მიდიები ლუდისთვის

Approved by Natia Jinjolava


ამას წინათ, ერთ ჩემს მეგობარს შავი ზღვის სანაპიროდან საჩუქრად მიდიების დიდი პარტია გამოუგზავნეს - ლუდისმოყვარულმა კაცებმაც გაიხარეს და მიდიები ხარშეს და ხარშეს. არადა, რამდენი პირის ჩასატკბარუნებელი რამის მომზადება შეიძლება: ღვინოში მოხრაკულიდან დაწყებული პასტით და სუპით დამთავრებული.
მიდიების მომზადებისას რამდენიმე მარტივი წესი უნდა დაიმასხოვროთ: ნიჟარა აუცილებლად უნდა იყოს დახურული, რაც იმა ნიშნავს, რომ შიგნით მიდია ცოცხალია და არ იღელვოთ, მომზადების პროცესში აუცილებლად გაიხსნება, რაც არ გაიხსნება, ასევე გადაყარეთ. და, კიდევ - თუ გინდათ, რომ ჭამის დროს კბილებშუა ქვიშა არ გიკრაჭუნებდეთ, გულდასმით გარეცხეთ ჯაგრისით.

გრილზე დაბრაწული მიდიები ნივრით
4 პორცია
1,5 კგ ცოცხალი მიდიები, 120 მლ თეთრი ღვინო, 50 გრ კარაქი, 2 ხახვი დაჭრილი, 2 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, 50 გრ დაფქული ორცხობილა, 60 მლ წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან კამა, 30 მლ ახალგახეხილი ყველი პარმეზანი, მარილი და დაფქული პილპილი, შაშკვლამის ან რეჰანის ფოთლები მოსართავად
მიდიები კარგად გავრეცხოთ ცივი, გამდინარე წყლი ქვეშ. ჩამოვაფხიკოთ შლამი და წყალმცენარეები და გადავაგდოთ ყველა გახსნილი მიდია. ჩავყაროთ დიდი ზომის ქვაბში და დავასხათ ღვინო. დავახუროთ თავსახური და მაღალ ცეცხლზე ვხარშოთ 5-8 წუთის განმავლობაში, შიგადაშიგ ქვაბი ვანჯღრიოთ - სანამ ყველა მიდია არ გაიხსნება.
გადავწუროთ მიდიები თუშფალანგზე, მაგრამ ნახარში ღვინო შევინახოთ. დახურული მიდიები გადავყაროთ. ოდნავ შევაგრილოთ და მერე ნიჟარის თავსახურები მოვაცალოთ -  მიდია ქვედა ნიჟარაში ჩადებული დავტოვოთ.
ტაფაზე გავადნოთ კარაქი და მოვთუშოთ ხახვი დარბილებამდე. დავამატოთ ნიორი და ვთუშოთ კიდევ 1-2 წუთი. ჩავამატოთ ორცხობილაც და ვურიოთ სანამ ოქროსფრად არ მოიხალება. ტაფა გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ მწვანილიც. დავუმატოთ ცოტა მიდიების ნახარში და შევამარილ-შევაპილპილოთ.
შესუნელებული ორცხობილა კოვზით მიდიებზე გავანაწილოთ. დატენილი მიდიები საცხობ ფირფიტაზე დავალაგოთ და გახეხილი პარმეზანი მოვაყაროთ. ღუმელის შიდა ზედა სანთურა ავანთოთ და მიდიები ვბრაწოთ სანამ თავზე მოყრილი ორცხობილა და პარმეზანი ხრუშუნა და ოქროსფერი არ გახდება. გამზადებულ მიდიებს რეჰანის ფოთლები მოვაყაროთ და მივირთვათ ცხლად.

მიდიები ღვინოში - mousles marinière
(ტრადიციული ფრანგული კერძი, 4 პორცია)
1,75 კგ ცოცხალი მიდიები, 15 მლ ზეთი, 25 გრ კარაქი, 1 პატარა ხახვი წვრილად დაჭრილი, 2 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, 150 მლ მშრალი თეთრი ღვინო ან სიდრი, ცოცხალი ოხრახუშის ტოტები, დაფქული პილპილი, 1 ს/კ ოხრახუშის დაჭრილი ფოთლები გასაფორმებლად, პური მისატანებლად
გადავარჩიოთ მიდიები და დავრწმუნდეთ, რომ ყველა დახურულია (გახსნილები გადავყაროთ). გამდინარე ცივი წყლი ქვეშ გულდასმით გავრეცხოთ ნიჟარები - ჯაგრისით გავაცალოთ ნადები და წყალმცენარეები. სამი-ოთხჯერ გავავლოთ წყალი.
დიდი ზომის ტაფაზე გავახუროთ ზეთი და კარაქი და მოვთუშოთ ხახვი და ნიორი 3-4 წუთის განმავლობაში. დავასხათ ღვინო ან სიდრი და დავუმატოთ ოხრახუშის ტოტებიც. კარგად მოვურიოთ და რომ წამოდუღდება, ჩავყაროთ მიდიებიც. დავახუროთ თავსახური და ვხარშოთ 5-7 წუთი, შიგადაშიგ ტაფა ვანჯღრიოთ ხოლმე. მიდიები რომ გაიხსნებიან - მზადაა. გაუხსნელი მიდიები გადავყაროთ.
მიდიები გადმოვიტანოთ თეფშზე, მოვასხათ თავისივე ნახარში წვენი, მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და პილპილი. მივირთვათ თეთრ პურთან ერთად.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

კიბორჩხალების მოყვარულთათვის

Approved by Natia Jinjolava


რადგან ლუდზე და მის მისაყოლებლებზე ჩამოვარდა საუბარი, ბუნებრივია, რომ წითელ-წითელი კობორჩხალების ჯერიც დადგა:

ღვინოსა და ბურახში მოხარშული კიბორჩხალები
4 პორცია
16 საშუალო ზომის კიბორჩხალა, 500 მლ ბურახი, 100 მლ წითელი ღვინო, 5 მარცვალი სურნელოვანი პილპილი, 1 დაფნის ფოთოლი, 1 კონა ოხრახუში, 1 კონა კამა, მარილი
ცოცხალი კიბორჩხალები დაახლოებით 1 საათით წყლით სავსე დიდ ჭურჭელში ჩავსვათ და ვაცურაოთ (რომ მოისაქმონ და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი გარანტირებულად  გამოუსუფთავდეთ), მერე რეზინის ხელთათმნებიანი ხელებით ამოვიყვანოთ და ფრთხილად, მაგრამ გულდასმით გავრეცხოთ. გავრეცხოთ მწვანილიც და შევაშროთ. რამდენიმე ტოტი კამა და ოხრახუში კერძის გასაფორმებლად გადავინახოთ. ქვაბში ჩავასხათ ბურახი და ღვინო. დავუმატოთ მარილი და მაღალ ცეცხლზე წამოვადუღოთ. ჩავალაგოთ კიბორჩხალები (რამდენიც ჩაეტევა). ჩავყაროთ დაფნის ფოთოლი, პილპილი მარცვლები და მწვანილი. ვადუღოთ დაახლოებით 10 წუთი. ყველა კიბორჩხალა რომ მოიხარშება, დავალაგოთ დიდი ზომის ლანგარზე და მოვრთოთ მწვანილით.
მივირთვათ ლუდთან ერთად.

კიბორჩხალები ცივად
30 ცოცხალი კიბორჩხალა, 5 ლ წყალი, 4 ს/კ მარილი, 10 ტოტი კამა
ცოცხალი კიბორჩხალები დაახლოებით 1 საათით წყლით სავსე დიდ ჭურჭელში ჩავსვათ და ვაცურაოთ (რომ მოისაქმონ და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი გარანტირებულად გამოუსუფთავდეთ), მერე რეზინის ხელთათმნებიანი ხელებით ამოვიყვანოთ და ფრთხილად, მაგრამ გულდასმით გავრეცხოთ. მარილიანი წყალი, კამის ნახევართან ერთად ავადუღოთ. თითო ჯერზე 3-4 კიბორჩხალა ჩავყაროთ, ოღონდ აუცილებლად თავით ქვევით. ყველა კიბორჩხალა რომ მოიხარშება, ჩავალგოთ ფართო ქვაბში. მათი ნახაშრი ბულიონი გადავწუროთ და დავასხათ კიბორჩხალებს. დავუმატოთ გადანახული კამა, თავსახური დავაფაროთ და 10-12 საათით მაცივარში შევდგათ. ჭამის წინ, კიბორჩხალები ბულიონიდან თეფშზე ამოვალაგოთ, კამით მოვრთოთ და გემრიელად მივირთვათ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა!

Approved by Natia Jinjolava


საკუთარ ოჯახთან და საქართველოში მყარად ჩამოყალიბებულ მენტალიტეტთან - წესიერმა გაუთოვარმა გოგომ მშობლების ჭერქვეშ რომ უნდა იცხოვროს -  მშვიდობიან/დიპლომატიური 18 წლიანი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის შემდეგ ჩემი (!) საკუთარი ბინა რომ მოვიპოვე, თავდაპირველად, რისი სურვილიც გამიჩნდა, საკუთარი სახლის კედლების საკუთარი ფოტო-სურათებით მორთვა და  ძალიან რომ არ მიყვარს და სხვადასხვა მიზეზით შემწყრალი ვიყავი ისეთ ხალხთან ჩამორეკვა და მათი მოპატიჟება იყო. პირველი იმისთვი, რომ კედლებსაც ეგრძნო ვინაა მისი ბატონი და მეორე - იმ ხალხისთვის ჩემი და მხოლოდ ჩემი სახლის კარი  ცხვირწნინ რომ მიმეჯახუნებინა და ასე გამომეხატა მათ მიმართ ჩემი დამოკიდებულება. არავინ არ თქვას, რომ მესაკუთრის გრძნობაზე უფრო ძლერი რამე არსებობდეს, თანაც ეს საკუთრება თუ დიდი ხნის ნანატრია და, ასევე, დიდი შრომითა და ჯაფითაა მოპოვებული.
ბინაში ორი კვირის გადადსული არ ვიყავი, რომ რომელიღაც მეზობლის გარაჟის მშენებლობის ნებართვითვის ხელმოწერა მთხოვეს და  ნახევარი კორპუსი მოყვა ერთ ნაგლეჯ ქაღალდს. კარი გავაღე თუ არა, ჯერ კიდევ უცნობი მეზობლები ყველა ოთახში დაიფანტნენ ალბათ უკვე ათასჯერ ნანახი ბინის დასათვალიერებლად. ორიოდე განსაჯუთრებულად აქტიურმა, ჩემს ჯერ კიდევ ამოულაგებელ ბარგშიც კი ჩარგო ცხვირი. ერთი კი სასტუმრო ოთახის გამოხურული კარის დეკორატიულ მინაზე ცხვიმიჭყლეტილი, კარგახანი ცდილობდა მუქი შუშის მიღა "დამალული" სიტუაციის დათირვას.
ერთი თვის თავზე მთელი სადარბაზო მესტუმრა ექკურსიაზე, აქაოდა, ჩემგან, მეთორმეტე სართულიდან თურმე მთელი შვიდი სართულის გამოტოვებით, მეხუთეზე ჩასულა წყალი... აბეზარ მომსვლელთა ასეთი ცნობისმოყვარეობა, ჩემს მესაკუთრულ გრძნობას კიდევ უფრო აღვივებდა. განსაკუთრებულად, შორიახლო ნაცნობობა-ნათესაობა მახალისებდა რაიონებიდან, რომელბიც გასაოცარი იჯიუტით ცდილობდნენ თავიანთი სტუდენტი ან არასტუდენტი შვილების ჩემთან შემომმდგმურებას, რომლებსაც თავგანწირულად ქონდათ განზრახული თბილისელის ტკბილი სტატუსის დამკვიდრება, ოღონდ სხვის ხარჯზე. ზოგი ერთ ნაჭერ ტილისკვერს მიგზავნიდა ქრთამად, ზოგიც პირმშოს დედაქალაქს გაომგზავრებამდე ერთი კვირით ადრე ინტერესდებოდა სიცოცხლეში პირველად ჩემი ჯანმრთელობითა და დღეგრძელობით.
ბევრის წყრომა დავიმსახურე, ბევრი გადავიკიდე სამკვდრო-სასიცოცხლოდ, უვარგისი და უსისხლო ნათესავის სახელიც დავიმსახურე, მაგრამ მოუპატიჟებელი ინტერვენტებისგან მაინც დავიცავი ჩემი სამოსახლო. 
მხოლოდ ზედა სართულის მეზობლებს ვერ ვშველი ვერაფერს - მეორე წელია ჭერი მილპება: სამზარეულოში, აბაზანაში, ტუალეტსა და ჰოლში ჭერზე ნატურალური პენიცილინის ოციოდე სახეობის პლანტაციები მაქვს გაშენებული. თურმე ნუ იტყვით, კედლებში ძველი მილები აქვთ დატოვებული და გასდის და ჩემს გამო მეტლახს ხომ არ დაამტვრევენ და რემონტს ხომ არ გააფუჭებენ?! ეს პერმანენტულად გრძელდება და ფორს-მაჟორულ სიტუაციებს რაც შეეხება: ერთხელ ჩემს საპირფარეშოში 2 კვირის განმავლობაში ისე წვიმდა, რომ უნიტაზზე გაშლილი ქოლგით ვიჯექი. გამოსავალი იდეალური აქვთ: სამზარეულოში გასკდა მილი - ონკანი გააუქმეს, სააბაზანო ჩამოიქცა -  ხელსაბანი გადაკეტეს. აი, საშხაპეს რომ წყალი გასდის მანდ კი ცუდადაა საქმე, ვერ დაანგრევენ და შედეგად, სანამ ბოლომდე დასველებულ და გაჟღენთილ ბათქაშსს, რომელიც თავზე მაცვივა, მათი საშხაპე კაბინაც არ ჩამოყვება ჩემთან, მანამ არ გაიპარტყუნებენ ყურს. ხელოსანი მხოლოდ მას შემდგე მოიყვანეს, ჰოლში რაც ჭაღს წაეკიდა ცეცხლი სისველისგან და ისიც საკუთარი ბინის დაწვის შიშით. 
ჩემი ზრდილობიანი, მაგრამ ყოველკვირეული ვიზიტებისგან დაღლილებმა, გამოსავალი მონახეს - ახალი ბინა იყიდეს და ის გაარემონტეს და გადავიდნენ საცხოვრებლად, აქ იშვიათად მოდიან. მე კი სველი ჭერი და თავიანთი მუშა დამიტოვეს, რომელიც ხელებს მიშლის - აქ არ ცხოვრობენ და მილები რატომ უნდა გააკეთონო. ეგ არაფერი, ამ ზაფხულს  ცხელი წყლის ბაკში "ტენი" გაუსკდათ და ჩემს აბაზანაზე გადმოდის დენი და შიგადაშიგ მსუბუქად მარტყამს. კიდევ კარგი, იშვიათად მოდიან... დამპირდნენ, გავაკეთებთო.  მაგრამ, მათი ოპერატიულობა და უნამუსობა რომ ვიცი, ერთ დღეს თუ გამაფართხალა, ყველას გეცოდინებათ ვინაა დამნაშავე.
ჩემი სევდიანი იტორია კი იმას მოვაყოლე, რომ დღეს ბინადრობის არეალის დაცვი დღეა - მოფლიო საზოგადოება ცხოველთა საცხოვრებელ ტერიტორიის ხელშეუხებლობას აღიარებს, მე კი ადამიანს, ასევე ჰომო საპიენსებისთვის მიწევს მტკიცება, რომ ჩემი სახლი ჩემია და არ ვარ ვალდებული ვინმეს შვილებს ვემსახურო; ვინმე შემოვისახლო; და სხვისი მიზეზით რამე თუ გაფუჭდება, თუ არ შეაკეთებენ, ბოდიში მაინც მოიხადონ და შეეცადონ, რომ აღარ გაიმეორონ...
მეც მოვინდომე რა! ჯერ იმასაც ვერ მივაღწიეთ, რომ ბანკში, გადასახადების გადახდისას, შენს უკან მდგომი თავზე არ გახტებოდეს და შენს ქვითარში არ იჭყიტებოდეს; ბანკომატიდან ფულის მოხსნისას, იქვე მდგომები შენთან ერთად არ ითვლიდნენ შენს გამოტანილ თანხას...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ღვეზელი სოსისითა და ისპანახით

Approved by Natia Jinjolava


ღვეზელი სოსისითა და ისპანახით
(ძალიან, ძალიან გემრიელია)
ოთხი პორცია
250 გრ ფქვილი, 140 გრ კარაქი, მარილი, 1 ხახვი, 300 გრ ისპანახი, დაფქული პილპილი, მწიკვი ჯავზის კაკალი, 2 ს/კ დაფქული ორცხობილა, 500 გრ გრძელი და წვრილი სოსისი, 1 ს/კ ზეთი, 100 გრ ყველი გაუდა გახეხილი, 3 კვერცხი, 6 ს/კ რძე
ფქვილის, 130 გრ კარაქის, ½ ჩ/კ მარილისა და 3-4 ს/კ წლისგან მოვზილოთ ცომი. გავახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 30 წუთით.
28 სმ დიამეტრიანი გასახსნელი საცხობი ფორმა, ან თუ ღვეზელის ფორმიდან ამოღება არ გვინდა, ცეცხლგამძლე ლამაზი კერამიკული ფორმა დავცხიმოთ.
ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ კარაქში. ხახვი გამჭვირვალე რომ გახდება დავუმატოთ ისპანახი. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ჯავზის კაკალი. ისპანახი რომ დარბილდება გადმოვდგათ ცეცხლიდან.
გავახუროთ ღუმელი 220°C-მდე.
ცომი გავაბრტყელოთ თხლად და ჩავაფინოთ ფორმაში, კიდეებიდან გადმოსული ზედმეტი ცომი შემოვაჭრათ. დავჩხვლიტოთ ჩანგლით და ფსკერზე მოვაყაროთ ორცხობილა. სოსისი დავახვიოთ სპირალვით (როგორც სურათზეა ისეთ ერთ მთლიან სოსისს თუ ვერ იშოვით, რამდენიმეც შესანინავად იხვევა) და დავბრაწოთ კარგად გაცხელებულ ტაფაზე ზეთში. გადავიტანოთ ცომზე. სოსისის ხვეულებს შორის გავანაწილოთ ისპანახი და ყველი. კვერცხი და რძე ავთქვიფოთ ერთად, შევასუნელოთ მარილით და პილპილით, სოსისს და ისპანახს ზემოდან გადავასხათ. პეროგი შევდგათ ღუმელში 30 წუთით და მერე გემრიელად მივირთვათ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


კარტოფლის სალათა გერმანულად

Approved by Natia Jinjolava


ოქტობერფესტის დროს (და არამარტო) ასე პოპულარულ გერმანულ კარტოფილის სალათას, გერმანული მარტო გერმანიის გარეთ ქვია, თორემ სამშობლოში უბრალოდ კარტოფილის სალათს ეძახიან და მისი უთვალავი ვარიანტი არებობს: ცხელი, ცივი, მოხარშული, ღუმელში გამომცხვარი, გრილზე დაბრაწული, მაიონეზით, მდოგვით, სოსისით, ლორით, ღორის ხორცით, ვაშლით და ვეგეტარიანულიც კი... ყველა რეგიონში, რეგიონში რაა, ყველა ოჯახში და ყველა დიასახლისი განსხვავებულს აკეთებს, მისი მთავარი ღირსება კი იმაში მდგომარეობს, რომ პიცის არ იყოს, სხვა კერძებზე მორჩენილი ინგრედენტების გამოყენება და გემრიელ კერძად ქცევა შეიძლება...
ერთი სიტყვით, ბევრს აღარ გავაგრძელებ და:

კარტოფილის სალათა
4 პორცია
დაახლოებით 1 კგ კარტოფილი გათლილი, 250 გრ თხლად დაჭრილი ბეკონი, 2 საშუალო თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, 1/3 ჭ თეთრი ღვინის ძმარი, 1 ს/კ შაქარი, 1 ს/კ დიჟონური მდოგვი, 1 ჩ/კ მარილი, 2 ს/კ ჩხირებად დაჭრილი მწვანე ხახვი
კარტოფილი ჩავალაგით ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი რომ ფარავდეს და დავდგათ მაღალ ცეცხლზე. წყალი რომ ადუღდება, ოდნავ ჩავუწიოთ ცეცხლი და ვხარშოთ კიდევ 15-20 წუთი სანამ კარტოფილი არ მოიხარშება. გავადწუროთ და დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად. დიდი ზომის სქელძირიან ტაფაზე დავბტაწოთ ბეკონის ლენტები, სანამ ხრაშუნა არ გახდება. გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცზე და დავფშვნათ. ტაფიდან ზედმეტი ცხიმი გადავასხათ და დარჩენილზე ხახვი მოვთუშოთ, დაახლოებით 4-5 წუთის შემდეგ ცეცხლი გამოვრთოთ და ხახვი დიდი ზომის ჯამში გადავიტანოთ. დავაყაროთ კარტოფილი. პატარა ჯამში ერთმანეთში გავთქვიფოთ ძმარი, შაქარი, მდოგვი და მარილი. მოვასხათ კარტოფილს და კარგად ამოვურიოთ. ზევიდან ბეკონის ფანტელები და მწვანე ხახვი მოვაყაროთ და მივირთვათ სანამ თბილია.


სოსისი ფრანკფურტერი კარტოფილის სალათით
4 პორცია
4 მოკლე ფრანკფურტერი, 4 მოგრძო პური ჰოთდოგითვის, 40 გრ დარბილებული კარაქი, 1 მუჭა სალათი რუკოლას ფოთლები, გერმანული მდოგვი, კეტჩუპი (სურვილის შემთხვევაში)
სალათისთვის: 500 გრ კარტოფილი გათლილი და შუაზე გაჭრილი, 150 გრ ძეხვი (სასურველია bierwurst) თხლად დაჭრილი, 2 პატარა ხახვი დაჭრილი, 1 ვაშლი გათლილი და დაჭრილი, 2 მჟავე კიტრი დაჭრილი, 4 ბოლოკი დაჭრილი, მწვანე ხახვი დაჭრილი
სოუსისთვი: 1 ს/კ არაჟანი, 2 ს/კ მაიონეზი, 1 ს/კ გერმანული მდოგვი, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 1 ჩ/კ შაქარი
კარტოფილი ვხარშოთ მდუღარე და მარილიან წყალში დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. სანამ კარტოფილი იხარშება, ფრანკფურტერიც მოვხარშოთ. ამოვიღოთ წყლიდან და გადავდოთ გვერდზე.
სოუსის ინგრედიენტები ერთმანეთში გადავურიოთ. კარტოფილი გადავწუროთ და გადვავლოთ ცივი წყალი, გავწუროთ და ჩავყაროთ დიდი ზომი ჯამში. დავუმატოთ ძეხვი, ხახვი, ვაშლი, მჟავე კიტრი, ბოლოკი, მოვასხათ ერთმანეთში არეული სოუსის ინგრედიენტები და კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. ზევიდან მოვაყაროთ მწვანე ხახვი.
პური ჩავჭრათ ჰორიზონტალურად, წავუსვათ კარაქი, შიგნით ჩავალაგოთ ფრანკფურტერი და რუკოლას ფოთლები, მოვასხათ მდოგვი და კეტჩუპი და მივირთვათ კარტოფილის სალათთან ერთად.

ახალი კარტოფილის სალათი გერმანული ძეხვით
1 კგ ახალი კარტოფილი გაფცქვნილი და შუაზე გაჭრილი, 2 კუბიკი ქათმის ბულიონი, 350 გრ სოსისი bockwurst ან knackwurst-ი დიაგონალზე დაჭრილი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, 4 პატარა თავი ხახვი დაჭრილი, მწვანე ხახვი დაჭრილი ზევიდან მოსაყრელად
სოუსისთვი: 2 ს/კ მაწონი, 4 ს/კ მაიონეზი, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 1 ს/კ სიდრის ძმარი
კარტოფილი ჩავალაგოთ მარილიან წყალში და წამოვადუღოთ. რომ ადუღდება, ჩავაფშვნათ ბულიონი კუბიკები და ვხარშოთ 10-15 წუთი საშუალო ცეცხლზე. გადავწუროთ და გადავავლოთ ცივი წყალი. სანამ კარტოფილი იხარშება სოსისები დავბრაწოთ ზეთში დაახლოებით 5 წუთი განმავლობაში ყველა მხრიდან. სოუსისთვის ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში გადავურიოთ. კარტოფილი ჩავყაროთ ჯამში, დავუმატოთ ხახვი, სოსისი, მოვასხათ სოუსი და კარგად ამოვურიოთ. ზევიდან მოვაყაროთ მწვანე ხახვი.

ღუმელში გამომცხვარი კარტოფილის სალათა ბულგარული წიწაკით
6 პორცია
8 პატარა ზომის ხახვი გაუფცქვნელად, 800 გრ პატარა ზომის ახალი კარტოფილი, 2 ბულგარული წიწაკა კანგაცლილი და ჩხირებად დაჭრილი, 4 კბილი ნიორი თავისავე კანში, 2 /კ ზეითუნის ზეთი, 2 ტოტი ცოცხალი ორეგანოს ან ქონდარას ფოთლები (თამამად შეცვალეთ ხმელით), მარილი
გავახუროთ ღუმელი 220°C-მდე. გაუფცქვნელ ხახვს დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 3 წუთი, მერე ცივი წყალი გადავავლოთ, გავფცქვნათ და ტაფაზე მოვათავსოთ. კარტოფილები ჩავყაროთ მდუღარე წყლიან ქვაბში და ვხარშოთ 5 წუთი. მერე გადავწუროთ და მოვათავსოთ ხახვთან ტაფაზე. დავუმატოთ წიწაკა და ნიორი. მოვაწუწოთ ზეითუნის ზეთი და მოვაყაროთ მარილი. კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. შევდგათ გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 30-35 წუთი, სანამ კარტოფილი ოქროსფრად არ დაიბრაწება (ხანდახან თუ მოურევთ კარგს იზამთ).
მოვაყაროთ ორეგანო და მივირთვათ.

მარტივი კარტოფილის სალათა ტომ ნორინგტონ-დევისისგან
4 პორცია
800 გრ ახალი კარტოფილი, 1 პატარა თავი წითელი ხახვი, 6 ბოლოკი, ½ ლიმონის წვენი, 3 ს/კ ზეითუნის ზეთი, 1 ს/კ დამარილებული კაპერსები (წინასწარ 10 წუთით წყალში ჩამბალი და გადაწურული), 1 მუჭა წვრლად დაჭრილი ოხრახუში და მწვანე ხახვი
მოვხარშოთ კარტოფილი. სანამ კარტოფილი იხარშება, წვრილად დავჭრათ ხახვი და ბოლოკი. ლიმონის წვენი და ზეთი ერთმანეთში გავთქვიფოთ და მოვამზადოთ მარტივი სოუსი. დავუმატოთ მარილი. გადავწუროთ კარტოფილები. ოდნავ შევაგრილოთ და ძალიან დიდები შუაზე გავჭრათ. ჯერ კიდევ თბილს მოვასხათ ოუსი, გადავურიოთ ხახვი, ბოლოკი და კაპერსები.  მოვრთოთ დაჭრილი მწვანილით და ვჭამოთ ცხლად.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

Blutwurst... Bokwurst... Bratwurst...etc.

Approved by Natia Jinjolava


ამას წინათ, თბილისის ერთ-ერთი საკმაოდ პოპულარული ლუდის ბარის მენიუში ჩემმა მეგობარმა ფრიად დამაინტრიგებელი სათაურის კერძებიზე მიმითითა: სოსისი ფრანკფურტერი და სოსისი ფრანკფურტერი ბავარიულად... ფრანკფურტერი გასაგებია, მაგრამ ეს ბავარიულად რაღას უნდა ნიშნავდეს? დაახლოებით იგივეა აჭარული ხაჭაპური ქუთაისურად ან გურული ღვეძელი (შეცდომა არ გეგონოთ, გულრულ ღვეზელს ღვეძელი ქვია გურულად) ზუგდიდურად რომ არსებობდეს.
და, უცებ მივხვდი, რომ გერმანული ძეხვეულის საყიდლად „შინჰოფერში“ კი დავდივარ დიდის ამბით და ჩემი ფავორიტებიც მაქვს, მაგრამ რეალურად გაგებაში არ ვარ რას ვჭამ - ანუ არ ვიცი რისგან მზადდება ჩემი საყვარელი ძეხვები. 
უკვე ათასჯერ ნაცად ინტერნეტს მივმართე და ცნობილი მეძეხვის თუ მესოსისეს და არაერთი კულინარიული წიგნის ავტორის, ბრიუს აიდელსის „Complete Sausage Book“-ს გადავაწყდი.
აიდელსი გვამცნობს, რომ გერმანელი მეძეხვეები ძალიან ფრთხილად ეკიდებიან ძეხვის შესუნელების საკითხს - ძირითადად თეთრ და არა შავ პილპილს ხმარობენ და კიდევ ჯავზის კაკალის ყვავილს. მერე რეგიონიდან და თავად მეძეხვის გემოვნებიდან გამომდინარე უმატებენ ძირას, ხმელ ქინძს, ილს, მაიორანს, ქონდარას, სალბს, კვლიავს, ნიორსა და მიხაკს.

Blutwurst-ი წვრილად დაჭრილი და მოხრაკული ღორის ქონისა და სისხლისაგან მზადდება. სისხლიანი ძეხვებს   სხვადასხვანაირად, ცივად და ცხლადაც მიირთმევენ. ყველაზე დელიკატესური Blutwurst-ი კი დაკეპილ ხორცს, სისხლს და შებოლილი ენის კუბიკებს შეიცავს.




Bokwurst-ი ცხიმიანი, თითქმის თეთრი ფერის ძეხვი თუ კუპატი ძალიან წვრილად გატარებული ღორისა და ხბო ხორცისგან შედგება და პრასით და მწვანე ხახვითაა შეკმაზული.



Bratwurst-ის სახელი, აიდელს თუ ვენდობით, ფერმერის ძეხვს ნიშნავს და როგორც უმი, ასევე შებოლილიც შეიძლება იყოს. ძირითადად ღორის ხორცისგან მზადდება, მაგრამ ხანდახან ხბოსაც ურევენ ხოლმე.



Cervelat-ი ყველაზე მძაფრად შესუნელებული შებოლილი გრძელი ძეხვია. ჭამენ ცივადაც და ცხლადაც და გარდა იმისა, რომ ცალკეც მიირთმევენ, სერველატი არაერთი გერმანული კერძის შემადგენელი ნაწილია.



Frankfurter-ი, როგორც „სათაურიდან“ ხვდებით ფრანკფურტული ოსისია, ღია ფერისაა და გრძელი, ვიწრო და მორკალური ფორმით გამოირჩევა. ფრანკფურტერის მთავარი თავისებურება კი ის გახლავთ, რომ ღორის ხორცს ცხვრის ნატურალურ ნაწლავებში ტენიან. როგორც აიდელსი ამბობს, სწორედ ეს აძლევს ფრანკფურტერს დანარჩენი სოსიებისგან ასე განსხვავებულ და განუმეორებელ გემოს.

და ბოლოს, Knockwurst (Knackwurst)-ი ცხიმიანი, შებოლილი ძეხვია, რომელიც უმეტესად ღორისა და ხბო ხორც შეიცავს და ნიორის მძაფრი გემო აქვს.
თითქმის ყველა ძეხვი ან სოსისი (იშვიათი გამონაკლისის გარდა) შეგიძლიათ მოხარშოთ, შეწვათ, გრილზე დაბრაწოთ, ტაფაზე მოხრაკოთ ან ღუმელში შეაცხოთ. გარნირს რაც შეეხება, ლუდზე და კიტრის მწნილზე რა მოგახსენოთ და გერმანული მოხარშული კარტოფილის სალათის რეცეპტი ხვალ ჩემზე იყო.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი 

ლუდი, სოსისი და უმ-პა... უმ-პა...

Approved by Natia Jinjolava


მსოფლიოს უდიდეს ლუდის ფესტივალზე  გერმანიაში - ოქტობერფესტზე  (რომელიც რატომღაც სექტემბრის ბოლოს ტარდება) შარშან უკვე ვწერეთ. მაგრამ, მოკლედ მაინც შეგახსენებთ, რომ ყოველ წელს, ყოველი ოქტომბრის პირველ კვირა დღმდე ორი კვირით ადრე ანუ სექტემბრის ბოლოს დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი მიუნხენში იკრიბება და მოედანზე გაშლილ უზარმაზარ კარვებში Märzen-ს (საგანგებოდ ოქტობერფესტისთვის დაყენებული უფრო მაგარ და უფრო მუქი ლუდი) მიირთმევენ ბავარიულ ძეხვეულთან, გრილზე დაბრაწულ ქათმებთან, ფუმფულა კრენდელებთან, კარტოფილის სალათთან და ვაშლის შტრუდელთან ერთად.
მე ის გავიკვირვე სიტყვასიტყვით ოქტომბრის დღესასწაულს სექტემბერში რომ მართავენ, თუმცა ამას თავისი ისტორია (ტრადიციას ოქტომბერში ჩაეყარა საფუძველი) და ობიექტური მიზეზი (ბავარიაში სექტემბერში უკეთესი ამინდებია) აქვს, მაგრამ ეგ არაფერი - წლების მანძილზე ამ ღონისძიებამ მსოფლიო ლუდის მოყვარულთა შორის იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ გერმანიის საზღვრებს გასცდა, ოკეანეც გადალახა და შედეგად, ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დიდი ოქტობერფესტიც ასევე სექტემბერში ოღონდ ცინცინატში იმართება. ოქტობერფესტ-ცინცინატმა კი სახელი იმითიც გაითქვა, რომ მისი მონაწილეები მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ და ხალხმრავალ ქათმების ცეკვას ასრულებენ. ქათმების ცეკვა და „უმ-პა“-სიმღერა გერმანელი ემიგრანტებსგან ამერიკის შეერთებულ შტატებში შემოტანილი ყველაზე გავრცელებული საოქტობერფესტო სიმღერაა.  თუმცა, ქათმების ცეკვას ვინ ჩივის, ჰოთდოგის ფორმაში გამოწყობილი ტაქსების (ძაღლების) დოღიც კი იმართება.
ჯორჯიის შტატის ქალაქ ჰელენში ოქტობერფესტი შუა სექტემბრიდან პირველ ნოემბრამდე შუალედში მიმდინარეობს გერმანული ლუდის (რაც სხვათა შორის, ამერიკის ბევრ შტატში დეფიციტია), კერძებისა და მუსიკის თანხლებით.  
სიეტლში კი ფრიმონტის ოქტობერფესტზე გოგრის სკულპურების კონკურსი და ლუდით სავსე მუცლით სირბილ/სიარულში შეჯიბრი ტარდება.
ცენტრალური ნიუ-იორკის გერმანულ-ამერიკული საზოგადოება საკუთარ ოქტობერფესტს მკაცრად გერმანულ სტილზე ატარებს - ვურსტებით, არაჟნით და კარტოფილის სალათით.
მერილენდში ფრედეტიკის ოქტობერფესტზე ტრადიციული ლედერჰოსენით და დირნდლით (გერმანული კოსტუმები) იმოსებიან და პოლკასა და იოდლს უბერავენ, თან ერთმანეთს ძალაშიც ეჯიბრებიან.
საკუთარო ოქტობერფესტი ტეხასშიც აქვთ - ფრედერიკსბურგში ტრადიციულ კარვებს შლიან და გარდა ლუდის სმისა, თემატურ პარკსა და ატრაქციონებზეც კარგად ერთობიან.
ერთი სიტყვით, თქვენ მოინდომეთ თორემ ოქტობერფესტს სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით ნებიმიერ კონტინენტზე მიუსწრებთ. ის კი არა და საკუთარის დაწესები ხასითზე დავდექი: "ნატახტარი" მაქვს, ჩვენებურ, თბილისურ "ივერიას" მოვხარშავ ... მოკლედ, წავედი - პატიაშკებიანი მწვანე შორტები და ბუმბულიანი ქუდი მაქვს მოსაძებნი....

საეკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი