კარტოფლის სალათა გერმანულად

Approved by Natia Jinjolava


ოქტობერფესტის დროს (და არამარტო) ასე პოპულარულ გერმანულ კარტოფილის სალათას, გერმანული მარტო გერმანიის გარეთ ქვია, თორემ სამშობლოში უბრალოდ კარტოფილის სალათს ეძახიან და მისი უთვალავი ვარიანტი არებობს: ცხელი, ცივი, მოხარშული, ღუმელში გამომცხვარი, გრილზე დაბრაწული, მაიონეზით, მდოგვით, სოსისით, ლორით, ღორის ხორცით, ვაშლით და ვეგეტარიანულიც კი... ყველა რეგიონში, რეგიონში რაა, ყველა ოჯახში და ყველა დიასახლისი განსხვავებულს აკეთებს, მისი მთავარი ღირსება კი იმაში მდგომარეობს, რომ პიცის არ იყოს, სხვა კერძებზე მორჩენილი ინგრედენტების გამოყენება და გემრიელ კერძად ქცევა შეიძლება...
ერთი სიტყვით, ბევრს აღარ გავაგრძელებ და:

კარტოფილის სალათა
4 პორცია
დაახლოებით 1 კგ კარტოფილი გათლილი, 250 გრ თხლად დაჭრილი ბეკონი, 2 საშუალო თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, 1/3 ჭ თეთრი ღვინის ძმარი, 1 ს/კ შაქარი, 1 ს/კ დიჟონური მდოგვი, 1 ჩ/კ მარილი, 2 ს/კ ჩხირებად დაჭრილი მწვანე ხახვი
კარტოფილი ჩავალაგით ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი რომ ფარავდეს და დავდგათ მაღალ ცეცხლზე. წყალი რომ ადუღდება, ოდნავ ჩავუწიოთ ცეცხლი და ვხარშოთ კიდევ 15-20 წუთი სანამ კარტოფილი არ მოიხარშება. გავადწუროთ და დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად. დიდი ზომის სქელძირიან ტაფაზე დავბტაწოთ ბეკონის ლენტები, სანამ ხრაშუნა არ გახდება. გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცზე და დავფშვნათ. ტაფიდან ზედმეტი ცხიმი გადავასხათ და დარჩენილზე ხახვი მოვთუშოთ, დაახლოებით 4-5 წუთის შემდეგ ცეცხლი გამოვრთოთ და ხახვი დიდი ზომის ჯამში გადავიტანოთ. დავაყაროთ კარტოფილი. პატარა ჯამში ერთმანეთში გავთქვიფოთ ძმარი, შაქარი, მდოგვი და მარილი. მოვასხათ კარტოფილს და კარგად ამოვურიოთ. ზევიდან ბეკონის ფანტელები და მწვანე ხახვი მოვაყაროთ და მივირთვათ სანამ თბილია.


სოსისი ფრანკფურტერი კარტოფილის სალათით
4 პორცია
4 მოკლე ფრანკფურტერი, 4 მოგრძო პური ჰოთდოგითვის, 40 გრ დარბილებული კარაქი, 1 მუჭა სალათი რუკოლას ფოთლები, გერმანული მდოგვი, კეტჩუპი (სურვილის შემთხვევაში)
სალათისთვის: 500 გრ კარტოფილი გათლილი და შუაზე გაჭრილი, 150 გრ ძეხვი (სასურველია bierwurst) თხლად დაჭრილი, 2 პატარა ხახვი დაჭრილი, 1 ვაშლი გათლილი და დაჭრილი, 2 მჟავე კიტრი დაჭრილი, 4 ბოლოკი დაჭრილი, მწვანე ხახვი დაჭრილი
სოუსისთვი: 1 ს/კ არაჟანი, 2 ს/კ მაიონეზი, 1 ს/კ გერმანული მდოგვი, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 1 ჩ/კ შაქარი
კარტოფილი ვხარშოთ მდუღარე და მარილიან წყალში დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. სანამ კარტოფილი იხარშება, ფრანკფურტერიც მოვხარშოთ. ამოვიღოთ წყლიდან და გადავდოთ გვერდზე.
სოუსის ინგრედიენტები ერთმანეთში გადავურიოთ. კარტოფილი გადავწუროთ და გადვავლოთ ცივი წყალი, გავწუროთ და ჩავყაროთ დიდი ზომი ჯამში. დავუმატოთ ძეხვი, ხახვი, ვაშლი, მჟავე კიტრი, ბოლოკი, მოვასხათ ერთმანეთში არეული სოუსის ინგრედიენტები და კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. ზევიდან მოვაყაროთ მწვანე ხახვი.
პური ჩავჭრათ ჰორიზონტალურად, წავუსვათ კარაქი, შიგნით ჩავალაგოთ ფრანკფურტერი და რუკოლას ფოთლები, მოვასხათ მდოგვი და კეტჩუპი და მივირთვათ კარტოფილის სალათთან ერთად.

ახალი კარტოფილის სალათი გერმანული ძეხვით
1 კგ ახალი კარტოფილი გაფცქვნილი და შუაზე გაჭრილი, 2 კუბიკი ქათმის ბულიონი, 350 გრ სოსისი bockwurst ან knackwurst-ი დიაგონალზე დაჭრილი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, 4 პატარა თავი ხახვი დაჭრილი, მწვანე ხახვი დაჭრილი ზევიდან მოსაყრელად
სოუსისთვი: 2 ს/კ მაწონი, 4 ს/კ მაიონეზი, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 1 ს/კ სიდრის ძმარი
კარტოფილი ჩავალაგოთ მარილიან წყალში და წამოვადუღოთ. რომ ადუღდება, ჩავაფშვნათ ბულიონი კუბიკები და ვხარშოთ 10-15 წუთი საშუალო ცეცხლზე. გადავწუროთ და გადავავლოთ ცივი წყალი. სანამ კარტოფილი იხარშება სოსისები დავბრაწოთ ზეთში დაახლოებით 5 წუთი განმავლობაში ყველა მხრიდან. სოუსისთვის ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში გადავურიოთ. კარტოფილი ჩავყაროთ ჯამში, დავუმატოთ ხახვი, სოსისი, მოვასხათ სოუსი და კარგად ამოვურიოთ. ზევიდან მოვაყაროთ მწვანე ხახვი.

ღუმელში გამომცხვარი კარტოფილის სალათა ბულგარული წიწაკით
6 პორცია
8 პატარა ზომის ხახვი გაუფცქვნელად, 800 გრ პატარა ზომის ახალი კარტოფილი, 2 ბულგარული წიწაკა კანგაცლილი და ჩხირებად დაჭრილი, 4 კბილი ნიორი თავისავე კანში, 2 /კ ზეითუნის ზეთი, 2 ტოტი ცოცხალი ორეგანოს ან ქონდარას ფოთლები (თამამად შეცვალეთ ხმელით), მარილი
გავახუროთ ღუმელი 220°C-მდე. გაუფცქვნელ ხახვს დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 3 წუთი, მერე ცივი წყალი გადავავლოთ, გავფცქვნათ და ტაფაზე მოვათავსოთ. კარტოფილები ჩავყაროთ მდუღარე წყლიან ქვაბში და ვხარშოთ 5 წუთი. მერე გადავწუროთ და მოვათავსოთ ხახვთან ტაფაზე. დავუმატოთ წიწაკა და ნიორი. მოვაწუწოთ ზეითუნის ზეთი და მოვაყაროთ მარილი. კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. შევდგათ გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 30-35 წუთი, სანამ კარტოფილი ოქროსფრად არ დაიბრაწება (ხანდახან თუ მოურევთ კარგს იზამთ).
მოვაყაროთ ორეგანო და მივირთვათ.

მარტივი კარტოფილის სალათა ტომ ნორინგტონ-დევისისგან
4 პორცია
800 გრ ახალი კარტოფილი, 1 პატარა თავი წითელი ხახვი, 6 ბოლოკი, ½ ლიმონის წვენი, 3 ს/კ ზეითუნის ზეთი, 1 ს/კ დამარილებული კაპერსები (წინასწარ 10 წუთით წყალში ჩამბალი და გადაწურული), 1 მუჭა წვრლად დაჭრილი ოხრახუში და მწვანე ხახვი
მოვხარშოთ კარტოფილი. სანამ კარტოფილი იხარშება, წვრილად დავჭრათ ხახვი და ბოლოკი. ლიმონის წვენი და ზეთი ერთმანეთში გავთქვიფოთ და მოვამზადოთ მარტივი სოუსი. დავუმატოთ მარილი. გადავწუროთ კარტოფილები. ოდნავ შევაგრილოთ და ძალიან დიდები შუაზე გავჭრათ. ჯერ კიდევ თბილს მოვასხათ ოუსი, გადავურიოთ ხახვი, ბოლოკი და კაპერსები.  მოვრთოთ დაჭრილი მწვანილით და ვჭამოთ ცხლად.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment