19.5.11
რასაც ჭამ, ის ხარ?!
Approved byკაცებისთვის პოტენციის ასამაღლებელ „დიეტაზე“ სტატია რომ გამოვაქვეყნე, ჩვენი ბლოგის ბრძენთაბრძენმა მავნე არგაბედომ ჭკუა ასე დამარიგა: „როდესაც ქალი დარწმუნდება, რომ კაცი ბოლომდე მისია, მერე სექსი მისთვის მასეთი მნიშვნელოვანი აღარ არის. კაცს კი უნდა, რომ ქალს სწორედ ეს მხარე მოსწონდეს მასში და ამხელა მსხვერპლზეც მხოლოდ ქალის ხათრით მიდისო“. ალბათ ასეც არის, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ამით პირველ რიგში თავის თავს უმტკიცებენ საკუთარ „სივაჟკაცეს“. კაცების არც დაცინვა და არც შეურაცხყოფა აზრად არ მომსვლია, საკუთარი თავის გაუმჯობესებისა და სრულყოფის სურვილს ცალსახად მივესალმები. მაგრამ ჩემი წინა სტატიები ამ თემის შესავალი იყო და განსაკუთრებულად „ტკბილი“ ლუკმა ბოლოსთვის შემოვინახე. „სუსტი წერტილის“ გაძლიერებისა და მისი გამყარების ძიებაში მამაკაცებმა, როგორც ჩანს, ცნობილი პრინციპით: „ცოტა რამ იწვევს ისეთ ძლიერ ემოციებს, როგორც საჭმელი და სექსიო“ იხელმძღვანელეს და თუკი რამე, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური არსებობდა, ყველაფრის დაგემოვნება განიზრახეს. საკუთარ თეფშზე ექსტრიმის მოყვარულთა „აფროდიზიაკების“ გრძელი სიიდან, ჩემი აზრით, ხუთი ყველაზე ამაზრზენი შევარჩიე და თქვენს სამსჯავროზე გამოვიტანე. მით უმეტეს, როგორც ექიმი-სპეციალისტები იწრმუნებიან, ამ პროდუქტებს მათთვის ასე გულუხვად მიწერილი გამაჯანსაღებელი თვისებები ნამდვილად არ გააჩნია და მჭამელზე მხოლოდ ფსიქოლოგიურ გავლენას (პლაცებოს ეფექტი!) თუ ახდენს.
1. სექსუალურ უძლურობას აზიაში კაბარგის (ციმბირული მუსკუსის ირემი) სათესლე ჯირკვლების შიგთავსით მკუნალობენ. რომელიც თურმე ყავისფერია და თანაც საშინლად ყარს. სათესლე ჯირკვლებიდან გამოდენილი სითხის 5-8 წვეთს ნახევარ ჭიქა წყალში ხსნიან და დღეში სამჯერ მიირთმევენ. ხანდახან ამ ჯადოსნურ ელექსირს რაღაც ხმელ ბალახებს ურევენ და პატარა აბებს ამზადებენ. ძალიან მოვინდომე, ბევრი ვეცადე, მაგრამ ამ აბების რეცეპტი ვერსად მოვიპოვე, თორემ დარწმუნებული ვარ, იქაც რამე საძაგლობა იქნებოდა.
სხვათა შორის, სულ თხუთმეტიოდე წლის წინ თბილისში ჯერ კიდევ არსებობდა ერთადერთი რესტორანი, სადაც სტუმრები "თეთრ მწვადად" წოდებული დაბრაწული ცხვრის სათესლე ჯირკვლებით იტკბარუნებდნენ პირს.
2. ჩინელებს ოდითგანვე სჯეროდათ, რომ ცხოველის რომელიმე ორგანოს თუ შეჭამ, ამით საკუთარს გაიძლიერებ. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ შუაგულ პეკინში ძალიან იშვიათი დელიკატესების - პენისების პრესტიჟული რესტორანი „Guolizhuamg“-ი გაიხსნა და მიუხედავად იმისა, რომ თითო ულუფა 140$, ხოლო საფირმო კერძი - „ბოსტნეულთან ერთად მოთუშული სელაპის პენისი“ 500$ ღირს, მოზღვავებული კლიენტების მომსახურებას ვერ აუდის. განსაკთრებული პოპულარობით ძაღლის, ცხვრის, ხარის, ვირის, ირმის და გველის პენისები სარგებლობს. რესტორნის მენიუში წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების გარდა, ფაუნის ნებისმიერი წარმომადგენლის რეპროდუქციული
ორგანოთი შეგიძლიათ ჩაიტკბარუნოთ პირი - გნებავთ სუპის, გნებავთ რაგუსა და ჩაშუშულის სახით, ირმის სათესლე ჯირკვლებთან ან კუს ფეხებთან ერთად. როგორც მზარეულები აცხადებენ, განსაკუთრებულ დამუშავებას ძაღლისა და ცხვრის პენისი მოითხოვს. ცხვრისას ჯერ ხარშავენ, მერე ტყავს აძრობენ, ძაღლისას კი პირდაპირ ტრუსავენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების ნამდვილ ნიმუშებს ქმნიან, ამ სასწაულებრივი ორგანოს სასწაულებრივი ეფექტით მოხიბლული კლიენტები მაინც წუწუნებენ, რომ „ხორცი“ მაგარია და ცუდად იღეჭება. ადრე თურმე შემწვარ-მოხრაკული პენისი მხოლოდ იმპერატორების პრეროგატივა ყოფილა და უბრალო ხალხს მასზე პირის დაკარებაც ეკრძალებოდა. თუმცა დღესაც ასეა, ერთი ულუფა (თუნდაც ვირის) პენისის შეჭამანდი, საშუალო ჩინელის ერთი თვის საშუალო ხელფასი ჯდება.
3. სექსუალური ძალის აღსადგენად განსაკუთრებული პოპულარობით „ესპანურას“ სახელით ცნობილი „ესპანური ბუზი“ Lytta vesicatoria სარგებლობს. ამ მწერის სხეული და ფრთები კანტარიდინს შეიცავს. ბუზის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას კანტარიდინი სასქესო ორგანოების სისხლძარღვებში ილექება და შეხურებისა და აღგზნების საკმაოდ სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს. რასაკვირველია, მსგავსი ეფექტი მყარ ერექციას უწყობს ხელს, მაგრამ ამ პრეპარატის ხშირად მიღება ჯანმრთელობისათვის ძალიან საშიშია და ასეთ „პატარა ეშმაკობას“ პრიაპიზმი (არასექსუალური გზით გამოწვეული ძააააალიან ხანგრძლივი ერექცია) მოყვება, რაზეც ამბობენ, ძალიან მტკივნეულიაო. სხვათა შორის, თავისი უჩვეულო მოღვაწეობა სექსუალურმა ონავარა მარკიზმა დე სადმა სწორედ ამ მწერის ზემოქმედების „გამოცდით“ დაიწყო. მომავალი ლიტერატორი წვეულებებს მართავდა, სტუმრებისთვის განკუთვნილ კერძებში დიდი ოდენობით „ესპანურას“ ურევდა და მერე სპონტანურად გამართული ორგიების ცქერით ტკბებოდა. თუმცა მისი საქციელი საბოლოოდ დაუსჯელი არ დარჩა და როცა გაუგეს, ფსიქიატრიული საავადმყოფოების იმდროინდელ ანალოგში გამოამწყვდიეს.
4. ვიეტნამში ნომერ პირველ აფროდიზიაკად ბრინჯის არაყში გარეული ახალდაკლული გველის სისხლი და მისი ჯერ კიდევ მფეთქავი გულის გადაყლაპვა ითვლება. გამოცდილი ბარმენი ცოცხალ გველს (მეტწილად კობრას) ბასრი დანის უზუსტესი დასმით ძალიან პატარა ნაკვეთს უკეთებს, ხელის ერთი მოძრაობით გულს აცლის და სისხლსაც უშვებს. მფეთქავი გული შეკვეთის ავტორისაა, სისხლს კი ჭიქებში ანაწილებენ, ბრინჯის არაყს უმატებენ და რესტორნის სხვა კლიენტებსაც უმასპინძლდებიან. მერე არაყში უკვე გველის ნაღველს ამატებენ და ნახევარ საათში კარგად დაბრაწულ და შესუნელებულ გველის ხორცსაც აყოლებენ. ქვეწარმავლის თავს, აქაოდა, შხამმა არ მაგვწამლოსო, სულ არ მიირთმევენ, გველის კუდისგან კი „შესანიშნავ“ ბულიონს ამზადებენ. ვიეტნამში გველების ხოცვა-ჟლეტამ იმდენად კატასტროფული მასშტაბები მიიღო, რომ 1998 წელს მთავრობა იძულებული გახდა მათი თვითნებული ჭერა აღეკვეთა. თუმცა გველის ღვინის შავ ბაზარზე შოვნა, დღესაც თავისუფლად შეიძლება.
5. ახლა ყველაზე უარესი - ბალუტი. ფილიპინებზე ბალუტი ისეთივე გავრცელებულია, როგორც ჰოთ დოგი ნიუ-იორკში, ან თუნდაც, ფენოვანი ხაჭაპური თბილისში. ეს კერძი იმდენად პოპულარულია, რომ მისი ერთ-ერთი მწარმოებელი იმასაც კი ამბობს, რომ კვირაში მინიმუმ 12 ათას ბალუტს ასაღებს. რესტორნებში თუ შემწვარ-მოხრაკულ-შესუნელებულს ბალუტს გთავაზობენ, იგი პარალელურად სუპერმოთხოვნილებადი ქუჩის კერძიცაა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება. მანილაში წელიწადში ერთხელ კონკურსიც იმართება: ვინ მეტ ბალუტს შეჭამს. იკითხავთ, ბოლოსდაბოლოს იტყვი თუ არა, ეს ბალუტი რა არისო? ფეხი კი ვითრიე, მაგრამ რა გზა მაქვს, გეტყვით - ბალუტი განაყოფიერებულ იხვის კვერცხში მოხარშული, არც მეტი არც ნაკლები, თვრამეტი დღის იხვის ემბრიონია, რომელსაც უკვე ნისკარტი და ხრტილებიც კი ჩამოუყალიბდა, მაგრამ იმდენად რბილია, რომ მისი მთლიანად ჭამა შეიძლება.
ფილიპინელების აზრით, ბალუტში სამი კერძია გაერთიანებული: წვნიანი (სანაყოფო წყალი), „ზაკუსკა“ (კვერცხის გული) და ძირითადი კერძი (ემბრიონი). მას ძირითადად ლუდს და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს აყოლებენ. ადრე ეს კულინარიული საოცრება მხოლოდ კაცებისთვის გათვლილ დელიკატესად ითვლებოდა, დღეს კი დიდი და პატარა სიამოვნებით გეახლებათ და განსაკუთრებული მოწონებით მანილელი მსუბუქი ყოფაქცევის ქალებში სარგებლობს, რომლებიც ერთხმად ირწმუნებიან, „სამსახურში“ გასვლის წინ რომ ვჭამთ, განსაკუთრებულ ენერგიას გვმატებსო. ღმერთმა შეარგოთ!
ერთი ძველი ჩინური ანდაზა გამახსენდა: „ადამიანი რასაც ჭამს, თვითონაც ისააო“!
საუკეთესო, სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment