24.5.11
გაყიდვაში შემორჩენილი ვადაგასული "ტავარი"
Approved byროგორც ამბობენ, შინაბერობა ბედია, ბერბიჭობა კი საკუთარი არჩევანი. ალბათ მართლაც ასეა. შინაბერებზე ისედაც ყველამ ყველაფერი ვიცით და ახალს ვერაფერს დავამატებთ. საქართველოში კიდევ ერთ ტაბუდადებულ თემას - დაუოჯახებელი მამაკაცების ფსიქოლოგიას შევეხებით. გამოტყდით, ალბათ ყველა თქვენგანს შეგიმჩნევიათ, რომ შუახანს გადაშორებულ უცოლო კაცს საარაკოდ მყრალი ხასიათი და, კლასიკურ შინაბერასაც რომ არ დაესიზმრება, ისეთი ხუშტურები აქვს. ერთ ჩემს ნაცნობს ღამე არ დაეძინებოდა, თუ გაახსენდებოდა, რომ იმ დღეს რადიატორის სექციებს შორის ტილო არ გამოუსვა. ისეთიც გეყოლებათ ნანახი, სააბაზანოში დაკიდული პირსახოცების სისწორეს ლამის თარაზოთი რომ ამოწმებს. საშინელებაა, როცა ახლობლები ასეთი მამაკაცის „წიკებზე“ თვალს ხუჭავენ და ცოლის მოყვანას მაინც აიძულებენ: ამით კაცსაც დალაგებულ სამყაროს ურევენ და იმ ქალს ხომ აუბედურებენ და აუბედურებენ!
ერთი ჩემი ახლობელი, ძალიან სიმპათიური, წარმატებული და დამოუკიდებელი ქალი „გაბედნიერდა“ - ოჯახის მხრიდან გაუთავებელ „რეპრესიებს“ დანებდა და ბედი საგულდაგულოდ შერჩეულ კანდიდატურას, ორმოცდაათ წელს მიკაკუნებულ ინტელიგენტს, დაუკავშირა. ოთხ თვეში ანტიდეპრესანტებზე “შემჯდარი“ და ნევროზაკიდებული, მშობლიურ კერას დაუბრუნდა. აღმოჩნდა, რომ მზრუნველი მეორე ნახევარი ყოველ ცისმარე დილას გარდერობის რევიზიას ატარებდა და ამოწმებდა, ერთი ფერის ტანსაცმელი ერთმანეთზე იყო თუ არა დაწყობილი. ფერთა გამაში რამე დისონანს თუ შენიშნავდა, მთელ დასტას ხელს მოავლებდა და სააბაზანოში ჩასალბობად მიარბენინებდა, „აქაოდა, ცუდი გარეცხილიაო“ (გაოცებული იკითხავთ, ფერი რა შუაშია, ამაზე თავს ჩვენც ვიმტვრევთ და მისი ყოფილი ცოლიც. მით უმეტეს, რომ ხელმეორედ გარეცხვა სწორედ მას უწევდა!).
ისეთებიც ვიცით, ვისაც თითოეული ჭიქისთვის განსაზღვრული და სამუდამო ადგილი აქვს მიჩენილი და ამ ჭიქის ნახევარი სანტიმეტრით ჩაჩოჩებას ვერ ეგუება, ახლადგაუთოვებულ ტანსაცმელზე უადგილო ნაკეცებს დასდევს, წინდებს ორივე მხრიდან აუთოვებს და მაისურებს კარადაში საკიდებზე სათითაოდ ჰკიდებს. გეცნოთ? ადამიანი არ მეგულება, გარშემო ერთი ასეთი ეგზემპლიარი რომ არ ჰყავდეს, მაგრამ ამ „წვრილმანებს“ შესაშური ერთსულოვნებით არ ვიმჩნევთ, მაშინ როცა გაუთხოვარი ქალის ბანალური თავის ტკივილიც კი შინაბერობას და ცუდ ხასიათს ვაბრალებთ.
ერთი ყოფილი სპორტსმენის, ყველაფრით უზრუნველყოფილი და ძალიან სიმპატიური უცოლო ახალგაზრდა კაცის გასაჭირს მოგიყვებით. თმაში შეპარულმა ორიოდე ღერმა ჭაღარამ და პირველმა, სავარაუდოდ მიმიკურმა ნაოჭებმა ისე შეაშინა, რომ სასწრაფოდ დიეტა მოიშველია და ვარჯიშს მიუბრუნდა, ყოველ დილას კუს ტბაზე ძუნძულში ატარებს, გამწარებული კალორიებს ითვლის და ერთადერთი საფიქრალი - „ჯანმრთელი ცხოვრების სტილი“ აქვს. ეს ყველაფერი თავისთავად ცუდი არ არის, ამ ფონზე კიდევ ერთი ფობია რომ არ გასჩენოდა: ნებისმიერ კონტექსტში წარმოთქმულ სიტყვებზე: „სიბერე, ზედმეტი წონა, თეთრი თმა“, ისტერიკა ემართება და წარმოთქმულის ავტორს კვირაობით აღარ ელაპარაკება, „ემანდ აღარ გაიმეოროსო“ (თავის კლასელ და თანატოლ გოგონას რამდენიმე თვე ემალებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონა შეცდა და „აწი დავბერდითო“, წამოსცდა). ყველაფერ სიკეთესთან ერთად, აწ უკვე ზრდასრული მამაკაცი ბედს არ ეგუება და ჯიუტად ითხოვს, ისევ ბიჭად იწოდებოდეს.
ერთმა ტიპმა სკოლის დამთავრებისთანავე დიდი ფულის შოვნა გადაწყვიტა. ბევრი იშრომა, იჯაფა, წელებზე ფეხს იდგამდა, ყველაფერს იკლებდა და აი, ოცდათხუთმეტ წელს რომ მიუახლოვდა, ჩათვალა, რომ ბედნიერებისთვის საკმარისი თანხა დააგროვა, მიზანს მიაღწია, ახლადნაყიდ სახლში ნანატრი რემონტიც გაიკეთა, გარაჟში მანქანაც დაიყენა და გადაწყვიტა, რომ სრული იდილიისთვის მხოლოდ ცოლის მოყვანაღა აკლდა. გაიხედ-გამოიხედა და აღმოაჩინა, რომ ამ შრომა-შრომაში ახალი ნაცნობები არ გაუჩენია, ძველი ნაცნობი გოგოები კი შემოაკლდა (ამასობაში ყველამ თავისი პირადი ცხოვრება აიწყო). კლასის ალბომი გადმოიღო და ორად-ორი გაუთხოვარი კანდიდატურა იპოვა. ერთი მაშინვე უარყო (ცენტნერნახევრიან გოგოს ეს ბიჭი ერთ ლუკმად არ ეყოფოდა), მეორეს სტუმრად მიადგა და, სრულიად დარწმუნებულმა, „გაუთხოვარ ქალს ფულიანი კაცი მადლს ვუშვრები, უარს როგორ მეტყვისო“, თავისი მყარი გადაწყვეტილება ამცნო, თან საკუთარი მოთხოვნების არშინიანი სია მოაყოლა „ცოლი როგორი უნდა იყოსო“: ცოლს ყველაფერი ყველაზე ძვირიანი და სხვების შესაშური ექნება, საუკეთესო კურორტებზე დაისვენებს, მანქანაც ეყოლება, მაგრამ ამ მანქანით ვერსად ივლის, ქმარმა ხმა თუ არ გასცა, კრინტი არ უნდა დასძრას, ყველაფერი ქმრის მიჩენილ ადგილას უნდა იდოს, მეგობრებში არ უნდა იაროს, ქმრის ნებართვის გარეშე სტუმრადაც არავინ არ უნდა მოიყვანოს. გოგომ უსმინა, უსმინა და სიტყვებით: „ჩვენ ერთ მინდორზე ვერ მოვძოვთო“, მომთხოვნი სასიძო სახლიდან გააბრძანა.
აღიარეთ, რომელი უფრო ამაზრზენია, ჭირვეული შინაბერა ქალი თუ ბზიკებიანი ასაკშეპარული და ექსპლუატაციის ვადაგასული სასიძო? ერთ ბრძენ ადამიანს თუ დავუჯერებთ: „უცოლო კაცი - ეს არის ადამიანი, რომელიც ბევრ სიკეთეზე უარს ამბობს, მხოლოდ და მხოლოდ ამ სიკეთის სამუდამოდ შეძენის შიშით“.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment