მაშრიყიდან მაღრიბამდე

Approved by Natia Jinjolava

ჩემი საყვარელი პერიოდი, ბროწეულის ყვავილობის დრო დადგა. ბროწეულის გახსენებაზე, რომელიც სპარსული მინიატურების, აღმოსავლური სუფრისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია, „მაშრიყის“ სხვა ხილიც გამახსენდა, მივიძიე-მოვიძიე და გადავწყვიტე ეს სტატიაც იმ ტრიადისთვის მიმეძღვნა, რომელიც წევრებიც „ხილობენ“ (და თანაც როგორ!), სინამდვილეში კი ორი მათგანი სულაც კენკრაა, მესამე კი ოთახის მცენარე ფიკუსის ახლო ნათესავია. იცნობდეთ და გიყვარდეთ, უძველესი ხილის სამეული: ბროწეული, საზამთრო და ლეღვი.

ბროწეულის ოფიციალურ სამშობლოდ სპარსეთი თვლება. ისტორიული ცნობების მიხედვით, ბროწეულის ხეს (რომელიც სინამდვილეში სუბტროპიკული კენკრაა) 5000 წლის წინ ბაბილონში აშენებდნენ. 1-5მ სიგრძის მცენარე და მისი ნაყოფი ოდითგანვე ძალიან პოპულარული იყო აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. ნაყოფის გვირგვინისებრი დაბოლოების გამო მას „სამეფო ხილად“ მიიჩნევდნენ და სხვადასხვა კულტურაში განსხვავებული სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა: ძველ ეგვიპტეში გარდაცვლილებს ბროწეულით ხელში მარხავდნენ, რაც სააქაოს დაბრუნებას აღნიშნავდა. საბერძნეთში ბროწეული ცოლ-ქმრული ერთგულების სიმბოლო გახლდათ: ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ ბროწეული დიონისეს სისხლიდან გაჩნდა, ხე კი ნიმფების სამფლობელოა. მითის მიხედვით, საიქიოს ღმერთი აიდი თავის ცოლს პერსეფონეს დედასთან მიწაზე უშვებდა, მაგრამ ბროწეულის მარცვლებს აჭმევდა, რომ მას ქმართან მიბრუნება არ დავიწყებოდა.
ძველ რომში ბროწეულს ორი სახელი ერქვა: „malum punicum“ („კართაგენის ვაშლი“ - გადმოცემით, კართაგენის დამაარსებელმა ფინიკიელებმა თან ბროწეულის ხის ნერგებიც ჩაიტანეს და გაახარეს) და „malum granatum“ („მარცვლებიანი ვაშლი“ - მისი იტალიური სახელი “melagrana”-ც იგივეს ნიშნავს) და ვნების სიმბოლოდ ითვლებოდა.
მადონა ბროწეულით (ბოტიჩელი)
ქრისტიანობაში ბროწეული ღვთისმშობლის ერთ-ერთი სიმბოლოა, ისლამურ სამყაროში კი ორი ძირითადი მნიშვნელობა აქვს: ნაყოფიერების (პატარძალმა ბროწეულის მიწას უნდა დაანარცხოს და რამდენი მარცვალიც გამოვარდება, იმდენი შვილი ეყოლება) და მეგობრობის (სტუმარს მასპინძლისთვის ძღვნად ბროწეული მიაქვს). აი, ჩინეთში ეს ხილი მამაკაცური ძლიერების სიმბოლოა. ასეთი განსხვავებული სიმბოლური დატვირთვის გარდა, ბროწეულს დიდი ადგილი ეჭირა (და დღესაც უჭირავს) მედიცინაში, სადაც ნაყოფის გარდა, ხის ქერქიც და ფესვებიც გამოიყენება. ნაყოფი მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით და ჰემოგლობინის მოსამატებელ საშუალებად ითვლება, მისი  წვენი კი, რომელიც დიდი ოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას, შაქარს და ტანინს, ხალხურ მედიცინაში  თირკმლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ძველი ეგვიპტელები ბროწეულის წვენით დიზინტერიას არჩენდნენ, შრილანკელები კი დღესაც თვალის ინფექციების დროს იყენებენ. ჰიპოკრატეს აზრით, ბროწეული შესანიშნავად აშუშებს იარებს, ხოლო იბნ სინა (ავიცენა) თვლიდა, რომ ბროწეულის წვენი კურნავს გულისა და კუჭის დაავადებებს, ციებ-ცხელებად და შველის ნაბახუსევს. ინდური „აიურვედას“ მიხედვით, ბროწეული გაახალგაზრდავების ეფექტური საშუალებაა.
მედიცინა-კოსმეტოლოგიისა და, რაღა თქმა უნდა, კულინარიის გარდა, ბროწეული სამღებრო საქმიანობაშიც „მონაწილეობს“ - მისი ყვავილებისგან მიღებული საღებავით შალისა და აბრეშუმის ქსოვილები იღებება.
დაბოლოს, ერთი საინტერესო ყირიმული ლეგენდა: ერთი მეთევზეს სამი ქალიშვილი ჰყავდა: ალვისა, გრანატა და კიპარისა. სამივე შვილი ჭირვეული ზნით გამოირჩეოდა: ალვისა ტანდაბალი იყო, თავის ნაკლს დედ-მამას აბრალებდა და სწყევლიდა; ბროწეულა სიფერმკრთალით გამოირჩეოდა და მშობლებს სულ აყვედრიდა, „ლოყებღაჟღაჟა რატომ არ ვარო“; კიპარისა ლამაზიც იყო და მხიარულიც, მაგრამ ენამწარე და უმადური დების შემყურე, მშობლებს ისიც საყვედურობდა. ერთხელაც, განსაკუთრებული აყალმაყალისას, შეწუხებულმა მშობლებმა ზეცას შეჰღაღადეს: „ნეტავ, არის თუ არა ძალა, რომელიც ჩვენი შვილების ბოროტებისგან დაგვიცავს“. ამ დროს ციდან ხმა გაისმა: „ალვისავ, მშობლებს ტანმორჩილობას რომ აყვედრი, მაღალ ხედ იქცევი, რომელიც არასდროს არ იყვავილებს და არც ნაყოფს მოისხამს! გრანატავ, შენ სახის ფერს იწუნებდი და ვარდისფერყვავილება ხედ იქცევი, მაგრამ შენი ყვავილების დასაყნოსად არავინ დაიხრება, რადგანაც ისინი  უსუნო იქნება, ნაყოფი კი კაცს ვერც დაანაყრებს და ვერც წყურვილს მოუკლავს. კიპარისავ, შენ ლამაზ, მაგრამ სევდიან და მდუმარე ხედ იქცევი“. შეშინებული ქალიშვილები სახლიდან ეზოში გაიქცნენ. მშობლებიც თან გაჰყვნენ, ეზოში კი სამი უცნობი ხე დახვდათ: ალვის ხე, ბროწეული და სარო.

საზამთროს ბაღჩეულ კულტურად მივიჩნევთ, მაგრამ სინამდვილეში ესეც დიდი ზომის კენკრაა. ზომა-წონას რაც ეხება, ჩვეულებრივ, საზამთრო შეიძლება 20კგ-მდე იწონიდეს, თუმცა გიგანტებიც არსებობენ - ევროპაში ყველაზე დიდი საზამთრო 64კგ-ს იწონიდა, ხოლო მსოფლიო რეკორდსმენი ხელმარჯვე ამერიკელების გამოზრდილი 122კგ-იანი საზამთრო გახლდათ.
მისი სამშობლო აფრიკაა, კერძოდ კი, კალაჰარის უდაბნო, სადაც დღესაც იზრდება ველური „კოლონციტი“, ფორთოხლისხელა მწარე და შხამიანი ნაყოფით, რომელსაც თითქოს ჩვენთვის კარგად ნაცნობ საზამთროსთან საერთო არაფერი აქვს.
საზამთროს მოშენება დაახლოებით 2000 წლის წინ ეგვიპტელებმა დაიწყეს (მისი გამოსახულება ეგვიპტურ ბარელიეფებში გვხვდება) და გარდაცვლილ ფარაონებს აკლდამაში აუცილებლად საიქიოში საკვებად ატანდნენ.
„ხარფუზი“ - ასე უწოდეს თურქებმა და მაშინვე შეიყვარეს ეს ტკბილი და წყურვილის მომკვლელი ნაყოფი. თურქეთში ის იმდენად ხელმისაწვდომია, რომ ღარიბ ადამიანს საჩუქრად („ფეშქაშად“) საზამთრო მიაქვს. აი, მისი სახელი ”ხარბუზა“ ირანულია და „სახედრის სიდიდე კიტრს“ ნიშნავს.
საზამთროს შემადგენლობის 80-90% წყალია და სწორედ ამით აიხსნება მისი მძლავრი შარდმდენი ეფექტი. ორგანიზმიდან მავნე ქოლესტერინიც გამოჰყავს და სასარგებლოა ცისტიტის, ნეფრიტისა და პიელოფრიტის, ასევე ართროზისა და სახსრების დაავადებების დროს. საზამთრო მდიდარია სხვადასხვა მინერალებით, ანტიოქსიდანტებით, B9 ვიტამინით; მაგნიუმის დიდი შემცველობის გამო ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას. ასეთ მრავალფეროვან შემადგენლობასთან ერთად, საზამთროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღირსება აქვს: ძალიან დაბალკალორიულია (100 გრამში მხოლოდ 38 კალორიაა), ამიტომ მისი დიეტა ძალიან ეფექტური და პოპულარულია.
ეს ტკბილი, გემრიელი და სასარგებლო ნაყოფი ბევრი ექსპერიმენტის საგანი გამხდარა. იაპონელი ბიოლოგები დიდხანს ცდილობდნენ უკურკო საზამთროს გამოყვანას, გამოიყვანეს კიდეც, მაგრამ ეს „სიამოვნება“ საკმაოდ ძვირი უჯდებოდათ და ხელი ჩაიქნიეს. მერე ტრანსპორტირების გასაადვილებლად კუბისა და პირამიდის ფორმის საზამთროები გამოიყვანეს (გადაზიდვა მართლაც საგრძნობლად გამარტივდა, აი, გემო კი შეიცვალა). ინდოეთში მისი შენახვის ვადის გაზრდის მიზნით, საზამთროს ცვილში აწობდნენ. ყველაზე ძვირადღირებული დესნუკეს ჯიშის რვაკილოგრამიანი შავი საზამთრო 2008 წელს იაპონიაში აუქციონზე 6100 აშშ დოლარად გაიყიდა. დესნუკე საზამთროს იშვიათი ჯიშია, რომლის პირველი მოსავალიც სწორედ 2008 წელს აიღეს და ის სულ რაღაც 65 ცალს შეადგენდა. ქერქის ფერის გარდა, დესნუკე ჩვენი ზოლიანი საზამთროსგან გემოთი სრულიად განსხვავდება.

ლეღვი  ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფიკუსის და ასევე თუთის ხის ახლო ნათესავია. ისეც კაცობრიობის ყველაზე დიდი ხნის „ნაცნობი“, უძველესი ხილი და წმინდა ხეა, რომელსაც, ბროწეულის მსგავსად, ბევრი ერის კულტურაში სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.
მისი გამოსახულება 2500 წლის წინანდელ ძველეგვიპტურ ბარელიეფებზე გვხვდება.  ლეღვი ოდითგანვე მოჰყავდათ არაბეთში, ფინიკიაში, სირიასა და ეგვიპტეში, ჩვ.წ.აღ-მდე მე-9 საუკუნეში საბერძნეთში შეიტანეს, სადაც დემეტრასა და დიონისეს საკულტო ხედ იქცა. ლეღვი წმიდათაწმინდად ანტიკურ რომშიც ითვლებოდა: ლეგენდის მიხედვით, კალათი, რომელშიც რომული და რემი ისხდნენ, სწორედ ამ ხის ტოტებში გაიხლართა და ტყუპი ძმები უეჭველ დაღუპვას ამით გადაარჩინა (რომის ფორუმზე ამოზრდილი ლეღვის ხის გახმობა მთელმა რომმა გამოიგლოვა). რომაული ვაკხანალიებისას საგანგებო მსვლელობა იმართებოდა, რომლის მონაწილე ღვინის მოყვარულებს ხელში სწორედ ლეღვის ნაყოფი ეჭირათ. მისი აღწერა რომაელ პლინიუს უფროსთანაც გვხვდება, რომლის თქმით, ლეღვი სასარგებლოა ხველებისა და დამწვრობების დროს (სხვათა შორის, ლეღვისგან ხველების საწინააღმდეგო ნაყენს ამზადებდა მე-17 საუკუნის ინგლისის დედოფლის, პენრიეტა-მარიას მზარეულიც).
ინდოეთში ლეღვი ღმერთი ვიშნუს ხედ ითვლება და არცთუ ისე შორეულ წარსულში ინდოეთის ყველა სოფელსა და დასახლებაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ერთი ლეღვის ხე, რომელსაც შესთხოვდნენ შვილებს, ბარაქას და გონივრულ რჩევას. ასეთ ხესთან მსხვერპლშეწირვის რიტუალიც იმართებოდა, რომლის დროს მას წყალნარევ რძეს ასხავდნენ, ყვავილებით რთავდნენ და ძღვნად პური და კეთილსურნელები მიჰქონდათ (სხვათა შორის, ცეილონზე დღესაც არის ერთი ასეთი წმინდა ლეღვის ხე, რომელიც გადმოცემით, 2200 წლის წინ დაურგავთ). ბიბლიასა და სახარებაშიც ლეღვის ხეს განსაკუთრებული ადგილი უკავია (ბიბლიაში მისი პირველი ხსენება ადამსა და ევას უკავშირდება, რომლებმაც აკრძალული ხილის გასინჯვის შემდეგ საკუთარი სიშიშვლე რომ აღმოაჩინეს და დაირცხვინეს, სწორედ ლეღვის ფოთლებით შეიმოსნენ). დრუიდების ჰოროსკოპშიც ამ ხეს თავისი ადგილი მყარად უჭირავს (14-23 ივნისი და 12-20 დეკემბერი).
ლეღვის ნაყოფი შეიცავს კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, ნახშირწყლებს და აგრეთვე B6 ვიტამინს, რომელიც სეროტონინის, ანუ „სიამოვნების ჰორმონის“ გამომუშავებას უწყობს ხელს. კალიუმის რაოდენობით ლეღვს ნიგვზის შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს, ხოლო რკინის შემცველობით ვაშლსაც უსწრებს. არსებობს ლეღვის 600-მდე ჯიში და ბევრი მათგანი მოსავალს წელიწადში ორჯერ იძლევა. ხარობს ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყნებში, მცირე აზიაში, ირანში, ინდოეთში, შუა აზიასა და კავკასიაში.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი



P.S. დაბოლოს, ისევ ჩემს საყვარელ ხილს, ბროწეულს მივუბრუნდები. მე-8 საუკუნეში არაბებმა ანდალუსიაში (ესპანეთი) ულამაზესი ქალაქი დააარსეს, ირგვლივ ბროწეულის ხეივნები გააშენეს და ქალაქს სახელად „გრანადა“ დაარქვეს.

0 კომენტარი.:

Post a Comment