ესპანელთა დღე ანუ Día de la Hispanidad

Approved by Natia Jinjolava


ყოველი წლის 12 ოქტომბერს ესპანეთში ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს, Día de la Hispanidad  (Fiesta nacional Espaňa)-ს აღნიშნავენ. მსგავსი ეროვნული სიამაყისა და ზეიმის საბაბი კი ის გახლავთ, რომ შორეულ 1492 წელს სწორედ ამ დღეს დადგა ფეხი ამერიკის მიწაზე, კონკრეტულად კი დღევანდელი ბაჰამის ერთ-ერთ კუნძულზე დიდმა ზღვაოსანმა, წარმოშობით იტალიელმა, მაგრამ მაინც ესპანელმა ქრისტეფორე კოლუმბმა.
მადრიდის ცენტრში დილიდან ეროვნულ ალამს აღმართავენ, მერე კი გრანდიოზული სამხედრო აღმული იმართება. აბა, რაღა სალაპარაკოა, რომ ეს დღე ოფიციალურ დასვენებადაა გამოცხადებული და უფრო მეტიც, 12 ოქტომბერი კვირას თუ დაემთხვა, მომდევნო დღეც დასვენებად ცხადდება. სამშაბათს ან ხუთშაბათს თუ მოუწია, ძალიან ბევრი ორგანიზაცია ორშაბათს და პარასკევსაც ისვენებს. ერთი სიტყვით, ეხერხება ამ ხალხს დროსტარება და იციან ნამდვილი ზეიმის ფასი.
ახლა კი, ტრადიციულად, უცხო ქვეყნების დღესასწაულების პატივისცემის ჩვენებური წესით, წმინდა წყლის ესპანური ტკბილეულის რამდენიმე რეცეპტს შემოგთავაზებთ:

Pan de Cadiz - კადისური პური
ამ პურს, რომელიც სინამდვილეში სულ არ გალავთ პური (ერთი გრამი ფქვილიც არ ურევია), თავისი საკმაოდ გმირული ისტორიაც აქვს - როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, აღარ მახსოვს რომელ წელს და ვისი შემოსევის დროს, მაგრამ ძალიან დიდიხნის წინ, კადისელებს მორიგი ალყის დროს პროვიზია შემოელიათ და მებრძოლებისთვის პური რაც ქონდათ იმისგან, ანუ მხოლოდ ნუშის, კვერცხისა და მურაბისგან დააცხვეს და შესანიშნავი შედეგიც მიიღეს. 
შესაბამისად, კადისურ პურს მარციპანის (ნუშის ცომის) ფენებს შორის მოთავებული მოხარშული კრემის, დაშაქრული ხილის, ბატატის პიურესა და გოგრა/ცუკინი/საზამთროს ანუ ბახჩეულის ოჯახის რომელიმე წარმომადგენლის ჯემისგან ამზადებენ. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ჯემი რისი იქნება, მაგალითად გოგრის ჯემს, ატმის ან გარგრის კონფიტიურით თუ შეცვლით, შეიძლება მთლად აუთენტიკური პან დე კადიზი არ გამოვიდეს, მაგრამ გემო ნაკლები ნამდვილად არ ექნება.

მაშ ასე:
მარციპანის პასტისთვის - 300 გრ დაფქული ნუში, 300 გრ შაქრის პუდრა, 60 გრ კვერცხის ცილა
გულსართვისთვის: 100 გრ კომშის ჯემი, 200 გრ მოხარშული კრემი (crema de yema dura), 150 გრ დაშაქრული ხილი (საურველია მწვანე წითელი და ყვითელი ფერის), 150 გრ გოგრის ჯემი (cabello de ángel), 1 სკ წყალთან ერთად ათქვეფილი 2 კვერცხის გული ზევიდან გადასამელად
ნუში და შაქრის პუდრა დავაბლენდეროთ, სანამ ერთგვაროვანი პლასტილინიებური მასა არ გამოვა. დავუმატოთ კვერცხის ცილა და ცოტა ხანი კიდევ ვაბლენდეროთ (ან რამედენიმეჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში). ღუმელი გავაზუროთ 200°C-მდე. მარციპანის 2/3 მოვათავოთ ცელოფნის ორ ფენას შორის და გავაბრტყელოთ 8-10 მმ-ს სისქეზე და გამოვჭრათ 3 ცალი 16Χ8 სმ-ზე მართკუთხედი. საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და მოვათავსოთ მარციპანის ერთი მართკუთხედი, ზემოდან გადავუსვათ კომშის ჯემი, მერე დავაფაროთ მარციპანის მეორე მართკუთხედი, გადავსუვათ კრემი და ზემოდან გავანაწილოთ 1 სმ-იან კუბიკებად დაჭრილი დაშაქრული ხილი, გადავაფაროთ მარციპანი მესამე მართკუთხედი და გადავუსვათ გოგრის ჯემი. დარჩენილი მარციპანისაგან კვლავაც ორ ცელოფანს შორის გავაბრტყელოთ 26Χ18 სმ-ზე მართკუთხედი და გადავაფაროთ გამზადებულ ფენებს, ირგვლივ კარგად შემოვაკრათ და ზედმეტი ნაწილები მოვაჭრათ. გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და შევდგათ ღუმელში 10 წუთით გაოქროსფერებამდე.
პან დე კადისს ტრადიციულად, შობა-ახალ წელს მიირთმევენ.

P.S. crema de yema dura – 125 გრ შაქარი, 2 კვერცხი, 2 კვერცხის გული, 1 ს/კ ფქვილი, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი მოვათავსოთ სქელძირიან ქვაბში, შემოვდგათ ცეცხლზე და ვურიოთ შესქელებამდე (არ აადუღოთ!!), გადმოვდგათ ცეცხლიდან, შევაგრილოთ და გამოვიყენოთ ნამცხვრების მოსართავად.

Churros - ესპანური პონჩიკი შოკოლადით
(გორდონ რამზის რეცეპტებიდან)
ჩუროზი მოგრძო ფორმის ცარიელი ცომის პონჩიკია, რომელსაც შესუნელებულ შაქრის პუდრას ან შაქარს აყრიან და რაიმე სოუსში: რძეში, ცხელ შოკოლადში ან  ცხელ კაკაოში ჩაწობილს მიირთმევენ

4 პორცია
ცომისთვის: 250 გრ ფქვილი, მწიკვი მარილი, 50 გრ კარაქი, 200 მლ წყალი
ცხელი შოკოლადისთვის: 150 გრ შავი შოკოლადი (კაკაოს მინიმუმ 70%-ის შემცველობით), 300 მლ ცხიმიანი ნაღები, 1 ვანილის ჩხირი, 2 ჩხირი დარიჩინი, ¼ წითელი ცხარე წიწაკა წვრილად დაჭრილი, ფორთოხლის კანის 3-4 ანათალი
დარიჩინიანი შაქრისთვის: დაახლოებით 50 გრ შაქარი, 3 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
300 მლ ზეთი პონჩიკების მოსახარშად
გახეხილი შოკოლადი ზევიდან მოსაყრელად
ქვაბით დაბალ ცეცხლზე შემოვდგათ ნაღები. ვანილის ჩხირი გავფატროთ შუაზე, გამოვაფხიკოთ თესლი და თესლიც და ჩხირიც ჩავაგდოთ ნაღებში. დავუმატოთ დარიჩინის ცხირებიც, წიწაკაც და ფორთოხლის ცედრაც. წამოვადუღოთ, გადმოვდგათ ცეცხლიდან, გადავწუროთ საცერზე და გადაწურულ ცხელ ნაღებში ჩავაგდოთ დატეხილი შოკოლადი. მოვურიოთ. შოკოლადი რომ გადნება, სოუსი მზადაა.
ცომისთვის პატარა ქვაბით შევათბოთ წყალი, ჩავაგდოთ კარაქი და წამოვადუღოთ. ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ ფქვილი და მარილი და ძალიან წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ კარაქიანი ცხელი წყალი. წებოვანი პასტის კონსისტენციის ცომი უნდა გამოვიდეს. ცომი ძალიან თუ გამოგვიშრა, 3 ს/კ თბილი წყალი დავუმატოთ. ცომი მოვათავსოთ ვარსკვლავის ფორმის თავიან საკონდიტრო ტომსიკაში და შევდოთ მაცივარში ნახევარი საათით.
შაქარი და დარიჩინი ერთმანეთში გადავურიოთ და დავყაროთ თეფშზე მოგვიანებით პონჩიკების ამოსაგანგლად.
პატარა, ქელძირიანი ქვაბით გავაცხელოთ ზეთი. ზეთი რომ გავარვარდება, საკონდიტრო ტომსიკიდან გამოვადინოთ 6-7 სმ-სიგრძის პონჩიკები და ჩავყაროთ ზეთში (როგორც ვიდეოზეა ნეჩვენები). ერთ ჯერზე 3-4-ზე მეტს ნუ ჩაყრით. კარგად რომ დაბრაწება, ამოვიღოთ ქაფქირით. დავყაროთ დარიჩინიან და შაქრიან თეფშზე და ამოვგანგლოთ. ოდნავ შევაგრილოთ, ჩავაწოთ ცხელ შოკოლადში და გემრიელად მივირთვათ!




Crema Catalana - კატალონიური კრემი
ერთმანეთს ძალიან გავს ფრანგული კრემ-ბრულე და კატალონიური კრემი, მაგრამ მათი უმთავრესი განსხვავება დესერტის ესპანური ვერსიის სანელებლებში მდგომარეობს - თანაც დარიჩინითა და ციტრუსების ცედრით შესუნელებულ კრემს ესპანელები ფრანგებისგან განსხავებით, ჩავივებულს მიირთმევენ.
გარდა ამისა, ისტორიული კვლევები ცალსახად ადასტურებს, რომ კრემა კატალანა სუფთა ესპანურია და ევროპის ერთ-ერთი უძველესი კერძია, რომლის რეცეპტებიც არაერთ კატალონიურ შუასაუკუნოებრივ წიგნშია მოხვედრილი.

8  პორცია
750 მლ ნაღები, 750 მლ რძე, 4-4 ცალი ფორთოხლისა და ლიმონის კანის ანათალი, 2 ჩხირი დარიჩინი, 2 ჩხირი ვანილი სიგრძეზე გაჭრილი და თესლებგამოფხეკილი, 10 კვერცხის გული, 160 გრ შაქარი და კიდევ ცოტა ზევიდან მოსაყრელად და დასაკარამელებლად
სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ რძე, ნაღები, ვანილის ჩხირი და თესლი, დარიჩინის ჩხირები და ციტრუსების კანი. საშუალო ცეცხლზე წამოვადუღოთ. ადუღდება თუ არა, ხშირ საცერზე გადავწუროთ - ამოვაცალოთ სანელებლები.
ავთვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი გათეთრებამდე, მერე წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ ოდნავ შეგრილებული რძე. მიღებული მიქსტურა ჩავასხათ სქელძირიან სუფთა ქვაბში და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე, თან ხის კოვზით უწყვეტლად ვურიოთ - ფსკერზე რომ არ მიიწვას. ვურიოთ შესქელებამდე და ყურადღება მივაქციოთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ აგვიდუღდეს.
ცხელი კრემი ჩავასხათ პორციულ ფორმებში ფორმის ¾-ზე და შევდგათ მაცივარში 3 საათით. ჭამის წინ დავაყაროთ ზევიდან შაქარი და დავაკარამელოთ სამზარეულოს სანთურით, ან ზევიდან ანთებულ ღუმელში შევდგათ ძლიერი ცეხცხლის ქვეშ რამდენიმე წუთით, შაქრის დაკარამელებამდე და ეგრევე ვჭამოთ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment