შოკოლადის ტორტი თეთრი შოკოლადის მუსით და მარწყვებით

Approved by Natia Jinjolava


ინგრედიენტები:
შოკოლადის ბისკვიტი - 250 გრ შაქარი, 170 გრ კარაქი, ოთახის ტემპერატურის 3 ცალი დიდი ზომის კვერცხი, 3 ს/კ (60 მლ) სიმინდის სიროპი, 3 ს/კ (20 გრ) დაფქული ნუში, 195 გრ თვითაფუებადი ფქვილი, 70 გრ კაკაოს ფხვნილი, 225 გრ მარწყვი (სიგრძეზე შუაზე გაჭრილი).
მუსი - 300 გრ უმაღლესი ხარისხის დატეხილი თეთრი შოკოლადი,  დაახლოებით 5 გრ ჟელატინი, 4 ცალი მსხვილი კვერცხი, 50 გრ შაქარი, 570 მლ ცხიმიანი ათქვეფილი ნაღები, 150 დაჭრილი მარწყვი.
მოსართავად - 55 გრ მთელ-მთელი მაეწყვები, 100 გრ უმაღლესი ხარისხის თეთრი შოკოლადი.
ბისკვიტის მოსამზადებლად:
1. გავაცხელოთ ღუმელი 180°C ტემპერატურამდე. 25 სმ დიამეტრის გასახსნელ ფორმას წავუსვათ ცხიმი. დიდი ზომის ჯამში კარგად ავთქვიფოთ კარაქი და შაქარი. თითო-თითოდ ჩავათქვიფოთ კვერცხები. ჩავათქვიფოთ სიროპი და დაფქული ნუში. კარაქის მასას თავზე დავაყაროთ კაკაო და ფქვილი.
2. რეზინის ფართო ნიჩბით ფქვილი ფრთხილად გადავურიოთ ათქვეფილ კარაქში. ცომი ჩავასხათ ფორმაში და შევდგათ გამოსაცხობად 20-25 წუთის განმავლობაში. ბისკვიტის მზაობა შევამოწმოთ კბილის საჩიჩქნი ჩხირით. ჩავარჭოთ ჩხირი ბისკვიტში და ნამცეცები თუ არ ამოყვა და მშრალი ამოვიდა, ბისკვიტი მზადაა.
3. ბისკვიტი ამოვიღოთ ფორმიდან და გავაციოთ. ბოლომდე გაციებული ბისკვიტს საჭიროების შემთხვევაში შემოვაჭრათ გვერდები (სიმაღლის გასასწორებლად) და  დავაბრუნოთ გასახსნელ ფორმაში. შუაზე გაჭრილი მარწყვის ნახევრები ბისკვიტის კიდეზე დავალაგოთ ისე, რომ გაჭრილი მხარით ფორმის კედელზე იყოს აყუდებული (გვირგვინისებურად).
მუსის მოსამზადებლად:
1. თეთრი შოკოლადის ნატეხები მოვათავსოთ ცეცხლგამძლე საშუალო ზომის ჯამში. ეს ჯამი შემოვდგათ მდუღარე წყლის აბაზანაზე (უფრო დიდი ზომის ქვაბში ავადუღოთ წყალი, თავზე შემოვადგათ შოკოლადიანი ჯამი და შოკოლადი გავადნოთ ორთქლზე). პატარა ჯამში ჩავასხათ 40 გრ ცივი წყალი და დავალბოთ ჟელატინი.  დასარბილებლად გავაჩეროთ 5 წუთით.
2. ჟელატინიანი ჯამი შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და მორევით გავადნოთ ჟელატინი. მანამდე კი, მიქსერით დიდი ჯამში დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ვთქვიფოთ კვერცხები და შაქარი, სანამ არ გაღიავდება და ზომაში არ მოიმატებს. კვერცხის მასაში ჩავამატოთ ჯერ გამდნარი შოკოლადი, შემდეგ კი გამდნარ ჟელატინიანი ხსნარი.
3. შოკოლადიანი ჯამი ამჯერად ყინულებიანი წყლით სავსე ჯამზე შემოვდგათ და გავაციოთ, ოღონდ, გამაგრებას ნუ დაველოდებით. სანამ შოკოლადი ცივდება და სქელდება, კარგად ავთქვიფოთ ნაღები. გადავურიოთ  ნაღების კრემი უკვე გაციებულ შოკოლადში.
ტორტის მოსართავად:
1. გამზადებული მუსის ნახევარი ჩავასხათ ბისკვიტიან და მარწყვებიან ფორმაში. მოვაყაროთ დაჭრილი მარწყვები. დარჩენილი მუსი დავასხათ ზევიდან. თავზე პერგამენტი ან ცელოფანი გადავაფაროთ და შევდგათ მაცივარში სულ მცირე 3 საათით (სანამ მუსი არ შესქელდება). თეთრი შოკოლადის ფილას ავათალოთ ბურბუშელა კარტოფილის სათლელი დანით. ტორტი მოვრთოთ თეთრი შოკოლადის ბურბუშელითა და მთელ-მთელი მარწყვებით.
გემრიელად მიირთვით!

 თვალსაჩინოება:

(კერტის სტოუნის რეცეპტებიდან)

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment