4.5.11
ქართველი კაცის მძიმე ხვედრი
Approved byამბობენ, ჭკვიანი კაცი ცოლად და საყვარლად მოსახელეებს ირჩევს - ძილში, ემანდ, რამე არ წამოსცდეს და შარი არ აიკიდოს. კაცებს უნდა ვაწყენინო, მაგრამ რამდენიმე ქალი ვიცი, ზუსტად იგივე პრინციპით რომ სარგებლობს. ერთმა კიდევ უფრო ჭკვიანმა ადამიანმა (საკმაოდ ცნობილი სახეა), საყვარელი გვერდით სადარბაზოში გაიჩინა. ერთხელაც ცოლი მოატყუა, მივლინებაში მივდივარო და საყვარელთან გადაცხოვრდა. ერთ დილასაც, ნაგვის გადასაყრელად რომ გავიდა (აშკარად არ უმართლებთ კაცებს ნაგვის ვერდროსთან), ნაცნობ გარემოში ისე დაიბნა, რომ აბანოს ხალათსა და ოთახის ჩუსტებში გამოწყობილმა და ნაგვის ვედროთი ხელში, კარზე საკუთარ ცოლს მიუკაკუნა...
აჭარა განსაკუთრებით მდიდარია ცოლ-ქმრული ღალატის ისტორიებით... უკაცრავად, დამავიწყდა, რომ საქართველოში ვართ და აქ მარტო ქმრები ღალატობენ. აბა, ასეთი ვაჟკაცი და ქალების მოყვარული ქმრის ცოლი ამას როგორ იკადრებს?! ასე რომ, თავიდან დავიწყებ: აჭარა განსაკუთრებით მდიდარია მოღალატე ქმრების ისტორიებით და მეც ერთი გამორჩეული ამბავი გამახსენდა. ერთ ქობულეთელ კაცს სამსახურიდან მივლინებებში უწევდა ხშირად სიარული, ჰოდა, მარტო ხომ არ წავიდოდა, თან ნაირ-ნაირ ქალები დაჰყავდა და სასტუმროში პრობლემა რომ არ შექმნოდა, ცოლს პასპორტს პარავდა და თანამგზავრს თავის მეორე ნახევრად ასაღებდა. საბრალო ცოლი თვეში ერთხელ პოლიციაში ცხადდებოდა და განცხადებას წერდა, პასპორტი დავკარგეო. ერთხელაც კეთილმოსურნეებმა ქალს ამბავი მოუტანეს, შენი ქმარი ვიღაც გათახსირებულთან ერთად ერევანშიაო. ცოლმაც ცხოვრების „გახალისება“ განიზრახა (სხვათა შორის, ბევრ ოჯახში ქმრის ღალატში გამოჭერა და მერე მისი დანამუსება ცხოვრების წესადაა ქცეული. ქმარს ქალებში სირბილისთვის დაახლოებით ისევე ნახევრადსერიოზულად ტუქსავენ, როგორც პატარა ბავშვს მთელ ოთახში სათამაშოების მოფანტვაზე). ჰოდა, იმას ვამბობდი, ჩვენმა აჭარელმა ცოლმა ცხოვრების გახალისება განიზრახა-მეთქი, და ერევანს მიაშურა. რამდენიმე სასტუმრო შემოირბინა და ცხოვრების ორგულ მეგზურსაც მიაგნო. „ლუქსის“ კარი ქმარმა გაუღო. ცოლის დანახვაზე, მის გაბითურებაში გამობრძმედილი ქმარი არ დაიბნა: „ნაზიკო, როგორ გამახარე, ეს რა სიურპრიზი გამიკეთეო“. ცოლი ოთახში შეიყვანა, სავარძელში ჩასვა, ხილი და შოკოლადი მიართვა, შამპანურიც დაუსხა და, „ხომ იცი, როგორი მკაცრი წესებია, რეგისტრატურაში ჩავალ, გაგაფორმებ და ორ წუთში ამოვალო“. ორი წუთიც გავიდა და საათიც, ქმარი არსად ჩანდა, ქალმა მოიწყინა და ნომრის დათვალიერება განიზრახა. საძინებელში რომ შევიდა, საწოლში უცხო ქალი დახვდა: „ვინ ხარო?“, „გოგის ცოლი ვარო“, „ცოლი შენ როგორ ხარ, მე ვარო!“ მწოლიარე ლამაზმანმა ხელჩანთიდან პასპორტი ამოაძრო: „ცოლი თუ ხარ, აბა, შენი პასპორტი მაჩვენეო“... რამდენიმე საათის მერე ტელეფონი აწკრიალდა. ქმარი რეკავდა მოსკოვიდან (თბილისის ბილეთები ვერ უშოვია და პირველი რეისი საითაც იყო, იქით გადაიკარგა): „ჰა, რა ჰქენით, მორიგდით თუ ისევ ჩხუბობთო“?
იგივე კაცი მორიგ სატრფოსთან ერთად ბათუმიდან კრუიზში რომ იპარებოდა, ცოლი გემზე დეპეშას აგზავნიდა და მერე ყველა მგზავრისა და პირველ რიგში ვითომ უცოლო კაცის ბედნიერი საცოლის გასაგონად, გემის რადიო აცხადებდა: „გოგი ...-ს ცოლი და ოთხი შვილი დაბადების დღეს ულოცავს და ბედნიერ მგზავრობას უსურვებსო“.
ისევ აჭარაში, ერთ-ერთი დიდი სანატორიუმის დირექტორი დილის 6 საათზე პირველი სართულის ფანჯრიდან საკუთარ საძინებელში გადაიპარა და ის-ის იყო, შარვლის გასახდელად და საწოლში უჩუმრად შესაცურებლად გაემზადა, რომ ცოლს გაეღვიძა: „ამ დილაუთენია სად მიდიხარო“? კაცმა თითქმის ჩახდილი შარვალი უკან ამოიწია და „სამსახურში რევიზია მყავს და სასწრაფოდ უნდა წავიდეო“. ცოლთან ერთად, 10-15 წუთი მძღოლს უშედეგოდ ელოდა, მერე, „მძღოლს, ეტყობა, დაავიწყდაო“, წაიბურტყუნა და ბედნიერმა ლოგინში დურთა თავი. ნახევარ საათში უკვე მძღოლმა გააღვიძა, „შენმა ცოლმა დამირეკა და შავი დღე მაყარა, ჩემს ქმარს სამსახურში რევიზია ჰყავს და მშვიდად როგორ გძინავსო“. „საბრალო“ კაცს რაღა დარჩენოდა, ჩაიცვა და „მძიმე ღამის“ შემდეგ გამოსაძინებლად სამსახურის ტახტს მიაშურა.
გამომგონებლობის ნიჭით კაცებს ქალებიც არ ჩამორჩებიან. ერთხელაც (ეს ამჯერად თბილისში ხდება) ვიღაცამ სასწრაფო გამოიძახა, „ცოლი მიკვდებაო“. სასწრაფოს ბრიგადას ბინაში დაფეთებული ქმარი და საწოლზე მისვენებული ცოლი დახვდათ. ექიმმა პაციენტს მაჯაც გაუსინჯა, წნევაც გაუზომა, საეჭვოდ ჯანმრთელი სახის ფერიც დაუთვალიერა, ფილტვებსაც მოუსმინა - ქალი აშკარად სტამბოლი კაჟივით იყო და არაფერი აწუხებდა. ექიმს ყურში ჩასჩურჩულა: „მიშველეთ და ჩემი ქმარი სადმე გაისტუმრეთ“. გამოცდილმა ექიმმა მაშინვე იაზრა, „აქ რაღაცა ხდებაო“ და, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ქმარი ჟანგბადის ბალონის მოსატანად აფრინა. ქმარმა კარი გაიხურა თუ არა, „ავადმყოფის“ საწოლქვეშიდან დედიშობილა კაცი გამოცოცდა, ნაჩქარევად შეიმოსა, ექიმს მადლობა მიაძახა და უკანმოუხედავად მოუსვა. ეს ამბავი ყველა მონაწილესთვის კარგად დამთავრდა: ქმარი ცოლის, ცოლი და საყვარელი კი საკუთარი ტყავის გადარჩენით იყვნენ ბედნიერნი, სასწრაფოს ბრიგადას კი კიდევ ერთი კურიოზი შერჩა მოსაყოლად.
ალბათ ესეც ჩვენი, ქართული ფენომენია, რომ ასეთი მტკივნეული საკითხი გასართობ და საღადაო თემად ვაქციეთ, რომელზეც გარშემომყოფებთან ერთად, ხშირად მოღალატე ქმრები და ნაღალატევი ცოლებიც იცინიან...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
1 კომენტარი.:
ალბათ ბევრს და გულიანად იცინოდნენ მსგავს ისტორიებზე ამ ისტორიების გმირები სანამ გაიგებდნენ რომ გმირები იყვნენ.
ყველა ჩვენგანში დევს გმირული სული, ურალოდ ვერ ვხვდებით ზოგჯერ.
Post a Comment