მოდის მატარებელი, გულის გამხარებელი...

Approved by Natia Jinjolava


ზოგადად, ცივილიზაციის პრივილეგიები და კომფორტი ისე ძალიან მიყვარს, რომ შორ დისტანციებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას, მირჩევნია სულ არ წავიდე და სახლში ვიჯდე. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი არჩევნისა და პრიორიტეტების მიუხედავად, ხშირია სიტუაციები, როცა საკუთარ სურვილს ანგარიშს აღარ უწევ და აკეთებ იმას, რისი გაკეთებაც არ გინდა. სწორედ ასე მომიწია ქობულეთისკენ პერსონალური მძღოლისა და მანქანის გარეშე გამგზავრებამ.
ჩემთვის ხელმისაწვდომ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა შორის (სამარშუტო ტაქსი, ავტობუსი და მატარებელი), ჩემი არჩევანი ბევრი ფიქრისა და განსჯის გარეშე, თავის დროზე ტელევიზიების მიერ ასე ნაქებ და როგორც ამბობდნენ, თანამედროვე ევროპისთვის შესაფერისი დონის ჩქარ მატარებელზე შეაჩერე. ყოველ შემთხვევაში, გადაჭედილ და გადატენილ მარშუტკაში ვიღაცის ოფლის სუნის სნუნთქვა არ მომიწევდა და ავტობუსზე ბევრად უფრო სწრაფადაც ჩამაქრომელბდა დანიშნულების ადგილამდე.
როგორც ჩანს, ამ მომემტში ორგანიზმში ოპტიმიზმის დონე ნორმაზე ბევრად მაღალი მქონდა და მატარებლის განრიგის დადგენა ინტერნეტიდანვე ვცადე და დავადგინე კიდეც, ოღონდ, ეს ყველაფერი მე რომ მეგონა ისეთი მარტივი პროცედურაც არ აღმოჩნდა. უბრალო ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მსურველებს საქართველოს რკინიგზის საიტზე არაფერი ესაქმებათ. ამ გვერდზე მოსახვედრად აუცილებელია რეგიტრაცია, თან უბრალო კი არა, მისამართით, დაბადების თარიღით, პაპორტის ნომრითა და ლამის წონის, სიმაღლის და ფეხის ზომის მონაცემებით. ამ დაწვრილებითი და საკმაოდ გულისგამაწვრილებელი, ხანგრძლივი პროცედურის შემდეგ, ჩვენი რკინიგზი მესვეურები ქვის ხანის პერიოდის ძველმოდურ და ფრიად უღიმღამო საიტზე დიდსულოვნად გვიმხელენ განრიგსაც, ბილეთების ფასებსაც და ჰოი, საოცრებავ! ბილეთის ონლაინ შეძენასაც გვთავაზობენ.
ისე გაიხარა ყველა ჩემიანმა, როგორც ამ ფუქციის დანახვაზე გავიხარე. დარეგისტრირებაზე დახარჯული შრომა და ჯაფაც დამავიწყდა და მომავალი მგაზრობის სავარაუდო უსიამოვნებებიც. ალბათ ხვდებით, რომ ნაადრევი აღმოჩნდა ჩემი სიხარული - ბილეთს კი ყიდულობ ონლაინ, მაგრამ არ იცი რას ყიდულობ. ანუ, არანაირ ინფორმაციას რა გაძლევენ მატარებელი როგორია (ჩქარი, სამგზავრო, დღის, ღამი და ა.შ.), ან სად მდებარეობს შენი შეძენილი ადგილი (კუპე, პლაცკარტი, ფანჯარასთან, ტუალეტთან თუ კიდევ სადმე უბედურებაში). კინოთეატრების სალაროებშიც კი გამოაკრეს დარბაზის სქემა, სადაც თავისუფალი სავარძლებიდან თავად არჩევ შენთვის შესაფერისს, მატარებელში კი ნურას უკაცრავად.
არ დავიზარე, ცნობათა ბიუროში გადავრეკე და ქობულეთის მიმართულებით მიმავალი 4 მატარებლიდან გავარკვიე საჩემო ლოკომოტივის ნომერი და ბილეთის დაჯავშნა ვცადე. ჯავშანი აღარ არსებობსო. მაშინ, ადგილი ამარჩევინეთ-თქო. ვერაო: გნებავთ ონლაინ და გნებავთ სალაროში, ბილეთები თანმიმდევრობით იყიდება, თქვენს ნება-სურვილზე კი არაო. საბჭოთა კავშირი გამახენდა - მაგალითად, რესტორნებში რძიან ყავასთან ფუნთუშა რომ მოქონდათ და ჩაისთან ორცხობილა და არაფრით არ მოგიტანდნენ ჩაის ფუნთუშით. რაღა გზა მქონდა, იღბალს მივენდე და კომპიუტერის მიერ ჩემს წილად განწესებული 59-ე ბილეთი შევუკვეთე.
ინტრუქციის თანახმად, ელექტრონული ბილეთის ბედნიერ მფლობელს გამცილებელითვის მხოლოდ ბილეთის კოდის (წერილობით, ფურცლის ნაგლეჯზე მიწერილი ან ზეპირად) და პირადობი მოწმობი წარდგენის გარდა არაფერი ევალება. მეც ასე მოვიქეცი და მუჭში ჩაკუჭული სტიკერიან ქაღალდზე მინაჯღაპნილი შვიდნიშნა ციფრით მივაშურე ვაგზალს. შორიდან მსოფლიო დონის სწრაფ მატარებელს მისმგავსებულ დამუქებულშუშიან ვაგონებს რომ მივუახლოვდი, აღმოვაჩინე, რომ სადოღე ცხენის კოსტუმში გამოწყობილ ბებერ ჯორთან მქონდა საქმე. რატომღაც ჩემი ბავშვობისდროინდელი ბაგების 61 ნომერი ჟანგიანი ავტობუსი და ინდოეთის რკინიგზა გამახსენდა - ოდესღაც ახალი და მოვლილი, ახლა ძველი და მოფახფახებული.
სრულიად საბჭოთა იერის და ჩაცმულობის მქონე, მაგრამ არასაბჭოთად მომღიმარ გამცილებელ გოგონას ასევე ყურიდან ყურამდე გაღრეჭილმა მივაჩეჩე ჩემი ბილეთის კოდი. ჯერ მატარებლის მთავარ გამცილებელს მოუხმეს, უკაცრავად, მე გამგზავნეს მის საძებნელად და მოსახმობად - აქაოდა, ელექტრონული ბილეთების კოდები არ გადმოუციათო, მერე პატივითა და დიდებით, ოთხკაციანი ბადრაგის თანხლებით მიმაცილეს კუთვნილ სავარძლამდე და მთელი მგაზრობის მანძილზე ყველა ვაგონის გამცილებელი მაკითხავდა რიგრიგობით სანახავად - ეს რა ცხოველია, რომ გაბედა და ბილეთი ინტერნეტით იყიდაო.
მატარებელს რაც შეეხება, აქ ლირიული გადახვევა უნდა გავაკეთო: მარშუტკაზე მეტად მატარებლით მგზავრობას მას მერე ვამჯობინებ, რაც თხუთმეტიოდე წლის წინ სავარძლებიანი, კონდიციონერიანი და ტელევიზორებიანი დღის მატარებლები შემოიღეს. თუმცა, წლების განმავლობაში, ჯერ ტელევიზორები გაქრა, მერე კონდიციონერი, მერე ფარდები და შარშან, მაშინაც ქობულეთის გზაზე უკვე რამდენიმე წლის დაულაგებელ და რამდენიმე სანტიმეტრის სისქეზე დაგროვებულ მტვერში ვიმგზავრე. ამჯერად, ოდესღაც მართლაც მოდერნიზებულ, მაგრამ ყველა ექსპლუატაციისა და ამორტიზაციის ვადაგასულ ვაგონში სისუფთავე და სასურველი ტემპერატურა მართლაც იყო. მართალია თბილი, მაგრამ უფასო წყალიც კი დაგვირიგეს ბოთლებით. თანაც გამიმართლა და ადგილიც კარგი შემხვდა - ფანჯარასთან (კიდევ ერთხელ მადლობა კომპიუტერს, რომელმაც არ გამწირა და ბილეთი სამსკამიანი რიგის შუა სავარძელზე არ მარგუნა). 
ერთი სიტყვით, ყველაფერი კარგად იქნებოდა, აბსოლუტურად ყველა სავარძლის რეგულირებადი ზურგების საყოველთაო მოშლილობა, რომ არა. მგზავრობა, ჯდომის ნაცვლად სხვადასხვა დონეზე გადაქანებულად, მწოლიარეს გვიწევდა. გავასწორებდი სკამს, 2 წუთში გადაიწეოდა, გავასწორებდი, გადაიწეოდა, გავასწორებდი, გადაიწეოდა და ასე თბილისიდან ქობულეთამდე. თან ეს ყველაფერი ათეულობით უპატრონოდ მიშვებული ბავშვის და მათი მშობლების ჭყიპინის ფონზე:
- ნუ დამაწიწკნე გოგო თმები!
- გამიშვი!
- კაი ცხოვრება ხომ გინდა, გოგო?!
- არ მინდა, გამიშვი, ვუეეეეეეე.....
ცოლ-ქმრის ჩხუბის:
- რამდენი დაგიტოვო?
- რამდენიც გინდა (ქალი გაინაზა)
- აჰა, შენ..
შრრრ...შრრრ...შრრრ - კუპიურები შრიალის ხმა.
- მაი რაა? ექვსასი მაინც მომე.
- აქ ნუ დეიწყე, ქალო! ასეთი წესი ნუ გაქვს, შე უპატრონო! ბანკის ფული მაქვს გადასახდელი! შენი ...
მგზავრების პრეტენზიების:
- ტუალეტში არ მოვწევ!
- თან, უნიტაზში უნდა ჩავაფერფლო?!
- საფერფლეც არ აქვთ!
- ფუ! ამათი სუნიც მე უნდა ვისუნთქო....
გამცილებლისა და მგზავრის დიალოგის:
- აქ ვერ დავჯდებით, ნახეთ, რაღაც საშნელება ასხია!
-  ეგ ძველი ჭუჭყია, კარგახანია ჩაჯდა და გაშრა უკვე!
შვილები გამოკვებით საჯაროდ დაკავებული მეძუძური დედების და შაბიამნისფერ ჩალმებსა და ხაკისფერ უნიფორმაში გამოწყობილი ულვაშიანი ინდუსების ფონზე, რომელთა ვაგონში გამოჩენამაც ჩემი ინდოეთის რკინიგზისეული ასოციაციები საბოლოოდ დამშვენა და დაასრულა. მოკლედ, ფრიად მხიარულად ვიმგზავრე, შთაბეჭდილებებითაც დავიტვირთე და უხეირო სკამისგან კისერიც ვიღრძე. სამაგიეროდ ქობულეთში ისე სწრაფად ჩავედი და იმავე დღეს იმდენი რამე მოვასწარი, რომ გვიან ღამით, უკვე თბილისი მომენატრა.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


0 კომენტარი.:

Post a Comment