ოცდამეერთე საუკუნის თიმსალ-მაქოები

Approved by Natia Jinjolava

მახსოვს, ძალიან დიდი ხნის წინ, ჩემმა მეგობარმა (ბიჭმა) ბათუმში თავისი ძმაკაცის სახლში სტუმრად მიმიყვანა. ოჯახის წევრების გაცნობა ვერ მოვასწარი, მასპინძლის სიდედრმა ხელი მტაცა, გვერდით ოთახში გამიყვანა და სულ თითის ქნევით დამარიგა: „ძალიან ლამაზი წყვილი ხართ, ამ ბიჭს ხელიდან ნუ გაუშვებ! რადაც არ უნდა დაგიჯდეს, სასწრაფოდ მოიპოვე მისი სამი ცალი ფეხის ფრჩხილი, კარგ მკითხავს ვიცნობ და წამალს გავაკეთებინებო...“ ალბათ ხვდებით რომ იმ დღეს პირი არაფრისთვის დამიკარებია და  ამ „მზრუნველი“ ქალბატონის სიძის ყოველი ნახვისას, ვფიქრობ, ნეტავ, დღეს რა აჭამეს ამ უბედურს-თქო.
ძალიან არ მომწონს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ქართველი ქალების ამ სამარცხვინო და უმსგავსო ჩვევას არც უკვე დამდგარმა ოცდამეერთე საუკუნემ, არც უმაღლესმა განათლებამ და არც ემანსიპაციამ არ უშველა. თვალწინ მიდგას ჩემი თანამშრომელი გოგო, სამსახურში კომპიუტერს მიმჯდარი მუჭში კამფეტჩაბღუჯული ინტერნეტში ამოკითხულ შელოცვას რომ ბუტბუტებდა და მერე მთელი დღე ტვინს იჭყლეტდა, ჩემს რჩეულს ეს კამფეტი როგორ შევატყუო, ტკბილეულს ვერ იტანსო. ათასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, არც შელოცილი კამფეტი და არც ათასი სხვა „უწყინარი“ სატყუარა არ მოქმედებს, მე ამას რომ აკეთებენ და ამისი სჯერათ ის ხალხი მაშფოთებს. ქალებოოოო! სირცხვილია, სირცხვილი! შუა საუკუნეები დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, კოსმოსში გავფრინდით უკვე! ან ის კაცი რად გინდათ, თქვენ გვერდით მარტო ვირის ტვინის მწვადით, ან მგლის ქონითაა მოტყუებული? ვაი, უბედურო კაცებო, კიდევ კარგი არ იცით მზრუნველი ხელები ასე სათუთად რას გაწვდიან! მაგალითად, ერთი კაცი ვიცი, უკვე ოცდახუთი წელია სიდედრის დის ხელით ტყეში სავსე მთვარეზე დაკრეფილი გვიმრით შესუნელებულ კერძებს მიირთმევს (სიდედრის და თავის სოფელში ცნობილი ჯადოსანია, ხმელ გვიმრაზე რიგები უდგას - ვინც ამას იგემებს, საყვარელს ვეღარ გაეკარებაო). ოცდახუთი წელია ამ კაცის საყვარელსაც ვიცნობ, არჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. კაცმა გვიმრისმოყვარული ცოლი მხოლოდ იმიტომ არ მიატოვა, რომ საყვარელს შვილები ყავს და გათხოვება აღარ უნდა.
აქედან მორალი: მივცეთ რა კაცებს მშვიდად ცხოვრების და არჩევნის საშუალება. ადამიანი თუ გიყვარს: მისი კეთილი ნებაც გაითვალისწინე და შენთან ძალით ცხოვრებას ნუ აიძულებ; 2. მისი ათასი საძაგლობით გამოკვება აბა, რა სიყვარულია?! 3. და თუ გიფიქრია იმაზე რომ ეგ „ექიმბაშურ-მკითხავური“  წამლები ძალიან ხშირად ჯანმრთელობისთვისაც სახიფათოა? ბუდისტები ხომ არ ვართ, რომ რაც ახლა შეგვეშლება, მომდევნო ცხოვრებაში გამოვასწოროთ. შიშში ცხოვრებას რომ, კაცს თუ დათვის დაფქული კბილი დროულად ვერ აჭამე, გაგექცევა, არ ჯობია, რომ გაუშვა (დამიჯერე, არსად წავა, შენთან ყოფნა უნდა და იმიტომ არის, ეგ შუასაუკუნოებრივი საშუალებები არაფერ შუაშია), შენც დაისვენო და ისიც გაახარო?!
ალბათ ბევრი, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, სიდედრის ან ცოლის ბებიის (აბა, ცოლი ამას ხომ არ იკადრებს) მოწოდებულ საჭმელს ეჭვის თვალით შეხედავს და ყურადღებით შეათვალიერებ-დასუნავს, მაგრამ საფრთხე მარტო თქვენს სახლებში გაზისქურაზე შემოდგმული ქვაბებიდან არ გემუქრებათ. ახლო-მახლო დაბანაკებულ და ჩასაფრეულ გათხოვების მსურველ გოგონებსაც ნუ დაივიწყებთ, ასჯერ დაფიქრდით, სანამ უცხოს მიერ თავაზიანად მოწოდებულ ყავას დააგემოვნებთ. და რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, კაცების „მოჯადოების“ მანკიერი ჩვევა საზოგადოების ყველა ფენაშია მოდებული. ძალიან მინდა ამაყად ვაცხადებდე, სადღაც ღრმა სოფლებში და ბებიების თაობაში შემორჩა, დღევანდელი ქართველი ქალი ასეთ სისულელეს და უმსგავსობას როგორ იკადრებს-თქო, მაგრამ... შეიძლება ყოველ ნაბიჯზე შეხვდე და სხვათა შორის, არა მარტო ქალებში. ერთი ექიმი კაცი აღშოთებული მთელი სერიზულობით მიყვებოდა, მისი ნათესავის ქმარი „ვერაგმა“ საყვარელმა ვირის ტვინით როგორ გამოატვინა და ცოლი მიატოვებინა.
კოსმოსური ხომალდების და ემანსიპაცის ერა-თქო კი გავიძახი და ვარცხვენ თაამედროვე „ჯადოსმკეთებლებს“, მაგრამ ამ ეპოქამ, მიუხედავად იმისა, რომ ჯადო ბოლომდე ვერ აღმოფხვრა, მის ხმარებასა და დანიშნულებაში თავისი კორექტივები მაინც შეიტანა. ჩემს ყოფილ სამსახურში, ძააალიან პრესტიჟულ სახელმწიფო დაწესებულებაში შუახნის მაშინ უცოლო თავმჯდომარეს დეპარტამენტის უფროსებად სულ ქალები ჰყავდა (ზოგო გათხოვილი, ზოგიც გაუთხოვარი). უფროსის კეთილგანწყობის და მის კარზე ფავორიტის ადგილის მოსაპოვებლად ორმოცდაათს მიკაკუნებული ქალები რას არ სჩადიოდნენ! და რაც ყველაზე საინტერესოა, სულ არ რცხვენოდათ, ძალიან ჩვეულებრივ საქმედ მიაჩნდათ და არც მალავდნენ: სიამაყით ყვებოდნენ მკითხავთან როგორ დარბოდნენ და მისი რჩევით გამოსალოცად ხან ბოქლომი და ხანაც კაცის ფოტოსურათი როგორ დაჰქონდათ. დრო გავიდა, ახალი უფროსი მოვიდა და შტატების ტრადიციული რეფორმა-შემცირება წამოიწყო. ერთ-ერთი იმ ქალთაგანი გამომიტყდა: „მე არ მეშინია, ისეთი გამოცდილი მკითხავი მყავს და ისეთ ჯადოს გავაკეთებინებ, სამსახურიდან ესეც ვერ გამიშვებსო“...
ასე რომ, ძვირფასო კაცებო, საკუთარი სამზარეულოს თაროებისა და სანელებლების ქილების რევიზიის შემდეგ, სამსახურში აპარატის უფროსის, მდივნის, კადრების უფროსისა და სხვა დაინტერესებულ პირთა კარადებში შეჭყეტვაც არ დაგავიწყდეთ. ან ძალიან კარგად აღზრდილი თუ ხართ და სხვის უჯრაში ცხვირის ჩაყოფის უფლებას საკუთარი ნამუსი არ გაძლევთ (უამრავი პატიოსანი მდივანი და თანამშრომელიც არსებობს!), მარტივი გამოსავალი შემოგთავაზებთ - საკუთარ კუჭზე თავად იზრუნეთ  და ყველას მორთმეულ ყველაფერს ნუ გადასანსლავთ!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment