Torta mimosa - ტორტი „მიმოზა“

Approved by Natia Jinjolava


ბევრმა არ იცის და ბევრს გაუკვირდება, მაგრამ 8 მარტი სულაც არ არის საბჭოთა დღესასწაული და მას, მართალია მთლად ვალენტინობის და წმინდა პატრიკის დღის დონეზე არა, მაგრამ მაინც, მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ. უფრო მეტიც, თურმე წარმოშობაც კი არ ქონია საბჭოთა - ცალსახად ამერიკულია და მის ისტორიას ნიუ-იორკის ქუჩებში საპროტესტოდ გამოსულ ქალებამდე მივყავართ. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ წმინდად საბჭოთა რვა მარტის პირდაპირი ასოციაცია მიმოზის თაიგული მაინც იქნებოდა და აქაც არ აღმოვჩნდი მართალი. თურმე იტალიაში, საგანგებოდ ქალთა საერთაშორისო დღისთვის, ანუ სარვამარტოდ ტორტ „მიმოზას“ აცხობენ. თანაც, ბევრი სხვა იტალიური კერძის მსგავსად, იტალიელმა ემიგრანტებმა „მიმოზას“ ცხობის ტრადიცია ამერიკაშიც ჩაიტანეს და ამერიკული რვამარტის ნაწილადაც აქციეს. ასე რომ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ამ დღეს აღნიშნავენ კიდეც, ტორტებსაც აცხობენ და ერთმანეთს მიმოზის თაიგულსაც ჩუქნიან.


Torta Mimosa - ტორტი „მიმოზა“
ლიდია ბასტიანიჩის რეცეპტებიდან
ბისკვიტისთვის: 75 გრ ფქვილი, 75 გრ კარტოფილის სახამებელი, 140 გრ შაქარი, 6 კვერცხი
კრემისთვის: 2 ჭ რძე, 2 კვერცხი, 2 კვერცხის გული, 100 გრ შაქარი, 30 გრ ფქვილი, 1 ლიმონის გახეხილი ცედრა,
½ ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ 1 პაკეტი ვანილის შაქრით)
ათქვეფილი ნაღები: 200 გრ ცხიმიანი ნაღები, 50 გრ შაქრის პუდრა
სიროპისთვის: ½ ჭ წყალი, 2 ს/კ რომი, ½ ჭ ფორთოხლის წვენი, 55 გრ შაქარი
შაქრის პუდრა ზემოდან მოსაფრქვევად.
ბისკვიტისთვის კარგად ავთქვიფოთ კვერცხები და შაქარი. ცალკე ჯამში ერთმანეთში შევურიოთ ფქვილი და სახამებელი და მერე ხის კოვზის ან სამზარეულოს ნიჩბის მეშვეობით ფრთხილად, ცოტ-ცოტობით გადავურიოთ ათქვეფილი კცერხების კრემში. ცომი ჩავასხათ 22 სმ დიამეტრის ცხიმწასმულ და პერგამენტჩაფენილ ტორტის ფორმაში და შევდგათ წინასწარ 160°C-მდე გახურებულ ღუმელში. ვაცხოთ 45 წუთის განმავლობაში. გავაგრილოთ ოთახი ტემპერატურამდე. მერე ავაძროთ პერგამენტი და გავჭრათ 4 თანაბარ ფენად.
კრემისთვის რძე, ვანილი და ლიმონის ცედრა წამოვადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხები, კვერცხის გულები და შაქარი. დავუმატოთ ფქვილი და კარგად მოვურიოთ. ჯერ კიდევ ცხელი რძე წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ ათქვეფილი კვერცხის და ფქვილის კრემში. დავაბრუნოთ რძის ქვაბში და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე 5-10 წუთით. თან ვურიოთ, ვადუღოთ 2-3 წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიდან. გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე. ავთქვიფოთ ნაღები და შაქრის პუდრა, სანამ ნაღები ფორმის შენარჩუნებას არ დაიწყებს. გადავურიოთ გაგრილებულ მოხარშულ კრემში.
სიროპისთვის წყალი და შაქარი შემოვდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 3-4 წუთი. გამოვრთოთ ცეცხლი და დავუმატოთ ფორთოხლის წვენი და რომი.
ავიღოთ ბისკვიტის ერთი ფენა, დავნამოთ სიროპით და წავუსვათ კრემის 1/3. ზემოდან დავადოთ ბისკვიტის მეორე ფენა, ისიც დავნამოთ და გადავუსვათ კრემის მეორე მესამედი. ზემოდან დავაფინოთ ტორტის მესამე ფენა, მსუბუქად დავაწვეთ, დავნამოთ კარგად. შემოვახვიოთ ცელოფანი და შევდგათ საყინულეში 2-3 საათით. სანამ ტორტი იყინება, ბისკვიტის მეოთხე ფენა (ამისთვის ქერქიან ფენას ნუ შეარჩევთ, შუაგული ჯობია) დავჭრათ პატარა კუბიკებად.
მაცივრიდან გამოვიღოთ ჩაცივებული ტორტი, თავზე და გვერდებზე წავუსვათ დარჩენილი კრემი, თან შევეცადოთ, რომ ტორტს ბრტყელი კი არა, გუმბათივით ამაღლებული ზედაპირი ქონდეს. ზემოდან და გვერდებზე მოვაყაროთ ბისკვიტის კუბიკები. შევდგათ მაცივარში. ჭამის წინ მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა.

საუკეთესო სარვამარტო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment