ისევ და ისევ გოგრის ნამცხვრები

Approved by Natia Jinjolava


LIBBY’S-ის სახელგანთქმული გოგრის ნამცხვარი
150 გრ შაქარი, 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი, ½ ჩ/კ მარილი, ½ ჩ/კ დაფქული ჯანჯაფილი (კოჭა), ¼ ჩ/კ დაფქული მიხაკი, 2 მსხვილი კვერცხი, 425 გრ გოგრის პიურე, 340 მლ შესქელებული რძე
ბისკვიტითვი: 400 გრ ფხვიერი პეჩენია, 50 გრ კარაქი
ათქვეფილი ნაღები
გავახუროთ ღუმელი 220°C-მდე. პეჩენიები დავფხვნათ (დავაბლენდეროთ), გადავურიოთ კარაქში და ამოვაფინოთ 22 სმ დიამეტრის დაცხიმულ საცხობ ფორმაში. ნახევარი საათით შევდგათ საყინულეში.
მანამდე, ერთმანეთში გადავურიოთ შაქარი, მარილი, დარიჩინი, მიხაკი, ჯანჯაფილი და ეს ყველაფერი გადავურიოთ გოგრის პიურეს. თანდათანობით ჩავათქვიფოთ შესქელებული რძეც. მაცივრიდან გამოვიღოთ გაყინული ბისკვიტი და ჩავასხათ გოგრის შესუნელებული პიურე. შევდგათ გახურებულ ღუმელში 15 წუთით, მერე ცეცხლს დავუწიოთ 175°C-მდე და ვაცხოთ კიდევ 40-50 წუთი. გავაგრილოთ 2 საათის განმავლობაში. ჭამის წინ მოვრთოთ ათქვეფილი ნაღებით და მივირთვათ!

გოგრის ნამცხვარი პეკანით (ნიგვზით)
8 პორცია
400 გრ ჯანჯაფილის პეჩენია, 50 გრ გამდნარი კარაქი, 450 გრ გოგრის პიურე, 350 გრ შესქელებული რძე, 4 კვერცხი ცილა, 200 გრ შაქარი, 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი, მწიკვი მარილი, 1 ჩ/კ ვანილის ან ნეკერჩხლის ექსტრაქტი
პეკანი (ან ნიგოზი) მოსართავად
გავახუროთ ღუმელი 175°C-მდე. დავაბლენდეროთ ჯანჯაფილის პეჩენიები და გამდნარი კარაქი და ამოვაფინოთ 22 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 10 წუთის განმავლობაში.  გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაგრილოთ.
ამასობაში ერთმანეთში გადავურიოთ გოგრი პიურე, შესქელებული რძე, კვერცხის ცილები, შაქარი, სანელებლები და ვანილი. ჩავასხათ გამომცხვარ ბისკვიტში და შევაბრუნოთ ღუმელში 40-45 წუთით. გამომცხვარ ნამცხვარში, შუაგულში დანას რომ ჩაარჭობთ, დანის წვერი სუფთა უნდა მოვიდეს და ნამცეცები არ უნდა ამოყვეს. მოვრთოთ პეკანის ლებნებით და გემრიელად მივირთვათ.

მეტად ელეგანტური გოგრის ნამცხვარი
450 გრ მზა ცომი (ან მოამზადეთ ნებისმიერი პეროგის ტიპის ან ფხვიერი ცომი საკუთარი რეცეპტით), 1 მსხვილი კვერცხი ათქვეფილი, 1 ¼ ჭ ლერწმის შაქარი, 1 ჭ წვრილად დაჭრილი მოხალული ნიგოზი, 3 ს/კ დარბილებული კარაქი, ¼ ჩ/კ ვანილის ექტრაქტი, 450 გრ გოგრის პიურე, 200 გრ ნაღების ყველი, 2 მხვილი კვერცხი, 2 ს/კ ფქვილი, 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი, ½ ჩ/კ დაფქული ჯანჯაფილი (კოჭა), ½ ჩ/კ დაფქული ჯავზის კაკალი (მუსკატი)
ცომი 1/3 გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ ფოთლების ფორმის ნაჭრები, გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი, დავალაგოთ ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე და გადავდგათ გვერდზე.
დარჩენილი ცომი გავაბრტყელოთ და ამოვაფინოთ 22 სმ დიამეტრის ფორმაში. შევდგათ 175°C-მდე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთით, სანამ ოქროსფრად არ დაიბრაწება. ფოთლები 6 წუთის განმავლობაში ვაცხოთ, სანამ არ დაიბრაწება, მერე გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაგრილოთ.
ღუმელის ტემპერატურა 220°C-მდე გავზარდოთ.
ერთმანეთში გადავურიოთ ½ ჭ ლერწმის შაქარი, ნიგოზი, კარაქი და ვანილის ექსტრაქტი და და მოვაყაროთ გამომცხვარი კორჟის ფსკერზე. გავანაწილოთ თანაბრად. ავთქვიფოთ ნაღების ყველი, გოგრის პიურე, 2 კვერცხი და დარჩენილი ¾ ჭ შაქარი. დავუმატოთ ფქვილი, დარიჩინი, ჯანჯაფილი და ჯავზის კაკალი. ცოტა ხანი კიდევ ვთქვიფოთ. გოგრის შესუნელებული პიურეც ჩავასხათ გამომცხვარ კორჟში. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 15 წუთი. შემდეგ დავუწიოთ ცეცხლი 175-მდე და ვაცხოთ 30-35 წუთი. გამოვიღოთ ღუმელიდან, გავაგრილოთ და მოვრთოთ გამომცხვარი ფოთლებით.
დავჭრათ და გემრიელად მივირთვათ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment