მეზობელი ბაღჩა-ბოსტნის ბინადრები

Approved by Natia Jinjolava

დღეს მთელ მსოფლიოში მოდაში  ჯანსაღი ცხოვრების წესი და  ვიტამინების ბუნებრივად ხილ-ბოსტნეულიდან მიღება შემოვიდა. ჩვენთან ეს ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. მარტო  მინდვრად და ტყეში დაკრეფილი ფხალების ასორტიმენტი რად ღირს, რომელიც  დასავლეთ საქართველოს სტუმრობის შემთხევაშიც კი  შეიძლება ვერ გასინჯოთ, იქაური დიასახლისების თავისებური მიდგომის გამო: „ეს სტუმართან გასატანი ფხალი არაა, შინაურებისთვისააო“. ხშირად, ფხალივით  ველურ სატაცურსაც (Aspáragus) ამზადებენ და  ბევრმა დიდად არც მისი გემო იცის და არც ის ფაქტი, რომ ბევრი ევროპელი გაზაფხულზე სატაცურის გაძლიერებულ, დღეში 3-ჯერ მიღებაზე გადადის, რადგანაც ეს პროდუქტი სეზონურია და მხოლოდ გაზაფხულზე ხარობს. მასში ძალზე ბევრი ანტიოქსიდანტი, მიკროელემენტი და ვიტამინია, თანაც, ის  მისწრებაა დიეტაზე მყოფ კალორიებთან მებრძოლთათვის, მასში მხოლოდ 18 კალორიაა 100 გრ-ზე. საკვებად გამოდგება მისი 4 სახეობა: თეთრი, მწვანე, იასამნისფერი და ველური. სატაცური  თეთრი რომ გამოიდეს, მცენარეს მთელ სიმაღლეზე მიწას აყრიან და მზისგან იცავენ. მოყვანასთან დაკავშირებულ სირთულის გამო, დიდი ხნის განმავლობაში, მას მხოლოდ არისტოკრატების სუფრაზე იხილავდით. ისტორიულად კი სატაცურს ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და რომში მიირთმევდნენ. ამ მცენარის მწვანე ვარიანტი მზის შუქს არ ემალება, იასამნისფერი - თეთრის და მწვანის შუალედური მდგომარეობაა, ხოლო ველური - ყველაზე ბუნებრივი გემოს მატარებელია. მომზადების წესებიდან, ყველაზე ხშირად მაინც  ხარშავენ, უფრო ზუსტად კი მხოლოდ წამოადუღებენ, რომ არ ჩაიშალოს და სხვადასხვა სოუსით მიირთმევენ.
არტიშოკი (Cynara) - წარმოშობით ჩრდილოეთ აფრიკიდან, განსკუთრებული სიყვარულით სარგებლობს ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში.  გარეგნულად მთლიანობაში წააგავს ნარშანს       (შოტლანდიის ოფიციალური ყვავილი-სიმბოლო), საჭმლისთვის განკუთვნილი ნაწილია - არტიშოკის გაუშლელი კოკორი - გირჩა. ამ დელიკატესს არა მარტო ესოდენ უცნაური წარმოშობა-გერეგნობა აქვს, სუფრაზე მირთმევის წესიც - თუ მოხარშულს მოიტანენ სუფრაზე, მას ხელით ჭამენ ხოლმე, რაც  არც თუ იშვიათად კურიოზების და უხერხული სიტუაციების საბაბი ხდება. კიდევ ერთი რამ - არტიშოკი შეიცავს ნივთიერება ცინარინს, რომელიც, ღვინოს გემოს უფუჭებს, ამიტომ ამ „გირჩას“ დააყოლეთ უბრალო წყალი, რომლის გემოც იგივე ცინარინის წყალობით მოტკბო გახდება.
კაპერსები - capparis spinosa ხის ან ბუჩქნარის  ნაყოფია, უფრო სწორედ კი - გაუშლელი კოკორი. გვხვდება ხმელთაშუაზღვის ტერიტორიაზე, ინდოეთში, წინა აზიაში,  ყირიმსა და კავკასიაში. ძირითადად მას ამწნილებენ, გააჩნია სპეციფიური გემო, კერძში დიდი რაოდენობით არ გამოიყენება.
რევანდი - (Rhéum) ამ დიდფოთლოვან მცენარიდან კულინარიაში მხოლოდ ღეროს იყენებენ, რომელიც მოვარდისფრო-მოწითალო აქვს. ღერო უფრო მსხვილი და ნაზი რომ გამოვიდეს, გონებაგამჭრიახი ინგლისელები მას ძირგამოცლილ ქოთანს აფარებენ, რომ მცენარემ მზისკენ აიწოწოს.
რევანდის ფოთლებგაცლილ ღეროებისგან ამზადებენ: ცუკატებს, ნამცხვრის გულსართებს, ხარშავენ მურაბას, მოკლედ, ექცევიან, როგორც ხილს. რევანდის სეზონიც შეზღუდულია, ივნისისთვის მის კრეფას წყვეტენ, რადგანაც სიცხეში და მზეზე ფოთლებში კონცენტრირდება ნივთიერება, რომელიც შხამიანს ხდის მთელ მცენარეს.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

დაკარგული ორშაბათი

Approved by Natia Jinjolava

მეგობარმა დაბადების დღეზე დამპატიჟა, თან უბრალოზე კი არა, ქალაქგარეთ მზის გულზე გაშლილ მამაპაპურ ქართულ სუფრაზე, იმერული მოხარშული დედლებითა და ცხელ-ცხელი ხაჭაპურებით. მთელი კვირა ვემზადებოდი, საქეიფოდაც და დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შესახვედრადაც. ჩემს ძმას სამი დღე ვეღრიჯებოდი და მანქანას ვემათხოვრებოდი. ჩემი აზრით, ყველაფერი საგულდაგულოდ დავგეგმე და, მე რომ მგონია, წინა საღამოს იუბილარს დავურეკე, ხვალ რა დროს და სად ვიკრიბებით-თქო. „ძალიან გული დამწყდა, რომ არ იყავი, დღეს მაგრად გავერთეთო“, სახტად დარჩენილს ასე მიპასუხა... დაზაფრულმა კალენდარში ჩავიხედე და აღმოვაჩინე, რომ იმ კვირის ერთი დღე (კონკრეტულად, ორშაბათი) მეხსიერებაში სადღაც დამეკარგა. რამოდენიმე დღის შემდეგ დეიდა პოლიმ ისედაც შეშფოთებული კიდევ უფრო დამამშვიდა: „გულს ნუ გაიტეხ, მაგას ნაადრევი ალცჰეიმერი ქვიაო“, მერე თვითონაც ჩაფიქრდა და უცებ დაასკვნა, რომ „ჩემი ორშაბათი“ მასაც სადღაც გამორჩა. ხანგრძლივი კვლევისა და ძიების შედეგად დავადგინეთ, რომ ის დღე ერთად და საკმაოდ შინაარსიანადაც გავატარეთ - ბლოგის სტატიებზე ვიმუშავეთ, სტუმრადაც ვიყავით, კინოში წასვლა და მაღაზიების შემორბენაც მოვასწარით. ნეტავ რისი ბრალი იყო ჩვენი „კოლექტიური სკლეროზი“, მაგნიტური დღის თუ უკვე ძალაში შესული გაზაფხულის?
თავის სანუგეშებლად ისღა დაგვრჩა, რომ მსგავსი „გადახრები“ ბევრს და ხშირად ემართებათ. ექიმები ამბობენ, რომ გადაღლილობის და აგრეთვე დიდი ინფორმაციული ნაკადის ბრალი უნდა იყოს, რომელსაც ჩვენი ტვინი იღებს, მაგრამ ვეღარ ერევა და ყოველი მომდევნო ინფორმაცია წინას განდევნის (ჩვენს შემთხვევაში, ხანდახან უკვალოდაც). ისე, მე და პოლის რაც შეგვეხება, ოჯახის, სამსახურისა და ბლოგის გადამკიდე, ორივე ვერსია ჩვენზეა ზედგამოჭრილი. ჩვენ კი ვეძებთ, ვპოულობთ, ვარჩევთ, „ვხარშავთ“ და უკვე დამუშავებულ-გაფილტრულ ინფორმაციას ვაწვდით მკითხველს, მაგრამ ვაითუ, საბრალო მკითხველიც ჩვენს დღეშია?! პაუზა ხომ არ გავაკეთოთ, ან ტემპი შევანელოთ? ანდა დამსახურებულ და კუთვნილ შვებულებაში გავიდეთ? ასპარეზი ცოტა ხნით სხვებს დავუტოვოთ  - აწი სხვა ბლოგერ-ავტორებმა იტვირთონ რედაქტორის მძიმე ხვედრი...
საკუთარ პათოსზე გული ამიჩუყდა, ჩემი გმირული და უდრეკი (მაშ!) გადაწყვეტილების გასაცნობად რედკოლეგიის მოსაწვევად განვემზადე და კვლავაც დეიდა პოლიმ დამაბრუნა რეალობას: „შვებულება კი არა, თუ გინდა აკადემიური წელი აიღე, ჩვენი ბლოგის „საწყობში“ ჩაიხედე, სექტემბრის ჩათვლით რომ გვაქვს სტატიები ჩაყრილი!“ ჩავიხედე და შევძრძწუნდი, ჩვენი შრომისა და გარჯის მასშტაბებმა გამაოცა, „დრაფტებში“ დავიკარგე, ორიოდე „ვაკანტური“ თარიღი ძლივს შევაკოწიწე - ეს რამდენი გვიწერია!!!
საკუთარ თავს შევუძახე: „ეჰ, ჩემო მერიკო, რა ხანმოკლე აღმოჩნდა შენი რომანტიული სულიკვეთება, რა დროს დასვენებაა, 13 რიცხვი და პარასკევი ერთად მოდის, მაგ თარიღის გამოტოვება როგორ იქნება?!
მოვალეობა გიხმობს, მორჩი ლაყბობას და კლავიატურას მიუჯექი და საქმეს მიხედე!“

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

არამკითხე მოამბეები

Approved by Natia Jinjolava

საქართველოში ერთმანეთი ყველას ისე გვიყვარს, აბა, რა გული მოგვითმენს, მოყვასი კეთილი რჩევებითა და მისი ცხოვრების ჩვენებურად მოწყობის მცდელობებით არ წავლეკოთ. ხანდახან სხვის საქმეში ჩარევისა და აქტიური მონაწილეობის სურვილი სრულიად უწყინარ ხასიათს ატარებს. სამსახურში ერთ ადამიანს  დავუახლოვდი, ძალიან კარგი და სასიამოვნო ქალი იყო და მალე დავმეგობრდით. იმ ხანებში გრძელ და უკან შეკრულ თმას ვატარებდი. ქალიც გადამეკიდა, მოსვენებას არ მაძლევდა, ჩამჩიჩინებდა: „ან შეიჭერი, ან ვარცხნილობა მაინც შეიცვალე. დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო მოგიხდებაო“. დღედაღამ სულ ამას მიმეორებდა, პერიოდულად სხვადასხვა სტილისტების ტელეფონის ნომრებით და სალონების მისამართებით მამარაგებდა... საკმაოდ ჯიუტი ვარ და არ ვნებდებოდი, თან ვეხუმრებოდი ხოლმე: თუ ამიხსნი, შენ რომ მოგწონს, ისეთი ვარცხნილობით რატომ უნდა ვიარო და, მე რომ მომწონს ისეთით არა, ხვალვე წავალ და თავს გადავიხოტრავ-მეთქი. ასეთ ჭიდაობაში გავიდა სამი წელი. ერთ დღესაც საკუთარი ინიციატივით წავედი, თმა გადავიღებე, შევიჭერი და მომდევნო ორი წლის განმავლობაში ვარცხნილობას თვეში ორჯერ ვიცვლიდი. მერე ესეც მომბეზრდა და ისევ საკუთარ ფერს და თმის ჩვეულ სიგრძეს დავუბრუნდი. ერთხელაც ჩემს თანამშრომელს შევაკითხე, შემომხედა და მეუბნება: „უკან გადაწეული და შეკრული თურმე როგორ გიხდება, აქამდე სად იყავი?“ სახტად დავრჩი და დიდხანს ვფიქრობდი, მომეკლა თუ მხოლოდ გასილაქებით დავკმაყოფილებულიყავი (რა თქმა უნდა, გულში)...
სხვათა შორის, ქალებს თმის მიმართ რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ახასიათებთ, რასაც უჩვეულო კითხვებით გამოხატავენ ხოლმე. აი, მაგალითად: „ამ ფრად თმა რატომ შეიღებე?“ მომწონს და იმიტომ! აბა, ძალით ხომ არ შემღებავდნენ? ამას წინათ თმა შევიჭერი და ასეთი უჩვეულო კითხვების მრავალფეროვნებაც საკუთარ თავზე ვიწვნიე - სამსახურში ყველა ქალი მაჩერებდა და დაახლოებით ასეთი ტექსტით მომმართავდა: „უი, როგორ გიხდება! რატომ შეიჭერი?“ მეოცეჯერ მოსმენილი კითხვის შემდეგ ერთ ახლობელს კონტრშეკითხვა დავუსვი „გეხვეწები, მითხარი, მაგას რატომ მეკითხები-თქო“. „რა ვიცი, ალბათ თმა გაგცვივდა ან დაგეწვა, თორემ რატომ შეიჭრიდიო“... ნეტავ რომ გადამეპარსა, მერე რას მკითხავდნენ ან რას დამაბრალებდნენ? ალბათ ქეცს ან რაიმე მაგდაგვარს ამკიდებდნენ.
უნივერსიტეტი და სტუდენტობის ხანა მახსენდება, როცა პირველი კორპუსის ბაღს გალავანი არ ერტყა და ქუჩისგან ორადორი ქვის ტუმბო ჰყოფდა. იმდროინდელი მორალის თანახმად, ტუმბო სასაზღვრო ზოლის მოვალეობას ასრულებდა, რომლის ერთ მხარეს განურჩევლივ ყველა ეწეოდა, მეორე მხარეს კი სიგარეტით ხელში გასულს საქვეყნოდ მოგეჭრებოდა თავი. უცხო გამვლელ-გამომვლელთაგან ერთი, ორი და შეიძლება მეტიც, გამოჩნდებოდა და ან გაგკიცხავდა („ჯანმრთელობას არ უფრთხილდები“), ან გაგთათხავდა („შენი მშობლები სად იყურებიან, უპატრონო ხარ?“), ან სულაც გულიანად მოგაწყევლიდა! სხვათა შორის, მე და ჩემი მეგობრების უმრავლესობა არ ვეწევით, მაგრამ არამკითხე მოამბეები მწეველებზე მეტად მე მაღიზიანებს და ყველაზე ხშირად მოსმენილ კითხვაზე: „ამდენს რატომ ეწევი?“, სულ მინდა შევეპასუხო: „სხვა საქმე არ გაქვთ, სხვისი „ბიჩოკების“ დასათვლელად რომ იცლით? ხომ არავინ გეკითხებათ რამდენს ჭამთ, ან საპირფარეშოს რა სიხშირით სტუმრობთ?“ ეწევა და მოწიოს, მისი საქმეა! მოწევასთან დაკავშირებით კიდევ ერთ პატარა პრობლემაზე შევჩერდები და, როგორც არამწეველს, ამაზე საუბრის სრული უფლება მაქვს: ისტერიკას რომ იმართებენ და მწეველებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან აძევებენ, სიგარეტის კვამლით გამჭვარტლული ჰაერი ხომ ისეთივე აუტანელია, როგორც ნებისმიერი სხვა სუნით გაჟღენთილი და საერთოდ, არსებობს მარტივი გამოსავალი - განიავება!
არ გეგონოთ თამბაქოს პროპაგანდას ვეწეოდე,  უბრალოდ, იმ ადამიანებს მივმართავ, არამწეველობა ფანატიზმად რომ ექცათ. ერთ ასეთ ქალბატონზეც მოგიყვებით. მთელი ცხოვრება თავის რძლებს დასდევდა და ცდილობდა, სიგარეტით ხელში გამოეჭირა. რა ხერხს და ზომას არ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ - გამჭრიახი ახალგაზრდები დედამთილის დაგებული მახიდან თავს წარმატებულად იძვრენდნენ. ერთხელაც დედამთილს დაქალი ეწვია და ოთახში ჩაიკეტნენ. კარი მოულოდნელად შევაღე და მოწევის წინააღმდეგ თავდადებულად მებრძოლი ქალი ნაფაზის გემრიელად დარტყმის მომენტში გამოვიჭირე. მიმტკიცეთ ახლა, რომ ეს მეტიჩრობა არაა...
ხანდახან ერთმანეთის საქმეებში მარტო ცხვირის ჩაყოფას არ ვჯერდებით და სხვის აწყობილ ცხოვრებაში გრძელ ცხვირსაც და არანაკლებ გრძელ და მავნე ენასაც გულმოდგინედ ვურევთ. თუმცა ასეთ „მოხალისეებს“ საკუთარი მიზნების წარმატებით განხორციელების უფლებასა და მიზეზს თავად ვაძლევთ. სტუმრად მისულები, ვსხდებით და დაწვრილებით ვყვებით ჩვენს სენ-სნეულებებზე, ერთმანეთის სატკივარიც კარგად ვიცით, ვიმახსოვრებთ კიდეც და რჩევა-დარიგებასაც არ ვიზარებთ. ჯანმრთელობის მორიგი პრობლემის შემთხვევაში, ყველაზე ლოგიკური გამოსავალი ექიმთან წასვლა იქნებოდა, მაგრამ ჩვენ რთულ გზას ვირჩევთ: ახლობლებში ვრეკავთ და ვინ, რითი (და კაცმა არ იცის) რა დაავადება, როგორ იმკურნალა, გამოვიკითხავთ და ერთი მეზობლის მიერ „დასმულ“ დიაგნოზს მეორის მრავალნაცადი რეცეპტით ვმკურნალობთ. ამიტომ ნუღარ გვიკვირს, რომ ყვავის ჩხიკვის მამიდამაც კარგად უწყის ჩვენი თითოეული ანთების ან გაციების ამბავი. ყველაზე უფრო გამაღიზიანებელია ოჯახის წევრის ავადმყოფობისას სანახავდ მოსული თუ ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილი ნაცნობების გაუთავებელი რჩევა-დარიგება, შენს ავადმყოფს უკეთესად როგორ უნდა უმკურნალო და მოუარო. დავიჯერო, ვთქვათ, დედაჩემი ჩემზე მეტად უყვართ და მის კარგად ყოფნაზე ჩემზე მეტად ზრუნავენ? ტაქტი, მეგობრებო, ტაქტი!
ავადმყოფს და მწეველსაც ეშველება, მაგრამ ახალი ამბის გაგებით აღფრთოვანებული  „მოკეთეები“ ვერ ითმენენ და ყურმოკრულ (და ხშირად გადაუმოწმებელ) ინფორმაციას ამბის მთავარ გმირს „ახარებენ“ ხოლმე. ზოგ შემთხვევაში ცხოვრებასაც უნგრევენ. ერთ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ და ყველაფერს თვითონ მიხვდებით: ერთ ჩემს ნაცნობს ოთხი ქალიშვილი ჰყავდა. მეხუთე რომ შეეძინა, უმცროსმა და უშვილო დამ სთხოვა „გოგონას ვიშვილებ და გავზრდი, თქვენგან შორს არ იქნება და მეც ოცნებას ავიხდენო“. როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე, წამოზრდილ ბავშვს, გული რომ არ ტკენოდა, სიმართლე დაუმალეს. გასაოცარი ის იყო, მაგრამ უკვე მოზარდ გოგონას შიში დასჩემდა, „ნაშვილები არ ვიყოო“ და ძალიან ეჭვიანი გახდა. კეთილმოსურნეებმაც არ დააყოვნეს და ეს ეჭვი გაუქარწყლეს: „გუშინ უბნის ნაშვილები ბავშვები ჩამოვთვალეთ და შენც დაგასახელეთო“. სასოწარკვეთილ გოგონას თვითმკვლელობა მხოლოდ იმან გადააფიქრებინა, რომ დეიდამისს (ანუ ნამდვილ დედას) გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა და ოჯახში ასე დაამშვიდეს: „ნაშვილები რომ იყო, დეიდაშენისნაირი ხალები არ გექნებოდაო“. ამიტომ ასჯერ დავფიქრდეთ, ვის და რას ვეუბნებით და ჩვენი მიტანილი ამბავი რა შედეგს გამოიღებს. სიტყვა ჩიტივითაა, ერთხელ თუ გაგიფრინდა, ვეღარ დაიჭერ...
კურიოზული ისტორიაც გამახსენდა, ისევ თმაზე. ერთ დღეს დეიდა პოლი მაღაზიიდან აქოთქოთებული დაბრუნდა. სალაროსთან რიგში მდგომს, უცნობი ქალი მიახტა და ლაზათიანად გამოლანძღა: „რას დამსგავსებიხარ, თმა გაგიკორტნია! არცერთი კაცი ზედ არ შემოგხედავს და ვერც გათხოვდები! ამ ვარცხნილობით მეტი აღარ გნახო!“. აღშფოთებისგან ენაჩავარდნილი დეიდა პოლი ქალს მიაჩერდა, „ალბათ ნაცნობია და ვერ ვიხსენებო“. მერე გაახსენდა, რომ ბოლო ათი წელი თმას ასე ატარებს, შეწუხებული მოლარე იქეთ დაამშვიდა, „მყიდველის ნაცვლად ბოდიშს თქვენ რატომ იხდითო“ და იქაურობას გაეცალა.
ერთხელ უნივერსიტეტში ვიღაც ქალი თავს მეც დამესხა: „შე უნამუსო! ახლავე მოიხსენი ქამარი, ბავშვს ახრჩობო!“ თავიდან ვერ მივხვდი, რას მერჩოდა, მერე შევეცადე ზრდილობიანად ამეხსნა, რომ ფეხმძინედ არ ვარ და საკუთარ ფიცარივით ბრტყელ მუცელზე ხელიც კი მოვისვი. ქალი არ დამნებდა, „რას მატყუებ, ფეხმძიმედ რომ არ იყო, მაგხელა მკერდი ვერ გექნებოდაო!“ მე ზრდასრული და სტუდენტი მაინც ვიყავი და ძაღლის გასასეირნებლად გასულ ჩემს თოთხმეტი წლის დისშვილებს თავს ერთი „სანდომიანი“ პენსიონერი დააცხრათ: „თქვენხელა გოგოები, ძაღლს კი არა, ბავშვებს უნდა ასეირნებდეთო!“
სხვათა შორის, ბევრ ფეხმძიმეს ექნება გამოცდილი საკუთარ თავზე, ახლობელი თუ შორიახლო ნაცნობი ვითომდა უნებლიეთ, თუ განსაკუთრებული აღფრთოვანების გამოსახატად, მუცელზე მიეალერსება ხოლმე და თან გუნებაში მუცლის ზომას ამოწმებს და ორსულობის თვეებს ითვლის... ვინმეს გსიამოვნებთ მუცელზე უცხო ადამიანის ხელის  ფათური? ეჭვი მეპარება.
კარგი იქნებოდა, რაღაც გარკვეული მორალის საზღვრები არსებობდეს, ყველამ საკუთარი ცნობისმოყვარეობა მოთოკოს და სხვის ცხოვრებაში ჩარევის გარკვეული ჩარჩოები დაიწესოს.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


ქართველი კაცის მძიმე ხვედრი

Approved by Natia Jinjolava

ამბობენ, ჭკვიანი კაცი ცოლად და საყვარლად მოსახელეებს ირჩევს - ძილში, ემანდ, რამე არ წამოსცდეს და შარი არ აიკიდოს. კაცებს უნდა ვაწყენინო, მაგრამ რამდენიმე ქალი ვიცი, ზუსტად იგივე პრინციპით რომ სარგებლობს. ერთმა კიდევ უფრო ჭკვიანმა ადამიანმა (საკმაოდ ცნობილი სახეა), საყვარელი გვერდით სადარბაზოში გაიჩინა. ერთხელაც ცოლი მოატყუა, მივლინებაში მივდივარო და საყვარელთან გადაცხოვრდა. ერთ დილასაც, ნაგვის გადასაყრელად რომ გავიდა (აშკარად არ უმართლებთ კაცებს ნაგვის ვერდროსთან), ნაცნობ გარემოში ისე დაიბნა, რომ აბანოს ხალათსა და ოთახის ჩუსტებში გამოწყობილმა და ნაგვის ვედროთი ხელში, კარზე საკუთარ ცოლს მიუკაკუნა...
აჭარა განსაკუთრებით მდიდარია ცოლ-ქმრული ღალატის ისტორიებით... უკაცრავად, დამავიწყდა, რომ საქართველოში ვართ და აქ მარტო ქმრები ღალატობენ. აბა, ასეთი ვაჟკაცი და ქალების მოყვარული ქმრის ცოლი ამას როგორ იკადრებს?! ასე რომ, თავიდან დავიწყებ: აჭარა განსაკუთრებით მდიდარია მოღალატე ქმრების ისტორიებით და მეც ერთი გამორჩეული ამბავი გამახსენდა. ერთ ქობულეთელ კაცს სამსახურიდან მივლინებებში უწევდა ხშირად სიარული, ჰოდა, მარტო ხომ არ წავიდოდა, თან ნაირ-ნაირ ქალები დაჰყავდა და სასტუმროში პრობლემა რომ არ შექმნოდა, ცოლს პასპორტს პარავდა და თანამგზავრს თავის მეორე ნახევრად ასაღებდა. საბრალო ცოლი თვეში ერთხელ პოლიციაში ცხადდებოდა და განცხადებას წერდა, პასპორტი დავკარგეო. ერთხელაც კეთილმოსურნეებმა ქალს ამბავი მოუტანეს, შენი ქმარი ვიღაც გათახსირებულთან ერთად ერევანშიაო. ცოლმაც ცხოვრების „გახალისება“ განიზრახა (სხვათა შორის, ბევრ ოჯახში ქმრის ღალატში გამოჭერა და მერე მისი დანამუსება ცხოვრების წესადაა ქცეული. ქმარს ქალებში სირბილისთვის დაახლოებით ისევე ნახევრადსერიოზულად ტუქსავენ, როგორც პატარა ბავშვს მთელ ოთახში სათამაშოების მოფანტვაზე). ჰოდა, იმას ვამბობდი,  ჩვენმა აჭარელმა ცოლმა ცხოვრების გახალისება განიზრახა-მეთქი, და ერევანს მიაშურა. რამდენიმე სასტუმრო შემოირბინა და ცხოვრების ორგულ მეგზურსაც მიაგნო. „ლუქსის“ კარი ქმარმა გაუღო. ცოლის დანახვაზე, მის გაბითურებაში გამობრძმედილი ქმარი არ დაიბნა: „ნაზიკო, როგორ გამახარე, ეს რა სიურპრიზი გამიკეთეო“. ცოლი ოთახში შეიყვანა, სავარძელში ჩასვა, ხილი და შოკოლადი მიართვა, შამპანურიც დაუსხა და, „ხომ იცი, როგორი მკაცრი წესებია, რეგისტრატურაში ჩავალ, გაგაფორმებ და ორ წუთში ამოვალო“. ორი წუთიც გავიდა და საათიც, ქმარი არსად ჩანდა, ქალმა მოიწყინა და ნომრის დათვალიერება განიზრახა. საძინებელში რომ შევიდა, საწოლში უცხო ქალი დახვდა: „ვინ ხარო?“, „გოგის ცოლი ვარო“, „ცოლი შენ როგორ ხარ, მე ვარო!“ მწოლიარე ლამაზმანმა ხელჩანთიდან პასპორტი ამოაძრო: „ცოლი თუ ხარ, აბა, შენი პასპორტი მაჩვენეო“... რამდენიმე საათის მერე ტელეფონი აწკრიალდა. ქმარი რეკავდა მოსკოვიდან (თბილისის ბილეთები ვერ უშოვია და პირველი რეისი საითაც იყო, იქით გადაიკარგა): „ჰა, რა ჰქენით, მორიგდით თუ ისევ ჩხუბობთო“?
იგივე კაცი მორიგ სატრფოსთან ერთად ბათუმიდან კრუიზში რომ იპარებოდა, ცოლი გემზე დეპეშას აგზავნიდა და მერე ყველა მგზავრისა და პირველ რიგში ვითომ უცოლო კაცის ბედნიერი საცოლის გასაგონად, გემის რადიო აცხადებდა: „გოგი ...-ს ცოლი და ოთხი შვილი დაბადების დღეს ულოცავს და ბედნიერ მგზავრობას უსურვებსო“.
ისევ აჭარაში, ერთ-ერთი დიდი სანატორიუმის დირექტორი დილის 6 საათზე პირველი სართულის ფანჯრიდან საკუთარ საძინებელში გადაიპარა და ის-ის იყო, შარვლის გასახდელად და საწოლში უჩუმრად შესაცურებლად გაემზადა, რომ ცოლს გაეღვიძა: „ამ დილაუთენია სად მიდიხარო“? კაცმა თითქმის ჩახდილი შარვალი უკან ამოიწია და „სამსახურში რევიზია მყავს და სასწრაფოდ უნდა წავიდეო“. ცოლთან ერთად, 10-15 წუთი მძღოლს უშედეგოდ ელოდა, მერე, „მძღოლს, ეტყობა, დაავიწყდაო“, წაიბურტყუნა და ბედნიერმა ლოგინში დურთა თავი. ნახევარ საათში უკვე მძღოლმა გააღვიძა, „შენმა ცოლმა დამირეკა და შავი დღე მაყარა, ჩემს ქმარს სამსახურში რევიზია ჰყავს და მშვიდად როგორ გძინავსო“. „საბრალო“ კაცს რაღა დარჩენოდა, ჩაიცვა და „მძიმე ღამის“ შემდეგ გამოსაძინებლად სამსახურის ტახტს მიაშურა.
გამომგონებლობის ნიჭით კაცებს ქალებიც არ ჩამორჩებიან. ერთხელაც (ეს ამჯერად თბილისში ხდება) ვიღაცამ სასწრაფო გამოიძახა, „ცოლი მიკვდებაო“. სასწრაფოს ბრიგადას ბინაში დაფეთებული ქმარი და საწოლზე მისვენებული ცოლი დახვდათ. ექიმმა პაციენტს მაჯაც გაუსინჯა, წნევაც გაუზომა, საეჭვოდ ჯანმრთელი სახის ფერიც დაუთვალიერა, ფილტვებსაც მოუსმინა - ქალი აშკარად სტამბოლი კაჟივით იყო და არაფერი აწუხებდა. ექიმს ყურში ჩასჩურჩულა: „მიშველეთ და ჩემი ქმარი სადმე გაისტუმრეთ“. გამოცდილმა ექიმმა მაშინვე იაზრა, „აქ რაღაცა ხდებაო“ და, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ქმარი ჟანგბადის ბალონის მოსატანად აფრინა. ქმარმა კარი გაიხურა თუ არა, „ავადმყოფის“ საწოლქვეშიდან დედიშობილა კაცი გამოცოცდა, ნაჩქარევად შეიმოსა, ექიმს მადლობა მიაძახა და უკანმოუხედავად მოუსვა. ეს ამბავი ყველა მონაწილესთვის კარგად დამთავრდა: ქმარი ცოლის, ცოლი და საყვარელი კი საკუთარი ტყავის გადარჩენით იყვნენ ბედნიერნი, სასწრაფოს ბრიგადას კი კიდევ ერთი კურიოზი შერჩა მოსაყოლად.
ალბათ ესეც ჩვენი, ქართული ფენომენია, რომ ასეთი მტკივნეული საკითხი გასართობ და საღადაო თემად ვაქციეთ, რომელზეც გარშემომყოფებთან ერთად, ხშირად მოღალატე ქმრები და ნაღალატევი ცოლებიც იცინიან...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

ფიქრები ქართულ „მატრიმონიაზე“

Approved by Natia Jinjolava

„რა იცვლება ქორწინების შემდეგ?
როგორია კომერსანტის აზრი?
ჩვენ ვყიდულობთ რაფაელის შედევრს
ხელში გვრჩება რაფაელის ასლი“...  (ვ. ჯავახაძე)
ქართული ქორწინების ფენომენი ყოველთვის მაოცებდა. ვერასდიდებით ვერ ვხვდები რატომ ითვლება ცოლის სიყვარული და მისი პატივისცემა სირცხვილად. ან მისი აგდებულად მოხსენიება ვაჟკაცობად? თუ არ გიყვარდა, რას მოგყავდა? თუ გიყვარს რატომ ცდილობ ხალხში ყველანაირად დაამცირო? და რატომ ითვლება მაგარ ბიჭობად სახლში ცოლის და გარეთ ოფიციალური საყვარლის ყოლა? ძალიან ბევრი კაცი ვიცი, დიდგულზე რომ აცხადებს: თვითონ სახელს დააკვირდით სად „ცოლი“ და სად „საყვარელიო“. მერე რა გიხარია? გამოდის რომ შვილებს არასაყვარელ და სხვადასხვა მიზეზების გამო ათვალწუნებულ ქალს აჩენინებ და აზრდევინებ, მის გვერდით ცხოვრობ და მართლა საყვარელი ქალისთვის არაფერი გემეტება? კიდევ იცით რას ვარ დაკვირვებული? რაც უფრო მეტს იკვეხნის კაცი გარეთ და რაც უფრო მექალთანედ მოაქვს თავი, მით უფრო მორჩილია სახლში და ცოლს სულ თვალებში შესციცინებს. ერთ კაცს ვიცნობდი, 32 წელი ერთი საყვარელი ყავდა და პრაქტიკულად მასთან ცხოვრობდა, რომ გარდაიცვალა, ცოლს 4 რესტორანი დაუტოვა, საყვარელს კი ვალები გასასტუმრებლად.
„მონობის ერთადერთი კანონით დაშვებული ფორმა ქორწინებაა“ (მ. ჯ. სტიუარტი)
ამას წინათ მეგობარს ვესტუმრე. მართლაც ძალიან კარგი და უზომოდ ერთგული ქმარი ჰყავს. კაცი იმდენად დაკავებულია, ღალატისთვის, გულით რომ უნდოდეს, უბრალოდ არ სცალია. ჰოდა, სუფრასთან ქართველი კაცების უსაქციელობაზე ჩამოვარდა ლაპარაკი და მოღალატე ქმრების გვერდით მისი სახელიც რომ არ მოვიხსენიეთ მეგობრის „მეორე ნახევარმა“ ყურები ჩამოყარა. მისი განწყობა შევამჩნიე, ცოლს თვალი ჩავუკარი, მივუბრუნდი და ვუთხარი: „უცოდველი გამომეტყველებით რომ დამჯდარხარ და ხმას არ იღებ, ხომ არ გგონია, რასაც ვლაპარაკობთ შენ არ გეხება-მეთქი“. უნდა გენახათ რა ბედნიერი და ამაყი გახდა, როგორ დამშვიდდა ცოლის ღალატში როგორც კი დავდე ბრალი. წელში გაიმართა, მხრებში გაიშალა, თვალსადახელშუა სიმაღლეში ორიოდე მტკაველი მოიმატა და თავი ჭეშმარიტ ქართველ მამაკაცად იგრძნო.  არადა, ცოლი აშკარად ძალიან უყვარს და თავისი თანამოძმეებისგან განსხვავებით ამას არც მალავს და არც რცხვენია...
 „- მამაო, მარხვის დროს ცოლთან სექსი შეიძლება?
- შეიძლება.
- საყვარელთან?
- საყვარელთან არა, მარხვის დროს სიამოვნება არ უნდა მიიღოო“. (ქართული ხალხური ანეკდოტი)
სულ ტყუილად გეცინებათ. მშობლებს არ ირჩევენ, სამსახურში შეიძლება იდიოტი უფროსი გყავდეთ და არც მისი შეცვლაა თქვენზე დამოკიდებული, მაგრამ ცოლი ხომ თვითონ მოიწონეთ, შეიყვარეთ და საკუთარი ნებით მოიყვანეთ? თუ აღიარებთ, რომ ქალმა გამოგიჭირათ და მოგატყუათ??? ცოლის დაცინვა, პირველ რიგში საკუთარი თავის დაცინვა და შეურაცხყოფაა.
თავის დროზე ჯეიმს კამერონის „ტიტანიკი“ რომ გამოვიდა, ყველას უკვირდა ეს ფილმი რატომ არ მომწონდა. ასეთი მასშტაბის ტრაგედიაზე, თანაც რეალურზე, ძალიან ადვილია გულისამაჩუყებელი ფილმის გაკეთება და ხალხის აქვითინება. ძნელი მართლა კარგი კომედიის გადაღებაა. ცოლის ღალატით და ვითომ ქალებში სირბილით ვაჟკაცობის დამტკიცება ადვილია, მოდით თავი კარგი ქმრობით, ოჯახის მამობით და ბედნიერი, კმაყოფილი ცოლით მოიწონეთ, რომელიც გაუთხოვარ დაქალთან შეხვედრისას არ ამოიკვნესებს: „რა ჭკვიანი გამოდექიო“. კაცს არ შეუძლია ქალებში არ ირბინოს, ასეთი ფიზიოლოგია აქვსო, მომედავებით. კი ბატონო, მესმის, რომ სადღაც დათვერით, მომენტი ჩავარდა, მივლინებაში იყავით და ვიღაცის სახელიც აღარ გახსოვთ... მე ასეთ შემთხვევებზე არ ვსაუბრობ. და გარდა ამისა, კიდევ ერთი: თქვენმა სიამოვნებამ სხვას (ამ შემთხვევაში თქვენს ცოლს) უსიამოვნება არ უნდა მიანიჭოს. კეთილი ინებეთ და ეგ ფიზიოლოგია ისე დაიკმაყოფილეთ, რომ არავინ შეწუხდეს და ცოლის ყურამდე არაფერი მივიდეს.
 „До свадьбы я любил всех женщин,
Теперь люблю одною меньше“...
ქართველი კაცის ცოლისადმი დამოკიდებულება ყველაზე ზუსტად სამეგრელოში მჟღავნდება, სადაც კაცები მეუღლისადმი პატივისცემას იმით გამოხატავნ, რომ ხალხში თავის მეორე ნახევარს (და ხშირად უცხო ქალსაც) „ადამიანად“ მოიხსენიებენ. მართლა, მართლა, კარგად აღზრდილი მეგრელი კაცი ცოლს ასე გაგაცნობთ:
- გაიცანით, ჩემი ადამიანი!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ვარიაციები ლაზანიას თემაზე

Approved by Natia Jinjolava

ამ მშვენიერი კერძის უამრავი ვარიანტი არსებობს, ხორცით, ბოსტნეულით, ორივეთი ერთად... ჩვენი აჩმა ავიღოთ, კლასიკური ლაზანიას ვარიანტია, ოღონდ ყველით. და კიდევ ერთი: საზრიანმა იტალიელებმა მოიფიქრეს და ცომი გაახმეს. ანუ, ყოველ ჯერზე ცომის მოზელვით აა მერე მისი ხარშვით თავს არ იწუხებენ: წინასწარ ამზადებენ (დიდი ხანია ქარხნულად), მაკარონის პრინციპით ახმობენ და ცხოვრებას იადვილებენ. სხვათა შორის, აჭარლებიც, აჩმის ფენებს არა, მაგრამ სინორის ცომს აშრობენ და ისე ინახავენ, რაც ძალიან მოხერხებულია. მართალია, ჩვენი სუპერმარკეტები ლაზანიას ფირფიტებით მაინცდამაინც არ გვანებივრებენ (ისეთ ფართო არჩევანზე აღარ ვლაპარაკობ, როგორიცაა ისპანახიანიანი, შესუნელებული ან ტომატიანი ფირფიტები), მაგრამ შიგადაშიგ შეიძლება გაგიმართლოთ და აღმოაჩინოთ. ასეთ „ბედნიერ“ მომენტში, მე პირადად, ეს კერძი ისე მიყვარს, მაკარონის ვადის ხანგრძლივობის მიხედვით,  მთელ მარაგს ვასაწყობებ. თუ არა და, შეგიძლიათ ცომიც მომზადოთ, ქვევით მის რეცეპტსაც გთავაზობთ.

მერი პოპინსის ლაზანია
1 პაკეტი ლაზანიას ფირფიტები, 300 გ შერეული ხორცის ფარში, 100გ ბეკონი 2 თავი ხახვი, 300 გ ჭყინტი ყველი, 1 ქილა დაკონსერვებული პამიდორი, 300 გ ისპანახი, 2-3 ცალი ყაბაყი ან ცუკინი, 3-4 კბილი ნიორი, 100 გ გახეხილი ყველი პარმენზანი, მწვანე ხახვი, კამა, პილპილი, ორეგანო, მარილი.
ლაზანიასთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სპეციალური ფორმა, ასევე აჩმის ე.წ. „ჟაროვნა“. ჩემი რეცეპტი აჩმის ფორმის ნახევარზეა გათვლილი (მოგეხსენებათ, მასეთებიც არსებობს). მოკლედ, ტაფაზე ცოტაოდენ ზეთში მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ბეკონი, ხახვი გამჭირვალე რომ გახდება დაუმატეთ ფარში, მარილი, პილპილი, ორეგანო და დახრაკეთ კარგად. მეორე ტაფაზე დაბრაწეთ რგოლებად დაჭრილი ყაბაყი, დაუმატეთ პამიდორი და ისპანახი, ცოტა ხანი თუშეთ. ბოლოს ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, კამა და მარილი. შეგიძლიათ დაუმატოთ სოკოც. ჯამში დაფშვენით ყველი, მარილი თუ აკლია დაუმატეთ, და გადაურიეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და პილპილი. ვისაც ცხარე გიყვარ, ყველა ფენაში შეგიძლიათ ჩააყაროთ წიწაკა.
აიღეთ აჩმის ფორმა და ფსკერზე 1 ფენად დაალაგეთ ლაზანიას ფირფიტები, ზემოდან გაანაწილეთ ფარშის ფენა, მერე ისევ ლაზანიას ფირფიტები, მერე ყველის ფენა, მერე ისევ ლაზანიას ფირფიტები დაალაგეთ და ზემოდან მოასხით პამიდვრიანი და ყაბაყიანი ფენა. სულ თავზე დალსალაგებელ ფირფიტებს, სანამ დავალაგებ (თავის დასაზღვევად), სულ ნახევარი წუთთ მდუღარე წყალში ვალბობ. მოკლედ, ბოლოს დააწყვეთ ლაზანიას ფირფიტები და თავზე მოაყარეთ პარმეზანი. ასევე თავის დასაზღვევად, ცომი რომ კარგად მოიხარშოს, გვერდებში ჩაასხით ცოტა ბულიონი ან ანადუღარი წყალი. შედგით ღუმელში საშუალო ცეცხლზე და აცხვეთ სითხის ამოშრობამდე და პარმეზანის დაბრაწვამდე.
კიდევ ერთი რჩევა, ლაზანია შეგიძლიათ ჩემს მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი ერთი ფენით გააკეთოთ, მე უბრალოდ, ასეთი კომბინირებული მიყვარს. ახლა კლასიკური რეცეპტები:

ლაზანია ხორცით
გულსართისთვის: 2 თავი ხახვი, 2 ცალი სტაფილო, ბოლქვიანი ნიახურის 2 ღერი, 100 გ ბეკონი, 300 გ შერეული ხორცის ფარში, 50 გ კარაქი, ½ ჭ წითელი ღვინო, 1 ½  ჭ საონლის ხორცის ცხელი ბულიონი, 1 ს/კ ტომატ-პასტა, მარილი, პილპილი, 125 მლ ცხელი რძე, დანის წვერზე ჯავზის კაკალი (მუსკატის კაკალი)
სოუსი „ბეშამელისთვის“: 50 გ კარაქი, 50 გ ფქვილი, 500 მლ რძე, მარილი და პილიპილი, დანის წვერზე ჯავზის კაკალი.
ცომისთვის: 300 გ ფქვილი, 3 კვერცხი, 1 მწიკვი მარილი, 4 ლ წყალი, 1 ჩ/კ მარილი, 1 ს/კ მცენარეული ზეთი
ზმოდან მოსაყრელად: 200 გ ყველია მოცარელა, 4 ს/კ გახეხილი ყველი პარმეზანი, 2 ს/კ კარაქი.
ხახვი გავფცქვნათ, სტაფილო გავხეხოთ, ნიახური გავრეცხოთ და გავშროთ. ბოსტნეული და ბეკონი წვრილად დავჭრათ და გადავურიოთ ფარშს. ქვაბში გავადნოთ კარაქი, და ამ კარაქში მოვხრაკოთ ფარში. ფარშს ვურიოთ ხორცის გაუფერულებამდე.მერე  ჩავასხათ წითელი ღვინო, ქვაბს თავს ნუ დავახურავთ და სითხე რომ ამოორთქლდება, ჩავამატოთ 1 ჭ ცხელი ბულიონი და ვხარშოთ დაბალ ცეხცხლზე,ბულიონის ამოშრობამდე. დარჩენილ ბულიონში გავხსნათ ტომატ-პასტა და ჩავურიოთ ფარშში. ჩავაყაროთ მარილი და პილპილი. დავასხათ რძე და ვხარშოთ ხორცის რაგუ დაახლოებით 1,5 საათი ძალიან დაბალ ცეცხლზე. შიგადაშიგ მოვურიოთ.
სოუსი „ბეშამელისთვის“ პატარა ქვაბში გავადნოთ კარაქი, და ამ კარაქში მოვხალოთ ფქვილი გაყვითლებამდე. მერე ჩავუმატოთ რძე და განუწტყვეტლივ ვურიოთ. დავუმატოთ მარილი, პილპილი და ჯავზის კაკლის ნაფხვენი. ვადუღოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში.
ფქვილის, კვერცხის, მარილისა და ცოტა წყლისგან მოვზილოთ რბილი და ელასტიური ცომი. დავაგუნდაოთ, გავახვიოთ დანამულ ჩაის ტილოში და გავაჩეროთ 1 საათით. ცომი დავყოთ პორციებად და გავაბრტყელოთ თხელ 15X7 სმ-ს ფირფიტებად ფქვილმოყრილ დაფაზე. ზეთიანი და მარილიანი წყალი ავადუღოთ და 4-4 ცალი ფირფიტა ვხარშოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მოხარშული ფირფიტები დავალაგოთ ჩაის ტილოზე (ერთმანეთზე არ დადოთ, დაეწებება!). მოცარელა დავჭრათ წვრილად. ღუმელი გავაცხელოთ 180°C-მდე. ფორმას წავუსვათ კარაქი. ფსკერზე დავაფინოთ ცომის ფირფიტები. ზემოდან გავანაწილოთ ფარში. მოვასხათ სოუსი. მოვაყაროთ მოცარელა, სულ ბოლოს მოვაყაროთ პარმეზანი და პილპილი. თავზე დავალაგოთ კიდევ ერთი ფენა ცომი და გავიმეორეოთ იგივენაირად - ფარში, სოუსი, მოცარელა, პარმეზანი, პილპილი. ზემოდან დავფაროთ ბოლო ფენა ცომით, მოვასხათ დარჩენილი სოუსი და მოვაყაროთ დარჩენილი პარმეზანი და მთელ ზედაპირზე გავანაწილოთ კარაქის ნაკუწები. გამოვაცხოთ 30-40წუთის განმავლობაში, ოქროსფერი ქერქის გაკეთებამდე.

ლაზანია ისპანახით
700 გ ისპანახის ფოთოლი, 500 მლ წყალი, 4 ს/კ კარაქი, 50 გ ფქვილი, 250 გ რძე, თითო მწიკვი გახეხილი ჯავზის კაკალის ნაფხვენი (მუსკატის კაკალი) და თეთრი პილპილი, 100 გ რომელიმე ცხიმიანი ყველი, 100 გ ყველი ბრინზა, 2 მსუქანი და ხირციანი პამიდორი, 250 გ ლაზანიას ცომი (ან მზა ფირფიტები), 2,5 ლ წყალი, 1 ჩ/კ მარილი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, ½ ჩ/კ ხმელი ორეგანო.
ისპანახი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ და 2 წუთის განმავლობაში მდუღარე მარილიან წყალში მოვხარშოთ. ამოვიღოთ, გადავწუროთ და გავაშროთ. გავაცხელოთ კარაქი. კარაქში მოვხალოთ ფქვილი ყვითელი ფერის მიღებამდე, ჩავუმატოთ რძე და ცოტა ისპანახის ნახარში. თეთრ სოუსს დავუმატოთ მარილი, ჯავზის კაკალი და თეთრი წიწაკა. სოუსში ჩავაყაროთ ცხიმიანი ყველის ნატეხები. ბრინზა და პამიდვრები დავჭრათ პატარა კუბიკებად. ცომი პორციებად მოვხარშოთ მარილიან და ზეთიან წყალში და შემდეგ შესაშრობად დავალაგოთ ჩაის ტილოზე. ღუმელი გავახუროთ 200°C-მდე. ფორმას წავუსვათ ზეითუნის ზეთი. ფსკერზე დავაფინოთ ცომის ფირფიტები ერთ ფენად, ზემოდან გავანაწილოთ ფენებად ისპანახი, პამიდორი, ყველი და ორეგანო. თავზე მოვასხათ თეთრი სოუსი. მერე ისევ ცომის ფენა, ისპანახი, პამიდორი, ბრინზა ორეგანო, სოუსი. ბოლო ცომის ფენას მოვასხათ ბლომად სოუსი. გამოვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი