12.3.13
დარიჩინიანი პონჩიკები დარიჩინის ნაყინით და შოკოლადის სოუსით
Approved by
დარიჩინიანი
პონჩიკები დარიჩინის ნაყინით და შოკოლადის სოუსით
(ჯეიმს მარტინის რეცეპტებიდან)
8 პორცია
პონჩიკებითვის:
250 გრ ფქვილი, მწიკვი მარილი, 1 ½ ჩ/კ დაფქული დარიჩინი, 115 გრ შაქარი, 25 გრ დარბილებული
კარაქი, 150 მლ წყალი, 20 გრ მშრალი საფუარი, ზეთი დასაბრაწად
დარიჩინი
ნაყინისთვის: 300 მლ რძე, 2 ჩხირი დარიჩინი, 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი, 1 ჩხირი ვანილი
შუაზე გაჭრილი და თესლგამოფხეკილი, 6 კვერცხი გული, 110 გრ შაქარი, 300 მლ ცხიმიანი
ნაღები ათქვეფილი
შოკოლადის სოუსისთვის: 75 გრ შაქარი, 110 გრ წყალი,
200 გრ შავი შოკოლადი დატეხილი
დიდი ზომის ჯამში ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი, მარილი,
ნახევარი სუფრის კოვზი დაფქული დარიჩინი, 40 გრ შაქარი, კარაქი, წყალი და საფუარი.
ვურიოთ დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში, სანამ ყველაფერი კარგად არ აიზილება ერთმანეთში
და რბილ ცომს არ მივიღებთ. გადავაფაროთ ცელოფანი და თბილ ადგილას დავდგათ 1 საათით.
ცომი ზომაში რომ გაორმაგდება, გავყოთ რვა თანაბარ ნაწილად და გავაკეთოთ ბურთულები.
ლანგარზე დავაფინოთ პერგამენტი და დავალაგოთ ცომის ბურთულები ერთმანეთისგან მოშორებით.
დავდგათ თბილ ადგილას 20 წუთით. ფართო ქვაბში გავაცხელოთ ზეთი 150°C-მდე (კარგად გაცხელებულ ზეთში ზეთში ფქვილის
მწიკვს რომ ჩავაგდებთ, უნდა შიშხინებდეს). ცომის ბურთულები ორ-ორად ფრთხილად ჩავდოთ
მდუღარე ზეთში და დავბრაწოთ ორივე მხრიდან 6-8 წუთის განმავლობაში, სანამ მუქი ოქროსფერი
არ გახდება, ამოვიღოთ ქაფქირით და დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმიგან
რომ დაიწრიტოს. სანამ პონჩიკები იწრიტება, ფართო თეფშზე ერთმანეთში გადავურიოთ დარჩენილი
დაფქული დარიჩინი და დარჩენილი 75 გრ შაქარი. დარიჩინიან შაქარში ამოვგანგლოთ ჯერ კიდევ
ცხელი პონჩიკები.
დარიჩინის ნაყინითვის წამოვადუღოთ რძე დარიჩინის ჩხირებთან,
დაფქულ დარიჩინთან და ვანილის გაფატრულ ჩხირთან და თესლთან ერთად. რძე რომ ადუღდება,
გადავწუროთ და დარიჩინის და ვანილის ჩხირები ამოვიღოთ. სანამ რძე დუღდებოდა, კარგად
ავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი. კვერცხის და შაქრის კრემში წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ
ცხელი რძე და თან სწრაფად ვურიოთ, კვერცხი რომ არ მოიხარშოს რძის სიცხელისგან. მიღებული
მიქსტურა დავაბრუნოთ რძის ქვაბში და საშუალო ცეხლზე ვურიოთ 2-3 წუთის განმავლობაში,
სანამ თხელი არაჟნის კონსიტენციამდე არ შესქელდება (ნუ აადუღებთ, თორემ კვერცხი შეიკვრება
და კრემს კვერცხის სუნი აუვა). გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევაგრილოთ. გაგრილებული კრემი
საცერზე გადავწუროთ და ჩავასხათ ნაყინის მანქანაში და 45 წუთი ვთქვიფოთ (ნაყინის მანქანა
თუ არ გაქვთ, კრემი ჩაასხით თავსახურიან პლასტმასის კონტეინერში და შედგით საყინულეში.
ნახევარ საათში ერთხელ გამოიღეთ და კარგად მოურიეთ და ისევ საყინულეში შეაბრუნეთ, ასე
წყლის კრისტალიზაციას აიცილებთ თავიდან. 4 საათში ნაყინი მზად იქნება. მე პირადად, ნაყინის
წინა დღეს მომზადებას გირჩევთ).
შოკოლადის სოუსისთვის შაქარი და წყალი წამოვადუღოთ და
ვადუღოთ 2 წუთი (სანამ შაქარი არ გადნება ნუ მოურევთ! თორემ, სიროპი დაკრისტალდება).
ცხელ სიროპში ჩავყაროთ დატეხილი შოკოლადი და კარგად მოვურიოთ, სანამ შოკოლადი არ გადნება.
გადმოვდგათ ცეცხლიდან და გადავდგათ გვერდზე.
პონჩიკები დავალაგოთ თეფშების ცენტრში, გავაფორმოთ თითო ბურთი დარიჩინის ნაყინით და მოვაწუწოთ შოკოლადის სოუსი.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment