„როგორ მიყვარს თქვენი სიყვარული....“ - ციტატა „ფეისბუქის“ კომენტარებიდან

Approved by Natia Jinjolava


ყველამ იცის, რომ მაძღარი ადამიანი, საუბარმა თუ არ მოიტანა, საჭმელზე აღარ ფიქრობს; კეთილი არასდროს ამბობს, რომ კეთილია; კარგი კი არავის უსაბუთებს თავის სიკარგეს. მაინცდამაინც ფსიქოლოგის დიპლომი არაა იმის მისახვედრად საჭირო, რომ ყველაზე ბევრს რაზეც ლაპარაკობ, ის გინდა. ანუ, ოცდაოთხი საათი თუ ყვები, რომ შენზე ყველა გიჟდება - ძალიან გინდა რომ შენზე გიჟდებოდნენ და ცდილობ დააჯერო საკუთარი თავიც და სხვებიც.
ეს ყველაფერი კი იმას მოვაყოლე, რომ როგორც კი გათხოვილი ქალი იწყებს გაუთავებელ მტკიცებას, ქმარს როგორ ძალიან უყვარს და ოჯახში როგორი ჰარმონია აქვთ... ა) ქმარი უწინდებურ ყურადღება აღარ აქცევს; ბ) ცოლი ხვდება, რომ ქმარს საყვარელი ყავს, მაგრამ ზუსტად ჯერ არ იცის და არ უნდა რომ დაიჯეროს; გ) ოჯახში აშკარად ვერაა რაღაცა კარგად.
მოდი გავიხსენოთ რამდენ ქალს ვიცნობთ, რომელიც ყველგან ყვება, რომ ქმარს მისთვის არასოდეს უღალატია? მათგან რამდენის ქმარზე იცით ზუსტად რომ საყვარელი ყავს და ხშირად -ებიც? ასიდან ასზე. ვინც მართლა ბედნიერია და ვისაც მართლა არ ღალატობს ქმარი, და სამწუხაროდ, ასეთები ძალიან ცოტაა - აზრადაც არ მოსდის ამაზე საუბარი. 
ზოგადად ჩვენი სამყარო და ადამიანური ურთიერთობები იმდენად უცნაურადაა მოწყობილი, რომ იდეალური ვერასდროს იქნება. ამიტომ, განგაშის შემოკვრის პირველი ნიშანი, წორედ რაიმეს იდეალურობა უნდა იყოს და მით უმეტეს ვინმესგან ამის მტკიცება. ეს ყველაფერი კი, გაგიკვირდებათ და „ფეისბუქმა“ გამახსენა. ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მომრავლდნენ ახალგაზრდა დედები და ცოლები, რომლებიც სხვადასხვა სოციალური ქსელის გვერდებს ოჯახური იდილიის ამსახველი სურათებით ავსებენ. ერთი ასეთი სურათი ნორმალურია, ორიც, ჰა, ათიც, მაგრამ ყოველდღე ათეულობით? ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მთელ დღეებს და შვებულებას მთელი ოჯახი ფოტოაპარატის წინ პოზიორობაში ატარებს: ზღვის ნაპირას, პარკში, პიკნიკზე კოცონთან წამოწოლილები და ყველგან ერთნაირი ბედნიერი და ნეტარი სახეები. თან თუ დააკვირდებით, ადვილად შენიშნავთ, რომ ასეთ ფოტოებზე კაცების უმეტესობას მოვალეობა წარმატებულად შესრულებული მამრის გამომეტყველება აქვთ - ცოლი კმაყოფილია, ბავშვი დასვენებული, აწი შეიძლება საკუთარ სიამოვნებაზეც იზრუნოს.  
მაგრამ ქმრის საეჭვო საქციელის არ შენიშვნის სურვილით, საკუთარ თვალების დაბრმავებითა და სხვებისაში ნაცრის შეყრის სურვილით აღვსილთა ალბომები ისეთი საინტერესო არაა, რამდენადაც ამ ალბომებზე დატოვებული დაქალების კომენტარები:
„აი, ასე უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი!“
„როგორ მიყვარხართ! <3 <3 <3“
„მე მიყვარს თქვენი სიყვარული <3“
„ვგიჟდები თქვენზე!“
„ულამაზესი წყვილი ხართ ჩემს გარშემო“
„ძალიან ლამაზი ოჯახი ხართ!“
ჩემი მეგობრების ბედნიერება მეც მიხარია და მათი წარმატებებიც, მაგრამ მათი სიყვარული მე როგორ უნდა მიყვარდეს?! უფრო მეტიც, ცოლ-ქმრის ურთიერთ სიყვარულს მე მოცემულობად ვღებულობ და არ მიკვირს - აბა, სხვანაირად როგორ უნდა იყოს? იმიტომ დაქორწინდენენ რომ ერთმანეთი უყვარდათ, არავის უიძულებიათ (ხედავთ, გაოცებულ გულზე ახალი სიტყვაც გამოვიგონე?! სამართლიანობისთვის ვიტყვი, რომ გრამატიკულად დაუძალებიათ უნდა იყოს, მაგრამ ძალიან მომინდა, რომ დაძალების ნაცვლად სიტყვა იძულება გამომეყენებია). ან მეგობრის ქმარი რატომ უნდა გიყვარდეს? გასაგებია რომ მეგობრულად, მაგრამ მაინც. ბუნებრივია, რომ კარგი მეგობრის კარგ ქმარს ემეგობრები და ეახლობლები და თბილი ურთიერთობაც გაქვს, მაგრამ ამაზე ფეისბუქზე რატომ უნდა წერო? როცა მეგობარი ბედნიერი გყავს, ამაზე აღარ ფიქრობ და აღარ გიკვირს. ყოველ დილას არ გეღვიძება გაღიმებულს მხოლოდ იმიტომ რომ შენს მეგობარ კარგი ქმარი ყავს და ამის ყოველ გაფიქრებაზე დავლურს არ უვლი. პირდაპირ გეტყვით, ვინმემ თუ არ გკითხა, როგორ არიანო, ან რამე თუ არ დაგჭირდა, მეგობრის ქმარი სულ არ გახსენდება.
ერთხელ ერთი დედამთილი სიამაყით ყვებოდა: „ჩემი რძალი ტკბილეულს რომ იყიდის, მაგიდაზე დებს, სხვებმაც ჭამეთო. საჭელს რომ შეჭამს, თავის თეფშს აიღებს და რაკოვინაში დგამსო“... შესაქები სხვა თუ არაფერია, რას ვიზამთ, თორემ ნორმალური გათხოვილი ქალი, ჭამის მერე მარტო თავისას კი არა, სხვის თეფშებსაც ალაგებს და რეცხავს კიდეც. მაგრამ ტკბილეულის ოჯახი წევრებისთვის განაწილებაც რომ დადებით თვისებად ითვლება, იქ რაღა უნდა ილაპარაკო. ეს მაგალითი კი იმისთვის მოვიყვანე, რომ ქმარს თუ ცოლი უყვარს, ამისთვის მისი ქება და განფეისბუქება საჭირო არაა - ეს მისი მოვალეობა-ვალდებულებაა. გასაგებია, რომ უნამუსო ქმარიც ბევრია, მაგრამ „ფეისბუქის“ გვერდებიდან ცოლმა, სიდედრმა და მთელმა „ფრენდებმა“ მხოლოდ ცოლის სიყვარულისთვის ოდები მივუძღვნათ და ალილუია ვუმღეროთ, მეტისმეტია.
თუმცა, ალბათ მსგავსი კომენტარების უმეტესობა სინდისის ქენჯნითა და ქალური სოლიდარობის სულისკვეთებითაა გამოწვეული - კარგად იციან მეგობრის ქმრის ფარული თავგადასავლების თაობაზე და ასე მათი აზრით „საბრალო და მიამიტი“ მეგობრის გვერდში დგომას და გამხნევებას ცდილობენ და როცა „როგორ მიყვარხართ, თქვენს სიყვარულზე ვგიჟდები“-ს ასაკრეფად აკაკუნებენ თითებს, გულში საუკეთესო შემთხვევაში „თუ გაიგო გაგიჟდება“-ს და უარესში „სულელო, რომ იცოდე, ახლა შენი ქმარი ვისთანაა“-ს ფიქრობენ.  თან, ასეთი სურათების პატრონს, რომ არ უკომენტარებ და მისი უსაზღვრო ბედნიერების თანამოზიარე არ ხდები, ეგეც წყინს. ერთი სიტყვით, ყველანაირად შარში ხარ.
ჩემი ამდენი ყბედობიგან თავმობეზრებული ვინმე მეტყვის, სხვისი ცხოვრება შენი რა საქმეო, მიდი შენს სურათებს და მათზე საკუთარ ფიზიონომიას მიხედეო. და, სხვა შემთხვევაში მართალიც იქნებოდა. მაგრამ იცით რაშია საქმე? ამჯერად ჩემიცაა და ყველა იმათიც ვის პირად თუ საერთო „ვოლებზეც“ მსგავსი სურათები ან გულისამაჩუყებელი პოსტები ჩნდება და ვისაც ჩვენდა უნებურად მათი დათვალიერება და დაკომენტარება გვიწევს. ასეა, „ფეისბუქზე“ გამოვაქვეყნებთ თუ არა, საკუთარი ცხოვრება საჯაროდ განსახილველად ჩვენი ხელით გაგვაქვს.

მოსიყვარულე და ღირსეული ქმრების /ცოლების შეხვედრის სურვილით, 
თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment