სტაფილოს ნამცხვარი

Approved by Natia Jinjolava


„მსოფლიოში საუკეთესო სტაფილოს ნამცხვარი“ ერიკ ლანლარდისგან
(გამოდის ნამცხვრის ორი ბრიკეტი)
350 გრ შაქარი მუსკოვადო (ნაკლებადკალორიული მუქი ყავისფერი შაქარი), 400 მლ არახისის ან ნებისმიერი მცენარეული ზეთი, 5 კვერცხი, 400 გრ გახეხილი სტაფილო, 200 გრ მოხალული ნიგოზი მსხვილად დაჭრილი, 200 გრ ყვითელი ქიშმიში, 400 გრ ფქვილი, ½ ჩ/კ სოდა, 2 ჩ/კ დაფქული დარიჩინი, 2 ჩ/კ დაფქული ჯავზის კაკალი
სარკალასთვის: 250 გრ კარაქი, 100 გრ ნაღების ყველი (მასკარპონე ან ფილადელფია), 600 გრ ლერწმის შაქრის პუდრა, 1 ს/კ ვანილის ექსტრაქტი
მოსართავად: 1 მუჭა ყვითელი ქიშმიში, 1 მუჭა მოხალული ნიგოზი
გავახუროთ ღუმელი 150°C-მდე. ნამცხვრის 2 მართკუთხედი ფორმა (25სმX11სმ) დავცხიმოთ და ჩავაფინოთ ცხიმწასმული პერგამენტი. ჯამში მოვათავსოთ შაქარი,ზეთი და კვერცხები და ავთქვიფოთ მიქსერით. გადავურიოთ სტაფილო, ქიშმიში და ნიგოზი.  ცალკე ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ ფქვილი, სოდა, დარიჩინი და დაფქული ჯავზის კაკალი. ფქვილის და სანელებლების ნარევი ჩავამატოთ ათქვეფილ კვერცხებში და კარგად მოვურიოთ. ცომი ჩავასხათ საცხობ ფორმებში და შევდგათ ღუმელში 40-45 წუთით. შუა ცხობაში, ნახევრადგამომცხვარი კექსები ბასრი დანით სიგრძეზე დავსეროთ და ასე უფრო გუმბათივით ამოვა. რომ გამოცხვება, ამოვიღოთ ფორმებიდან და გავაგრილოთ.
სარკალასთვის ავთქვიფოთ კარაქი და ნაღების ყველი. გამოვრთოთ მიქსერი და ხელით გადავურიოთ შაქრის პუდრა, ასე შაქრის ბუღს აღარ დავაყენებთ. მერე ვანილის ექსტრაქტც დავუმატოთ და მაცივარში შევდგათ გასამაგრებლად.
სარკალა რომ გამაგრდება, კექსს გადავუსვათ ბრტყელი დანით. ამისთვის კექსი ცალ ხელში დავიჭიროთ, მეორეში დანა და სარკალა წავუსვათ თანაბარი მოძრაობით კიდეებიდან ცენტრისკენ, შუაში უფრო ამაღლებული რომ გამოვიდეს. ბოლოს, მოვაყაროთ ქიშმიში და დავალაგოთ ნიგვზის ლებნები. მერე კი გემრიელად მივირთვათ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment