3.5.11
ფიქრები ქართულ „მატრიმონიაზე“
Approved by„რა იცვლება ქორწინების შემდეგ?
როგორია კომერსანტის აზრი?
ჩვენ ვყიდულობთ რაფაელის შედევრს
ხელში გვრჩება რაფაელის ასლი“... (ვ. ჯავახაძე)
ქართული ქორწინების ფენომენი ყოველთვის მაოცებდა. ვერასდიდებით ვერ ვხვდები რატომ ითვლება ცოლის სიყვარული და მისი პატივისცემა სირცხვილად. ან მისი აგდებულად მოხსენიება ვაჟკაცობად? თუ არ გიყვარდა, რას მოგყავდა? თუ გიყვარს რატომ ცდილობ ხალხში ყველანაირად დაამცირო? და რატომ ითვლება მაგარ ბიჭობად სახლში ცოლის და გარეთ ოფიციალური საყვარლის ყოლა? ძალიან ბევრი კაცი ვიცი, დიდგულზე რომ აცხადებს: თვითონ სახელს დააკვირდით სად „ცოლი“ და სად „საყვარელიო“. მერე რა გიხარია? გამოდის რომ შვილებს არასაყვარელ და სხვადასხვა მიზეზების გამო ათვალწუნებულ ქალს აჩენინებ და აზრდევინებ, მის გვერდით ცხოვრობ და მართლა საყვარელი ქალისთვის არაფერი გემეტება? კიდევ იცით რას ვარ დაკვირვებული? რაც უფრო მეტს იკვეხნის კაცი გარეთ და რაც უფრო მექალთანედ მოაქვს თავი, მით უფრო მორჩილია სახლში და ცოლს სულ თვალებში შესციცინებს. ერთ კაცს ვიცნობდი, 32 წელი ერთი საყვარელი ყავდა და პრაქტიკულად მასთან ცხოვრობდა, რომ გარდაიცვალა, ცოლს 4 რესტორანი დაუტოვა, საყვარელს კი ვალები გასასტუმრებლად.
„მონობის ერთადერთი კანონით დაშვებული ფორმა ქორწინებაა“ (მ. ჯ. სტიუარტი)
ამას წინათ მეგობარს ვესტუმრე. მართლაც ძალიან კარგი და უზომოდ ერთგული ქმარი ჰყავს. კაცი იმდენად დაკავებულია, ღალატისთვის, გულით რომ უნდოდეს, უბრალოდ არ სცალია. ჰოდა, სუფრასთან ქართველი კაცების უსაქციელობაზე ჩამოვარდა ლაპარაკი და მოღალატე ქმრების გვერდით მისი სახელიც რომ არ მოვიხსენიეთ მეგობრის „მეორე ნახევარმა“ ყურები ჩამოყარა. მისი განწყობა შევამჩნიე, ცოლს თვალი ჩავუკარი, მივუბრუნდი და ვუთხარი: „უცოდველი გამომეტყველებით რომ დამჯდარხარ და ხმას არ იღებ, ხომ არ გგონია, რასაც ვლაპარაკობთ შენ არ გეხება-მეთქი“. უნდა გენახათ რა ბედნიერი და ამაყი გახდა, როგორ დამშვიდდა ცოლის ღალატში როგორც კი დავდე ბრალი. წელში გაიმართა, მხრებში გაიშალა, თვალსადახელშუა სიმაღლეში ორიოდე მტკაველი მოიმატა და თავი ჭეშმარიტ ქართველ მამაკაცად იგრძნო. არადა, ცოლი აშკარად ძალიან უყვარს და თავისი თანამოძმეებისგან განსხვავებით ამას არც მალავს და არც რცხვენია...
„- მამაო, მარხვის დროს ცოლთან სექსი შეიძლება?
- შეიძლება.
- საყვარელთან?
- საყვარელთან არა, მარხვის დროს სიამოვნება არ უნდა მიიღოო“. (ქართული ხალხური ანეკდოტი)
სულ ტყუილად გეცინებათ. მშობლებს არ ირჩევენ, სამსახურში შეიძლება იდიოტი უფროსი გყავდეთ და არც მისი შეცვლაა თქვენზე დამოკიდებული, მაგრამ ცოლი ხომ თვითონ მოიწონეთ, შეიყვარეთ და საკუთარი ნებით მოიყვანეთ? თუ აღიარებთ, რომ ქალმა გამოგიჭირათ და მოგატყუათ??? ცოლის დაცინვა, პირველ რიგში საკუთარი თავის დაცინვა და შეურაცხყოფაა.
თავის დროზე ჯეიმს კამერონის „ტიტანიკი“ რომ გამოვიდა, ყველას უკვირდა ეს ფილმი რატომ არ მომწონდა. ასეთი მასშტაბის ტრაგედიაზე, თანაც რეალურზე, ძალიან ადვილია გულისამაჩუყებელი ფილმის გაკეთება და ხალხის აქვითინება. ძნელი მართლა კარგი კომედიის გადაღებაა. ცოლის ღალატით და ვითომ ქალებში სირბილით ვაჟკაცობის დამტკიცება ადვილია, მოდით თავი კარგი ქმრობით, ოჯახის მამობით და ბედნიერი, კმაყოფილი ცოლით მოიწონეთ, რომელიც გაუთხოვარ დაქალთან შეხვედრისას არ ამოიკვნესებს: „რა ჭკვიანი გამოდექიო“. კაცს არ შეუძლია ქალებში არ ირბინოს, ასეთი ფიზიოლოგია აქვსო, მომედავებით. კი ბატონო, მესმის, რომ სადღაც დათვერით, მომენტი ჩავარდა, მივლინებაში იყავით და ვიღაცის სახელიც აღარ გახსოვთ... მე ასეთ შემთხვევებზე არ ვსაუბრობ. და გარდა ამისა, კიდევ ერთი: თქვენმა სიამოვნებამ სხვას (ამ შემთხვევაში თქვენს ცოლს) უსიამოვნება არ უნდა მიანიჭოს. კეთილი ინებეთ და ეგ ფიზიოლოგია ისე დაიკმაყოფილეთ, რომ არავინ შეწუხდეს და ცოლის ყურამდე არაფერი მივიდეს.
„До свадьбы я любил всех женщин,
Теперь люблю одною меньше“...
ქართველი კაცის ცოლისადმი დამოკიდებულება ყველაზე ზუსტად სამეგრელოში მჟღავნდება, სადაც კაცები მეუღლისადმი პატივისცემას იმით გამოხატავნ, რომ ხალხში თავის მეორე ნახევარს (და ხშირად უცხო ქალსაც) „ადამიანად“ მოიხსენიებენ. მართლა, მართლა, კარგად აღზრდილი მეგრელი კაცი ცოლს ასე გაგაცნობთ:
- გაიცანით, ჩემი ადამიანი!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment