27.5.11
Chelsea Flower Show - ჩელსის ყვავილების ფესტივალი
Approved byპირველი, რაც გამახსენდა დიდი ბრიტანეთის ხსენებაზე არის ის, რომ დიდი ბრიტანეთი ცნობილია ევროპის ერთ-ერთი უძველესი მონარქიული დინასტიით, დაუწერელი კონსტიტუციით და საუკუნოვანი ტრადიციებით: სახლმშენებლობით, 5 o’clock- ჩაის სმით, წმინდა ინგლისური თავაზიანობითა და ასეთივე მკვლელობებითაც კი. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი რამ, რის გარეშედაც დარბაისელი ინგლისელი ვერ იგრძნობს თავს კომფორტულად - ეს არის ბაღი, თუნდაც პატარა, თუნდაც უკანა ეზოს მიკუჭულში, მაგრამ ფაქიზი, მოვლილი და მოყვავილე. რამდენი საუკუნეა ამ მოყვავილე ბაღების დედოფალი - ვარდი - უცვლელი რჩება. მაღალი წრის წარმომადგენელთათვის საამაყო იყო ინგლისური ჯიშებისაგან შემდგარი როზარიუმის ქონა, როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ასეთი ბაღებით ტრაბახობდნენ. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ყველასათვის გაზიარების სურვილი გახდა ჩელსის ყვავილების ცნობილი ფესტივალის პოპულარობის საწინდარი, რომელიც 1862 წლიდან დღემდე ტარდება მცირედი პაუზებით პირველ და მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში.
ჩელსის ყვავილების შოუს ისტორია კი ასეთია: თავდაპირველად, გამოფენა ატარებდა ინგლისის სამეფო მებაღეთა საზოგადობის გაზაფხულის ყვავილების ფესტივალის სახელს, რომელიც სამეფო ოჯახის პატრონაჟით ჩატარდა კენსინგტონში თითქმის 150 წლის წინათ. შემდგომში Chelsea Flower Show-მ გადაინაცვლა ჩელსის ჰოსპიტალის ტერიტორიაზე. დღესაც იქ ტარდება და ითვლება, რომ ჩელსიში ყვავილების ფესტივალი სანამ არ ჩატარდება, ინგლისში ზაფხული არ დადგება. ფესტივალის დღეებში ყვავილების შოუზე მოხვედრა არა მხოლოდ სამეფო მებაღეთა საზოგადობის წევრებს, არამედ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ოღონდ თუ მაისის თვეში სასურველი ბილეთი უკვე ხელზე ექნება. ინგლისელებს თადარიგის დაჭერა ყველაფერში უყვართ, ამიტომ გამიჯნეს მრავალრიცხოვან მსურველთა და სამეფო მებაღეთა საზოგადობის წევრების დასწრების დღეები. სამშაბათსა და ოთხშაბათს შესვლა მხოლოდ რჩეულებისთვის არის გათვალისწინებული.
ჩელსის ყვავილების გამოფენაში მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. ნომინაციებიც საკმარისია. ამდენი წლის განმავლობაში ჩატარებული კონკურსის მონაწილეებისთვის მხოლოდ ყვავილების ახალი ჯიშების ჩვენება საკმარისი არ აღმოჩნდა, ბოლო ათწლეულების მანძილზე ბაღის მთლიანი დიზაინის, ზოგ შემთხვევაში კი ზოგადი მიდგომა-კონცეფციის ახალი ხედვისთვის იბრძვიან. ყველა მონაწილე თანაბარ პირობებშია, აქ ნამდვილად არ უყურებენ, შეიხი ხარ თუ სურეიში მცხოვრები დიასახლისი. ოთხზე დგომა და ცაიტნოტი ჩელსიში, შეიძლება ითქვას, ყველას გამაერთიანებელი ნიშანია.
არნახული, დიადი იდეის და შრომის შეფასებისთვის დააწესეს რამდენიმე ძირითადი კატეგორია, რომელშიც შესაძლებელია ნომინაციის დეტალების დაზუსტება და მათი მოდიფიკაცია (იმ შემთხვევისთვის, თუ ახალი ჩანაფიქრი არცერთ შეთავაზებულს არ მოერგო). წელს პროგრამაშია: ქალაქის და გარეუბნის ბაღები, სახურავის ბაღები, ფლორისტული გამოფენები, რჩევები სამეფო მებაღეთა საზოგადობის წევრებისგან (უსასყიდლოდ), ორქიდეების ჩვენება, ყვავილების და მებაღეობის საჭირო ატრიბუტიკის გაყიდვა (წარმოდგენილიდან ძირითადი ნაწილი იყიდება, რა თქმა უნდა, ბოლო დღეს). იქამდე კი სპეციალისტები და მოყვარულები დეტალურად ეცნობიან იდეებს, რადგანაც, შესაძლოა, ნაჩვენები აღმოჩნდეს უახლოეს რამდენიმე წელიწადის წამყვანი ტენდენცია.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი
0 კომენტარი.:
Post a Comment