15.5.11
საბანკეტო კაბები
Approved byსულ მცირე, ერთ თვეში გამოსაშვები ბანკეტების სეზონი იხსნება. დარწმუნებული ვარ, ციებ–ცხელება უკვე დაწყებულია: რა ჩავიცვა, როგორი მოდელი ავირჩიო, რომელი ფერია მოდაში ან კიდევ რომელს მოდელს ანიჭებენ უპირატესობას ე.წ. „სელებრითები“. ვეცდები თქვენს შეკითხვებს შეძლებისდაგვარად გავცე პასუხი. პირადად ჩემთვის სკოლის და, განსაკუთრებით, უნივერსიტეტის გამოსაშვები ბანკეტი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ვცდილობდი განსაკუთრებულად ლამაზი ვყოფილიყავი, ძალიან განსხვავებული იმისგან, როგორსაც ჩემი მეგობრები ყოველდღე მხედავდნენ. მაშინ ძალიან აქტუალური იყო შავი ფერის გამოსასვლელი კაბები. არ დაგიმალავთ, ევროპაში, მაგალითად, იტალიაში წელსაც შავი ფერი ყველაზე მეტადაა მოდაში.
ძალიან მიხარია, რომ საქართველოში შავს უკვე ხალისიანი ფერის ტანსაცმელი სჭარბობს. ძალიან ორიგინალურია Dolce&Gabbana-ს ლურჯი კაბა, რომელიც ჩემი აზრით, მერლინ მონროს ცნობილი თეთრი კაბის თანამედროვე ვარიანტია. ხოლო ვისაც ჯერ კიდევ არ უღალატია შავი ფერისთვის, გთხოვთ, დააკვირდეთ ჩემს მიერ შემოთავაზებულ ე.წ. გლამურულ მოდელს. ესეც 60–იანი წლების კაბის თანამედროვე ვერსიაა. არც ის ქალბატონები დამვიწყებია, ვინც უპირატესობას გრძელ კაბებს ანიჭებს. ალბად დამეთანხმებით, რომ Marc Jakobs-ის მიერ შემოთავაზებულ ამ ჰაეროვან ნაცრისფერ კაბაში ნებისმიერი ქალი თავდაჯერებულად და სამყაროს ბატონ–პატრონად იგრძნობს თავს.
ნახეთ, რა საინტერესო მოდელს გვთავაზობს Roksanda Ilincic, იგი საკმაოდ ცნობილი დიზაინერია ევროპაში და გამოირჩევა თავისი ორიგინალობით. თუ ამ დიზაინერის ღია ფერის აბრეშუმის კაბას მიანიჭებთ უპირატესობას, დამერწმუნეთ, რომ ნამდვილად იქნებით სხვებისგან გამორჩეული. მინდა გითხრათ, რომ თუ ამ მოდელს შეუკვეთავთ, სულ მცირე 2000 ევრო დაგიჯდებათ, ამიტომ მეგობრულად გირჩევთ: კარგი მკერავი და მისი ჯანი...
არ მინდა შავი ფერის მოყვარულები გავაწბილო. მათ Lanvin-ის ერთი ძალიან ელეგანტური გრძელი კაბის მოდელს შევთავაზებ. ამ კაბით შემოსილი ქალბატონი ძალიან დამაინტრიგებელი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ეს კაბა არც მოკლეა და არც ძალიან მოხდილი.
ბოლოს კი მინდა საბანკეტო კაბების მაძიებლებს გავანდო იმ საიდუმლო საიტის მისამართი, საიდანაც ეს კაბები ამოვკრიფე: http://www.luisaviaroma.com. ამ საიტიდან შეგიძლიათ სხვადასხვა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი დიზაინერის თქვენთვის საინტერესო მოდელი გამოიწეროთ.
მე პირადად ნაკლებად ცნობილი დიზაინერების ორიგინალურ, სტანდარტულისგან გამორჩეულ მოდელებს ვანიჭებ უპირატესობას. რატომ? იმიტომ რომ, ზუსტად ვიცი, ჩემნაირი კაბა არავის ეცმევა, განსაკუთრებით ე.წ „გლამურულ ივენთზე“, სადაც დიდი შანსია, რომ საკუთარ „ტყუპისცალს“ წავაწყდე.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუტფაიერი
0 კომენტარი.:
Post a Comment