი წვენით. ქვაბში ჩავაბრუნოთ დაბრაწული ხორციც, მოვაყაროთ 1 ჩ/კ მარილი და 1 ჩ/კ ახალდაფქული პილპილი და წამოვადუღოთ. ჩავუწიოთ ცეცხლი, დავაფაროთ თავსახური და ვთუშო 2 ½ საათი. დროდადრო მოვურიოთ. გავსინჯოთ, საჭიროების შემთხვევაში დავუმატოთ მარილი და პილპილი. ჩავასხათ ყავა, დავაფაროთ თავსახური და კიდევ 1 საათი ვათუხთუხოთ. ბოლოს, დავუმატოთ ლობიო, რეჰანის ფოთლები და ლობიო როგორც კი შეთბება - ჩილი მზადაა. გადავიტანოთ ლამაზ ჭურჭელში. ჭამისას ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ჩედერი, კუბიკებად დაჭრილი პამიდორი, მოვასხათ არაჟანი და გემრიელად მივირთვათ. მივაყოლოთ ტორტილიას ჩიპსები (იყიდება უპერმარკეტებში) და სოუსი გუაკამოლე.

გუაკამოლე
(ელტონ ბრაუნის რეცეპტი)
3 მწიფე ავოკადო კურკა და კანგაცლილი და შუაზე გაჭრილი, 1 ლაიმის წვენი, ½  ჩ/კ მარილი, ½ ჩ/კ დაფქული ძირა, ½ ჩ/კ დაფქული კაიენური წიწაკა, ½ საშუალო ზომის ხახვი დაჭრილი წვრილად, ½ მწვანე წიწაკა (სასურველია ხალაპენიო) თესლგაცლილი და წვრილად დაჭრილი, 2 პამიდორი თესლგაცლილი და პატარა კუბიკებად დაჭრილი, 1 ს/კ ქინძის ფოთლები დაჭრილი, 1 კბილი ნიორი დასრესილი

ჯამში ჩანგლით პიურედ ვაქციოთ ავოკადოს რბილობი და მოვასხათ ლაიმის (ან ლიმონის) წვენი და კარგად გადავურიოთ. ლიმონის წვენს კარგად თუ არ გადავურევთ, ავოკადოს პიურე გაშავდება და ლამაზი მწვანე ფერის აღარ იქნება. მერე გადავურიოთ მარილი, ძირა და წიწაკა. დავუმატოთ ხახვი, პამიდორი, მწვანე წიწაკა, ქინძი და ნიორიც. გავაჩეროთ ოთახი ტემპერატურაზე 1 საათი.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

მწვანე ბარდის და ყველის ნამცხვარი

Approved by Natia Jinjolava


მწვანე ბარდის და ყველის ნამცხვარი
6 პორცია
ცომისთვის: 100 გრ კუბიკებად დაჭრილი კარაქი, 175 გრ ფქვილი, მწიკვი მარილი, 2 მსხვილი კვერცხი, 130 გრ ლორი ან პანჩეტა კუბიკებად დაჭრილი, 285 მლ ცხიმიანი ნაღები, მწიკვი ხმელი ცხარე წიწაკის ფანტელები, 225 გრ გაყინული მწვანე ბარდა (30 წამით მდუღარე წყალში ჩაყარეთ), 200 გრ რბილი ყველი (ჩვენებური სახაჭაპურე ჭყინტიც გამოდგება) დაჭრილი
გავახუროთ ღუმელი 200°C-მდე. ცომისთვის ფქვილი, მარილი და კარაქის კუბიკები ერთმანეთში ავზილოთ ცივი ხელებით ან დავაბლენდეროთ. დავუმატოთ 2-3 ს/კ ყინულივით ცივი წყალი და მოვზილოთ ცომი.  გავაბრტყელოთ ცომი და ამოვაფინოთ 23 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და შევდგათ საყინულეში 10 წუთით. ცომს დავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი, ზემოდან დავყაროთ ბრინჯი, ლიობიო ან მუხუდოს მარცვლები ცომი რომ არ ამოვიდეს და გახურებულ ღუმელში ვაცხოთ 10 წუთის განმავლობაში. გამოვიღოთ და შევაგრილოთ. ღუმელის ტემპერატურას 180°C-მდე დავუწიოთ.
სანამ ცომი ცხვება, გაზზე შემოვდგათ ტეფლონიანი ტაფა და ლორის კუბიკები 5 წუთის განმავლობაში ვბრაწოთ. გადმოვყაროთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმისგან დასაწრეტად. ავთქვიფოთ ნაღები, 1 კვერცხი და ერთი კვერცხის გული. მორჩენილი კვერცხის ცილა გამომცხვარ ცომს წავუსვათ (ჩანგლის ნაჩხვლეტები ამოიქოლება). ათქვედილ ნაღებში გადავურიოთ ლორის კუბიკები, წიწაკის ფანტელები, დაფუფქული ბარდა და მარილი. ჩავასხათ გამომცხვარ ცომში და მოვაყაროთ ყველი. შევდგათ ღუმელში ვაცხოთ 30-35 წუთის განმავლობაში. გამოვიღოთ ღუმელიდან და შევაგრილოთ. მივირთვათ თბილი ან ოთახი ტემპერატურის.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

დარიჩინიანი პონჩიკები დარიჩინის ნაყინით და შოკოლადის სოუსით

Approved by Natia Jinjolava


დარიჩინიანი პონჩიკები დარიჩინის ნაყინით და შოკოლადის სოუსით
(ჯეიმს მარტინის რეცეპტებიდან)
8 პორცია
პონჩიკებითვის: 250 გრ ფქვილი, მწიკვი მარილი, 1 ½ ჩ/კ დაფქული დარიჩინი, 115 გრ შაქარი, 25 გრ დარბილებული კარაქი, 150 მლ წყალი, 20 გრ მშრალი საფუარი, ზეთი დასაბრაწად
დარიჩინი ნაყინისთვის: 300 მლ რძე, 2 ჩხირი დარიჩინი, 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი, 1 ჩხირი ვანილი შუაზე გაჭრილი და თესლგამოფხეკილი, 6 კვერცხი გული, 110 გრ შაქარი, 300 მლ ცხიმიანი ნაღები ათქვეფილ
შოკოლადის სოუსისთვის: 75 გრ შაქარი, 110 გრ წყალი, 200 გრ შავი შოკოლადი დატეხილი

დიდი ზომის ჯამში ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი, მარილი, ნახევარი სუფრის კოვზი დაფქული დარიჩინი, 40 გრ შაქარი, კარაქი, წყალი და საფუარი. ვურიოთ დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში, სანამ ყველაფერი კარგად არ აიზილება ერთმანეთში და რბილ ცომს არ მივიღებთ. გადავაფაროთ ცელოფანი და თბილ ადგილას დავდგათ 1 საათით. ცომი ზომაში რომ გაორმაგდება, გავყოთ რვა თანაბარ ნაწილად და გავაკეთოთ ბურთულები. ლანგარზე დავაფინოთ პერგამენტი და დავალაგოთ ცომის ბურთულები ერთმანეთისგან მოშორებით. დავდგათ თბილ ადგილას 20 წუთით. ფართო ქვაბში გავაცხელოთ ზეთი 150°C-მდე (კარგად გაცხელებულ ზეთში ზეთში ფქვილის მწიკვს რომ ჩავაგდებთ, უნდა შიშხინებდეს). ცომის ბურთულები ორ-ორად ფრთხილად ჩავდოთ მდუღარე ზეთში და დავბრაწოთ ორივე მხრიდან 6-8 წუთის განმავლობაში, სანამ მუქი ოქროსფერი არ გახდება, ამოვიღოთ ქაფქირით და დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმიგან რომ დაიწრიტოს. სანამ პონჩიკები იწრიტება, ფართო თეფშზე ერთმანეთში გადავურიოთ დარჩენილი დაფქული დარიჩინი და დარჩენილი 75 გრ შაქარი. დარიჩინიან შაქარში ამოვგანგლოთ ჯერ კიდევ ცხელი პონჩიკები.
დარიჩინის ნაყინითვის წამოვადუღოთ რძე დარიჩინის ჩხირებთან, დაფქულ დარიჩინთან და ვანილის გაფატრულ ჩხირთან და თესლთან ერთად. რძე რომ ადუღდება, გადავწუროთ და დარიჩინის და ვანილის ჩხირები ამოვიღოთ. სანამ რძე დუღდებოდა, კარგად ავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი. კვერცხის და შაქრის კრემში წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ ცხელი რძე და თან სწრაფად ვურიოთ, კვერცხი რომ არ მოიხარშოს რძის სიცხელისგან. მიღებული მიქსტურა დავაბრუნოთ რძის ქვაბში და საშუალო ცეხლზე ვურიოთ 2-3 წუთის განმავლობაში, სანამ თხელი არაჟნის კონსიტენციამდე არ შესქელდება (ნუ აადუღებთ, თორემ კვერცხი შეიკვრება და კრემს კვერცხის სუნი აუვა). გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევაგრილოთ. გაგრილებული კრემი საცერზე გადავწუროთ და ჩავასხათ ნაყინის მანქანაში და 45 წუთი ვთქვიფოთ (ნაყინის მანქანა თუ არ გაქვთ, კრემი ჩაასხით თავსახურიან პლასტმასის კონტეინერში და შედგით საყინულეში. ნახევარ საათში ერთხელ გამოიღეთ და კარგად მოურიეთ და ისევ საყინულეში შეაბრუნეთ, ასე წყლის კრისტალიზაციას აიცილებთ თავიდან. 4 საათში ნაყინი მზად იქნება. მე პირადად, ნაყინის წინა დღეს მომზადებას გირჩევთ).
შოკოლადის სოუსისთვის შაქარი და წყალი წამოვადუღოთ და ვადუღოთ 2 წუთი (სანამ შაქარი არ გადნება ნუ მოურევთ! თორემ, სიროპი დაკრისტალდება). ცხელ სიროპში ჩავყაროთ დატეხილი შოკოლადი და კარგად მოვურიოთ, სანამ შოკოლადი არ გადნება. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გადავდგათ გვერდზე.
პონჩიკები დავალაგოთ თეფშების ცენტრში, გავაფორმოთ თითო ბურთი დარიჩინის ნაყინით და მოვაწუწოთ შოკოლადის სოუსი.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ბლინების ტორტი ჯეიმი ოლივერისგან

Approved by Natia Jinjolava


ბლინების ტორტი ჯეიმი ოლივერისგან
12 პორცია
3 ჭ ფქვილი, 3 ჭ რძე, 3 მსხვილი კვერცხი, ზღვის მარილი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, ¼ ჩ/კ სოდა. 150 გრ შავი შოკოლადი კაკაოს მინიმუმ 70 %-ი შემცველობით და ცოტა კიდევ მოართავად, 50 გრ კარაქი, 180 გრ მოხალული თხილი და ბრაზილიური კაკალი, 600 მლ ცხიმიანი ნაღები, 1 ს/კ ვანილის ექსტრაქტი, 1 ½ ს/კ ლერწმის შაქარი, 300 გრ ჟოლო მოსართავად (სავალდებულო არაა)

ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ ფქვილი, სოდა, რძე, კვერცხები და მწიკვი მარილი. დავუმატოთ 1 ს/კ ზეთი. ცეცხლზე შემოვდგათ პატარა ზომის ბლინების საცხობი ტაფა და კარგად გავავარვაროთ. თუ ტეფლონიანი ტაფა გვაქვს, ზეთი არ გვინდა, თუ არადა ზეთში დასველებული ხელსახოცი მოვუსვათ ტაფას და ერთი ჩამჩა ცომი დავასხათ. ცომი ტაფის მთელ ზედაპირზე გავანაწილოთ  და 2 წუთი ვაცხოთ, მერე გადავატრიალოთ და მეორე მხრიდანაც დავბრაწოთ. გადმოვიღოთ თეფშზე. ასე ვაცხოთ ბლინები სანამ ცომი არ გამოგველევა.
ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ დამტვრეული შოკოლადი, კარაქი და მწიკვი მარილი (ცეცხლზე შემოდგმული მდუღარე წყლიანი ქვაბის თავზე შემოვდგათ შოკოლადიანი ჯამი. ოღონდ ჯამის ფკერი მდუღარე წყალს არ უნდა ეხებოდეს). შიგადაშიგ ვურიოთ. სანამ შოკოლადი დნება, თხილი და ბრაზილიური კაკალი დავნაყოთ ან დავჭრათ წვრილად. ამასობაში გამდნარი შოკოლადი გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ 200 მლ ნაღები და დაჭრილი თხილი და ბრაზილიური კაკალი (ცოტაოდენი ზემოდან მოსაყრელად გადავინახოთ). დარჩენილი ნაღები ავთქვიფოთ ვანილთან და შაქართან ერთად.
ავიღოთ ლანგარი და მოვაწუწოთ ცოტაოდენი ათქვეფილი ნაღები, ზემოდან დავადოთ ბლინი და ხელით მსუბუქად დავაწვეთ. ზემოდან მოვასხათ შოკოლადი და თავზე მეორე ბლინი დავადოთ. შემდეგ წავუსვათ ათქვეფილი ნაღები, დავდოთ მესამე ბლინი, მოვაწუწოთ შოკოლადი და დავადოთ მეოთხე ბლინი, წავუსვათ ნაღები და ასე გავაგრძელოთ, სანამ ბლინები არ გამოგველევა. ბლინებს მორიგეობით გადავუსვათ ხან შოკოლადი, ხან ათქვეფილი ნაღები. ცოტაოდენი ათქვეფილი ნაღების გადანახვა არ დაგვავიწყდეს, სულ ზემოდან გადასასმელად. რომ მოვრჩებით,ბლინების ტორტს დანით გვერდები მოვულამაზოთ. თავზე გადანახული თხილი და შოკოლადის ბურბუშელები მოვაყაროთ. მერე ტორტიანი ლანგარი ციცხალი ჟოლოთი გავაფორმოთ და გემრიელად მივირთვათ ჩაისთან ერთად. ტორტი კიდევ უფრო გემრიელი გამოვა, რამდენიმე საათი მაცივარში თუ გავაჩერებთ.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ყველიერი დედამიწის გარშემო

Approved by Natia Jinjolava


ყველიერის ტრადიცია წარმართული დროიდან რომ მოდის და ოდესღაც გაზაფხულის მოსვლის და თბილი სეზონის დადგომის აღსანიშნავ დღესასწაულს წარმოადგენდა ამაზე ერთხელ უკვე ვწერე. დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებში გაბნეულ და ფეხმოკიდებულ საყველიერე „მენიუზე“ მოგახსენებთ, რომელიც შემთხვევითი სულაც არ გახლავთ. ჯერ ერთი, საჭმლის ფორმა და შინაარსი უმეტესად სითბოს სიმბოლოს - მზის დისკოს (ხაჭაპური, ყველიანი კვერი, ბლინები, პონჩიკები) და ბუნების გამოღვიძების სიმბოლოს - მწვანე ბოსტნეულს განასახიერებს. მეორე - დიდი მარხვის წინ მისაღები საჭმელი, გამორჩეულად ხორციანი და ცხიმიანი, ანუ ნოყიერი უნდა იყოს. და კიდევ ერთი და ალბათ მთავარი მიზანიც: ვინაიდანაც და რადგანაც, პროდუქტების გაფუჭება და გადაყრაც არაქრისტიანულია - კვერცხი, ყველი, მაწონი, არაჟანი, კარაქი, ხორცი და ყველა არასამარხვო და შენახვის მოკლევადიანი პროქდუქტი თავიდან უნდა მოვიშოროთ.
სხვადასხვა ეროვნების ადამიანების წეს-ჩვეულებათა და ტრადიციათა სრულიად განსხვავებულობი მიუხედავად, არის გარკვეული კერძები რომელიც ყველიერზე ყველგან თუ არა, უმეტეს ქვეყნებში მაინც გვხვდება. მაგალითად:

ბლინები
დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, კანადასა და რუსეთში დიდი მარხვის წინა სამაშაბათს მსუქან სამშაბათს ან „ბლინების დღეს“ ეძახიან. მოგეხსენებათ, ქრისტიანული ტრადიციის თანახმად, მარხვი დროს ცხოველურ პროდუქტებს, კონკრეტულად კი კვერცხს, არაჟან და კარაქს აღარ მიირთმევენ და ამიტომ წლის ყველაზე ხანგრძლივი მარხვის წინ ორგანიზმისთვის ასე საჭირო და აუცილებელი ცხიმების და ცილების მარაგი აღებასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამ დროს გერმანელები უფრო თხელ, კრეპის სტილის ბლინებს, pfannkuchen-ებს აცხობენ და შაქრის პუდრამოყრილს ან ჯემგადასმულს მიირთმევენ.

პონჩიკები
ბლინების არ იყოს, პონჩიკებიც კარაქით, არაჟნით, შაქრით და მარხვის განმავლობაში აკრძალული სხვა პროდუქტებისაგან მზადდება. პოლონელი გლეხები ყველიერზე paczki-ს ანუ ჯემიან პონჩიკებს აცხობენ. სხვათა შორის, სიტყვა პონჩიკიც პოლონურია, paczki დაახლოებით "პონჩკად" გამოითქმის. მრგვალი ან ოთკუთხედი ფორმის შაქარ და დარიჩინმოყრილი საყველიერე პონჩიკებს გერმანელები fasnachts ეძახიან, პორტუგალიელები malasadas, ბელგიელები კი  smouterbollen-ს.

მწვანე ბარდა
მიუხედავად იმისა, რომ ბარდა მარხვას ხელს არ უშლის, ხასხასა და ქორფა ფერის გამო გაზაფხულისა და განახლების სიმბოლოს წარმოადგენს და ყველიერის სუფრაზე თავისი მყარი ადგილი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან დაიმკვიდრა. დიდი მარხვის წინა კვირაში ბარდის კერძები, განსაკუთრებულად კი მისი სუპი უცვლელად ამშვენებს ირლანდიელთა და ბალტიისპირეთის ხალხების სუფრებს.

ხორცი
დიდ მარხვამდე 2 კვირით ადრე კვიპროსზე Kreatini იწყება, რომელიც მთლიანად მომავალი ხორცის აკრძალვის სულისკვეთებითაა გამსჭვალული (ჩვენებური უძღები შვილის შვიდეულის ანალოგი), ანუ მთელი კვირა ხორცს ჭამენ. ჩეხეთში ყველიერის ბოლო და მარხვის წინა დღეს Masopust-ი ქვია რაც სიტყვა სიტყვით „მშვიდობით ხორცოს“ ნიშნავს. რაღა გასაკვირია, რომ Masopust-ზე ტრადიციულად ღორს კლავენ, მთლიანად წვავენ და მერე გემრიელად მიირთმევენ.



ყველი
კვლავაც კვიპროსზე ხორცით მდიდარ Kreatini-ს, ჩვენი ყველიერის დარად ყველის კვირა Tyrini მოსდევს, როცა მთელი კვირა ყველს ჭამენ.




კრემიანი ნამცხვრები
ბლინების და პონჩიკების დარად, დიდი მარხვის წინ კრემიანი ნამცხვრების ცხობაც, ორგანიზმის შემზადებასთან ერთად, მალფუჭებადი  და არასამარხვო პროდუქტების გასაღებასაც ისახავს მიზნად. ტრადიციული საყველიერო ნამცხვარი დანიასა და ნორვეგიაში Fastelavnsbolles გახლავთ, შვედეთში Semla, ესტონეთში Vastlakuklid, ფინეთში Laskiaipulla. ამ ნამცხვრებში ხშირად კრემს, ნაღებით ან ჯემით ცვლიან, ან სულაც ნუშის პასტა ხმარობენ.

ერთი სიტყვით, არჩევანი დიდია, ჩვენებური ხაჭაპურებიდან დაწყებული, შემწვარი ღორის ბეჭით და დესერტით დამთავერებული. ყველიერის დღეების სუფრის ასორტიმენტი მთლიანად თქვენი მაცივრის შიგთავსსა და პირად გემოვნებაზეა დამოკიდებული. ჩვენს კლუბში კი უფრო ხშირად მი ენდრიუს ვუწევთ ექსპლუატაციას და ბლინებს ვაცხობთ (ვაცხობინებთ).

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ბლინის რულეტი

Approved by Natia Jinjolava


ბლინის რულეტი, საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია. განუსაზღვრელი რაოდენობის პატარა და თხელი ბლინჩიკების ცხობა არ მოგიწევთ. პირიქით, დაგჭირდებათ ყველაზე ფართე ტაფა, როგორიც კი სახლში მოგეპოვებათ. ცომიც  საკმაოდ სქელი უნდა იყოს. იდეალური ვარიანტი საფუარიანი ბლინების გამოყენებაა, მაგრამ უბრალო სოდაზეც გადასარევი გამოდის (სოდა აუცილებელია, თორემ, აუფუებელი და სქელი ბლინი რეზინასავით გამოვა).
მოკლედ, ავიღოთ 3 კვერცხი, 500 მლ წყალი ან რძე, ფქვილი - სადღაც 500გრ (ფქვილს გააჩნია) 1 ჩ.კ მარილი, 1 ს.კ. შაქარი, ½  ჩ.კ. სოდა + ლიმონის მჟავა დანის წვერზე ან როგორც ვარიანტი: სოდას ცოტაოდენი მდუღარე წყალი დაასხით, შემდეგ გააზავეთ ცივი წყლით ან რძით და ძირითად მასას დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტი ათქვიფეთ ერთად (მიქსერით ან კომბაინით ყველაზე სწრაფად გამოდის), ცომი საშუალო სისქის ანუ ბლინჩიკის ცომზე სქელი და საფუარიან ცომზე თხელი უნდა იყოს. ქურაზე კარგად გააცხელეთ დიდი ზომის, სასურველია დაბალკედლიანი ტაფა, გადაუსვით ზეთი და გამოაცხვეთ საკმაოდ სქელი ბლინი, გადააბრუნეთ მეორე მხარეს, ცოტა ხანს გააჩერეთ, მაგრამ არ დაბრაწოთ. მზა ბლინი თეფშზე გააცივეთ, ახლა მთავარი, ბლინის „დატენვა“. ყველაზე გემრიელი და მარტივი პროცესი იწყება: ბლინს მთელ პერიმეტრზე სქლად გადაუსვით ხარისხიანი გამდნარი ყველი, ზემოდან დაადეთ თხლად დაჭრილი ლორის ნაჭრები, კონტრასტისთვის შეგიძლიათ წითელი ბულგარული წიწაკის ნაჭრები ან უკურკო ზეთისხილი ჩააყოლოთ თითოეული ნაჭერს. მაქსიმალურად ფრთხილად გადაახვიეთ და ბასრი დანით დაჭერით  5-6 სმ ულუფებად. დაალაგეთ თეფშზე დაჭრილი მხარით ზემოთ (შიგთავსი ლამაზად გამოჩნდება). პორციაზე  5-6 დიდი ბლინი გამოდის. ერთი დიდი კოლოფი გამდნარი ყველიც საკმარისია. ლორი - 300-500 გრ (რამდენსაც გაიმეტებთ). გემრიელად მიირთვით.

საუკეთრსო სურვილებით,  თქვენი იუფიმია ენდრიუსი