ქალის უწყინარი მავნე ჩვევები

Approved by Natia Jinjolava


საქმის ნაკლებობა ქალებში ხშირად პატარ-პატარა უწყინარ მავნე ჩვევებს აღვიძებს.  ეს ლოგიკურიცაა - სახლში მობზრიალე ადამიანი უქმად ჩამოსაჯდომად იშვიათად იცლის, აი, სამსახურში კი, როცა ნაკლებად დატვირთული დღე გამოერევა (ხანდახან რამოდენიმეც, ერთმანეთის მიყოლებით), პრინციპით „დრო როგორ გავიყვანოთ?“ იწყება ყავის გაუთავებლად მოდუღება, მოსაწევად წარამარა გასვლა, კომპიუტერული პასეანსების შლა, უთავბოლო უშინაარსო ქაქანი და სამსახურიდან გაპარვის მცდელობა საყიდლების ან თუნდაც ვიტრინების დათვალიერების მიზნით.
მსგავსი უსაქმურობის ჟამს ერთმა ჩემმა თანამშრომელმა კბილის ექიმთან წასვლა მოიმიზეზა, უფროსს ერთი საათით დაეთხოვა და ახლომახლო არსებული მაღაზიების შემოსარბენად გაქანდა. ამ გადარბენაში თავი ავეჯის მაღაზიაშიც ამოჰყო და დიდი ხის ნანატრი ჭაღი დაინახა. ისე გაერთო,  სულ დაავიწყდა, სტომატოლოგთან რომ „იყო წასული“, სამსახურში უზარმაზარი ჭაღით ხელდამშვენებული დაბრუნდა და გახარებულ გულზე შენაძენი უფროსსაც ამაყად აჩვენა.
მავნე ჩვევების სია საკმაოდ გრძელია, თუმცა ზოგიერთი მათგანი სრულიად უწყინარია. ისეთი ქალებიც არსებობენ, რომლებსაც სისუფთავეზე ზრუნვა და აკურატულობა ჰიპერტოფირებულ ხარისხში აჰყავთ. ასეთმა ქალმა რეცხვა თუ მოინდომა, ვერანაირი ამინდი (უფრო სწორად, უამინდობა) ვერ შეაჩერებს და მერე უკვირს, თითქმის გამშრალი სარეცხი წვიმამ რატომ დაუსველა. ერთმა ახლობელმა ხერხემლის საკმაოდ მძიმე ოპერაცია გადაიტანა. ბევრ სხვა შეზღუდვასთან ერთად, ექიმებმა სარეცხ მანქანასთან, ცოცხთან და მსგავს მოწყობილობებთან ურთიერთობა (მოკლედ, ოჯახური საქმეების კეთება) კარგა ხნით აუკრძალეს. სისუფთავეზე მანიაკალურად გადარეულმა ქალმა იყოჩაღა და ერთ დღესაც, უკაცრავად, ერთ ღამეს უზარმაზარი სახლის ორმოცივე ფანჯარა ერთი ხელის მოსმით დაწმინდა. იკითხავთ, „კი მაგრამ, რატომ მაინცდამაინც ღამით?“ რატომ და, მეზობლებს რომ არ ეთქვათ, ეს ახლადნაოპერაციები ქალი რამ გააგიჟა და, ლოგინში წოლის ნაცვლად, ფანჯრებს რას ეტაკაო.
ზოგიერთი ასეთი ჩვევა მართლაც ახირებაში გადადის. ბევრს ვიცნობ, უგუნებოდ მყოფი, დაგროვებული უარყოფითი ენერგიის ამოსაფრქვევად ავეჯთან ბრძოლას რომ იწყებს. რასაც თვითონ მოერევა, აქეთ-იქით დაახრიგინებს და საკუთარი „შემოქმედებით“ ტკბება, რასაც ვერა და, დამხმარე ძალას (ქმარ-შვილს, მეზობელს ან შემთხვევით შემოსწრებულ ინკასატორს) იხმობს და ქანცის გაწყვეტამდე ამუშავებს.
საკუთარი „ბუდის“ კეთილმოწყობის გარდა, ქალს ზოგადად გადაკეთების ჟინიც ხშირად იპყრობს ხოლმე. ჩემი ერთი ახლობელი, ტანსაცმელს შერჩევისას - რაც არ უნდა უხდებოდეს და მის ტანზე იყოს შეკერილი, - რამე წუნს აუცილებლად უპოვის და დაუყოვნებლივ შეუდგება ნივთის „გადასხვაფერებას“ - ხან სახელოს დაავიწროვებს, ხან სიგრძეს დაუმოკლებს, შარვლიდან ქვედაბოლოს „შექმნის“,
 კაბას გადაჭრის და ჟილეტად აქცევს. უკიდეგანო ფანტაზიის პატრონია და, უნდა ითქვას, ჭრა-კერვა და ხელსაქმეც კარგად ეხერხება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მისი ასეთი ფუსფუსის შედეგად, ბევრ იდეალურ ნივთს კარადის ნაცვლად თავი ნაგვსაყრელზე ამოუყვია.
ისეთებსაც ვიცნობ, ვინც მოწყენილობას თმის ფერის ან ვარცხნილობის შეცვლით ებრძვის. ეგ არაფერი, ამ შემთხვევაში თვითონ „ზარალდება“. ვაი იმის მარჩენალებს და ოჯახის წევრებს, ვინც უგუნებობას ასე იქარვებს და ცუდ განწყობას უსარგებლო ნივთების განურჩევლად ყიდვით „მკურნალობს“. თავის გასამართლებად, ამას სამეცნიერო სახელიც კი შეარქვეს - „შოფინგთერაპია“.
ერთი ჩემი ნაცნობი ერთხელ ისე გაერთო, ქმარს ამოცარიელებული და ბოლომდე გასვლეპილი საკრედიტო ბარათი დაახვედრა. სახლში დახვავებული ფუთების დანახვაზე ქმარს ხმა-კრინტი არ დაუძრავს და წარბიც არ აუწევია, მაგრამ როცა მეორე დღეს კარზე მუშებმა მიუკაკუნეს და უზარმაზარი შიფონერი აუყუდეს, ერთი დაიკვნესა, „ეს სად წავიღოთ, დასადგამი ადგილი რომ არ გვაქვს?“ იმ გამოუყენებული კარადის ნაწილები დღემდე გარაჟში უწყვიათ. ბუხარიც არა აქვთ, შეშად რომ გამოიყენონ...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

0 კომენტარი.:

Post a Comment