არამკითხე მოამბეები

Approved by Natia Jinjolava

საქართველოში ერთმანეთი ყველას ისე გვიყვარს, აბა, რა გული მოგვითმენს, მოყვასი კეთილი რჩევებითა და მისი ცხოვრების ჩვენებურად მოწყობის მცდელობებით არ წავლეკოთ. ხანდახან სხვის საქმეში ჩარევისა და აქტიური მონაწილეობის სურვილი სრულიად უწყინარ ხასიათს ატარებს. სამსახურში ერთ ადამიანს  დავუახლოვდი, ძალიან კარგი და სასიამოვნო ქალი იყო და მალე დავმეგობრდით. იმ ხანებში გრძელ და უკან შეკრულ თმას ვატარებდი. ქალიც გადამეკიდა, მოსვენებას არ მაძლევდა, ჩამჩიჩინებდა: „ან შეიჭერი, ან ვარცხნილობა მაინც შეიცვალე. დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო მოგიხდებაო“. დღედაღამ სულ ამას მიმეორებდა, პერიოდულად სხვადასხვა სტილისტების ტელეფონის ნომრებით და სალონების მისამართებით მამარაგებდა... საკმაოდ ჯიუტი ვარ და არ ვნებდებოდი, თან ვეხუმრებოდი ხოლმე: თუ ამიხსნი, შენ რომ მოგწონს, ისეთი ვარცხნილობით რატომ უნდა ვიარო და, მე რომ მომწონს ისეთით არა, ხვალვე წავალ და თავს გადავიხოტრავ-მეთქი. ასეთ ჭიდაობაში გავიდა სამი წელი. ერთ დღესაც საკუთარი ინიციატივით წავედი, თმა გადავიღებე, შევიჭერი და მომდევნო ორი წლის განმავლობაში ვარცხნილობას თვეში ორჯერ ვიცვლიდი. მერე ესეც მომბეზრდა და ისევ საკუთარ ფერს და თმის ჩვეულ სიგრძეს დავუბრუნდი. ერთხელაც ჩემს თანამშრომელს შევაკითხე, შემომხედა და მეუბნება: „უკან გადაწეული და შეკრული თურმე როგორ გიხდება, აქამდე სად იყავი?“ სახტად დავრჩი და დიდხანს ვფიქრობდი, მომეკლა თუ მხოლოდ გასილაქებით დავკმაყოფილებულიყავი (რა თქმა უნდა, გულში)...
სხვათა შორის, ქალებს თმის მიმართ რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ახასიათებთ, რასაც უჩვეულო კითხვებით გამოხატავენ ხოლმე. აი, მაგალითად: „ამ ფრად თმა რატომ შეიღებე?“ მომწონს და იმიტომ! აბა, ძალით ხომ არ შემღებავდნენ? ამას წინათ თმა შევიჭერი და ასეთი უჩვეულო კითხვების მრავალფეროვნებაც საკუთარ თავზე ვიწვნიე - სამსახურში ყველა ქალი მაჩერებდა და დაახლოებით ასეთი ტექსტით მომმართავდა: „უი, როგორ გიხდება! რატომ შეიჭერი?“ მეოცეჯერ მოსმენილი კითხვის შემდეგ ერთ ახლობელს კონტრშეკითხვა დავუსვი „გეხვეწები, მითხარი, მაგას რატომ მეკითხები-თქო“. „რა ვიცი, ალბათ თმა გაგცვივდა ან დაგეწვა, თორემ რატომ შეიჭრიდიო“... ნეტავ რომ გადამეპარსა, მერე რას მკითხავდნენ ან რას დამაბრალებდნენ? ალბათ ქეცს ან რაიმე მაგდაგვარს ამკიდებდნენ.
უნივერსიტეტი და სტუდენტობის ხანა მახსენდება, როცა პირველი კორპუსის ბაღს გალავანი არ ერტყა და ქუჩისგან ორადორი ქვის ტუმბო ჰყოფდა. იმდროინდელი მორალის თანახმად, ტუმბო სასაზღვრო ზოლის მოვალეობას ასრულებდა, რომლის ერთ მხარეს განურჩევლივ ყველა ეწეოდა, მეორე მხარეს კი სიგარეტით ხელში გასულს საქვეყნოდ მოგეჭრებოდა თავი. უცხო გამვლელ-გამომვლელთაგან ერთი, ორი და შეიძლება მეტიც, გამოჩნდებოდა და ან გაგკიცხავდა („ჯანმრთელობას არ უფრთხილდები“), ან გაგთათხავდა („შენი მშობლები სად იყურებიან, უპატრონო ხარ?“), ან სულაც გულიანად მოგაწყევლიდა! სხვათა შორის, მე და ჩემი მეგობრების უმრავლესობა არ ვეწევით, მაგრამ არამკითხე მოამბეები მწეველებზე მეტად მე მაღიზიანებს და ყველაზე ხშირად მოსმენილ კითხვაზე: „ამდენს რატომ ეწევი?“, სულ მინდა შევეპასუხო: „სხვა საქმე არ გაქვთ, სხვისი „ბიჩოკების“ დასათვლელად რომ იცლით? ხომ არავინ გეკითხებათ რამდენს ჭამთ, ან საპირფარეშოს რა სიხშირით სტუმრობთ?“ ეწევა და მოწიოს, მისი საქმეა! მოწევასთან დაკავშირებით კიდევ ერთ პატარა პრობლემაზე შევჩერდები და, როგორც არამწეველს, ამაზე საუბრის სრული უფლება მაქვს: ისტერიკას რომ იმართებენ და მწეველებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან აძევებენ, სიგარეტის კვამლით გამჭვარტლული ჰაერი ხომ ისეთივე აუტანელია, როგორც ნებისმიერი სხვა სუნით გაჟღენთილი და საერთოდ, არსებობს მარტივი გამოსავალი - განიავება!
არ გეგონოთ თამბაქოს პროპაგანდას ვეწეოდე,  უბრალოდ, იმ ადამიანებს მივმართავ, არამწეველობა ფანატიზმად რომ ექცათ. ერთ ასეთ ქალბატონზეც მოგიყვებით. მთელი ცხოვრება თავის რძლებს დასდევდა და ცდილობდა, სიგარეტით ხელში გამოეჭირა. რა ხერხს და ზომას არ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ - გამჭრიახი ახალგაზრდები დედამთილის დაგებული მახიდან თავს წარმატებულად იძვრენდნენ. ერთხელაც დედამთილს დაქალი ეწვია და ოთახში ჩაიკეტნენ. კარი მოულოდნელად შევაღე და მოწევის წინააღმდეგ თავდადებულად მებრძოლი ქალი ნაფაზის გემრიელად დარტყმის მომენტში გამოვიჭირე. მიმტკიცეთ ახლა, რომ ეს მეტიჩრობა არაა...
ხანდახან ერთმანეთის საქმეებში მარტო ცხვირის ჩაყოფას არ ვჯერდებით და სხვის აწყობილ ცხოვრებაში გრძელ ცხვირსაც და არანაკლებ გრძელ და მავნე ენასაც გულმოდგინედ ვურევთ. თუმცა ასეთ „მოხალისეებს“ საკუთარი მიზნების წარმატებით განხორციელების უფლებასა და მიზეზს თავად ვაძლევთ. სტუმრად მისულები, ვსხდებით და დაწვრილებით ვყვებით ჩვენს სენ-სნეულებებზე, ერთმანეთის სატკივარიც კარგად ვიცით, ვიმახსოვრებთ კიდეც და რჩევა-დარიგებასაც არ ვიზარებთ. ჯანმრთელობის მორიგი პრობლემის შემთხვევაში, ყველაზე ლოგიკური გამოსავალი ექიმთან წასვლა იქნებოდა, მაგრამ ჩვენ რთულ გზას ვირჩევთ: ახლობლებში ვრეკავთ და ვინ, რითი (და კაცმა არ იცის) რა დაავადება, როგორ იმკურნალა, გამოვიკითხავთ და ერთი მეზობლის მიერ „დასმულ“ დიაგნოზს მეორის მრავალნაცადი რეცეპტით ვმკურნალობთ. ამიტომ ნუღარ გვიკვირს, რომ ყვავის ჩხიკვის მამიდამაც კარგად უწყის ჩვენი თითოეული ანთების ან გაციების ამბავი. ყველაზე უფრო გამაღიზიანებელია ოჯახის წევრის ავადმყოფობისას სანახავდ მოსული თუ ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილი ნაცნობების გაუთავებელი რჩევა-დარიგება, შენს ავადმყოფს უკეთესად როგორ უნდა უმკურნალო და მოუარო. დავიჯერო, ვთქვათ, დედაჩემი ჩემზე მეტად უყვართ და მის კარგად ყოფნაზე ჩემზე მეტად ზრუნავენ? ტაქტი, მეგობრებო, ტაქტი!
ავადმყოფს და მწეველსაც ეშველება, მაგრამ ახალი ამბის გაგებით აღფრთოვანებული  „მოკეთეები“ ვერ ითმენენ და ყურმოკრულ (და ხშირად გადაუმოწმებელ) ინფორმაციას ამბის მთავარ გმირს „ახარებენ“ ხოლმე. ზოგ შემთხვევაში ცხოვრებასაც უნგრევენ. ერთ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ და ყველაფერს თვითონ მიხვდებით: ერთ ჩემს ნაცნობს ოთხი ქალიშვილი ჰყავდა. მეხუთე რომ შეეძინა, უმცროსმა და უშვილო დამ სთხოვა „გოგონას ვიშვილებ და გავზრდი, თქვენგან შორს არ იქნება და მეც ოცნებას ავიხდენო“. როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე, წამოზრდილ ბავშვს, გული რომ არ ტკენოდა, სიმართლე დაუმალეს. გასაოცარი ის იყო, მაგრამ უკვე მოზარდ გოგონას შიში დასჩემდა, „ნაშვილები არ ვიყოო“ და ძალიან ეჭვიანი გახდა. კეთილმოსურნეებმაც არ დააყოვნეს და ეს ეჭვი გაუქარწყლეს: „გუშინ უბნის ნაშვილები ბავშვები ჩამოვთვალეთ და შენც დაგასახელეთო“. სასოწარკვეთილ გოგონას თვითმკვლელობა მხოლოდ იმან გადააფიქრებინა, რომ დეიდამისს (ანუ ნამდვილ დედას) გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა და ოჯახში ასე დაამშვიდეს: „ნაშვილები რომ იყო, დეიდაშენისნაირი ხალები არ გექნებოდაო“. ამიტომ ასჯერ დავფიქრდეთ, ვის და რას ვეუბნებით და ჩვენი მიტანილი ამბავი რა შედეგს გამოიღებს. სიტყვა ჩიტივითაა, ერთხელ თუ გაგიფრინდა, ვეღარ დაიჭერ...
კურიოზული ისტორიაც გამახსენდა, ისევ თმაზე. ერთ დღეს დეიდა პოლი მაღაზიიდან აქოთქოთებული დაბრუნდა. სალაროსთან რიგში მდგომს, უცნობი ქალი მიახტა და ლაზათიანად გამოლანძღა: „რას დამსგავსებიხარ, თმა გაგიკორტნია! არცერთი კაცი ზედ არ შემოგხედავს და ვერც გათხოვდები! ამ ვარცხნილობით მეტი აღარ გნახო!“. აღშფოთებისგან ენაჩავარდნილი დეიდა პოლი ქალს მიაჩერდა, „ალბათ ნაცნობია და ვერ ვიხსენებო“. მერე გაახსენდა, რომ ბოლო ათი წელი თმას ასე ატარებს, შეწუხებული მოლარე იქეთ დაამშვიდა, „მყიდველის ნაცვლად ბოდიშს თქვენ რატომ იხდითო“ და იქაურობას გაეცალა.
ერთხელ უნივერსიტეტში ვიღაც ქალი თავს მეც დამესხა: „შე უნამუსო! ახლავე მოიხსენი ქამარი, ბავშვს ახრჩობო!“ თავიდან ვერ მივხვდი, რას მერჩოდა, მერე შევეცადე ზრდილობიანად ამეხსნა, რომ ფეხმძინედ არ ვარ და საკუთარ ფიცარივით ბრტყელ მუცელზე ხელიც კი მოვისვი. ქალი არ დამნებდა, „რას მატყუებ, ფეხმძიმედ რომ არ იყო, მაგხელა მკერდი ვერ გექნებოდაო!“ მე ზრდასრული და სტუდენტი მაინც ვიყავი და ძაღლის გასასეირნებლად გასულ ჩემს თოთხმეტი წლის დისშვილებს თავს ერთი „სანდომიანი“ პენსიონერი დააცხრათ: „თქვენხელა გოგოები, ძაღლს კი არა, ბავშვებს უნდა ასეირნებდეთო!“
სხვათა შორის, ბევრ ფეხმძიმეს ექნება გამოცდილი საკუთარ თავზე, ახლობელი თუ შორიახლო ნაცნობი ვითომდა უნებლიეთ, თუ განსაკუთრებული აღფრთოვანების გამოსახატად, მუცელზე მიეალერსება ხოლმე და თან გუნებაში მუცლის ზომას ამოწმებს და ორსულობის თვეებს ითვლის... ვინმეს გსიამოვნებთ მუცელზე უცხო ადამიანის ხელის  ფათური? ეჭვი მეპარება.
კარგი იქნებოდა, რაღაც გარკვეული მორალის საზღვრები არსებობდეს, ყველამ საკუთარი ცნობისმოყვარეობა მოთოკოს და სხვის ცხოვრებაში ჩარევის გარკვეული ჩარჩოები დაიწესოს.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


0 კომენტარი.:

Post a Comment