სამეფო ნამცხვარი - La Galette Des Rois

Approved by Natia Jinjolava


ამ ნამცხვარს საფრანგეთში ტრადიციულად ნათლისღებაზე აცხობენ. ყველა რეგიონში თავისი ოდნავ განსხვავებული რეცეპტი აქვთ, მაგრამ სამი რამ ყოველთვის უცვლელი რჩება - ფენოვანი ცომი, ნუშის გულსართი და ნამცხვრი ფორმა. არსებობს ასეთი ტრადიციაც: ნათლისღებისთვის გამომცხვარ ნამცხვარს შიგნით პატარა კერამიკულ ფიგურას აყოლებენ. ფიგურა ვისაც შეხვედბა, წვეულების "მეფე" ან "დედოფალი" ხდება. სხვათა შორის, მსგავსი ტრადიცია ამერიკაშიც არებობს, ლუიზიანას შტატში, სადაც მარდიგრასთვის გამომცხვარ "სამეფო ნამცხვარში" ჩვილი ისეო ქრისტეს ფიგურას აყოლებენ. ამჯერად კი, რადგან საქმე ფრანგულ დესერტს ეხება, ალბათ აღარ გაგიკვირდებათ, რომ ამ ნამცხვრის რეცეპტი სახელგანთქმულ კულინარის და ანტუან-მარი კერამის დიდ თაყვანისმცემელი ერიკ ლანლარდის კოლექციიდან მინდა შემოგთავაზოთ. 

La Galette Des Rois
125 გრ შაქარი, 125 გრ დაფქული ნუში, 125 გრ დარბილებული კარაქი, 3 კვერცხი, 1 ს/კ მუქი რომი, 500 გრ მზა ფენოვანი ცომი, შაქრის სიროპი; 1 კვრცხის გული და 1 ს/კ რძე ზევიდან გადასასმელად
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. საშუალო ზომის ჯამში ავთქვიფოთ ერთად შაქარი, კარაქი და დაფქული ნუში. სათითაოდ ჩავათქვიფოთ კვერცხები. დავუმატოთ რომი. ფენოვანი ცომი გავყოთ ორ თანაბარ ნაწილად. გავაბრტყელოთ ორივე ნაწილი და ერთ-ერთს დავადოთ 25 სმ დიამეტრის გასახსნელი ტორტის ფორმის რგოლი  (შეგვიძლია ცომს ამავე ზომის თეფში დავადოთ და მისი გარშემოწერილობა დანის წვერით ფრთხილად მოვნიშნოთ, მერე კი თეფში ავიღოთ) და სემოხაზული წრის შიგნით გავანაწილოთ ნუშის კრემი.  უკრემოდ დარჩენილ ცომს კანტს წავუსვათ ერთმანეთში ათქვეფილი კვერცხის გული და რძე და ცომის მეორე ფენა ზემოდან დავაფაროთ. კრემის ირგვლივ ცომს თითებით ფრთხილად დავაწევთ - ერთმანეთს რომ მიეკრას და ცხობის პროცესში კრემმა არ გამოჟონოს. ნამცხვარს გადავუსვათ რძიანი კვერცხი და მერე ბასრი პატარა დანით, ცენტრიდან კიდისკენ დავახატოთ ბორჯღალის ან მზის სხივების ფორმის რკალები (ოღონდ ფრთხილად, ცომი არ გაგეჭრათ!). ვაცხოთ 50 წუთი სანამ არ გაოქროსფერდება. გამოვიღოთ რუმელიდან და ჯერ კიდევ ცხელს გადავუსვათ სიროპი.
გემრიელად მივირთვათ!



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


0 კომენტარი.:

Post a Comment