9.3.13
ბლინის რულეტი
Approved by
ბლინის რულეტი, საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია. განუსაზღვრელი რაოდენობის პატარა და თხელი ბლინჩიკების
ცხობა არ მოგიწევთ. პირიქით, დაგჭირდებათ ყველაზე ფართე ტაფა, როგორიც
კი სახლში მოგეპოვებათ. ცომიც საკმაოდ სქელი
უნდა იყოს. იდეალური ვარიანტი საფუარიანი ბლინების გამოყენებაა, მაგრამ უბრალო სოდაზეც
გადასარევი გამოდის (სოდა აუცილებელია, თორემ, აუფუებელი და სქელი ბლინი რეზინასავით
გამოვა).
მოკლედ, ავიღოთ 3 კვერცხი, 500 მლ წყალი ან რძე, ფქვილი
- სადღაც 500გრ (ფქვილს გააჩნია) 1 ჩ.კ მარილი, 1 ს.კ. შაქარი, ½ ჩ.კ. სოდა + ლიმონის მჟავა დანის წვერზე ან როგორც
ვარიანტი: სოდას ცოტაოდენი მდუღარე წყალი დაასხით, შემდეგ გააზავეთ ცივი წყლით ან რძით
და ძირითად მასას დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტი ათქვიფეთ ერთად (მიქსერით ან კომბაინით
ყველაზე სწრაფად გამოდის), ცომი საშუალო სისქის ანუ ბლინჩიკის ცომზე სქელი და საფუარიან
ცომზე თხელი უნდა იყოს. ქურაზე კარგად გააცხელეთ დიდი ზომის, სასურველია დაბალკედლიანი
ტაფა, გადაუსვით ზეთი და გამოაცხვეთ საკმაოდ სქელი ბლინი, გადააბრუნეთ მეორე მხარეს,
ცოტა ხანს გააჩერეთ, მაგრამ არ დაბრაწოთ. მზა ბლინი თეფშზე გააცივეთ, ახლა მთავარი,
ბლინის „დატენვა“. ყველაზე გემრიელი და მარტივი პროცესი იწყება: ბლინს მთელ პერიმეტრზე
სქლად გადაუსვით ხარისხიანი გამდნარი ყველი, ზემოდან დაადეთ თხლად დაჭრილი ლორის ნაჭრები,
კონტრასტისთვის შეგიძლიათ წითელი ბულგარული წიწაკის ნაჭრები ან უკურკო ზეთისხილი ჩააყოლოთ
თითოეული ნაჭერს. მაქსიმალურად ფრთხილად გადაახვიეთ და ბასრი დანით დაჭერით 5-6 სმ ულუფებად. დაალაგეთ თეფშზე დაჭრილი მხარით
ზემოთ (შიგთავსი ლამაზად გამოჩნდება). პორციაზე
5-6 დიდი ბლინი გამოდის. ერთი დიდი კოლოფი გამდნარი ყველიც საკმარისია. ლორი
- 300-500 გრ (რამდენსაც გაიმეტებთ). გემრიელად მიირთვით.
საუკეთრსო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი
0 კომენტარი.:
Post a Comment