6.3.13
მდედრობითი სქესის სირაქლემები (არქივიდან)
Approved by
კაცებზე და მათი მხრიდან პრობლემების „არსიყვარულზე“ მეც ჩავფიქრდი. ნორმალურ ადამიანს (გინდა ქალს და გინდა კაცს) სიძნელეები რომ უყვარდეს, თავისთავად ეგ იქნებოდა პრობლემა. მაგრამ, სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ ქალების დიდ ნაწილს სადარდელის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. წარმოვიდგინოთ ასეთი სცენა: ქალმა (ამ შემთხვევაში, დიასახლისმა) ბავშვები სკოლაში გაისტუმრა, სახლი დაალაგა, სადილი მოამზადა, დღის წესრიგში არსებული საქმეები მოილია და ზის... ქმარი სამსახურშია. ქალს ესმის, რომ ოჯახის მამა ბევრს მუშაობს და სახლიდან მხოლოდ და მხოლოდ ცოლ-შვილის საკეთილდღეოდაა სამსახურში გადაკარგული. მაგრამ, რომ მოიწყინა? შვილები გაიზარდნენ, დაქალებს თავიანთი საზრუნავი აქვთ (მათაც ქმარ-წვრილშვილის სახით) და მეუღლეც, კაცმა არ იცის რა მიზეზით, მაგრამ ადრინდელივით ბევრ დროს ვეღარ უთმობს...
ზის და ყველა გადადებულ-მოუწესრიგებელ საქმეს იხსენებს: ონკანი ისევ წვეთავს, მიქსერი გადაიწვა, ხელოსანი მოსაყვანია, გადასახადები გადასახდელია და საერთოდ, ძაღლია ეზოში გასაყვანი (არ გაიყვან და კიდევ ერთი პრობლემა დაგემატება). რაღა გასაკვირია, რომ ერთი სული აქვს, ქმარი სახლში მოვიდეს და ეწუწუნოს. კაცს თუ გაუმართლა და მის მოსვლამდე მეზობელმა ან ცოლის დაქალმა დაასწრო ყავაზე შემოხედვა, ის დღე მშვიდად გადაივლის. ხვალ კი, სახლიც ძველებურად დალაგდება, სარეცხიც დაირეცხება, აი, პრობლემები კი ისევ იგივე დარჩება.
აი, ამიტომ უყვართ ქალებს პრობლემები - როგორც ქმრის ყურადღების მიქცევის კიდევ ერთი და ზოგჯერ ყველაზე ქმედითი საშუალება. კაცებს გარკვეულწილად მაინც უმართლებთ. ქალები, რამდენადაც ჯიუტად და მონდომებით ააშკარავებენ და ცხვირში ჩრიან კაცებს საყოფაცხოვრებო და წვრილმან პრობლემებს, ასევე შესაშური ნიჭითა და გულმოდგინებით არ იმჩნევენ და თვალს ხუჭავენ ბევრად უფრო მნიშვნელოვან და რეალურად არსებულ პრობლემებზე. შვებულებიდან თბილისში დაბრუნებულმა ქალმა სახლში „უცხო ჯიშის“ პომადა იპოვა. ქმარს მიაკითხა, „ამას აქ რა უნდაო“. საზრიანმა ქმარმა უპასუხა: „გიყიდეო“. „მერე, ნახმარი რომააო“, გაიკვირვა ქალმა. „ძვირფასო, ფული რაზეც მეყო, ის გიყიდე“ - არ დაიბნა ქმარი. ანეკდოტი არ გეგონოთ, ნამდვილი ამბავია. ქალმა, რა თქმა უნდა, სხვისი ნახმარი პომადა არ გამოიყენა, მაგრამ საკუთარ სიმშვიდეს მოუფრთხილდა, პომადის წარმომავლობას არ ჩაუღრმავდა და დღესაც ბედნიერად ცხოვრობს.
საქართველო პატარაა. გინდა-არ გინდა, ყველამ ერთმანეთის ამბავი ვიცით. ერთ ჩემს ახლობელს ერთდროულად ორი ცოლი ჰყავს. შემომედავებით, ორი ცოლი ერთად როგორო? როგორ და მარტივად. თანაც ორივე ქალს სჯერა, რომ ამ კაცის ცხოვრებაში ერთადერთი და განუმეორებელი თვითონაა. ისე გამიმართლა, რომ ორივე ცოლს კარგად ვიცნობ, ერთი ოჯახის ახლობელია, მეორესთან ერთად ვმუშაობდი. კაცი უდარდელად ცხოვრობს, იმიტომ კი არა, რომ ქალებმა ერთმანეთის არსებობა არ იციან, უბრალოდ, ამ ფაქტს ჯიუტად არ სცნობენ. ორივე ამტკიცებს, რომ „ქმარს“ მისთვის არასდროს უღალატია. ისინი კი ტკბილად თანაარსებობენ, აი, მე კი „გმირი“ მამაკაცის ყოველ ნახვაზე ვიტანჯები, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ტვინს ვიჭყლეტ, რომელი ცოლი მოვიკითხო.
როგორც წესი, „ქმარი არასდროს მღალატობსო“ ბევრს ვინც ლაპარაკობს, სწორედ მათი ქმრები გამოიჩევიან გადაჭარბებული „პოლიგამიურობით“. ასეთ დროს ქალი სხვებს კი არა, საკუთარ თავს უმტკიცებს და აჯერებს სასურველს, სიმართლეს გაურბის და სირაქლემის მსგავსად ქვიშის ნაცვლად თავს ილუზიებში ჰყოფს. ასეთი ქალი ძალინ ბევრია, მეტიც, ბევრი სტაჟიანი ცოლი თავს იმით იმშვიდებს, რომ ასაკშეპარულ ქმარს ღალატის აღარც თავი აქვს და აღარც ჯანი და, რაც ყველაზე აბსურდულია, ამას სწორედ იმას უყვებიან, ვინც ხშირ შემთხვევაში, ზემოხსენებული ქმრის ფიზიკურ შესაძლებლობებზე მეტისმეტად კარგადაა ინფორმირებული.
ქმრის ღალატზე მეტად, ქალები კიდევ ერთ საკითხზე იბრმავ-იყრუებენ თავს - შვილების საქციელზე. გასაგებია, რომ ყველა დედას საკუთარი პირმშო ყველასა და ყველაფერზე მეტად უყვარს და ასეც უნდა იყოს. მაგრამ ზოგიერთი მშობელი მიკროსკოპით უცქერს შვილის დადებით თვისებებს, ხოტბას ასხამს მის გენიალურობას და თვალში საცემ ნაკლს გამადიდებელი შუშითაც კი ვერ ამჩნევს. ან კიდევ უარესი, ამჩნევს და არ იმჩნევს. განსაკუთრებულ სიბეჯითეს მამისთვის შვილის უსაქციელობის დამალვაში იჩენს. არადა, რამდენი შვილი უკეთესი გაიზრდებოდა და ცხოვრებაც არ აერეოდა, თავის დროზე დედას მამისთვისაც რომ თვალი აეხილა და ეგებ, ერთად ეშველათ რამე.
ქალები ამ ორი თემის გარდა (საყვარელი მეუღლის საეჭვო ერთგულება და შვილის ავ-კარგიანობა), სინამდვილეს მართლა იშვიათად გაურბიან. ნებისმიერ სხვა პრობლემას თვალს კაცებზე უფრო გაბედულად უსწორებენ, უფრო ვაჟკაცურად ებრძვიან და აგვარებენ კიდეც. ჰო, კარგი, ხანდახან ცოტ-ცოტა ასაკს და წონას იპარავენ ხოლმე, მაგრამ მაგ „ცოდვაში“ კაცებიც მყავს შემჩნეული. სხვათა შორის, ქვიშაში თავჩარგული სირაქლემა ბუნებაში არავის უნახავს და ფანტაზიებში მცხოვრებ ადამიანებს კარგად მორგებული მისი ყბადაღებული „ჩვევა“ წინა საუკუნეების ნატურალისტების მიერ მოგონილი ჭორია. აბა, თვითონ წარმოიდგინეთ, ჯერ ქვიშა სად უნდა ნახოს ყოველ შეშინებაზე და მერე, ამ ქვიშაში ქვა რომ დახვდეს?
კეთილი სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment