ჩიზქეიქი დაკარამელებული ვაშლებით

Approved by Natia Jinjolava


დღეს ცნობილი ამერიკელი მზარეული ბობი ფლეის დაბადების დღეა. ჰოდა, რა უნდა შემოგთავაზოთ თავად ბობი ფლეის საავტორო ჩიზქეიქზე უკეთესი. თანაც, ისეთი საშემოდგომო-საოქოტომბრო არომატით, როგორიცაა დაკარამელებული ვაშლი და მოხალული ნიგოზი. მით უმეტეს, რომ კონკრეტულად ეს ნამცხვარი „Foodnetwork“-ის ცნობილი შოუს, „Bobby Flay’s Throwdown!”-ის გამარჯვებულია და კონკურსში არც მეტი, არც ნაკლები, ნიუ-იორკის ლეგენდარული მეჩიზქეიქის, ალან როზენის ასევე ლეგენდარულ შოკოლადის ჩიზქეიქს აჯობა.

ჩიზქეიქი დაკარამელებული ვაშლებით
8-10 პორცია
ჩიზქეიქისთვის: 8 ცალი მთელ-მთელი გრეჰემის კრეკერები (დიდი ზომის მართკუთხედი ფხვიერი პეჩენიები), 1 ჭ მოხალული ნიგოზი მსხვილად დაჭრილი, 2 ს/კ ლერწმის შაქარი, 5 ს/კ დარბილებული კარაქი, ½ ჭ და კიდევ ცოტა, 2 ს/კ შაქარი, 1 ს/კ გახეხილი ფორთოხლის ცედრა, 225 გრ ყველი „ფილადელფია“ ოთახის ტემპერატურის, ½ ჭ და კიდევ 2 ს/კ შაქარი მუსკოვადო (ნაკლებად კალორიული მუქი ყავისფერი შაქარი), 4 დიდი კვერცხი ოთახის ტემპერატურა, 1 დიდი ვანილის ჩხირი გაფატრული და თესლგაცლილი (თესლიც და ჩხირიც გვჭირდება), 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, ½ ჩ/კ მარილი, ½ ჭ ცხიმიანი ნაღები
ვაშლებისთვის: 2 ჭ ვაშლის წვენი, ¼ ჭ შაქარი, 1 ს/კ ცივი კარაქი, 3 მწვანე ვაშლი (გრენი სმიტის ჯიშის) გათლილი, კურკებგაცლილი და დაჭრილი, 3 კეხურას ჯიშის ვაშლი გათლილი, კურკებამოჭრილი და დაჭრილი, ¼ ჭ კალვადოსი (ვაშლის არაყი) ან ნებისმიერი ვაშლის ბრენდი
½ ჭ არაჟანი, ვაშლისა და კარამელის სოუსი
გავახუროთ ღუმელი 175°C-მდე. 22 სმ-იან ტორტის საცხობ ფორმა წავუვათ ცხიმი. ბლენდერში დავფქვათ კრეკერები, ½ ჭ ნიგოზი და ლერწმის შაქარი. დავუმატოთ შაქარი, კარაი და ისევ დავატრიალოთ და მანამ ვაბლენდეროთ სანამ შეკრულ ცომიებურ მასას არ მივიღებთ. ჩვენი კრეკერის ცომი ჩავტკეპნოთ ტორტის ფორმაში და ვაცხოთ გაოქროსფერებამდე, დაახლოებით 8 წუთი. გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაგრილოთ. ფორმიდან არ ამოვიღოთ!
სანამ ნამცხვარი ცივდება, ბლენდერში ერთმანეთში გადავურიოთ ¼ ჭ შაქარი და ფორთოხლის ცედრა. ყველი მოვათავსოთ ფართო ჯამში და მიქსერით ვთქვიფოთ 3-4 წუთი. დავუმატოთ ფორთოხლიანი შაქარი, დარჩენილი ¼ ჭ შაქარი და კიდევ 2 ს/კ და ვთქვიფოთ მანამ სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება. სათითაოდ ჩავათქვიფოთ კვერცხებიც. ჩავათქვიფოთ ვანილის თესლი, ვანილის ექსტრაქტი და მარილი. დავუმატოთ ცხიმიანი ნაღებიც და ცოტა ხანი კიდევ ვთქვიფოთ.
კრემი ჩავასხათ გამომცხვარ ბისკვიტში, რომელიც ჯერაც საცხობ ფორმაში დევს. ტორტის ფორმა დავდგათ ალუმინი ფოლგი ნაჭერზე, ფოლგის გვერდები ამოვკეცოთ და ფორმის თავზე შევკრათ (საცხობი ფორმა მთლიანად ფოლგაში უნდა იყო გახვეული). ფოლგაში საიმედოდ გახვეული ტორტის ფორმა უფრო დიდი ზომის საცხობ ფორმაში ჩავდგათ და იმ დიდში ცხელი წყალი ჩავასხათ, ჩიზქეიქიანი ფორმი კედელს ¾-ზე რომ წევდებოდეს ისე. როგორც ხვდებით, ფოლგაში გახვევა, ნამცხვრი წყლისგან დასაცავად გვჭირდებოდა. ვაცხოთ დაახლოებით 55 წუთი - ნამცხვრის კიდეები უნდა შეიკრას, შუაში კი ისევ რბილი უნდა იყოს. გამოვრთოთ ცეცხლი, ღუმელის კარი ოდნავ ღია დავტოვოთ და ჩიზქეიქი 1 საათი გამორთულ ღუმელში გავაჩეროთ. მერე ნამცხვარი ღუმელიდან გამოვიღოთ, ცხაურზე შემოვდგათ და 2 საათი ოთახი ტემპერატურაზე დავტოვოთ. შემდეგ თავზე რამე დავაფაროთ და 4-დან 24 საათამდე მაცივარში შევდგათ.
სქელძირიან ქვაბში მაღალ ცეცხლზე წამოვადუღოთ ვაშლის წვენი, შაქარი და ვანილის ჩხირი. ვადუღოთ დაახლოებით 10 წუთი, სანამ არ შესქელდება და ½ ჭ-მდე არ ამოორთქლდება. ამოვიღოთ ვანილის ჩხირი და გადავაგდოთ. ვაშლის წვენში ჩავაგდოთ კარაქი და რომ ჩადნება, ჩავყაროთ ვაშლებიც და ვთუშოთ 8-10 წუთი, თან ვურიოთ. დაკარამელებული ვაშლი გადავიტანოთ თეფშზე და გავაგრილოთ.
ჭამის წინ ჩიზქეიქს შემოვხნათ ფოლგა და ამოვიღოთ ფორმიდან. თავზე გადავუსვათ არაჟანი. ზევიდან მოვრთოთ დაკარამელებული ვაშლებით, მოვასხათ ბლომად ვაშლის და კარამელის სოუსი და მოვაყაროთ გადანახული ½ ჭ მოხალული ნიგოზი. მორჩენილი სოუსი სასოუში ჩავასხათ და სუფრასთან ჩიზქეიქთან ერთად გავიტანოთ, ეგებ ვინმემ დაიმატოს.

ვაშლის და კარამელის სოუსი
1 ½ ჭ შაქარი, ¾ ჭ ცხელი ცხიმიანი ნაღები, მწიკვი მარილი, 3 ს/კ კალვადოსი, ½  ჩ/კ ვანილის ექტრაქტი
შაქარი და  ¼ ჭ წყალი მაღალ ცეცხლზე წამოვადუღოთ საშუალო ზომის სქელძირიან ქვაბში. ვადუღოთ დაახლოებით 10-12 წუთი, სანამ ქარვისფერი არ გახდება. საჭიროების შემთხვევაში მოვურიოთ ხოლმე. წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ ცხელი ნაღები. ვთქვიფოთ სანამ არ შესქელდება. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ კალვადოსი და ვანილის ექსტრაქტი. მივირთვათ ცხლად!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment